ომანის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ომანის ისტორია მოიცავს ომანის არსებობის პერიოდს უძველესი ხანიდან დღემდე. მის ტერიტორიაზე პირველი დასახლებები 100,000 წლის წინ ჩნდება. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო არაბეთის, სპარსეთის, ოსმალეთის, პორტუგალიისა და ბრიტანეთის იმპერიების დაქვემდებარებაში, თუმცა ცოტა ხნით თავადაც ჰქონდა იმპერიული პერიოდი, რა დროსაც დაიმორჩილა შემოგარენი მიწები და ზანზიბარის სამეფო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომანის ტერიტორიაზე ადამიანთა პირველი დასახლებებლი დაახლოებით 100,000 წლის წინ გაჩნდა. შუმერები აქაურ მკვიდრ მოსახლეობას მაგანებს უწოდებდნენ და რამდენადაც შუმერული წყაროებიდან ირკვევა, ისინი სპილენძის ექსპორტით იყვნენ დაკავებულნი. ამის შემდეგ მის შესახებ თხრობა წყდება და მხოლოდ სპარსულ წყაროებშია ნახსენები, როდესაც აქემენიანთა ირანმა მოახდინა მისი დაპყრობა. ძვ.წ. 524 წელს იგი მეფე დარიოს I-ის ჩანაწერებში ჩანს, სადაც ომანი მაკას პროვინციის სახელითაა მოხსენიებული. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთი დაიპყრო ომანი განთავისუფლდა და მის იმპერიაში არ შესულა. სწორედ ამ პერიოდში იწყებენ არაბული ტომები დამკვიდრებას ომანის ტერიტორიაზე. 632 წელს, არაბებმა საბოლოოდ დაიპყრეს ომანი, რითაც დაიწყო მისი ისლამიზაციის პროცესი.

751 წელს არაბმა მუსლიმებმა ომანის ტერიტორიაზე დააარსეს იმამატის სახალიფო, რომელმაც XX საუკუნემდე იარსება, თუმცაღა საუკუნეების მანძილზე იყო არაბეთის დაქვემდებარებაში.

ომანის იმპერია თავისი ძლიერების მწვერვალზე

XVI საუკუნიდან ომანი პორტუგალიის კოლონიური იმპერიის კომერციული ინტერესების სფეროში ექცევა. 1508 წელს პორტუგალიელები შევიდნენ ომანში, სადაც გაანადგურეს ქალჰატი და დაიკავეს უმნიშვნელოვანესი მასკატის პორტი, რის შემდეგაც თითქმის მთელი სანაპირო ზოლი მათ ხელში გადავიდა. პორტუგალიელები 1659 წლამდე ბატონობდნენ, რის შემდეგაც ეს ტერიტორიები ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა. 1741 წელს ოსმალები სულთანმა აჰმედ იბნ საიდმა განდევნა ქვეყნიდან, თავი ომანის სულთნად გამოაცხადა და საკუთარი დინასტია დააარსა, რომელიც დღემდე მართავს ომანს.

1698 წელს ომანმა დაიპყრო აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ზანზიბარის სამეფო (თანამედროვე კენიისა და ტანზანიის ტერიტორია). 1840 წელს ომანის დედაქალაქი მასკატი გახდა. ქვეყნის დასუსტება მას შემდეგ დაიწყო, რაც 1856 წელს გარდაცვლილი სულთნის ვაჟებს შორის ტახტისათვის დაიწყო ბრძოლა. მათი ბრძოლა საბოლოოდ ომანის ორად გაყოფით დაგვირგვინდა. ამრიგად, ომანს გამოეყო ზანზიბარის სასულთნო, რომელმაც ევროპელ კოლონისტებს დამოუკიდებლად წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ბრიტანეთის შემადგენლობაში შევიდა.

XIX საუკუნის განმავლობაში ომანი გაფართოებას განაგრძობდა. ამ პერიოდში იგი დაეუფლა მეზობელ ბალუჩისტანს, თუმცა მისი ძლიერება დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ზანზიბარსა და ინდოეთში შესვლის შემდეგ ბრიტანეთის სამიზნე ომანი გახდა, რომელიც 1891 წელს ოფიციალურად შევიდა მის შემადგენლობაში. ასწლოვანი ბატონობის შემდეგ, ომანში ანტიბრიტანული გამოსვლები დაიწყო, რაც 1962-1976 წლებში დჰოფარის ომში გადაიზარდა. ამგვარ პირობებში, დიდი ბრიტანეთი იძულებული გახდა ომანის დამოუკიდებლობა ეცნო, თუმცა მალევე თავად ქვეყნის შიგნით დაიწყო არეულობა. ჯერ კიდევ 1970 წელს, სულთან საად იბნ თაიმურმა თავისი ვაჟი გადატრიალების მცდელობისათვის სიკვდილით დასაჯა. საბოლოოდ იგი სულთანმა ქაბიმ ჩაანაცვლა, რომელმაც არაერთი რეფორმა გაატარა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად. მან შემოიღო ომანის პირველი კონსტიტუცია და ადამიანის სამოქალაქო უფლებები. 2001 წელს ომანი აშშ-ს გავლენით ჩაება ავღანეთის კონფლიქტში. 2003 წელს ომანის ისტორიაში პირველად ჩატარდა ქვეყნის ასამბლეის ქვედა პალატის არჩევნები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The southern route ‘out of Africa’: evidence for an early expansion of modern humans into Arabia. Science, v. 331, p.p. 453-456)
  • Dan Potts, The Booty of Magan, Oriens anticuus 25, 1986, 271-85
  • Paul Yule, Cross-roads – Early and Late Iron Age South-eastern Arabia, Abhandlungen Deutsche Orient-Gesellschaft, vol. 30, Wiesbaden 2014, ISBN 978-3-447-10127-1
  • Benjamin Plackett (30 March 2017). Omani Music Masks A Slave Trading Past. Al-Fanar Media.
  • Miles, Samuel Barrett (1919). The Countries and Tribes of the Persian Gulf. Harrison and sons. pp. 26–27.
  • Donald Hawley, Oman, pg. 201. Jubilee edition. Kensington: Stacey International, 1995. ISBN 0905743636