ერაყის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ერაყის ისტორია უძველესი დროიდან იწყება.

ერაყის ტერიტორია (მესოპოტამია) მსოფლიოს ცივილიზაციის უძველესი კერაა. ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულს აქ შეიქმნა მრავალი წვრილი სახელმწიფო, რომლებიც II ათასწლეულში გაერთიანდნენ ბაბილონის სამეფოდ (იხ. ბაბილონეთი). ძვ. წ. XI საუკუნეში ერაყის ტერიტორია შევიდა ასურეთის, ხოლო ძვ. წ. VI საუკუნეში აქემენიდების სახელმწიფოს შემადგენლობაში. ძვ. წ. IV საუკუნეში ერაყის ტერიტორია დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელმა, შემდეგ ემორჩილებოდა სელევკიდებს (ძვ. წ. IV–II საუკუნეები), შემდეგ პართიის სამეფოს (ძვ. წ. II–ახ. წ. III საუკუნეები) და სასანურ ირანს.

VII საუკუნის 30-იან წლებში ერაყის ტერიტორია არაბებმა დაიპყრეს, 1055 წელს — სელჩუკებმა, XIII საუკუნის II ნახევარში (1258) — მონღოლებმა. XVII საუკუნის 30-იანი წლებიდან პირველი მსოფლიო ომის დამთავრებამდე (1918) ერაყი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.

1920 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიიღო მანდატი ერაყის სახელმწიფოზე, რომლის შემადგენლობაში შევიდა ოსმალეთის იმპერიის ყოფილი 3 ვილაიეთი (ბასრის, ბაღდადისა და მოსულის).

1920 წლის ზაფხულში ერაყს მოედო ეროვნულ განმათავისუფლებელი აჯანყება. ინგლისელები იძულებული გახდნენ შეეცვალათ თავიანთი ბატონობის ფორმები ერაყში. 1920 წლის ოქტომბერში შეიქმნა ე. წ. „ეროვნული მთავრობა“, რ-იც მთლიანად დიდ ბრიტანეთზე იყო დამოკიდებული. 1921 წლის აგვისტოში ერაყი სამეფოდ გამოცხადდა (მეფედ აირჩიეს ფაისალ I). 1922 წელს დიდმა ბრიტანეთმა ერაყს თავს მოახვია „სამოკავშირეო“ ხელშეკრულება, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა მანდატის პირობები (იხ. ინგლის-ერაყის ხელშეკრულებები და შეთანხმებები 1922, 1926, 1930, 1948, 1955). 1930 წელს დიდმა ბრიტანეთმა ერაყთან ახალი „სამოკავშირეო“ ხელშეკრულება დადო. ფორმალურად იგი ერაყს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აცხადებდა. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1932 წლის 3 ოქტომბერს. იმავე დღეს ერაყი მიიღეს ერთა ლიგაში. ინგლისის მანდატის მოქმედება შეწყდა, მაგრამ 1930 წლის ხელშეკრულების მიხედვით დიდი ბრიტანეთი ერაყში კვლავ ინარჩუნებდა თავის პოზიციებს. 1935–1938 წლებში ერაყში გაიშალა მძლავრი მოძრაობა ინგლისური იმპერიალიზმის ბატონობის წინააღმდეგ ქვეყნის დემოკრატიზაციისათვის. ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში აქტიურად ჩაება ერაყის კომპარტია (ეკპ; შეიქმნა 1934 წელს). 1936 წელს სახალხო აჯანყების გავლენით მთავრობაში, რომელიც ანტიინგლისური სამხედრო გადატრიალების შემდეგ შეიქმნა, შეიყვანეს „ალ-აჰალის“ ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი მოთხოვნები ვერ განახორციელეს და მთავრობიდან გავიდნენ. 1937 წელს ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგნენ პროინგლისური მოღვაწეები. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის 1 აპრილს, ღამით, ინგლისის მოწინააღმდეგე მემარჯვენე ნაციონალისტების ჯგუფმა რაშიდ ალ-გაილანის მეთაურობით სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. 1941 წლის 2 მაისს ინგლისმა გადატრიალება სამხედრო მოქმედება დაიწყო ერაყის წინააღმდეგ. მაისის ბოლოს ერაყის ჯარები დამარცხდნენ.

ომის დაწყების პირველი დღე განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ერაყელი ქურთები. 1943 წელს აჯანყდა ბარზანის ტომი მუსტად ალ-ბარზანის მეთაურობით. მათ შეუერთდნენ სხვა ქურთული ტომები, დამსჯელმა ექსპედიციამ, რომელიც აჯანყების ჩახშობას ცდილობდა, სასტიკი მარცხი განიცადა: 1944 წლის მაისში ერაყის მთავრობა ქურთებს დაპირდა ეროვნულ ავტონონომიას მინიჭებას, მაგრამ პირობა დაარღვია და 1945 წელს ერაყში ქურთების წინააღმდეგ არმია და ავიაცია გაგზავნა. 1945 წლის ოქტომბერში აჯანყებულებმა შეწყვიტეს ორგანიზებული წინააღმდეგობა. მუსტაფა ალ-ბარზანი და მისი 2 ათასი თანამებრძოლი ემიგრაციაში წავიდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაძლილიერდა არაბთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ინგლიაია მიერ 1930 წლის ხელშეკრულების ნაცვლად ერაყთვის „ურთიერთ თავდაცვის“ შესახებ ახალი კაბალური ხელშეკრულების თავს მოხვევის ცდამ 1948 წლის იანვარში შეიარაღებული აჯანყება გამოიწვია. ერაყის მთავრობა იძულებული იყო უარი ეთქვა ახალ ხელშეკრულების რატიფიკაციაზე.

1954 წლის შემოდგომაზე დაიწყო რეაქციის ახალი შეტევა. მთავრობამ აკრძალა პოლიტიკური პარტიები, შეწყდა მრავალი გაზეთის გამოშვება, ათასობით პროგრესული მოღვაწე ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ჩასვეს.

1954 წელს ერაყმა შეთანხმებები დადო აშშ-თან სამხედრო და ტექნიკური დახმარების თაობაზე, ხოლო 1955 წლის თებერვალში ხელი მოაწერა თურქეთთან ხელშეკრულებას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ბაღდადის პაქტს. 1955 წლის 4 აპრილს ერაყსა და დიდ ბრიტანეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება აუქმებდა 1930 წელს ხელშეკრულებას, მაგრამ თითქმის ხელუხლებლად ტოვებდა ინგლისის პოზიციებს ერაყში. 1955 წლის 3 იანვარს ერაყმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა სსრკ-თან. 1956 ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში ეგვიპტის წინააღმდეგ ინგლის-საფრანგეთ-ისრაელის აგრესიასთან დაკავშირებით ერაყში დაიწყო დემონსტრაციები. 1957 წლის დასაწყისში იატაკქვეშეთში შეიქმნა ეროვნული ერთიანობის ფრონტი (ეეგ). ეკპ-ის გარდა მასში შევიდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ, დაარსდა 1946 წელს) და დამოუკიდებლობის პარტია („ისთიკლალი“, დაარსდა 1946 წელს), ასევე არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტია (ბაასი), რომლის რეგიონალური განყოფილება შეიქმნა ერაყში 1954 წელს.

1958 წლის 14 ივლისს ერაყში გაიმარჯვა ანტიიმპერიალისტურმა და ანტიფეოდალურმა რევოლუციამ. მონარქიული რეჟიმი დაემხო. ერაყი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის პირველ მთავრობას სათავეში ჩაუდგა აბდ ალ-ქარიმ კასიმი. 1959 წელს ერაყი გამოვიდა ბაღდადის პაქტიდან. ქვეყანაში მოისპო ინგლისური სამხედრო ბაზები და გაუქმდა მონარქიული რეჟიმის დროს ინგლისთან დადებული კაბალური შეთანხმებების დიდი ნაწილი, კასიმის მთავრობამ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა საბჭოთა კავშირთან და სხვა სოციალისტურ ქვეყნებთან.

1958 წელს ერაყის მთავრობამ გამოსცა კანონი აგრარული რეფორმის ჩატარების შესახებ, რომელმაც შეზღუდა მსხვილი მიწათმფლობელობა, აიკრძალა მრავალი უცხოური ფირმის საქმიანობა და ა. შ.; დემოკრატიული გზით რესპუბლიკის განვითარება ქვეყნის შინაგანი რეაქციის წინააღმდეგობას აწყდებოდა. 1959 წლის ზაფხულიდან კასიმის მთავრობა დაადგა მემარჯვენე და მემარცხენე ძალებს შორის ლავირების პოლიტიკას, დაიწყო პატრიოტული ორგანიზაციების საქმიანობის ჩახშობა. 1961 წელს ერაყის ქურთისტანში გაჩაღდა ომი ძმათა შორის, რამაც წარმოშვა ახალი ეკონომიკური პრობლემები და გამოიწვია პროგრესული საზოგადოებრიობის კანონიერი აღშფოთება. 1763 წლის 8 თებერვალს, ბაასის პარტიის ექსტრეემისტულმა ფრთამ მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების სათავეში მოექცა და დაიწყო კომუნისტებისა და დემოკრატების დევნა. „ეროვნული გვარდიის“ საშუალებით მათ ქვეყანაში სისხიანი ტერორი დაამყარეს. ჯალათების ხელმა სიცოცხლე მოუსწრაფა ეკპ-ის გენმდივანს სალამ ადილს (ალ-რადი) და კომპარტიის მრავალ სხვა ლიდერს.

ასეთ ვითარებაში 1963 წლის 18 ნოემბერს სამხედროების ჯგუფმა აბდ ალ სალამ არეფის მეთაურობით ხელთ იგდო ძალაუფლება, დაითხოვა „ეროვნული გვარდია“, ხოლო ბაასის პარტიის ექსტრემისტი ლიდერები თანამდებობიდან გადააყენა. 1964–1968 წლებში ხელისუფლებისათვის იბრძოდა სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება და მთავრობაც ხშირად იცვლებოდა.

1965 სექტემბრის რესპბლიკურ ერაყში მთავრობა პირველად შეადგინა სამოქალაქო პირმა — აბდ ალ-რაჰმან ბაზაზმა, 1966 წლის 29 ივნისს მან შეთანხმება დაუდო ქურთებს მათი საკითხის მშვიდობიანი მოწესრიგების შესახებ. 1967 წლის ივლისში თ. იაჰიას მთავრობამ (1967 წლის ივლისი1968 წლის ივლისი) შეასუსტა ცენზურა და გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრების დიდი ჯგუფი. ქურთებთან შეთანხმების დადება კი გაჭიანურდა, გადაიდო პარლამენტის არჩევნები, გაიზარდა გადასახადები, გახშირდა მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები (განსაკუთრებით 1968 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში). 1968 წლის 17 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მთელი ხელისუფლება ბაასის პარტიის ხელმძღვანელობისა და მთავრობის ხელში გადავიდა. მთავრობის თავმჯდომარე გახდა აჰმად ჰასან ალ-ბაქრი. ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ გამოაცხადეს რევ.ოლუციური სარდლობის საბჭო (რსს), გაათავისუფლეს პოლიტიკური პატიმრები. 1970 წელს მიიღეს ახალი კანონები შრომის, აგრეთვე მუშების პენსიისა და სოციალური უზრუნველყოფის და ახალი აგრესიული რეფორმის (1970 წლის იანვარი) გატარების შესახებ. 1970 წლის 11 მარტს რსს-მ განაცხადა, რომ სურს ქურთთა საკითხი მშვიდობიანად მოაწესრიგოს. ერაყის ქურთისტანში საომარი მოქმედება შეწყდა. მთავრობამ განაცხადა, რომ მოამზადებდა კანონს ერაყის სახელმწიფოს ფარგლებში ქურთების ავტონომიური უფლების აღიარების შესახებ. ქურთების პროგრესული ორგანიზაციების მოღვაწეობა ლეგალური გახდა. ქურთული ენა მეორე ოფიციალურ ენად გამოაცხადეს, ხოლო მთავრობაში 5 ქურთი მინისტრი შეიყვანეს. 1970 წლის ივლისში ძალაში შევიდა ახალი დროებითი კონსტიტუცია, რომელმაც ერაყი „სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გამოაცხადა. ახალი რესპუბლიკის მიზნად გამოცხადდა ერთიანი არაბული სახელმწიფოს შექმნა და სოციალისტური წყობილების დამყარება.

1971 წლის 15 ნოემბერს ერაყის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ეროვნულ მოქმედებათა ქარტიის პროექტი, რომელმაც ერაყისთვის მიუღებლად მიიჩნია განვითარების კაპიტალისტური გზა. შეიქმნა პროგრესული ეროვნულ-პატრიოტული ფრონტი (პეპფ), რომელშიც შემდეგ გაერთიანდნენ ბაასი და ეკპ (1973).

1972 წლის მაისში მთავრობის შემადგენლობაში შეიყვანეს ეკპ-ის ორი წევრი, 1972 წლის 1 ივნისს მთავრობამ მიიღო კანონი „ირაკ პეტროლეუმ კომპანის“ საკუთრების ნაციონალიზაციის შესახებ, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის.

1972 წლის აპრილში ერაყსა და სსრკ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ.

1974 წლის 11 მარტს ბაღდადში გამოქვეყნდა კანონი ერაყის ქურთისტანის ავტონონომიის შესახებ. ქურთულ რაიონებში შეიქმნა საკანონმდებლო საბჭო (არჩევითი) და აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის თავვმჯდომარეს ნიშნავს ერაყის პრეზიდენტი. ერაყის ქურთისტანს აქვს ცალკე ბიუჯეტი, რომელიც საერთო რესპუბლიკური ბიუჯეტის ნაწილია. ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის (ქდპ) მემარჯვენე ხელმძღვანელობამ (რომელიც ფეოდალურ-ტომობრივი ზედაფენის ინტერესებს გამოხატავდა) ეს კანონი არ მიიღო და განაახლა საომარი მოქმედება ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთში. 1975 წლის აპრილში მემარჯვენეები საბოლოოდ დამარცხდნენ.

1979 წელს სათავეში მოვიდა სადამ ჰუსეინი. 1980-1988 წლებში ერაყი ებრძოდა ირანს. 1990 წელს იგი შეიჭრა ქუვეითში და მოახდინა მისი ოკუპაცია. მაგრამ საერთაშორისო ძალების აქტიური მონაწილეობით მოხერხდა აგრესიის შედეგების ლიკვიდაცია. ამ ომების გამო, 1991 წელს გაერომ ერაყის სანქციები დაუწესა, რამაც ძალიან ცუდი ეფექტი მოახდინა ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობაზე. ქვეყნის ჩრდილო და სამხრეთ რაიონებში შეიქმნა დახურული ზონები, სადაც პატრულირებდა აშშ-სა და ბრიტანეთის საჰაერო ძალები.

2003 წლის მარტში შეერთებული შტატებისა და დასავლური კოალიციის სამხედრო ინტერვენციის შედეგად სადამ ჰუსეინის რეჟიმი ჩამოშორებულ იქნა ხელისუფლებისაგან. ორი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა საოკუპაციო დროებითი ადმინისტრაცია. 2005 წლის 6 აპრილს პრეზიდენტად აირჩიეს ჯალალ თალაბანი.

2006 წლიდან ერაყის ნაწილზე კონტროლს ავრცელებდა ისლამური სახელმწიფო, მაგრამ ბრძოლების შემდეგ, 2017 წლის 10 ოქტომბერს ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა ისლამურ სახელმწიფოზე საბოლოო ადგილობრივი გამარჯვება, როდესაც შეიარაღებულმა ჯარებმა მოსული გაათავისუფლეს.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მენთეშაშვილი ა., ერაყელი ქურთების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიიდან (1919—1925), თბ., 1965;
  • მისივე, ქურთები და ქურთისტანი, თბ., 1977;
  • Дементеьев И. A., Ираакская Республика , M., 1961;
  • Федченко А. Ф. Ирак в борьбе зa нeзaвисимость, M., 1970.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. PressTV-'US created, allowed regional funding of Daesh'“, 11 July 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 July 2017.