თურქმენეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თურქმენეთის ისტორია მოიცავს თურქმენეთის არსებობის პერიოდს უძველესი პერიოდიდან დღემდე. თურქმენეთის ისტორია არსებობას ძვ.წ. 2000 წლის წინ იწყებს, რა დროსაც იგი ირანელთა ერთ-ერთ ტომებრივ გაერთიანებას წარმოადგენდა. თავდაპირველად იგი აქემენიანთა სპარსეთის შემადგენლობაში შევიდა, რა დროსაც თურქმენები ზოროასტრიზმზე მოექცნენ. ამის შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა დაიმორჩილა ისინი.

საუკუნეთა მანძილზე, თურქმენეთი ხელიდან ხელში გადადიოდა. სხვადასხვა პერიოდში, იგი იყო პართიის, ეფთალიტების, ჰუნების, სარმატების, სასანიანთა ირანის, არაბებისა და მონღოლთა იმპერიის შემადგენლობაში. თურქმენეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე გადამწყვეტი როლი ითამაშა სელჩუკებისა და ოღუზი თურქების შემოსევებმა, რა დროსაც თურქმენებმა ისლამი მიიღეს და „თურქმენის“ სახელწოდება. ამის შემდეგ ამ ტერიტორიამ გადაიტანა თემურ ლენგის მარბიელი ლაშქრობები და საბოლოოდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ თურქმენეთში სოციალისტური წყობა დამყარდა და საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა, რის შემდეგაც შევიდა სსრკ-ში. 1991 წელს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ თურქმენეთმა დამოუკიდებლობა აღიდგინა და საფარმურათ ნაიზოვის თაოსნობით გამოცხადდა მისი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც იგი 2006 წლამდე მართავდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2500-1500 წლის წინ დამზადებული ბაქტრიელი პრინცესის სკულპტურა, რომელიც აღმოაჩინეს თურქმენეთის ტერიტორიაზე. ინახება ლოს ანჯელესის ხელოვნების მუზეუმში.

თურქმენეთის ტერიტორიაზე პირველი დასახლებები დაახლოებით ძვ.წ. 2000 წლის წინ გაჩნდა. ეს ადგილები ირანულმა და ყაზახეთიდან წამოსულმა თურქულმა ტომებმა აითვისეს, სადაც მათ მარტივად მოახერხეს ერთმანეთთან ასიმილაცია. პირველი ისტორიული ჩანაწერები თურქმენეთის შესახებ აქემენიანთა სპარსეთში გვხვდება, სადაც აღწერილია სპარსეთის მეფის მიერ კასპიის ზღვის მიმდებარე მიწების შემოერთება. სპარსელთა რამდენიმე საუკუნიანი ბატონობის შემდეგ, ამ ტერიტორიებს იმორჩილებს ალექსანდრე მაკედონელი. მისი ნაადრევი დაღუპვის შემდეგ თურქმენეთის ტერიტორია ჯერ სელევკიდების, შემდეგ კი პართიის ხელში გადავიდა. ამის პარალელურად თურქმენეთში ზოროასტრიზმი და ბუდიზმი იწყებს გავრცელებას.

V-VI საუკუნეში თურქმენეთი ჯერ ჰუნებმა მოაოხრეს, შემდეგ კი ეფთალიტების სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა. VII საუკუნეში თურქმენეთი თურქთა სახაკანოს შემადგენლობაში შედის, თუმცა მათი პოზიციები მალევე შესუსტდა და ეს ტერიტორია სასანიანთა ირანის იმპერიამ მიიერთა. თურქმენეთში სასანიანთა ბატონობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, ვინაიდან ისინი მალევე ჩაანაცვლეს არაბებმა.

სწორედ ამ პერიოდში იწყებს სათავეს თურქმენებში ისლამის გავრცელება, რაც საბოლოოდ ოღუზი თურქებისა და სელჩუკების მმართველობის პერიოდში დასრულდა. XII-XIII საუკუნეებში თურქმენეთს, ისევე როგორც მთელ აზიას მონღოლები იპყრობენ. ამ პერიოდში ქვეყანაში გაძლიერდა ბუდიზმის გავლენა, მაგრამ მან ვერ მოახერხა ისლამის გადაწონა. მონღოლთა უღლის გადაგდების შემდეგ, თურქმენეთში კვლავ გრძელდებოდა მომთაბარეთა თარეში, რის შემდეგაც იგი ხვარაზმის შემადგენლობაში შედის. XIV საუკუნეში ქვეყანას თემურ ლენგის დამანგრეველი შემოსევის გადატანა მოუხდა, რამაც წელში გაწყვიტა ისედაც დასუსტებული თურქმანული ხალხები.

XV საუკუნეში თურქმენეთის მიმართულებით ყაზახი თურქების ახალი ტალღა დაიძრა, რომელმაც მარტივად გაიარა ასიმილაცია და აქ ადგილობრივებად დამკვიდრდნენ. უკვე XVI საუკუნეში მათ ორი თურქმანული სახელმწიფო — ჭადორი და სალორი შექმნეს. ჭადორი მალევე გახდა უზბეკთა ხაკანის ვასალი და მის მფარველობაში შევიდა, სალორი კი სეფიანების ირანმა მოიერთა. სეფიანებისა და უზბეკების ბატონობა 200 წელს გაგრძელდა, რის შემდეგაც დაიწყო რუსეთის იმპერიის მიერ შუა აზიის დაპყრობის პროცესი, რომელიც XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს. რუსებმა შეამცირეს უზბეკთა გავლენა თურქმენებზე, თუმცაღა თურქმენები წინააღმდეგობას უწევდნენ მათ.

XIX საუკუნიდან რუსეთსა და თურქმენებს შორის უკვე აშკარა ბრძოლა იწყება. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში რუსებმა დაიკავეს თითქმის მთელი კასპიის ზღვა, ყაზახეთი და უზბეკეთი, რაც უადვილებდათ თურქმენეთში შეჭრას. 1881 წელს გოკ-ტეპეს ბრძოლაში რუსულმა არმიამ სასტიკად დაამარცხა თურქმენების ლაშქარი, რა დროსაც დაიღუპა 150,000 თურქმენი. ამ ბრძოლის შემდეგ თურქმენეთი საბოლოოდ შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, რვა წლის შემდეგ კი მას ოფიციალურად მიენიჭა გუბერნიის სტატუსი. 1895 წელს რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა თურქმენეთი გადაინაწილეს.

1916 წელს, ტედენში მოხდა იმპერატორ ნიკოლოზ II-ის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება. 1918 წელსვე, 1,200 თურქმენის მხარდაჭერით თურქმენეთში ბოლშევიკები შევიდნენ. მათ ისარგებლეს რუსეთში არსებული არეულობითა და ბრიტანელთა მხარდაჭერით და შექმნეს თურქმენეთის დამოუკიდებელი მთავრობა. მომდევნო წელს თურქმენეთი ბრიტანელებმა დატოვეს, რასაც მოჰყვა რუსების მიერ აშხაბადისა და კრასნოვოდიცკის დაკავება. 1925 წელს თურქმენეთი სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადეს და სსრკ-ში იძულებით შეიყვანეს. ამ პერიოდში, მის დედაქალაქ აშხაბადს ლენინი დაარქვეს. 1920-1923 წლებში თურქმანეთის უზარმაზარი ტერიტორია რუსებმა ხუთ სხვადასხვა რესპუბლიკად გაყვეს: თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. ამის შემდეგ ეს ერთეულები აღარ გაერთიანებულა.

1990 წელს თურქმენეთში რუსულის ნაცვლად თურქმენული გამოცხადდა ოფიციალურ ენად. 1990 წლის 22 აგვისტოს, თურქმენეთის უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა, რასაც მოჰყვა ქვეყნის ისტორიაში პირველ პრეზიდენტად საფარმურათ ნაიზოვის არჩევა.

თურქმენეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მხოლოდ 1991 წლის 27 ოქტომბერს სცნეს. იგი გახდა შუა აზიის პირველი ქვეყანა, რომელმაც შექმნა საკუთარი კონსტიტუცია. იმავე წელს, თურქმენეთის კომუნისტური პარტია დემოკრატიულმა შეცვალა. 1993 წელს თურქმენეთმა თავისი ეროვნული ვალუტა — მანეთი გამოუშვა, მაგრამ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დაწყება გარდაუვალი აღმოჩნდა. 1995 წელს თურქმენეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო ეკონომიკური ვითარების წინააღმდეგ, რასაც ათასობით მომიტინგის დაპატიმრება მოჰყვა. ამავე წლის დეკემბერში, საერთაშორისო კრიტიკის გამო, პრეზიდენტმა გაანთავისუფლა დემონსტრანტები და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი შექმნა. ამ ინსტიტუტმა ფუნქციონირება 1996 წლის ოქტომბერში დაიწყო. 1997 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც ნარკომანიის, პრეზიდენტზე თავდასხმისა და განზრახ მკვლელობის დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Peter Hopkirk. The Great Game: The Struggle for Empire in Central Asia, Kodansha International, 1992, ISBN 4-7700-1703-0, 565p. The timeline of the Great Game is available online.
  • Karl Meyer. Tournament of Shadows: The Great Game and the Race for Empire in Asia, Shareen Brysac, 2001, ISBN 0-349-11366-1
  • Curtis, Glenn E. (1996). Turkmenistan: A Country Study. Library of Congress Country Studies. Washington: United States Government Printing Office. OCLC 45380435.
  • Edgar, Adrienne Lynn (2004), Tribal Nation: The Making of Soviet Turkmenistan, Princeton, New Jersey: Princeton University Press
  • "History & Culture". turkmenistanembassy.org. Archived from the original on November 10, 2001. Retrieved March 18, 2018.
  • Associated Press (February 16, 2007). "A crack in the isolation of Turkmenistan: Internet cafes". USA Today. Retrieved April 26, 2007.
  • Leila (February 20, 2007). "Internet in Turkmenistan: A sign of hope?". New Eurasia. Archived from the original on May 16, 2007. Retrieved April 26, 2007.
  • "Turkmenistan moves to reduce cult". MWC News. March 10, 2007. Archived from the original on March 13, 2007. Retrieved April 26, 2007.