ერეკლე II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერეკლე (მრავალმნიშვნელოვანი).
ერეკლე II
Heraclius II of Eastern Georgia.jpg
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1744
მმართ. დასასრული: 1762
წინამორბედი: თეიმურაზ II (გამგებელი)
მემკვიდრე: ქართლისა და კახეთის სამეფოები გაერთიანდა
ქართლ-კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 29 ივნისი, 1762
მმართ. დასასრული: 1798
წინამორბედი: სამეფო შეიქმნა
მემკვიდრე: გიორგი XII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 7 ნოემბერი, 1720
დაბ. ადგილი: თელავი
გარდ. თარიღი: 11 იანვარი, 1798
გარდ. ადგილი: თელავი
მეუღლე: ქეთევან ყაფლანიშვილი-ორბელიანი (1738-1744)
ანა აბაშიძე (1745-1749)
დარეჯან დადიანი (1749-1798)
შვილები: იხ. სია
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: თეიმურაზ II
დედა: თამარი
ხელმოწერა: King erekle's signature.png

ერეკლე II (დ. 7 ნოემბერი, 1720, თელავი — გ. 11 იანვარი, 1798, იქვე; დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში) — 1744-1762 წლებში კახეთის, 1762—1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე. ერეკლე II აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს. დედამისი, თამარი, ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II — ქართლის მეფე ერეკლე I-ის ძე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კახეთში გამეფება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე–18 საუკუნის დასაწყისში ქართლ–კახეთს ირანი თავის სახანოდ თვლიდა, დასავლეთ საქართველოში ოსმალები იყვნენ გაბატონებულნი, ავღანელებსაც ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის სურვილი, ბოლო არ უჩანდა ლეკების თავდასხმებს, ევროპის ქვეყნებიც ინტერესდებოდნენ ამ მხარით. 1723 წელს ოსმალებმა სძლიეს სპარსელებს, ქართლში შემოიჭრნენ და თბილისი დაიკავეს. ისინი კახეთსაც გადასწვდნენ. ვახტანგ მეექვსე, რომელიც პეტრე პირველის იმედით აპირებდა მტრის წინააღმდეგ ბრძოლას მოტყუებული გამოვიდა, რუსებმა პირობა დაარღვიეს და ვახტანგ მეექვსე მარტო დარჩა ორმხრივ შემოსეული მტრის წინააღმდეგ. 1724 წელს იმედდაკარგულმა ვახტანგმა,თავისი ამალით საქართველო დატოვა და რაჭის გზით რუსეთს მიაშურა. აღმოსავლეთ საქართველოში „ყიზილბაშობა“ „ოსმალობამ“ შეცვალა.

1733 წელს ერეკლე ახლდა მამას ნეიშინის ველზე ლეკების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. ეს იყო ახალგაზრდა ერეკლეს პირველი ლაშქრობა. ამ დროს უკვე გამოკვეთილი იყო დასუსტებული და სახანოებად იყო დაყოფილი სპარსეთის მომავალი ლიდერი თამაზ–ყული–ხანი, შემდგომში ნადირ–შაჰად წოდებული. სპარსელები ნადირ–შაჰის მეთაურობით თანდათან ავიწროვებდნენ ოსმალებს. ბრძოლაში მას ქართველებიც ეხმარებოდნენ. თეიმურაზ II ამ დროს სპარსელებს დაუდგა გვერდით, რადგან ის სპარსელთა ბატონობას, ოსმალების ბატონობასთან შედარებით ნაკლებ ბოროტებად თვლიდა, თუმცა კი ქართველთათვის ორივე საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო. 1734 წელს, თურქების ნებართვით კახეთში გამეფებულ თეიმურაზს, თურქების განდევნის შემდეგ, ნადირ–შაჰმაც ანდო კახეთი, მაგრამ მძევლებად მისი შვილები მოითხოვა. ქეთევანი თავისივე ძმისშვილს, ალი–ყული–ხანს მიათხოვა ცოლად, ხოლო ერეკლე თავის მებრძოლ რაზმში ჩარიცხა.

1737 წელს ნადირ–შაჰმა ინდოეთისაკენ გაილაშქრა და დიდი ტერიტორიები მიიერთა. ამ ბრძოლაში მას ერეკლეც თან ახლდა თავისი ათასეულით. ნადირ-შაჰის ლაშქრობაში მონაწილეობით ერეკლემ კარგი სამხედრო გამოცდილება მიიღო. შაჰი განაცვიფრა ერეკლესა და მისი თანმხლები ქართველების ბრძოლის უნარიანობამ და საზრიანობამ, განსაკუთრებით ის ახალგაზრდა ერეკლეს გმირობამ გააოცა. 1739 წელს ნადირ-შაჰმა ერეკლეს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა. ერეკლე კახეთში დაბრუნდა იმავე წლის დეკემბერში. ლაშქრობდან დაბრუნებულმა შაჰმა დაღესტანს შეუტია, მაგრამ ვერ დაიპყრო, თუმცა ქართლ–კახეთზე ლეკთა თავდასხმები თითქმის მთლიანად აღიკვეთა, ოსმალთა ბატონობის დროს, მტკვრის ნაპირზე დასახლებული უამრავი თურქმენული ოჯახიც საქართველოდან გაასახლეს. თეიმურაზ II და მისი ოჯახი სპარსეთის მომხრე პოლიტიკას ირჩევდა. 1743 წელს ნადირ-შაჰმა არაგვის საერისთავო თეიმურაზს დაუმტკიცა. მათ მხარი არ დაუჭირეს ქართლის აჯანყებას.

აჩაბეთის ბრძოლაში ერეკლემ დაამარცხა გივი ამილახვარი. ამილახვრისა და ახალციხის ფაშა იუსუფ III-ის ჯარებმა გორსა და რუიისს შორის დაამარცხეს თეიმურაზი და თბილისის ხანი, მაგრამ გორის ციხის აღება ვერ შეძლეს. იუსუფის მიერ დაღესტანში დიდძალი ფულით გაგზავნილ ლეკთა ბელად მალაჩის საგურამოსთან დახვდა ერეკლე და დაამარცხა. 1745 წელს თემურაზმა შეიპყრო გივი ამილახვარი და ის ნადირ-შაჰს გაუგზავნა. ქართლში მიმდინარე ბრძოლებით თეიმურაზმა და ერეკლემ ერთგულება დაუმტკიცეს ნადირ-შაჰს. 1745 წელს ნადირ–შაჰმა ნებართვით თეიმურაზი ქართლის მეფედ, ხოლო ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცა. ბოლო 130 წლის განმავლობაში ქართლში ქრისტიანული წესით ნაკურთხი მეფე არ მჯდარა.

სამხედრო ლიდერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველმა მეფეებმა უაღრესად გაჭირვებული მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ჩაიბარეს. მართალია ქართლი და კახეთი სხვადასხვა სამეფოებად ითვლებოდა, მაგრამ თეიმურაზი და ერეკლე ერთიან, შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ, საბრძოლო მოქმედებებიც ერთიანი ჰქონდათ. შიდა პოლიტიკას თემურაზ II უძღვებოდა, ხოლო სამხედრო მოქმედებებს ერეკლე. მათ ძალზე ხშირად უხდებოდათ თავდაცვითი ბრძოლების წარმოება, ზოგჯერ კი რეგიონში ავტორიტეტის გაძლიერების მიზნით თავადაც უწევდათ შეტევაზე გადასვლა. ბრძოლა ქართველებს ძირითადად ოსმალებისაგან წაქეზებული ჩრდილო-კავკასიელებისა და დაშლილი ირანის ზოგიერთი სახანოს, ამიერკავკასიის და ქართლ–კახეთის დაპყრობის მსურველ მმართველებთან უხდებოდათ. მტერთან ომი ზოგჯერ შიდაომებშიც გადაიზრდებოდა.

XVIII საუკუნის 40-იანი წლების მიწურულისათვის ნომინალურად სპარსეთის ვასალი ქართლ-კახეთი (რომლის მოსახლეობა 626 ათასი იყო) ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ ისარგებლეს 1747 წელს ნადირ-შაჰის მკვლელობით და სპარსეთში გამეფებული ანარქიით, თბილისი სპარსებისგან გაათავისუფლეს და თავიანთ ბატონობას დაუმორჩილეს. თეიმურაზმა ქართლი, ირანში წასვლისას აბდულა–ბეგს (არჩილ ბაგრატიონს) ჩააბარა, ერეკლეს კი მისი მმართველობისათვის ზედამხედვრლობა დაავალა. ამ დროს საქართველოს ციხეებში სპარსელთა ჯარი იდგა და მათი უმეტესობა აბდულა–ბეგის მომხრე იყო. აბდულა–ბეგმა ქართლის ტახტის დათმობა აღარ მოინდომა და ერეკლეს ბრძოლა დაუწყო. ერეკლე ჯერ სამშვილდის ციხესთან შეებრძოლა აბდულა ბეგს, შემდეგ კი თბილისთან, სოლოლაკის და წავკისის მიდამოებში სასტიკად დაამარცხა მისი ჯარი. ამის მერე ერეკლემ თბილისის ციხეებში გამაგრებულ სპარსელთა გარნიზონებს შეუტია და თბილისის ციხეებიდან დამპყრობლები გაყარა. ქართულ ციხეებში ქართლ–კახელთა ჯარის ნაწილები ჩააყენა და მის კოშკებზე ქართული დროშები აღმართა.

1749 წელს თეიმურაზიც დაბრუნდა ირანიდან. მამა–შვილის თავგამოდების შედეგად, თბილისის კედლებს, ამის შემდეგ თითქმის 50 წლის განმავლობაში ომი არ უნახავთ. თუმცა ბრძოლებს ბოლო არ უჩანდა. თითქმის ყველა ბრძოლაში ერეკლე თავად სარდლობდა ჯარს და პირველი შეიჭრებოდა მტრის რიგებში. ხშირად უწევდა მათი ბელადების წინააღმდეგ პირისპირ შებრძოლება. 1749 წელს, ნადირ–შაჰის მკვლელობაში მონაწილე, მაჰმად–ხანმა ერევნის სახანოს დაპყრობა გადაწყვიტა. ერევნელების თხოვნით ერეკლემ დაამარცხა მაჰმად–ხანი და ერევნის სახანო ქართლის მოხარკედ აქცია. 1750 წელს ყარაბაღის მფლობელი ფანა–ხანი, რომელიც განჯის დაპყრობას აპირებდა განჯას მიადგა, განჯის ხანმა და ყარაბაღელმა სომხებმა ერეკლეს დახმარება სთხოვეს. ქართველებმა ერეკლესა და თეიმურაზის სარდლობით დაამარცხეს ფანა–ხანი და განჯის სახანოც მოხარკედ აქციეს.

1750 წლიდან სპარსეთში გაძლიერდა ალი-მარდან-ხანი ბახტიარელი. 1751 წელს მის წინააღმდეგ აჯანყდა ქართლ-კახეთის ჯარი ერეკლე II-ს წინამძღოლობით. მას განზრახული ჰქონდა სპარსეთის შუაში შეჭრა და თავრიზზე გალაშქრება, მაგრამ იძულებული გახდა ლაშქრობაზე უარი ეტქვა აზერბაიჯანში გაძლიერებული ავღანალებისა და მათი მოკავშირე ლეკების გამო. შაქის ხან აჯი–ჩალაბს არ აძლევდა ხელს რეგიონში ქართველთა ბატონობა. 1751 წლის თებერვალში, მდინარე აგრი–ჩაისთან, აჯი–ჩალაბმა დაამარცხა ქართველები. ამ ბრძოლაში, მდინარეში ცხენიანად ჩავარდნილი ერეკლე პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძეს დახმარებით გამოვიდა წყლიდან, მაჩხაანელმა გლეხმა დათუნა ბოსტაშვილმა კი თავისი ცხენი დაუთმო და ერეკლე დატყვევებას გადარჩა.

1751 წლის ივლისში ერეკლე II-მ ყირხბულახის ბრძოლაში დაამარცხა თავრიზის მმართველი და ირანის ტახტის მაძიებელი აზატ-ხანის 18-ათასიანი ლაშქარი. 1752 წელს აჯი-ჩალაბმა, განჯასთან ისევ დაამარცხა ქართველები. აჯი-ჩალაბთან მარცხი ამცირებდა რეგიონში ქართველთა ავტორიტეტს. თეიმურაზი და ერეკლე მაინც აპირებდნენ სპარსეთში ლაშქრობას. ამ მიზნით ერეკლემ 4 ათასი ჩერქეზი მეომარი დაიქირავა და მათი დახმარებით რამდენჯერმე დაამარცხა ლეკები. ჩერქეზებისა და მცირე რაოდენობის ოსების ანაზღაურებისათვის ერეკლემ სამეფო ხაზინის ნივთებზე ოქრო ააძრობინა და ფული მოჭრა. 1752 წლის სექტემბერში, ყაზახ–შამშადილუს საზღვარზე ერეკლე გადაეღობა შიდა ქართლიდან მიმავალ ტყვეებით დატვირთულ აჯი-ჩელების ჯარს და თულქითეფეს ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა.

ერეკლე II-ის ჯარისკაცების ფორმები

ისევ განმტკიცდა ქართველთა ავტორიტეტი რეგიონში. სპარსეთის საქმეებში აქტიურობამ ერეკლეს სახელი მოუპოვა ევროპაში. მას მიიჩნევდნენ სპარსეთში ერთ-ერთ უძლიერეს პიროვნებად, რომელიც მალე სპარსეთის ბედს გადაწყვეტდა. 1754 წელს პარიზში გამოიცა წიგნი სპარსეთში მიმდინარე არეულობათა შესახებ, რომლის ავტორი მაღალ შეფასებას აძლევდა რეკლეს. წიგნი მალევე გერმანულად ითარგმნა და მაინის ფრანკფურტში გამოიცა. მაგრამ თეიმურაზი და ერეკლე იძულებულნი გახდნენ ხელი აეღოთ სპარსეთის პოლიტიკაზე, რადგან არ წყდებოდა ქართლ-კახეთზე ლეკების თავდასხმები. ისინი დიდ დასებად მოულოდნელად ესხმოდნენ თავს ქართლსა და კახეთს. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდა ავარიის ხანი ომარი. 1754 წელს ხუნძახის ბატონი, ნურსალ–ბეგი მრავალრიცხოვანი ჯარით ქართლში შემოიჭრა, არაგვის მიდამო და დუშეთი დაარბია, მჭადიჯვრის ციხეს ალყა შემოარტყა. ერეკლემ და თეიმურაზმა მჭადიჯვრის ბრძოლაში დაამარცხეს და დიდი დანაკარგით განდევნეს მტერი. 1755 წელს ნურსალ–ბეგი ყვარელს მოადგა. ქართველების მიმართ სხვა, მტრულად განწყობილ სახანოების რაზმებთან ერთად მისი ჯარი 30000–მდე მებრძოლს ითვლიდა. მათ ყვარლის ციხეს შემოარტყეს ალყა. თუ კახეთი დაეცემოდა, ქართლსაც იოლად დაიპყრობდა მტერი, შემდეგ დასავლეთ საქართველოსაც გადასწვდებოდნენ და ერის მომავალი დასაღუპავად იყო განწირული. ქართველი მეფეების გონიერი, გაბედული საბრძოლო მოქმედების შედეგად ყვარლის ბრძოლაში, მინიმალური დანაკარგით მოიგერიეს მტერი. 1757 წელს 4 ათასი ლეკი თავს დაესხა ქართლს. 1759 წელს ლეკების 8000–იანი ჯარმა კოხტა ბელადის სარდლობით ილაშქრა ქართლში და ლიახვის ხეობამდე მივიდა. ერეკლემ ისინი ატოცთან და დვანის ციხესთან დაამარცხა. ამ ბრძოლაში მას სოლომონ I ეხმარებოდა. 1760 წელს ერკლემ ყარაბაღის ხანი დაამარცხა, განჯასა და ერევანშიც მოუწია ლაშქრობა.

გარდა ლეკთა მსხვილი ლაშქრობებისა, ქართლ-კახეთს აწიოკებდა ლეკთა შედარებით მცირე დასების გამუდმებული თავდასხმები. დაღესტნელთა ჯარი ერევნამდე მივიდა და გზად ყველაფერს ანადგურებდა, შინდისთან გადახდათ დიდი ბრძოლა ქართველებს, ყოველდღიურ თავდასხმებს იგერიებდნენ ქართლში, ქიზიყში, კუმისის, ბოლნისის მიდამოებში, სომხითი და საბარათიანო თითქმის მთლიანად დაიცალა. თბილისის გარშემო მდებარე დასახლებებსაც უტევდა მტერი, თუმცა კი უმეტეს შემთხვევაში დამარცხებული ბრუნდებოდნენ უკან. თეიმურაზმა შექმნა მუდმივი მილიცია, ნოქრები, რომელიც 2 ათასი კაცისგან შედგებოდა. ნოქრებს წელიწადში 30-40 მანეთი ჰქონდათ ჯამაგირი. ამ ზომამ მხოლოდ ოდნავ გააუმჯობესა ვითარება.

1760 წელს თეიმურაზი დიპლომატიური მისიით რუსეთში წავიდა. მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. 1762 წელს ის პეტერბურგში გარდაიცვალა. 1762 წლის 29 ივნისიდან ერეკლე II ქართლ–კახეთის სამეფოს ერთპიროვნული მმართველი გახდა. აღმოსავლეთ საქართველო, ბოლო 300 წლის განმავლობაში პირველად ერთიან პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა.

ქართლ-კახეთის მეფე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლ-კახეთის სამეფოს გაერთიანების მიუხედავად ქართლისა და კახეთის ადმინისტრაცია და მართვა-გამგეობა კვლავ ცალ-ცალკე იყო მოწყობილი. ერეკლე II-მ ხელისუფლების ცენტრალიზაციას ცდილობდა. მას ამაში ხელს უწყობდა მისი პოლიტიკის მომხრე ანტონ II. ქართლის ფეოდალური წრეები უკმაყოფილო იყვნენ კახეთის დინასტიის მეფით და არ კარგავდნენ იმედს რუსეთში გადახვეწილი ქართლის დინასტიის აღდგენისა. 1765 წელს მოხდა პაატა ბატონიშვილის ერეკლეს წინააღმდეგ. შეთქმულნი იყვნენ სახლთუხუცესი დიმიტრი ამილახვარი, გლახა ციციშვილი და სხვები. ისინი მიზნად ისახავდნენ ვახტანგ VI-ის შვილის, პაატას, გამეფებას ქართლში. ერეკლემ შეთქმულები მკაცრად დასაჯა, პაატა ბატონიშვილს კი თავი მოჰკვეთა.

ერეკლემ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო (არაგვის, ქსნის); დაასახლა უცხოელ დამპყრობთა შემოსევების შედეგად მოოხრებული რაიონები; გაატარა ბატონყმური ურთიერთობის რეგლამენტაცია ფეოდალთა შეზღუდვის მიზნით; იღვწოდა უცხოელ მოახალშენეთა მოზიდვისა და სამეფო საკუთრების გაზრდისათვის; გამოსცა კანონი (1765 წ.), რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა; შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა; შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი; აღადგინა საკუთრების ქალაქური წესი (1770 წ.); აკრძალა ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს განახლებული ყმათა უმამულოდ გაყიდვა და ტყვეებით ვაჭრობა; დარაზმა ხალხი ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად (1772 წ.). მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა სახელმწიფოებრივი წყობილების გადასახალისებლად; რუსეთის მიბაძვით შემოიღო სამხედრო სისტემა; სცადა მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაენაწილებინა: „საგარეო საქმეთა“, „სახელმწიფო შემოსავლისა“ და „სამხედრო საქმეთა“ დარგებად.

ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, სარკის, ბროლის, შალის, სანთლის, იარაღის,საპნის, აგურის, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი საწარმოები. ზეთსახდელი, მარილსახდელი, თამბაქოს დამამზადებელი,შაქრისმწარმოებელი ქარხნები, სამღებროები), განვითარდა სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის), დიდი შემოსავალი შემოდიოდა ახტალის ლითონის მადნებიდან (ამ მადნიდან პირველად მიღებული ოქროდან ერეკლემ ოქროს ბარძიმი დაამზადებინნა და მცხეთის სვეტიცხოველს შესწირა ); განნახლდა ზარაფხანა,იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის ფული, ამუშავდა იარაღის, დენთის, ზარბაზნის დამამზადებელი ქარხნები. თბილისში დუქნების რიცხვი ხუთასამდე აღწევდა. თბილისში ყოველდღე სხვადასხვა სახის საქონლით დატვირთული ქარავნები შემოდიოდა და აქედანაც გაჰქონდათ ტვირთი ვაჭრებს. შენდებოდა ახალი შენობები დაციხეები, თუმცა თბილისის შიდა ციხე დაანგრიეს, რადგან მტრის შემოსევის საშიშროება აღარ იყო.

ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობოდა განათლებას, იხსნებოდა სასულიერო სემინარიები და სკოლები. აღადგინეს სტამბა, რომელიც ვახტანგ მეექვსემ ჩამოატანინა ვლახეთიდან (რუმინეთი),დიდი რაოდენობით იბეჭდებოდა წიგნები. მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკლესიის გაძლიერებას. მშვიდი ცხოვრების მოსაპოვებლად თბილისისკენ ბევრი ეროვნების ქრისტიანმა თუ არაქრისტიანმა იწყო წამოსვლა და აქ დასახლება. სომხებიც თავიანთ გადამრჩენად მიიჩნევდნენ ერეკლეს. თბილისი ამიერკავკასიის პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა. საქართველოთი ევროპის ქვეყნებიც დაინტერესდნენ. მრავალი წერილი იბეჭდებოდა იმდროინდელ რუსულ და ევროპის ქვეყნების გაზეთებსა თუ ჟურნალებში „პრინც ერეკლეზე“, რომელსაც „აშვებული ლომის“ სახელი ჰქონდა.

რუსეთთან კავშირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1768 წელს დაიწყო რუსეთ–ოსმალეთის მორიგი ომი. ერეკლე II-მ სოლომონ I-მა ამ ომში რუსების მხარე დაიჭირეს. რუსეთის სამეფოს ხელთ არსებული ცნობების მიხედვით ერეკლეს 30 ათასი, სოლომონს კი 20 ათასი კაცის გამოყვანა შეეძლოთ, რაც ოსმალეთის დიდ ძალებს კავკასიაში დააბამდა, შესაბამისად, რუსეთი ცდილობდა, ქართველი მეფეები ომში ჩაერთო ისე, რო თავად დიდი მსხვერპლი არ გაეღო. 1769 წელს გრაფი ტოტლებენი რუსის ჯარით საქართველო შევიდა. ტოტლბენეს ჰყავდა 500 კაცი 4 ზარბაზნით. ამ მცირე რაზმით ქართველი მეფეები დიდ სამხედრო ოპერაციებს მოერიდნენ. 1770 წლის გაზაფხულისთვის რუსეთის 3767 ჯარისკაცი და 12 ზარბაზანი ჩავიდა საქართველოში. ამის შემდეგაც ტოტლებენის უტაქტო საქციელის და ქართველი მეფეების შეურაცხყოფის გამო ვერ საქმე წინ ვერ წავიდა. ამას თან ერთვოდა უთანხმოება სოლომონ I-სა და ერეკლე II-ს შორის. სოლომონს, გარდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლისა, რუსეთის ჯარის გამოყენება სურდა ოდიშისა და გურიის სამთავროების დასამორჩილებლად. 1770 წლის აპრილში ერეკლე II და ტოტლებენი შეთანხმდნენ ახალციხის საფაშოსკენ გალაშქრებაზე და გაერთიანებული ჯარით ახალციხისკენ დაიძრნენ. აწყურთან ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე და სურამში დაბრუნდა. მარტო დარჩენილმა ერეკლემ ასპინძის ბრძოლაში, სასტიკად დაამარცხა ოსმალები, მაგრამ ჯარის სიმცირის გამო იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. ტოტლებენს და ერეკლე II-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ტოტლებენმა დაიკავა დუშეთი, ანანური, გორი და ცხინვალი და დაიწყო ხალხის დაფიცება რუსეთის მეფის ერთგულებაზე, ის აპირებდა ერეკლე II-ის ტახტიდან ჩამოგდებას და დაპატიმრებას. თავის მხრივ, ერეკლე II-ც დაიძრა მის დასაპატიმრებლად. ტოტლებენი იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. 1771 წელს ერეკლემ ხერთვისის ციხე გაათავისუფლა ოსმალებისგან,

ერეკლე II-მ რუსეთის ჯარის დახმარებით ოსმალეთის წინააღმდეგ ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწია, ოსმალეთის წინააღმდეგ სამხედრო გამოსვლით კი ახალი მტერი გაიჩინა სამხრეთიდან. ოსმალეთზე გალაშქრება მეფის ხაზინას საკმაოდ ძვირი დაუჯდა. კვლავ მნიშვნელოვან ხარჯებს ითხოვდა ლეკების მოგერიება. 1771 წლის ბოლოს ერეკლე II-მ გადაწყვიტა რუსეთის მფარველობაში შესულიყო და სანქტ-პეტერბურგში დიპლომატიური მისიით გაგზავნა ანტონ II და ლევან ბატონიშვილი. მისიამ ერთი წელიწადი გაატარა ასტრახანში და სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა 1773 წლის იანვარში. ერეკლე II-ის შეთავაზებული პირობებით ქართლ-კახეთის სამეფო შეინარჩუნებდა ავტონომიას შინაურ საქმეებში, ეკლესიის ავტოკეფალიას, სანაცვლოდ იკისრებდა ხარკს კომლზე 14 შაურს, 2000 ვედრო ღვინოს, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ნახევარს, მიიღებდა რუსეთისგან 4-ათასიან ჯარს და სესხს. რუსეთის ხელისუფლებამ ერეკლე II-ის პირობებზე უარი განაცხადა, რადგან არ სურდა ოსმალეთის იმპერიის გაღიზიანება.

ერეკლე II-მ აღადგინა ურთიერთობა ოსმალეთის იმპერიასთან. 1773 წლის ბოლოს მოიწვია ეპისკოპოსთა და დიდ თავადთა კრება, რათა მნიშვნელოვანი საკითხები გადაეწყვიტათ. 1774 წლის იანვარში შემოღებულ იქნა მუდმივი სამხედრო სამსახური მორიგე ჯარი. მორიგე ჯარს სათავეში ლევან ბატონიშვილი ედგა. მისმა შემოღებამ დაამყარა მშვიდობიანობა და გახიზნულ მოსახლეობას ბარში დაბრუნების და ეკონომიკური საქმიანობის საშუალება მისცა. 1774 წლის აგვისტოში ერეკლე II-მ კვლავ ითხოვა რუსეთის მფარველობა და კვლავ უშედეგოდ.

1775 წელს ერეკლე II-ის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო ზაალ ორბელიანმა. 1777 წელს ერეკლე II-ს აუჯანყდა გიორგი ქსნის ერისთავი. ერეკლემ ის დააპატიმრა, ხოლო ქსნის საერისთავო გააუქმა. ამით მან მოსპო ქართული ფეოდალიზმის ერთ-ერთი ძლიერი ბუდე. 1779 წელს აჯანყების მოწყობა სცადა ალექსანდრე ბაქარის ძემ, რომელსაც სოლომონ I და ქართლის თავადები უჭერდნენ მხარს.

1778 წელს დაამარცხა განჯის მმართველი ფათ–ალი–ხანი, 1779–80 წლებში ერევნის ხანთან მოუწია ბრძოლა, ლეკები დაესხენ თუშეთს, ქიზიყს, ცხინვალს, 1773 წელს ნურსალ-ბეგი ბოდბეს დაესხა თავს. ლეკთა მოთარეშე რაზმები თბილისამდე მოდიოდნენ. 1783 წლის 28 მაისს ერეკლე II-მ გახსნა თელავის სემინარია. 1779 წელს გარდაიცვალა ირანის შაჰი ქერიმ-ხანი, რომელთანაც ერეკლეს თითქმის სამი ათეული წელი კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდა და ყველა პრობლემას დიპლომატიური გზებით აგვარებდა. დასუსტებულ ირანში ძალაუფლება თანდათან ყაჯართა თურქმენული ტომის წარმომადგენელმა აღა-მაჰმად ხანმა აიღო. 1782 წელს ერეკლე II-მ მიმართა სხვადსხვა ევროპელ მონარქებს, სთხოვდა მათ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას და სთავაზობდა სპარსეთის ან ოსმალეთის წინააღმდეგ გამოსვლას, მაგრამ ევროპის სახელმწიფოებისთვის კავკასია საკმაოდ შორს იყო. ერეკლე II-მ კვლავ რუსეთთან დაკავშირება სცადა. ამჯერად რუსეთის მთავრობა სიხარულით შეხვდა მის წინადადებას და 1783 წლის 24 ივლისს გაფორმებულ იქნა გეორგიევსკის ტრაქტატი. ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას და ემორჩილებოდა მას საგარეო საკითხებში, ინარჩუნებდა საშინაო დამოუკიდებლობას და ეკლესიის ავტოკეფალიას. ქართლ-კახეთში მუდმივად განთავსდებოდა რუსეთის 2 ბატალიონი 4 ზარბაზნით. ტრაქტატი გაფორმდა უკეთესი პირობებით, ვიდრე ერეკლე II თავდაპირველად ითხოვდა. რუსეთის მთავრობამ უარი თქვა ხარკსა და მძევლებზე.

მალე გამოიხატა, რომ რუსეთი, ტრაქტატის თანახმად მიღებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებდა. ქართლ–კახეთის სამეფოს რუსეთთან კავშირის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ირანი და ოსმალეთი, აგრესიით განეწყვნენ მეზობელი სახანოები და ახალციხის საფაშო. უკმაყოფილებამ იმატა ქართლ-კახეთის ვასალურ სახანოებში. ერეკლე II-ს უჭირდა მორიგე ჯარში ხალხის გაწვევა ყაზახ-შამშადილიდან. ახალციხის ფაშა ყოველ ღონეს ხმარობდა ლეკთა თარეშის წასახალისებლად. 1784 წლის გაზაფხულზე სულეიმან-ფაშამ ლეკების 4-ათასიანი ჯარი შეუსია ქართლს და 600 ტყვე აიყვანა. ეს ჯარი რუსეთის ჯარმა დაამარცხა სურამთან და ტყვეები დაატოვებინა. ერთი თვის შემდეგ სულეიმან-ფაშამ 3-ათასიანი ჯარით ახალი თავდასხმა მოაწყო და ასე აგრძელებდა გამუდმებით.

1785 წელს ქართლ-კახეთს ომარ–ხანი 20000–იანი რაზმით დაესხა თავს. ერეკლემ ქართლიდან ლაშქარი ვერ შეკრიბა ახალციხიდან მოსალოდნელი თავდასხმის შიშის გამო, მხოლოდ კახეთისა და რუსეთის ჯარით კი შებრძოლება ვერ გაბედა. 11 ათასი კაცით ომარ-ხანმა დაანგრია ახტალის ლითონის მადნები, დალაშქრა ყარაიაზი, ბორჩალო, ლორე და ჩავიდა ახალციხეში, იქედან კი გაზაფხულზე გადავიდა ყარაბახში. ომარ-ხანთან ბრძოლაზე უარის თქმა იმის მაჩვენებელი იყო, რომ რუსეთის ჯარი არ იყო ქართლ-კახეთის დასაცავად საკმარისი. ერეკლე II იძულებული გახდა ომარ-ხანისთვის ზავი და ხარკი შეეთავაზებინა, მან 10 000 მანეთი წლიური ჯამაგირი დუნიშნა ომარ-ხანს. 1787 წელს რუსებისა და ქართველთა გაერთიანებულმა ჯარმა 5 ათასი კაცის შემადგენლობით განჯა, ყარაბაღი და ნახიჩევანი დალაშქრა. იმავე წელს რუსეთის ჯარის უროსმა პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა მიიღო ბრძანება დაეტოვებინა ქართლ-კახეთი. რუსეთის სამეფო ემზადებოდა ოსმალეთთან ახალი ომისთვის და არ სურდა ქართლ-კახეთის ჩართვა მასში. რუეთის ჯარის საქართველოში ყოფნის დროს ქართლ-კახეთი უფრო დაზარალდა, ვიდრე სარგებელი მიიღო. მეფის ხაზინას რუსეთის ჯარის შენახვა ძვირი უჯდებოდა. რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ, 1789 წელს, ერეკლე II-მ აღადგინა მშვიდობიანი ურთიერთობა ოსმალეთთან. სულთანმა ერეკლე II-ს მშვიდობის ნიშნად საჩუქრები გაუგზავნა. 1789 წლის იანვარში, ერეკლემ და აზერბაიჯანის დიდი ნაწილის მფლობელმა ფათ–ალი–ხანმა, თვიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, მოილაპარაკეს და ერთიანი მოქმედების გეგმა დასახეს, რომლის განხორციელებითაც, კავკასიაში ორივეს ძალაუფლება უნდა განმტკიცებულიყო, მაგრამ, სულ მალე, 54 წლის ფათ–ალი–ხანი მოკვდა და ქართლ–კახეთის გაძლიერების ეს გეგმაც ჩაიშალა. ჩაიშალა ერეკლეს მიერ ჩაფიქრებული, ქართულ–სომხური, ერთიანი ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნის გეგმაც.

თანდათან სუსტდებოდა სამეფოს ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა. რუსეთის ჯარის შენახვამ დიდი ზარალი მიაყენა ხაზინას, ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი დარტყმა იყო ომარ-ხანის მიერ ახტალის საბადოების განადგურება. მოსახლეობა გარბოდა ქალაქებიდან. ერეკლე II იძულებული გახდა 1784 წელს საგანგებო ბრძანებით აეკრძალა ქალაქებიდან წასვლა, თუმცა ურბანული მოსახლეობა მაინც მცირდებოდა. 1787 წელს პრაქტიკულად გაუქმდა მორიგე ჯარი.

კრწანისის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1790 წელს ერეკლეს ესტუმრნენ იმერეთის სამეფოს დიდგვაროვნები და ქართლ–კახეთის სამეფოსთან იმერეთის მიერთება შესთავაზეს. ერეკლემ ხანგრძლივი თათბირის შემდეგ ამ წინადადებაზე უარი თქვა. ქართლ-კახეთს ირანი თავის სახანოდ მიიჩნევდა, ოსმალეთის იმპერია დასავლეთ საქართველოზე ბატონობდა. გაერთიანებას შესაძლოა ახალი დაპირისპირება გამოეწვია. გარდა ამისა, ქართლ-კახეთის სამეფოს არ ჰქონდა გამართული ადმინისტრაციული აპარატი, ის ვერ შეძლებდა იმერეთის საქმეების გაძღოლასაც. ერეკლე II-ის ცოლი, დარეჯან დედოფლი აევე ითხოვდა, რომ იმერეთის ტახტი მის შვილიშვილს, დავით არჩილის ძეს, დარჩენოდა.

იმერეთის დესპანობამ უშედეგოდ მაინც არ ჩაიარა. სოლომონ ლიონიძის ღვაწლით ცოტა ხანში გაფორმდა სამხედრო ხელშეკრულება ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოებს, გურიის და ოდიშის სამთავროებს შორის. „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, ოდიშისა და გურიისა აღწერილი სამეუფეოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა“. ამ ტრაქტატის თანახმად ქართული სამეფო-სამთავროები ერთმანეთთან კეთილი ურთიერთობის და მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარების სამხედრო ხელშეკრულებას დებდნენ. იმერეთში ერეკლეს შვილიშვილის, სოლომონ მეორის გამეფებით, დასავლეთ საქართველოში ერეკლეს გავლენა გაიზარდა. ერეკლე და სოლომონი ერთიან, ურთიერთშეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ. ერეკლეს მცდელობები ქვეყნის საშინაო რეფორმირებისა, ჩავარდა. 1791 წელს მან შეცვალა ტახტის მემკვიდრეობის არსებული წესი. ამიერიდან ტახტი რიგ-რიგობით გადაეცმოდა ერეკლეს შვილებს. მან შვილებს სამეფოს სხვადასხვა ნაწილები გადასცა სამართავად. ამან ქვეყნის ფეოდალური დაქსაქსულობა გააძლიერა.

1791 წლიდან სპარსეთში გაძლიერებულმა აღა–მაჰმად–ხანმა დაიწყო დაინტერესება კავკასიით. ის ერეკლეს ხან ემუქრებოდა, ხან მეგობრულად სთავაზობდა თავი დაენებებინა რუსეთთან კავშირისათვის და სპარსეთის მორჩილებაში გადასულიყო. ქართლ-კახეთის სამეფოში აზრი ორად იყო გაყოფილი. სოლომონ ლიონიძე და მისი ჯგუფი მხარს უჭერდა სპარსეთთან მეგობრული ურთიერთობის დაჭერას, მაგრამ რგაიმარვეს პრო-რუსული მიმართულების ძალებმა. 1793 წელს სოლომონ ლიონიძეს ჩამოერთვა მამულები და თანამდებობა. ერეკლე II დაჟინებით სთხოვდა რუსეთს გეორგიევსკის ტრაქტატით აღებული ვალდებულების შესრულებას და ქართლ-კახეთში 2 ბატალიონის გაგზავნას. კავკასიის ხაზის უფროსს გენერალ ივანე გუდოვიჩს სანქტ-პეტერბურგიდან ბრძანება ჰქონდა მიღებული, რომ არ გაეგზავნა ჯარი ერეკლე II-ს დასახმარებლად.

1795 წლის ივნისში აღა–მაჰმად–ხანი, 75 ათასი კაცით კავკასიაში შევიდა. მას მდინარე არაქსთან შეეგება განჯის ხანი ჯავათ-ხანი, რომელიც განუდგა ერეკლე II-ს. აღა–მაჰმად–ხანმა ჯარი სამ ნაწილად გაჰყო, ერთი ნაწილი ერევნის მიდამოებში დატოვა, მეორე ნაწილი ყუბის მიმართულებით გაუშვა, თავად კი ყარაბაღში ბრძოლით შევიდა და მიუვალ შუშის ციხეს ალყა შემოარტყა. ერეკლე II-ის მოკავშირე იბრაჰიმ–ბეგი ციხეში გამაგრდა. აღა–მაჰმად ხანი ერთი თვე აწარმოებდა შუშის ციხის ალყას. ქართლ-კახეთის ლაშქარმა იულონ და ალექსანდრე ბატონიშვილების სარდლობით ღალატის გამო დასაჯეს და დაარბიეს განჯის სახანო. აღა-მაჰმად ხანი თბილისისკენ დაიძრა 35-ათასიანი მსუბუქი ჯარით, არტილერიის გარეშე.

ერეკლე II ელოდა თბილისში 36-ათასიანი ჯარის შეკრებას, თუმცა მხოლოდ 4 ათასი კაცი შეაგროვა, რასაც სოლომონ II-ის 3-ათასიანი ჯარი დაემატა. ზაქარია ანდრონიკაშვილმა 2 ათასი ქიზიყელი კახეთში წაიყვანა მეფის ძე გიორგის დაცვის საბაბით. პირველი შეტაკება 10 სექტემბერს შინდის–ტაბახმელასთან, კრწანისის ველის მთიან ფერდობებზე მოხდა. ამ დღეს ქართველებმა დაამარცხეს აღა-მაჰმად ხანის მოწინავე ჯარი. 11 სექტემბერს, აღა–მაჰმად–ხანი თავად ჩაუდგა ძირითად ჯარის ნაწილებს სათავეში და თბილისზე იერიში რამდენიმე მხრიდან მიიტანა. თბილისის ერეკლე II იცავდა 5 ათასი კაცით და 20 ზარბაზნით. 11 სექტემბერს გაიმართა კრწანისის ბრძოლა. აღა-მაჰმად ხანმა შემოვლითი მანევრით სასტიკად დაამარცხა ქართველთა ჯარი, აიღო და დაარბია თბილისი. აღა-მაჰმად ხანი 8 დღის განმავლობაში არბევდა თბილისს. მისმა 8-ათასიანმა ლაშქარმა დაარბია მთიულეთი და გორი. ქართველთა მარცხის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ რუსებმა პირობა არ შეასრულეს და მტრის პირისპირ, მარტო მიატოვეს ქართველები. თავად დასუსტებული საქართველოს ზოგადი მდგომარეობაც ხელს უწყობდა ამ მარცხს. ბრძოლაში კი, სპარსელთა რიცხობრივად დიდი უპირატესობა დამარცხების გადამწყვეტი ფაქტორი გახდა. 75 წლის ერეკლე, რომელმაც ბრძოლის ველი ბოლომდე არ მიატოვა, ახლობლებმა ძალით მოაშორეს საფრთხეს და გაიყვანეს თბილისიდან. ერეკლე ანანურში გაიზნინა, საიდანაც მოლაპარაკებებს, ჯარის შეგროვებას და ქვეყნის მართვას შეუდგა. 20 სექტქმბერს აღა–მაჰმად–ხანმა დატოვა თბილისის მიდამოები და უკან გაბრუნდა. მან წაიყვანა 30 ათასი ტყვე და წაიღო დიდძალი ნადავლი.

1795 წლის დეკემბერში, კრწანისის ბრძოლიდან შემდეგ რამდენიმე თვეში რუსეთის ჯარი შევიდ ქართლ-კახეთში. სასტიკი მარცხის მიუხედავად აღმოსავლეთ საქართველო ბოლომდე არ იყო წელში გატეხილი, არსებობის უნარი კიდევ შერჩენილი ჰქონდა. 1796 წელს ქართველებმა განჯა დალაშქრეს, მოღალატე განჯის ხანი დააჩოქეს, იქიდან მრავალი ტყვე წამოიყვანეს უკან. დაიწყეს თბილისის აღდგენა. ერეკლე II რუსეთის მთავრობისგან ითხოვდა დამატებით 8 ათას კაცს, რათა დაემორჩილებინა ბამბაკი, ყაზახი, ბორჩალო, განჯისა და ერევნის სახანოები. ის აგრეთვე ითხოვდა მილიონი მანეთის მოცულობის სესხს. პრო-რუსული პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა, რომელთა შორის იყო სოლომონ ლიონიძე, მოინდომა მეფის გადაყენება. შეთქმულება გამოაშკარავდა. ერეკლემ სოლომონ ლიონიძეს აპატია და თანამდებობაზეც აღადგინა. 1797 წლის ივნისიდან ქართლი შავი ჭირის ეპიდემიამ მოიცვა. თბილისში ათასობით ადამიანი იღუპებოდა. სამეფო ოჯახი თელავში გადავიდა და ერეკლე ქვეყნის მართვას თელავიდან განაგრძობდა. 1797 წელს რუსეთის ჯარმა ისევ დატოვა საქართველო. მარტო დარჩენნილი ქართველები, ერეკლეს თაოსნობით, მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ გარს შემოსეულ დაღესტნელთა თავდასხმებს. დაიწყეს თბილისის აღდგენა.

ცხოვრების ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერეკლე II-ის საფლავი სვეტიცხოვლის ტაძარში

1797 წლიდან ერეკლე ავადმყოფობდა, მაგრამ თელავიდან ქვეყნის მართვას და აქტიურ საქმიანობას მაინც განაგრძობდა. ფეხები უსივდებოდა, ამბობდნენ წყალმანკი ჰქონდაო. ფეხების შეშუპების მიზეზი სავარაუდოდ გულის უკმარისობა იყო. მეფეს, რომელსაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი უნაგირზე ჰქონდა გატარებული, ახლა, ცხენზე ამხედრებას, საწოლში წოლა ერჩივნა. ავადმყოფს ქათმის ბულიონი მიართვეს, მაგრამ არ დალია – მარხვაა და მე რომ მარხვა გავტეხო ხალხი რას იტყვის და თავად როგორ მოიქცევაო.

1798 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 5 იანვრიდან გაუნძრევლად იწვა საწოლში. 11 იანვარს, გამთენიისას, თელავის სამეფო სასახლეში, ერეკლე იმავე ოთახში გარდაიცვალა, სადაც 78 წლის წინ დაიბადა.

მეფის ცხედარი მართლმადიდებლური წესით გააპატიოსნეს, ორმაგად შეკრულ ხის კუბოში ჩაასვენეს და ყინულები დაულაგეს. კუბო ჯერ სამეფო სასახლის დიდ დარბაზში დადეს, ხოლო 20 დღის შემდეგ კი, სასახლის ახლოს მდებარე, ყორჩიბაშვილების ტაძარში გადაასვენეს.

ყველას აინტერესებდა რამდენი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე ერეკლეს. ის ხომ ბრძოლაში თავდაუზოგავად, პირველი ეკვეთებოდა მტერს, მაგრამ რამდენი და რა სახის ჭრილობა ჰქონდა მეფეს – მათ საიდუმლოდ დარჩა, ვინც გააპატიოსნა მისი ცხედარი. ზოგი ამბობდა, ერეკლეს ტანზე ადგილი არ ჰქონდა ზედ ნაჭრილობევი არ ყოფილიყოო, ზოგი კი სიამაყით აღნიშნავდა – სიჩაუქის, სიმარჯვის, სიძლიერის და კარგი საომარი აღჭურვილობის წყალობით, მეფეს არც ერთი ჭრილობა არ მიუღიაო. ლიტერატურულ წყაროებშიც არ ჩანს რომელიმე ბრძოლაში დაჭრილი ერეკლე..

ქვეყანაში დიდმა გლოვამ დაისადგურა. ერეკლეს გლოვობდა დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ქართლ–კახეთში მცხოვრები ყველა ეროვნების, საზოგადოების ყველა ფენის და სარწმუნოების ადამიანი. ისინი თავიანთი პატრონისა და გულშემატკივრის დაკარგვას განიცდიდნენ.

მეფის დაკრძალვის ცერემონიალის პროექტი, რომელიც საკმაოდ ბევრ ღონისძიებას მოიცავდა, თელავის სასულიერო სემინარიის რექტორმა, დავით ალექსი–მესხიშვილმა შეიმუშავა. შეთანხმდნენ, რომ მეფე მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში უნდა დაეკრძალათ, მაგრამ ქართლში შავი ჭირის ეპიდემიის გამო, მცხეთაში გადასვლა სიცოცხლისათვის საშიში იყო. დიდხანს ელოდა სამეფო ოჯახი „მომსვრელი სენის“ ეპიდემიის მინელებას, მაგრამ ამას ბოლო არ უჩანდა, დრო კი არ ითმენდა. საბოლოოდ გადაწყდა, მეფის ცხედარი, გარდაცვალებიდან მე–40 დღეს მიებარებინათ მიწას.

გამოსვენების დღეს თელავში უამრავი ხალხი შეიკრიბა, მაგრამ იყო თუ არა 20000 შეიარაღებული პირი, მიუხედავად რუსი ისტორიკოსის პ,ბუტკოვის მონათხრობისა, სათუოა. კახეთში ამ დროს, ამ რაოდენობის მეომრის შეკრება შეუძლებელი იყო, ქართლიდან კახეთში გადაადგილება კი ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო, კატეგორიულად იყო აკრძალული. პლატონ იოსელიანის ცნობით, ქართლში შავი ჭირის მძვინვარება იყო მიზეზი იმისა, რომ მეფის „დღესასწაულობით“ დაკრძალვა ვერ მოხერხდა. რაოდენობრივად შეთხელებული პროცესია თბილისისკენ დაიძრა და მესამე დღეს მოადგნენ თბილისის მიდამოებს.

მეფის ოჯახის წევრებმა და გარემოცვამ, ცხედარი, სავარაუდოდ, გომბორის გზით წამოასვენეს, თბილისში არ შემოვიდნენ, მახათას მთას გვერდი აუარეს და კუბო, ავჭალის მიდამოებში სვეტიცხოვლის მოპირდაპირე მხარეს, არაგვის ნაპირთან მიიტანეს. მეორე მხრიდან, მცხეთელებმა ფეხით გადმოლახეს არაგვი და მცხეთაში გადაასვენეს მეფის ცხედარი.

სვეტიცხოვლის ეზო და ტაძარი შავი ჭირით დაავადებულებით იყო ავსებული.

დაავადების შიშით, თელავიდან წამოსული ოჯახის წევრებიდან და ჭირისუფლებიდან ვერავინ შეჰყვა მეფის ცხედარს მცხეთაში, გარდა სამეფო კარის მღდელ ქრისტეფორე ბადრიძე–კეჟერაშვილისა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების საფასურად, ადგილობრივ ბერებთან ერთად, მეფე ყველა ქრისტანული წესის დაცვით დაკრძალა და მცირე აღაპიც გადაუხადა.

1798 წლის 21 თებერვალს, სვეტიცხოვლის ტაძარში მიწას მიაბარეს კიდევ ერთი, ღირსეული წარმომადგენელი ბაგრატიონთა გვარისა.

ერეკლე II-მ დიდი კვალი დატოვა ქართველი ხალხის ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობაში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხმა მას საალერსო სახელი „პატარა კახი“ უწოდა. ერეკლე II-ის პიროვნება, მისი საქმეები, ფართოდ აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

"ქვეყნის თავდადებული მოამაგე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ბრწყინვალე სარდალი, თავისი დროის მოწინავე კაცი. მოხუცებულობის მიუხედავად, მისი დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკარგი იყო აფორიაქებული ქვეყნისთვის", ასე ახასიათებდნენ ერეკლეს ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია.

"მეფე ერეკლე – ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი, პოლიტიკოსის, დიპლომატისა და მხედართმთავრის ნიჭით უხვად დააჯილდოვა ღმერთმა.

ქვეყნის გადარჩენისათვის ერეკლემ იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე შესაძლებელი იყო. ქართლ–კახეთის სამეფოს დაცემა და შემდეგ ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა შედეგი იყო დიდი პოლიტიკისა. საქართველო დარჩებოდა იმას, ვინც ირან–ოსმალეთ–რუსეთის ხანგრძლივ დაპირისპირებაში გაიმარჯვებდა. ეს გამარჯვება რუსეთს ერგო წილად.

ერეკლე მეორეს შთამომავლობა პატივს უნდა მიაგებდეს იმის გამო, რომ მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში, დიდი პოლიტიკისაგან განწირული სამშობლოს გადარჩენას ცდილობდა" – წერს ვახტანგ გურული.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე ერეკლემ სამჯერ იქორწინა. ერეკლეს პირველ მეუღლედ თანამედროვე ისტორიკოსების უმეტესობა ქეთევან ვახტანგის ასული ყაფლანიშვილ–ორბელიანს მიიჩნევენ, თუმცა არის სხვა ავტორთა მოსაზრებაც, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა, რომელიც აღნიშნავს, რომ ერეკლეს პირველი მეუღლე იყო ქეთევან ფხეიძე. მეორედ ერეკლემ იმერეთის თავად, ზაალ აბაშიძის ქალიშვილზე – ანნა აბაშიძეზე იქორწინა. მესამე მეუღლე – დარეჯან დადიანი იყო.

ერეკლეს შვილებზე, ძნელია მოიძებნოს მასალა, რომელიც მათ შესახებ ერთიან, ზუსტ მონაცემებს მოიცავს, მაგრამ სავარაუდოდ ერეკლეს 24 შვილი ჰყავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 180.
  • პეტრიაშვილი, თ. კრწანისის ბრძოლა, თბილისი, 2016., გამომცემლობა ინტელექტი.
  • შუბითიძე, ვ., ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი, თბილისი: „გავაზი”, 2014, ISBN 978–9941–9276–6–9.
  • ლორთქიფანიძე, მ. ჯაფარიძე, ო., მუსხელიშვილი, დ., მეტრეველი, რ., საქართველოს ისტორია ტ. III, თბილისი: პალიტრა L, 2012, ISBN 978-9941-19-586-0.
  • მეტრეველი, რ., საქართველოს მეფეები და პატრიარქები, თბილისი: არტანუჯი, 2010, ISBN 978-9941-421-21-1.
  • „საქართველო და რუსეთი (მფარველობიდან ანექსიამდე)“ გვ. 115–139 თბილისი, 2010 წ.
  • ზოზრაშვილი, ტ., დიდი ქართველები, თბილისი: პალიტრა L, 2008, ISBN 978-99940-53-86-5.
  • პეტრიაშვილი, თ. ყვარლის ბრძოლა ანუ მაშინ კიდევ ერთხელ გადარჩა საქართველო, თბილისი, 2008 წ.
  • ლორთქიფანიძე, მ. მეტრეველი, რ., საქართველოს მეფეები, თბილისი: ნეკერი, 2007, ISBN 99928-58-36-2.
  • პეტრიაშვილი, თ. კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა., თბილისი, 2006
  • ლენგი, დ., „საქართველოს სამეფოს უკანასკნელი წლები“ თბილისი, 2003
  • კრებული „ბაგრატიონების სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა“, თბილისი, 2003
  • დ. მუსხელიშვილი, მ. სამსონაძე, ა. დაუშვილი (2012). საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 2009 წლამდე. თბილისი: გამომცემლობა გუმბათი. ISBN 978-9941-0-4195-2. 
  • ქართული ეპისტოლური წყაროების კრებული, შეადგინა და შენიშვნები დაურთო მამისა ბერძნიშვილმა, თბ., 1989 წ.
  • მაჭარაძე, ვ. მასალები მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ–საქართველოს ურთიერთობისათვის. ნაწილი 3, ნაკვეთი I. თბილისი, 1988
  • ბაგრატიონი, თ. „ახალი ისტორია“ თბილისი, 1983
  • ორბელიანი, პ. „ამბავნი ქართლისანი“ თბილისი, 1981
  • საქართველოს ისტორიის ქრონიკები, XVII -XIX სს. თბილისი, 1980
  • იოსელიანი, პ., „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“, თბილისი, 1978
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV. თბილისი, 1973
  • ბაგრატიონი, თ. დავით ბაგრატიონის ისტორია, თბილისი, 1972
  • ცინცაძე, ი. აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე, თბილისი, 1969 წ.
  • ბერძენიშვილი, ნ. ჯავახიშვილი, ივ., ჯანაშია, ს. საქართველოს ისტორია, სახელმძღვანელო, ნაწილი პირველი, თბილისი, 1948
  • შაიშმელაშვილი, ი. კრწანისის ბრძოლა, თბილისი, 1944 წ.
  • ქიქოძე, გ., „ერეკლე II“, თბილისი: სახელგამი, 1942.
  • ხერხეულიძე, ო., „მეფობა ირაკლი მეორისა მეფის ძის თეიმურაზისა“, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 1913
  • ბუტკოვი კ., მასალები კავკასიის ახალი ისტორიისათვის, ნაწილი მეორე, 1869 წ., პეტერბურგი.

სტატიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პეტრიაშვილი თ., „კრწანისის ბრძოლა“, ისტორიულ–შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი“, თბ., 2012, N9 (21). გვ. 17–22.
  • პეტრიაშვილი თ., აღსასრული და გაპატიოსნება პატარა კახისა, ისტორიულ–შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი“, თბ., N 7, 2011 წ., ივლისი, 35–40 გვ.
  • პეტრიაშვილი, თ., „კრწანისი“, ჟურნალი „მნათობი“ N3. გვ. 59–79 2007 წ.
  • კაკაბაძე ს. „საქართველო ერეკლე II-ს დროს“ // შვიდი მნათობი : ჟურნალი, 1919, № 2.
  • თეიმურაზ ბაგრატიონი, „მეფე ერეკლე“, გაზ., „ივერია“, თბ., 1891 წ. 51–56 გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ერეკლე II
დაიბადა: 7 ნოემბერი, 1720 გარდაიცვალა: 11 იანვარი, 1798
წინამორბედი:
თეიმურაზ II (გამგებელი)
კახეთის მეფე
1744-1762
შემდეგი:
ქართლისა და კახეთის სამეფოები გაერთიანდა
წინამორბედი:
სამეფო შეიქმნა
ქართლ-კახეთის მეფე
1762-1798
შემდეგი:
გიორგი XII