ყირგიზეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყირგიზეთი და შუა აზია 1855-1890 წლებში, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

ყირგიზეთის ისტორია სათავეს 2,000 წლის წინ იღებს. იგი გეოგრაფიულად იზოლირებულ ადგილას მდებარეობდა, თუმცა მასზე გადიოდა აბრეშუმის გზა, რის გამოც საკმაოდ მდიდარი ქვეყანა იყო. შუა საუკუნეებში ამ ქვეყანას მოუხდა თურქთა ხანატისა და მონღოლების ბატონობის გადატანა. ამის შემდეგ ყირგიზეთი წვრილ ტომებად დაიშალა, რომლებიც მალევე მიიერთა უზბეკეთმა. 1876 წელს ყირგიზეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1921 წელს რუსეთის იმპერია სსრკ-მ შეცვალა, რა დროსაც გამოცხადდა ყირგიზეთის სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც 1991 წლის 31 აგვისტოს გამოვიდა კავშირიდან და შექმნა ყირგიზეთის დემოკრატიული რესპუბლიკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანგშანში ნაპოვნი არქეფაქტები მიუთითებს, რომ თანამედროვე ყირგიზეთის ტერიტორიაზე ადამიანთა დასახლებები 200,000-დან 300,000-მდე წლის წინ წარმოიშვა. ყირგიზეთში უკვე ცივილური ადამიანის არსებობაზე ჩინური წყაროები გვამცნობენ. როგორც ცნობილია, ეს მიწები თავდაპირველად ირანული ტომებით იყო დასახლებული.

თავად ყირგიზები მონღოლთა ერთ-ერთი ტომი იყო, რომელიც ბაიკალის ტბის მიდამოებში, მომთაბარე ცხოვრების წესით ცხოვრობდა. მოგვიანებით, მათ უნაყოფო მიწების გამო მიატოვეს თავიანთი სტეპები და უფრო დასავლეთით იწყეს მიგრაცია. 840 წელს მათ დაიპყრეს აქ არსებული ოიღურის თურქული სახელმწიფო და თავიანთი ქვეყანა, რომელით მდებარეობდა ალთაის მთებიდან ტიან-შანის ქედამდე. დროთა განმავლობაში მათ შედარებით უფრო სამხრეთით გადაინაცვლეს, სადაც ცხოვრობენ დღემდე. ამ მხარეში ისინი მარტივად შეერივნენ ადგილობრივ თურქებს.

1207 წელს მონღოლეთის იმპერიამ ყირგიზეთი დაიპყრო. ყირგიზები საუკუნეების განმავლობაში, მონღოლთა იმპერიის დაშლის შემდეგაც კი თან ახლდნენ მონღოლებს, თურქებსა და ჩინელებს შორეულ ლაშქრობებში, სადაც ისინი ახალ ხალხებთან ასიმილაციას ცდილობდნენ. ამის გამო, მონღოლთა ბატონობა ყირგიზეთში ყველაზე გვიან, XVII საუკუნეში გადავარდა. ამის შემდეგ იგი მალევე შევიდა მეზობელი ჩინეთის დაქვემდებარებაში. XIX საუკუნის დამდეგს, ყირგიზეთის დიდი ნაწილი გამოეყო ცინის დინასტიას და საკუთარი, მუსულმანური სახელმწიფო ჩამოაყალიბა. 1876 წელს რუსეთის იმპერიამ დაიკავა მათი დედაქალაქი კოკანდსკი, რის შემდეგაც ყირგიზეთი ოფიციალურად შევიდა მის შემადგენლობაში. ქრისტიანულ ქვეყანასთან გაერთიანების გამო, ბევრმა მუსლიმმა ყირგიზმა დატოვა სამშობლო და ავღანეთში გადასახლდა.

1918 წელს რუსეთში მონარქია დაემხო და სათავეში კომუნისტები მოვიდნენ, რომელთაც მალევე აღიდგინეს ძალაუფლება დაკარგულ ქვეყნებში და მათ შორის ყირგიზეთშიც. 1921 წელს ყირგიზეთში სოციალისტური წყობა დამყარდა და იგი ხვარაზმის სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილი ხდება, რითაც გაერთიანდა სსრკ-ში. 1924 წელს შეიქმნა ყარა-ყირგიზეთის ავტონომიური რეგიონი, 1926 წელს კი გამოცხადდა ყირგიზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბილიკა. საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ყირგიზულ საზოგადოებაში დიდი ძვრები განხორციელდა. ამ პერიოდში აიკრძალა რელიგია და შეიქმნა პირველი ქალაქური დასახლებები. შეიქმნა სოფლის მეურნეობა და მოხდა მეცხოველეობის მოდერნიზაცია. ამავე დროს შემუშავდა ყირგიზული ლიტერატურის ძირითადი დოგმები. 1928 წელს ყირგიზეთის დამწერლობად ლათინური გამოცხადდა (მანამდე არაბული იყო), რომელიც 1941 წელს კირილიცამ ჩაანაცვლა.

1990 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, უზბეკებით დასახლებულ ყირგიზულ რეგიონებში უზბეკებსა და ყირგიზებს შორის ურთიერთობა სერიოზულად დაიძაბა. დაპირისპირება მალე შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, რამაც 300 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის შემდეგ ქვეყანაში სოციალისტური სისტემა ძლიერად შეირყა, რასაც 1990 წლის აგვისტოში მოჰყვა ყირგიზეთის პირველი პრეზიდენტის არჩევა. 1991 წელს ქალაქ ფუნჯეს ეწოდა ბიშკეკი და იგი ყირგიზეთის დედაქალაქად გამოცხადდა. ამავე წლის 31 აგვისტოს ყირგიზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რითაც შეიქმნა დემოკრატიული რესპუბლიკა. ქვეყნის სათავეში პრეზიდენტი ასკარ აკაევი მოვიდა, რომელმაც ვერ მოახერხა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა. 2005 წელს, ე.წ. „ტიტების რევოლუციის“ შედეგად დაემხო აკაევის მმართველობა, რის შემდეგაც ხელისუფლებაში ოპოზიციის ლიდერი ყურმანბეკ ბაკიევი მოვიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ABAZOV, Rafiz Historical Dictionary of Kyrgyzstan Lanham, Maryland, and Oxford: The Scarecrow Press, 2004.
  • KOKAISL, Petr; KOKAISLOVÁ, Pavla The Kyrgyz – Children of Manas Prague: NOSTALGIE, 2009. ISBN 80-254-6365-6
  • Bishkek: Chief Editorial Board of Kyrgyz Encyclopedia. 1994. p. 718. ISBN 978-5-89750-083-3.
  • Erica Marat (2009-09-10). "Bakiyev Promises Reform and Persecutes Opposition". Eurasia Daily Monitor. 6 (136). The Heritage Foundation. Retrieved 2010-06-14.
  • Kyrgyzstan: The Causes Behind the Crisis. Stratfor 2010-04-07
  • Capisani, Giampaolo R. (2000-02-12). "The handbook of central Asia: A comprehensive survey of the new republics".
  • "Kyrgyzstan: Protests Gain Steam Ahead Of Major Antigovernment Rally", Radio Free Europe/Radio Liberty, April 9, 2007.
  • "Kyrgyz opposition stages large rally against embattled president", Associated Press (International Herald Tribune), April 11, 2007.
  • "Kyrgyzstan: Overnight Violence Halts Bishkek Rallies", Radio Free Europe/Radio Liberty, April 20, 2007.