ყირიმის ომი

ყირიმის ომი — მორიგი ომი რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის, რომელიც გრძელდებოდა 1853 წლის 14 ივნისიდან 1856 წლამდე. ომი წარმოებდა, ერთი მხრივ, რუსეთის იმპერიასა და მეორე მხრივ, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის მეორე იმპერიის, სარდინიის სამეფოსა და ოსმალეთის იმპერიის ალიანსს შორის. სამხედრო კონფლიქტის ძირითადი ნაწილი შავ ზღვასა და ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელდა, ფრონტის ხაზი გახსნილი იყო კავკასიაშიც.
ყირიმის ფრონტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რუსეთის იმპერატორ, ნიკოლოზ I-ს სურდა ოსმალეთის იმპერიის დანაწევრება, შავი ზღვის რუსეთის შიდა ზღვად გადაქცევა, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება და ბალკანეთში განმტკიცება. 1853 წლის 14 ივნისს რუსეთმა იერუსალიმის წმინდა ადგილების დაცვის საბაბით ოსმალეთს ომი გამოუცხადა. რუსეთის არმიამ ბალკანეთიდან სტამბულისკენ კავკასიიდან კი ყარსისკენ დაიწყო შეტევა. გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ვერ შეეგუენ რუსეთის გასვლის მცდელობას ხმელთაშუა ზღვაზე. ამიტომ ისინი ოსმალეთს მიემხრნენ და ომი გამოუცხადეს რუსეთს.
მოკავშირეებს შეუერთდა სარდინიის სამეფოც. მოკავშირეების ზეგავლენით ავსტრიამ რუსეთს მოსთხოვა ბალკანეთის დატოვება. რუსეთმა დაკარგა სტამბულისკენ წასასვლელი გზები. ამავე დროს მოკავშირეების ფლოტი შავ ზღვაში შევიდა. ინგლისის, საფრანგეთის, სარდინიის და ოსმალეთმა ყირიმში დიდი არმია გადასხა და 1854 წლის სექტემბერში ალყა შემოარტყა სევასტოპოლს, რომელიც იყო მთავარი დასაყრდენი რუსეთისა შავ ზღვაზე. ჩამორჩენილმა ბატონყმურმა რუსეთმა ვერ უზრუნველყო სევასტოპოლის დაცვა. 1855 წლის სექტემბერში სევასტოპოლი დანებდა.
კავკასიის ფრონტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1853 წლის შემოდგომაზე ოსმალეთმა საომარი მოქმედებები დაიწყო კავკასიაში და შეიჭრა გურიაში, სადაც აიღო შეკვეთილის ციხე. 30 ოქტომბერს ოსმალები შეიჭრნენ ახალციხის მაზრაში. 12 და 19 ნოემბერს რუსეთმა სასტიკად დაამარცხა ოსმალები ახალციხესთან და ბაშკადიკლიართან. 1854 წელს რუსებმა გაიმარჯვეს ბაიაზეთთან და კიურიკ-დარასთან. 1855 წელს აიღეს არტაანი და ყაგიზმანი და ალყა შემოარტყეს ოსმალეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქ ყარსს. 1855 წლის შემოდგომაზე ომარ-ფაშამ 20 ათასიანი დესანტი გადასხა სამეგრელოში. მისი მიზანი იყო ეიძულებინა რუსეთის ჯარი, მოეხსნა ალყა ყარსზე. ომარ-ფაშამ მოიპოვა გამარჯვება გურულების რაზმზე, მაგრამ წინ ვერ წაიწია. 1855 წლის 15 ნოემბერს დაეცა ყარსი და ომარ-ფაშა იძულებული გახდა სამეგრელოდან გასულიყო.
კავკასიაში რუსეთის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს ადგილობრივმა ქართველებმა და სომხებმა, თუმცა ომმა მოიტანა ნგრევა რუსეთ-ოსმალეთის სასაზღვრო რაიონებში, განსაკუთრებით გურია-სამეგრელოში.
შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ყარსის აღებამ ომში არსებითად ვერაფერი შეცვალა. რუსეთმა სრული მარცხი განიცადა. სევასტოპოლის ალყის დროს გარდაიცვალა ნიკოლოზ I. 1855 წლიდან მისი ვაჟი ალექსანდრე II გახდა მეფე. 1856 წელს იგი იძულებული გახდა დათანხმებოდა პარიზის საზავო ხელშეკრულების მძიმე პირობებს. ამ ზავით რუსეთმა დაკარგა დუნაის შესართავი და ბესარაბია. რუსეთს ჩამოერთვა შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება. შავ ზღვაზე რუსეთის ციხესიმაგრეები უნდა დაენგრია. შავი ზღვა ყველა გემისთვის ღია ზღვად ცხადდებოდა. სერბია, ვლახეთი და მოლდოვა ევროპის სახელმწიფოთა მფარველობის ქვეშ მოექცა. რუსეთმა დაკარგა უპირატესობა საერთაშორისო ავტორიტეტი.
დიდი ბრძოლების ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სინოპის ბრძოლა, 30 ნოემბერი 1853
- პეტროპავლოვსკის ალყა, 30–31 აგვისტო 1854
- ალმის ბრძოლა, 20 სექტემბერი 1854
- სევასტოპოლის ალყა, 25 სექტემბერი 1854 - 8 სექტემბერი 1855
- ბალაკლავის ბრძოლა, 25 ოქტომბერი 1854 (იხილეთ აგრეთვე მსუბუქი ბრიგადის შეტევა და წვრილი წითელი ზოლი)
- ინკერმანის ბრძოლა, 5 ნოემბერი 1854
- ევპატორიის ბრძოლა, 17 თებერვალი 1855
- ჩიორნაიას ბრძოლა, 16 აგვისტო 1855
- აზოვის კამპანია, მაისი-ნოემბერი 1855
- ყარსის ალყა, ივნისი - 28 ნოემბერი 1855
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ხაჭაპურიძე, გ. საქართველოს XIX და XX საუკუნეთა ისტორია გვ. 53-55 — თბილისი, სახელგამი, 1940
- Arnold, Guy. Historical dictionary of the Crimean War (Scarecrow Press, 2002)
- Badem, Candan. The Ottoman Crimean War (1853–1856) (Leiden: Brill, 2010). 432 pp. ISBN 90-04-18205-5
- Bridge and Bullen, The Great Powers and the European States System 1814–1914, (Pearson Education: London), 2005
- Bamgart, Winfried The Crimean War, 1853–1856 (2002) Arnold Publishers ISBN 0-340-61465-X