ირანული სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირანული სუფრა

ირანული სამზარეულო (სპარს. آشپزی ایرانی), აგრეთვე ცნობილია, როგორც სპარსული სამზარეულო — ტრადიციული ირანული კერძების ერთობლიობა, რომელმაც ჩამოყალიბება მრავალი საუკუნის წინ დაიწყო. მას მრავალი საერთო აქვს კავკასიურ, თურქულ, ბერძნულ, შუააზიურ და რუსულ სამზარეულოებთან. ირანული სამზარეულოსათვის დამახასიათებელია ბევრი ბრინჯის, ხორცის, ბოსტნეულისა და თხილეულის გამოყენება.

ხორცის კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩელოვის ქაბაბი

ირანულ გასტრონომიაში მრავალი სახეობის ხორცისაგან დამზადებული კერძი არსებობს, მათ შორის: ქაბაბი, სუპი, ჩაშუშული, ფლავით, ისინი ხორცს დესერტებსა და სალათებშიც კი იყენებენ.

ქაბაბს, როგორც წესი ფლავთან ან სპეციალურ პურთან ერთად მიირთმევენ. ჩელოვის ფლავთან ერთად წარმოდგენილი პატარა ქაბაბი ირანის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული კერძია. ასევე გავცრელებულია კატეჰის ფლავთან ერთად მისართმევი ქაბაბი, რომელსაც ამის გამო კატეჰის ქაბაბს უწოდებენ.

რაც შეეხება ხორცის წვნიანებს, ამ მხრივ ყველაზე ცნობილია ხორეში, რომელსაც ტრადიციისამებრ თან თეფშით ახლავს მოხარშული თეთრი ბრინჯი მისატანებლად. გარდა ხორცისა, ხორეშის მომზადებისას იყენებენ ტომატ პასტას, ხილსა და სხვა ინგრედიენტებს. ვინაიდან მისი მომზადება მრავალგვარადაა შესაძლებელი, არსებობს ხორეშის თორმეტამდე სახეობა.

სუპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბროწეულის სუპი

ირანული სამზარეულო საკმაოდ მდიდარია სუპებით. მისთვის დამახასიათებელია ორიგინალური, ისეთი სუპები, როგორებიც სხვა კულტურებში არ გვხვდება, მაგალითად: ბროწეულის სუპი, ისპანახის სუპი, ქერის სუპი, სოკოს სუპი და ა.შ. როგორც წესი, ირანულ სუპებში მრავალი ინგრედიენტი გამოიყენება და რთულია გარჩევა, თუ კონკრეტულად რისი სუპია.

პური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლავაშის სახეობები

ირანში ფლავის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი საჭმელი ხორბლის პურია. ირანული სამზარეულო ამითაც მდიდარია და აქვს არაერთი სახეობის, ფორმისა და გემოს მქონე პური. ყველაზე ცნობილი სპარსული პურია ლავაში, რომელიც ირანის გარდა ფართოდაა გავრცელებული კავკასიასა და არაბულ სამყაროში.

ლავაშის შემდეგ ყველაზე პოპულარულია სანგაკის პური, რომელიც არის სადა, მართკუთხა, ან სამკუთხედი საფუარიანი პური, რომელიც ქვაზე ცხვება. არანაკლებ პოპულარულია ტაფტუნიც, თხელი, რბილი, მრგვალი, საფუარიანი და ლავაშზე ცოტათი სქელი პური.

ასევე პოპულარობით სარგებლობს ქანდის პური, რომელსაც მისი ტკბილი არომატის გამო ფრანგულ ბრიოშსაც ადარებენ ხოლმე. საინტერესოა თავრიზული პურიც, სახელად ბარბარი, საფუარიანი, სქელი და ოვალური ფორმის ჩვეულებრივი პური. გარდა პურის ამ ტრადიციული სახეობებისა, ირანში პოპულარობით სარგებლობს ფრანგული ბაგეტიც.

ტკბილეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ ძვ.წ. 400 წლისთვის ძველმა ირანელებმა ვარდის წლისა და ვერმიშელის შერევით გამოიგონეს გრილი საჭმელები, რომლებიც ზაფხულში პრივილეგირებული კლასის წარმომადგენელთათვის იყო განკუთვნილი. ზაფრანას, ხილსა და სხვა პროდუქტებს ისინი გასაციებლად ყინულს ურევდნენ, რის შედეგაც მიიღეს ერთ-ერთი უძველესი ირანული დესერტი: ნახევრად გაყინული ლაფშა. მისი ფესვები ძველი დედაქალაქიდან, შირაზიდან მოდის. ასევე ტრადიციული ირანული ნაყინია ზაფრანის ნაყინი.

სხვა სპარსული დესერტებიდან აღსანისნავია ვარდისწყლიანი ბრინჯის პუდინგი, რომელიც ასევე არსებობის საუკუნეებს ითვლის. მოგვიანებით ირანულ გასტრონომიას არაბული გავლენით შეუერთდა კიდევ ერთი დესერტი ჰალვის სახით. სულ მალე მან სპარსეთში დიდი პოპულარობა მოიპოვა და შეიქმნა ირანული ჰალვაც.

ასევე ცნობილი დესერტია ფალუდი, ნახევრად გაყინული სიროპის, ვერმიშელისა და ვარდის წყლის ნაერთი. აღსანიშნავია თურქული წარმოშობის სარშირიც, რომელსაც ნაღებისებრი კონსისტენცია აქვს. საუზმეზე დიდად პოპულარულია მარილიანი ხაჭოს ყველი, რომელიც ასევე დესერტების კატეგორიაში გადის. კიდევ ერთი ცნობილი დესერტია ნოვრუზული სამანუ, რომელიც არის შაქრიანი ხორბლის მუსი.

სხვა ირანული დესერტებიდან აღსანიშნავია: ბამბის ნაყინი, ბამიე (მაგრად შემწვარი შაქრის სიროპის ბურთულები), ნუგა, ბასლოგი, შაქრის კანფეტები და ფახლავა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Daniel, Elton L.; Mahdi, Ali Akbar (2006). Culture and Customs of Iran. Greenwood Press. pp. 149–155. ISBN 978-0-313-32053-8.
  • "ĀŠPAZĪ" [cooking]. Encyclopaedia Iranica. December 15, 1987.
  • Neda Mollakhalili MeybodiMaryam Tajabadi Ebrahimi, Amir Mohammad Mortazavian. Ethnic Fermented Foods and Beverage of Iran. Springer.
  • Burke, Andrew; Maxwell, Virginia (2012). Lonely Planet Iran. ISBN 1743213204.
  • Afshin Molavi (12 July 2010). The Soul of Iran: A Nation's Struggle for Freedom. W. W. Norton. pp. 95–. ISBN 978-0-393-07875-6.
  • A. Christian Van Gorder (2010). Christianity in Persia and the Status of Non-muslims in Iran. Rowman & Littlefield. pp. 195–. ISBN 978-0-7391-3609-6.
  • Kevin Boyle; Juliet Sheen (7 March 2013). Freedom of Religion and Belief: A World Report. Routledge. pp. 423–. ISBN 978-1-134-72229-7.