ბაბიდების აჯანყებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბაბიდების აჯანყებები — სახალხო ანტიფეოდალური აჯანყებები ირანში 1848-1852 წლებში, ობიექტურად მიმართული იყო უცხო კაპიტალის შემოჭრის წინააღმდეგ. აჯანყებებში აქტიურად მონაწილეობდნენ გლეხები, ხელოსნები, ქალაქის ღატაკი ფენები და წვრილ ვაჭრები; ხელმძღვანელები იყვნენ სამღვდელოების დაბალი ფენიანი და წვრილ ვაჭართა წრიდან გამოსული ბაბიდების სექტის წევრები. ირანის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაბალმა დონემ განაპირობა ბაბიდური მოძრაობის რელიგიური ფორმა. აჯანყებულთა მთავარი მოთხოვნა იყო თემური საკუთრების აღდგენა. ბაბიდების აჯანყების მონაწილენი მიზნად ისახავდნენ სამართლიანობისა და თანასწორობის სამეფოს შექმნას, სადაც არ იქნებოდა ადამიანის ექსპლუატაცია. ბაბიდების პირველი აჯანყება მოხდა მაზანდარში 1848 წლის სექტემბერში. მოლების - მაჰამედ ალი ბარფორუშისა და ჰუსეინ ბოშრუეს ხელმძღვანელობით. აჯანყებულებმა შექმნეს გამაგრებული ბანაკი ქალაქ ბარფორუშის სამხრეთ-აღმოსავლეთით და სცადეს თავიანთი უტოპიური იდეების პრაქტიკულად განხორციელება - შემოიღეს ქონებრვი თანასწორობა. აჯანყება 1849 წლის მაისში ჩააქრეს. უფრო ორგანიზებული იყო მეორე აჯანყება ზანჯანში 1850 წლის იანვარ-დეკემბერში. ბაბიდებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს შაჰის ჯარებს. ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა ბაბიდებს. შედარებით ხანმოკლე აღმოჩნდა მესამე აჯანყება ნეირიზში 1850 წლის ივნისში. მისი ჩაქრობის შემდეგ ბაბიდთა რაზმები ფარსის მთებში განაგრძობდნენ შეიარაღებულ ბრძოლას. ბაბიდების აჯანყების ჩაქრობის შემდეგ მათ ტერორი გააჩაღეს. 1852 წლის აგვისტოს სცადეს მოეკლათ შაჰ ნასრ ედ-დინი, მაგრამ უშედეგოდ. ხელისუფლებამ ბევრი მათგანი სიკვდილით დასაჯა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]