იემენის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

იემენის ისტორია მოიცავს იემენის არსებობის პერიოდს უძველესი ხანიდან დღემდე. იგი ახლო აღმოსავლური ცივილიზაციებიდან ერთ-ერთი უძველესია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო არაბთა ხალიფატის დაქვემდებარებაში, რის გამოც ამ მიწაზე გაძლიერებულია არაბული კულტურა და ისლამი. არაბების შემდეგ იგი ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, რომელიც შემდგომში ბრიტანელებმა ჩაანაცვლეს, თუმცა ოსმალებმა იემენში მალევე აღიდგინეს ძალაუფლება. ოსმალეთისაგან იემენის სასულთნომ მხოლოდ 1911 წელს მოახერხა დამოუკიდებლობის მიღება და სუვერენულ სახელმწიფოდ ქცევა. ამას მოჰყვა ე.წ. „დიდი იემენის“ ჩამოყალიბება, რომელიც 1962 წელს არაბულ რესპუბლიკად გადაკეთდა. ამავდროულად, სამხრეთი იემენი 1967 წლამდე დარჩა ბრიტანეთის პროტექტორატში. 1990 წელს საბოლოოდ გაერთიანდა იემენი, სადაც 2011 წლიდან პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს. 2014 წელს ჰუტისებმა დაიკავეს დედაქალაქი და თავი ადგილობრივ მთავრობად გამოაცხადეს. მსგავსი არასტაბილური სიტუაცია იემენში დღემდე ნარჩუნდება.

ანტიკური ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იემენური სამეფოები II საუკუნის დამდეგს

არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთში მდებარე პატარა სახელმწიფოს შესახებ საუბარია ძველ ინდურ, შრი-ლანკურ, ჩინურ და არაბულ წყაროებში, რომელთა მიხედვითაც ეს ქვეყანა მდიდარი იყო ეგზოტიკური ცხოველებითა და მონებით. რამდენადაც ცნობილია, მას სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებთან, საიდანაც იემენში შედიოდა სპილენძი, აბრეშუმი, ძვირფასი ქვები და სანელებლები.

აღსანიშნავია, რომ ბიბლიაში მოხსენიებული შებას დედოფალი სწორედ იემენიდან იყო. რამდენადაც ცნობილია, ისლამის მიღებამდე იემენელები თაყვანს მთვარეს სცემდნენ.

იემენში მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა, რაც მის უძველეს წარმოშობაზე მიუთითებს. უადში აღმოაჩინეს მსოფლიოში უძველესი კაშხალი, რომელიც ქრისტეს შობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე შეიქმნა და 600 მეტრ სიგრძისა იყო და უზრუნველყოფდა იემენის მშრალი მიწების სასმელი წყლით მომარაგებას. ეს კაშხალი მოგვიანებით, VI საუკუნეში დაანგრიეს.

ძვ.წ. II საუკუნეში იემენის ტერიტორიაზე ყალიბდება ჰიმიარიტების სამეფო, რომელიც გამუდმებით ებრძოდა მეზობელ საბას სამეფოს, რომელიც ასევე იემენური წარმოშობისა იყო. ჰამიარიტებმა დროებით მოახერხეს საბას დაქვემდებარება, მაგრამ მოგვიანებით, II საუკუნეში საბას, აქსუმისა და ჰადრამავთის გაერთიანებულმა ძალებმა დაამარცხა ჰამიარიტთა ლაშქარი. IV საუკუნიდან ჰამიარიტების სამეფო კვლავ ძლიერდება და იპყრობს მთელი იემენის ტერიტორიას. მის სათავეში ებრაული სამეფო დინასტია მოდის, რომელიც ყველანაირად ცდილობდა იემენში ქრისტიანობის გავრცელების აღკვეთას. რამდენადაც ცნობილია, იემენის მეფის ბრძანებით ცოცხლად დაწვეს ბიზანტიიდან გაგზავნილი ქრისტიანი მისიონერები. სწორედ ამის შემდეგ იწყება ჰამიარიტების დასუსტება, რომელსაც VI საუკუნის დამდეგს ჯერ ეთიოპია იპყრობს, შემდეგ კი სასანიანთა სპარსეთი.

ჩრდილოეთი იემენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VII საუკუნიდან იემენზე დიდ გავლენას ახდენს არაბთა სახალიფო, რასაც იემენის ორად: ჩრდილოეთ და სამხრეთ სამეფოდ გახლეჩა მოჰყვა. ჩრდილოეთ იემენში მარტივად გავრცელდა ისლამი და იგი სუნიზმის მომხრე გახდა, სადაც 893 წელს დაარსდა იემენის სასულთნო, იმამთა დინასტიის მეთაურობით, რომელიც კვლავ არაბთა ვასლად რჩებოდა. აიბუდიანთა დინასტიის დაცემისა და ფატიმიანების გამეფების შემდეგ, იემენში ერთი-მეორეს მიყოლებით იცვლებოდა მმართველი დინასტიები: საჯარიდები (1000-1018), ნაგიადები (1021-1158), გუფურიდები (841-988) და საბოლოოდ სულაიჰიდები (1047-1138). სულაიჰიდების დინასტიის დაცემის შემდეგ, იემენში ეგვიპტელი აიბუდების ვასალი იებუდების საგვარეულო განაგებდა.

XIII-XV საუკუნეების განმავლობაში ჩრდილოეთ იემენს რასულიდების თურქული დინასტია მართავდა, რომელიც გამუდმებით ესხმოდა თავს სამხრეთ იემენს. 1446 წლიდან იგი ტაჰრიდთა დინასტიამ შეცვალა, რომელიც მამლუქთა განშტოებას წარმოადგენდა. 1517 წელს ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო მამლუქთა ეგვიპტე, რასაც მოჰყვა 1538 წელს ტაჰრიდთა იემენის მიერთებაც. 1630 წელს ტაჰრიდებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, მაგრამ დედაქალაქი და რამდენიმე საპორტო ქალაქი ოსმალებს დარჩათ.

მოხას, ჰოდეიდასა და ბეთელფაშის პორტები, რომელიც მსოფლიოში ყავის ექსპორტის ცენტრი გახდა, მალევე მოექცა ევროპელი კოლონისტების ინტერესის სფეროში. 1849 წელს ოსმალეთის იმპერიამ მეორედ დაიპყრო ჩრდილოეთ იემენი. 1872 წელს ოსმალებმა გადაწვეს დედაქალაქი სანა და აიძულეს მისი ომამი თავი მათ ვასალად ეცნო.

1918 წელს, ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ჩრდილოეთ იემენმა საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა და იმამ იაჰიას მეთაურობით ჩამოყალიბდა იემენის სამეფო. 1934 წელს, ათწლიანი ომის შემდეგ საბოლოოდ დადგინდა საზღვარი საუდის არაბეთთან.

1946 წლიდან იემენი შეუერთდა არაბთა ლიგას. 1948 წელს იმამის ოჯახში შეთქმულებამ იფეთქა, რა დროსაც ოჯახის წევრებმა მოკლეს იმამი და ტახტზე მისი ვაჟი აჰმედი დასვეს. მან 1958 წელს იემენის რესპუბლიკად გადაკეთების იდეა გამოთქვა.

1962 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად მუჰამედ ილ-ბადრი იემენის იმამად აირჩიეს, თუმცა სულ ერთ კვირაში, 26 ნოემბერს იგი გადააყენეს, რასაც მოჰყვა იემენის არაბული რესპუბლიკის გამოცხადება.

სამხრეთი იემენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორად გახლეჩის შემდეგ, სამხრეთ იემენი გამუდმებით განიცდიდა ჩრდილოეთის ზეწოლას. ამგვარ ვითარებაში იგი მარტივად შევიდა არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში და უფრო დიდ ხანს დარჩა, ვიდრე ჩრდილოეთი. ამ პერიოდში სამხრეთ იემენი სხვადასხვა სასულთნოებად, ემირატებად და შეიხდებად იშლება, რომლებიც მალევე ჩრდილოეთ იემენის ვასლები ხდებიან.

უკვე XVI საუკუნიდან სამხრეთი იემენისათვის იწყებს ბრძოლას პორტუგალია და ოსმალეთი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ჩრდილოეთ იემენიც. პორტუგალიელებმა აქ დამკვიდრება ვერ მოახერხეს, მაგრამ დაიკავეს რამდენიმე საპორტო ქალაქი, საიდანაც აქტიურად ეწეოდნენ ყავის ექსპორტს. უკვე XIX საუკუნიდან იემენით სერიოზულად დაინტერესდა ბრიტანეთის იმპერია.

1839 წელს ბრიტანელებმა დაიკავეს სამხრეთ იემენის დედაქალაქი — ადენი, რითაც მთელი სამხრეთ იემენი მის დაქვემდებარებაში შევიდა. იემენი, როგორც ბრიტანეთის კოლონია, მალევე დაუქვემდებარეს ბრიტანეთის ინდოეთის მთავრობას.

1937 წლიდან სამხრეთ იემენში ეროვნულ-განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ იფეთქა, რომელიც ჩრდილოეთ იემენთან მიერთებას მოითხოვდა. 1963 წელს ბრიტანელებსა და იემენელებს შორის დავა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, რასაც 1967 წლის 30 ნოემბერს სამხრეთი იემენის სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბება მოჰყვა. 1970 წელს იგი შეუერთდა ჩრდილოეთ იემენს, რითაც დროებით გამოცხადდა იემენის სახალხო რესპუბლიკა. მის დედაქალაქად ადენი გამოცხადდა და იემენი გახდა ერთადერთი არაბული ქვეყანა, სადაც კომუნისტური წყობა დამყარდა.

გაერთიანებული იემენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წლიდან ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენს შორის განხეთქილება კვლავ გამწვავდა, რადგან არცერთის მთავრობას არ სურდა უპირატესობის დათმობა. 1991 წელს, სსრკ-ს დაშლისა და კომუნიზმის დამხობის შემდეგ ეს დავა საბოლოოდ გადაიჭრა და იემენი კვლავ გაერთიანდა.

ყურის პირველი ომის დროს, სადამ ჰუსეინი ქუვეითში შეიჭრა, სადაც იემენი მხარს ერაყელ დიქტატორს უჭერდა. 1994 წელს სამხრეთის ყოფილმა სოციალისტურმა მთავრობამ თავისი პრეტენზიები განაახლა და სეპარატისტული მოთხოვნები წამოაყენა. ერთა ლიგის მხარდაჭერით, ჩრდილოეთის მთავრობამ მათი სასტიკი რეპრესირება მოახდინა. მიუხედავად ამისა, დასავლური სახელმწიფოები ერთიანი იემენის რესპუბლიკას არ სცნობდნენ. საუდის არაბეთი გახდა ის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს აღიარა. როგორც აღმოჩნდა, დასავლეთი აქეზებდა და ამარაგებდა სამხრეთ იემენის ყოფილ მთავრობას. 1994 წლის ზაფხულში იემენში კიდევ ერთ შიდა კონფლიქტს ჰქონდა ადგილი, რასაც 7,000 ადამიანი შეეწირა, ათასობით კი დაიჭრა.

დღეისათვის ოფიციალურად იემენი დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელსაც პრეზიდენტი ალი აბდ ალაჰ სალიჰი მართავს, რომელმაც არჩევნები ხმათა 96.3%-ით მოიგო. ამას ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კრიზისის დაწყება მოჰყვა, რომლის ფონზეც 2014 წელს ჰუტისებმა დაიკავეს დედაქალაქი სანა და თავი ადგილობრივ მთავრობად გამოაცხადეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Farhad Daftary. (2005). Ismailis in Medieval Muslim Societies: A Historical Introduction to an Islamic Community p. 93 I.B. Tauris ISBN 1845110919
  • Steven C. Caton. (2013). Yemen, p. 51. ABC-CLIO ISBN 159884928X
  • Bonnie G. Smith (2008). The Oxford Encyclopedia of Women in World History (in Arabic). 4. Oxford University Press. p. 163. ISBN 0195148908.
  • Alexander D. Knysh (1999). Ibn 'Arabi in the Later Islamic Tradition: The Making of a Polemical Image in Medieval Islam. SUNY Press. pp. 230–231. ISBN 1438409427.
  • Abdul Ali (1996). Islamic Dynasties of the Arab East: State and Civilization During the Later Medieval Times. M.D. Publications Pvt. Ltd. p. 84. ISBN 8175330082.
  • Abdul Ali (1996). Islamic Dynasties of the Arab East: State and Civilization During the Later Medieval Times. M.D. Publications Pvt. Ltd. p. 85. ISBN 8175330082.
  • Abdul Ali (1996). Islamic Dynasties of the Arab East: State and Civilization During the Later Medieval Times. M.D. Publications Pvt. Ltd. p. 86. ISBN 8175330082.
  • Josef W. Meri; Jere L. Bacharach (2006). Medieval Islamic Civilization: L-Z, index. Taylor & Francis. p. 669. ISBN 0415966922.
  • David J Wasserstein; Ami Ayalon (2013). Mamluks and Ottomans: Studies in Honour of Michael Winter. Routledge. p. 201. ISBN 1136579176.
  • Steven C. Caton Yemen p. 54 ABC-CLIO, 2013 ISBN 159884928X
  • David J Wasserstein; Ami Ayalon (2013). Mamluks and Ottomans: Studies in Honour of Michael Winter. Routledge. p. 201. ISBN 1136579176.
  • Abdul Ali (1996). slamic Dynasties of the Arab East: State and Civilization During the Later Medieval Times. M.D. Publications Pvt. Ltd. p. 94. ISBN 8175330082.
  • Jane Hathaway (2003). A Tale of Two Factions: Myth, Memory, and Identity in Ottoman Egypt and Yemen. SUNY Press. ISBN 0791458830.
  • Daniel Martin Varisco. (1993). The Unity of the Rasulid State under al-Malik al-Muzaffar. Revue du monde musulman et de la Méditerranée, volume 67, p. 21
  • Broeze (28 October 2013). Gateways Of Asia. Routledge. p. 30. ISBN 978-1-136-16895-6.
  • Halil İnalcık; Donald Quataert (1994). An Economic and Social History of the Ottoman Empire, 1300–1914. Cambridge University Press. p. 320. ISBN 0521343151.
  • Halil İnalcık; Donald Quataert (1994). An Economic and Social History of the Ottoman Empire, 1300–1914. Cambridge University Press. p. 320. ISBN 0521343151.
  • Steven C. Caton Yemen p. 59 ABC-CLIO, 2013 ISBN 159884928X
  • Abdul Ali (1996). Islamic Dynasties of the Arab East: State and Civilization During the Later Medieval Times. M.D. Publications Pvt. Ltd. p. 94. ISBN 8175330082.
  • Bernard Haykel (2003). Revival and Reform in Islam: The Legacy of Muhammad Al-Shawkani. Cambridge University Press. p. 30. ISBN 0521528909.
  • Muḥammad ibn Aḥmad Nahrawālī (2002). Lightning Over Yemen: A History of the Ottoman Campaign in Yemen, 1569–71. OI.B.Tauris. p. 2. ISBN 1860648363.