მონღოლეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომო ერექტუსი მონღოლეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 850,000 წლის წინ სახლობდა. თანამედროვე ადამიანმა მონღოლეთს ზედა პალეოლითში (40-12 ათ. წლის წინ) მიაღწია და ჩამოყალიბდა მატრიარქალურ-გვაროვნული წყობილება. მნიშვნელოვანი წინარეისტორიული სანახაობებია პალეოლითის ხანის ჩრდილოეთის ლურჯი გამოქვაბულის ნახატები (Khoid Tsenkheriin Agui) ხოვდის პროვინციაში და ასევე თეთრი გამოქვაბულის (Tsagaan Agui) ნახატები ბაიანხონგორის პროვინციაში . დორნოდის პროვინციაში ნაპოვნია ნეოლითის ხანის, მეურნეობაში ჩართული დასახლება. დასავლეთ მონღოლეთში თანამედროვე აღმოჩენები მოიცავს მხოლოდ მონადირეებისა და მეთევზეების დროებით საცხოვრისებს.

მონღოლეთის სპილენძის ხანის მოსახლეობა მიიჩნევა პალეომონღოლიდურად, ამ პერიოდში პირველად გამოჩნდა ცხენზე ამხედრებული მომთაბარე ტომები, რომლებიც შუა მონღოლეთში ხანგაის მთიანეთში წარმოშობილ აფანასევოს კულტურას მიეკუთვნებოდნენ (ძ. წ. 3500–2500). ამ კულტურის სამარხებში აღმოჩენილი გადაადგილების ბორბლიანი საშუალებები ძვ. წ. 2200 წლით თარიღდება. ძვ. წ. II ათასწლეულში, ბრინჯაოს ხანის დროს, დასავლეთ მონღოლეთში გავრცელდა: ოკუნევის (ძვ. წ. 2000), ანდრონოვოს (ძვ. წ. 2300–1000) და კარასუკის (ძვ. წ. 1500–300) კულტურები რომლების დროსაც მომთაბარეობა კიდევ უფრო განვითარდა. კულმინაცია იყო ძვ. წ. 209 წელს ხუნუს იმპერიის წარმოქმნა. ამ პერიოდში ჩნდება მონღოლეთში ირმის ქვები, ყორღანები და ქვის ფილების საფლავები. სხვა თეორიების თანახმად ირმის ქვები ძვ. წ. VII-VIII საუკუნეებს მიეკუთვნებიან.

ადრეული ხანის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინარეისტორიული ხანის შემდგომ მონღოლეთში მომთაბარე ტომები სახლდებიან, რომლებიც დროდადრო ქმნიან დიდ კავშირებს, ვითარდებიან და დიდ მნიშვეოლბასაც იძენენ. პირველი მათგანი იყო ხუნუ. ამ ტომმა ძვ. წ. 209 წელს შექმნა გაერთიანება მოდე ჩანი. ისინი იქცნენ დიდ წინაღობად ცინის დინასტიისათვის და იყვნენ ერთ-ერთი უკანასკნელთაგანი ვისაც აიძულეს მონაწილეობის მიღება ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაში. ხიონგუს ტომის მმართველობა შეცვალა ქოქ-თურუქების მმართველობამ (555–745), რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბატონობდა მონღოლეთში. VII-VIII საუკუნეებში ისინი დაამარცხეს უიღურებმა (745–840) და შემდეგ კიტებმა და ჯურჩებმა. X საუკუნისათვის, ქვეყანა დაყოფილი იყო სხვადასხვა ტომებად.

მონღოლეთის იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მონღოლეთის იმპერია.
ხიონგუს იმპერია

XII საუკუნის მიწურულისათვის თემუჩინმა, რომელიც თავდაპირველად ყაჩაღთა მეთაური იყო, მოახერხა მონღოლეთის გაერთიანება მანჯურიიდან ალთაის მთებამდე. 1206 წელს მან მიიღო ჩინგის ხანის ტიტული. ცნობილი იყო თავისი სისასტიკითა და მრისხანებით. დაიპყრო აზიის დიდი ნაწილი და შექმნა მონღოლეთის იმპერია, ყველაზე დიდი მომიჯნავე იმპერია მსოფლიო ისტორიაში. ყაენის მემკივიდრეებმა მისი იმპერია გადაჭიმეს დასავლეთით დღევანდელ პოლონეთამდე, აღმოსავლეთით კორეამდე, ჩრდილოეთით ციმბირამდე და სამხრეთით ვიეტნამამდე. იმპერიის ფართობი იყო 33,000,000 კმ2 (მსოფლიო მიწის 22 %), მოსახლეობა 100 მილიონი კაცი.

მონღოლეთის იმპერია

ჩინგის ხანის სიკვდილის შემდგომ იმპერია დაიყო ოთხ სახანოდ. ერთ-ერთი მათგანი - დიდი სახანო მოიცავდა დღევანდელ მონღოლეთსა და ჩინეთს. მას მართავდა ჩინგის ხანის შვილიშვილი ყუბულაი (იუანის დინასტია). დიდი სახანოს დედაქალაქი იყო დღევანდელი პეკინი, მაგრამ ორი საუკუნის შემდგომ, 1368 წელს მონღოლები განდევნეს ჩინეთიდან. ჩინეთის არმიამ დაანგრია და გააცამტვერა უამრავი მონღოლური ქალაქი, მათ შორის მონღოლეთის დედაქალაქი ყარაყორუმი. წაიშალა იმ კულტურული პროგრესის ნაკვალევი, რომელსაც მიაღწია მონღოლეთმა იმპერიის დროს. 1380 წელს კულიკოვოს ბრძოლით დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. XIV საუკუნის II ნახევარში მონღოლეთის ბატონობა დაემხო ირანში, ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.

იმპერიის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერიის დაცემის შემდეგ, საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ბრძოლები ძალაუფლებისათვის. დამოუკიდებელ ფეოდალურ სახანოებსა და სამთავროებს სჭირდებოდათ ბაზარი მესაქონლეობის პროდუქტისა და პირუტყვის გადასაცვლელად ბინადარი ხალხების ხელოსნურ და სხვა ნაწარმზე. ასეთი ბაზარი იმ დროს შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ჩინეთი, მაგრამ იგი დიდად არ იყო დაინტერესებული ასეთი გაცვლით. დაიწყო მონღოლური ეკონომიკის კრიზისი. XV საუკუნეში ორგზის წარუმატებლად დამთავრდა ფეოდალური დაქუცმაცებულობის დაძლევისა და მონღოლური სახელმწიფოს აღდგენის ცდა. საუკუნის დასაწყისში გამარჯვება მოიპოვეს ოირატებმა. მათი მეთაური იყო ესენ ტაისი. ოირატებმა ერთ-ერთი შეტაკების დროს (1449 წელს) მძევლად აიყვანეს ჩინეთის იმპერატორი. 1454 წელს ესენ ტაისი მოკლულ იქნა და ხელისუფლება დაუბრუნდათ ჩინგის ხანის შთამომავლებს. XVI საუკუნის დასაწყისში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ალტან ხანმა. მან დააარსა ჰოჰოტი 1557 წელს, 1578 წელს ის შეხვდა დალაი ლამას, რამაც ხელი შეუწყო მონღოლეთში ბუდიზმის გავრცელებას. მას შემდეგ, რაც ახალი ხანი აბთაი ხანი გახდა ბუდისტი (1585 წელს), მან ააშენა ბუდისტური მონასტერი ერდენ-ზუუ 1586 წელს.

XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე მონღოლეთი მანჯურიელ ფეოდალთა ექსპანსიის ობიექტი გახდა. 1634 წელს მათ გაანადგურეს სამხრეთ მონღოლეთში უდიდესი ჩახარის სახანო. 1636 წელს, სამხრეთ მონღოლეთის ნოინებმა აღიარეს მანჯურიელთა ბატონობა. იმ დროიდან სამხრეთ მონღოლეთს ეწოდა შიდა მონღოლეთი.

XVII საუკუნის 1630-იან წლებში დასავლეთ მონღოლეთში შეიქმნა ოირატთა ფეოდალური სახელმწიფო. 1640 წელს ჯუნღარიაში (დას. მონღოლეთი) მონღოლეთის საერთო ყრილობაზე ხანებმა და მთავრებმა სცადეს გაერთიანება, მაგრამ უშედეგოდ. 1691 ფეოდალებმა სცნეს მანჯურიელთა ბატონობა. ამის შემდეგ მხოლოდ ოირატთა დამოუკიდებელი ფეოდალური სახანო უწევდა წინააღმდეგობას ჩინელ-მანჯურიელთა შემოსევებს. 1755-1758 წლებში გაიშალა ფართო ანტიმანჯურიული განმათავისუფლებელი მოძრაობა ოირატთა მთავრის ამურსანასა და ხალხას ნოინის ჩინგუნჟაბის ხელმძღვანელობით, თუმცა მანჯურიელებმა აჯანყება ჩაახშეს. 1758 წელს მანჯურიელებმა გაანადგურეს ოირატთა სახელმწიფო და გაჟლიტეს მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამ დროიდან მთლიანი მონღოლეთი ცინის დინასტიას, ჩინეთს დაემორჩილა. 1911 წლამდე მონღოლებს ჩინელები მართავდნენ.

დამოუკიდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წელს გარე მონღოლეთში ანტიმანჯურიული გამოსვლების, ჩინეთის რევოლუციის და რუსეთის დახმარების შედეგად დაემხო მანჯურიელთა ბატონობა. ყველა მონღოლურმა ტომმა გამოხატა მზაობა მონღოლეთის დამოუკიდებლობისათის. ფეოდალებმა შექმნეს დამოუკიდებელი ფეოდალური, თეოკრატიული სახელმწიფო. რუსეთ-ჩინეთ-მონღოლეთის შეთანხმებით 1915 წელს მონღოლეთი ჩინეთის ავტონომიური ტერიტორია გახდა. 1919 წელს, რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჩინეთის ჯარებმა დაიკავეს მონღოლეთის დედაქალაქი, მაგრამ მათი გამარჯვება დროებითი იყო. 1918-1921 წლებში იაპონიამაც თავის მხრივ სცადა გარე მონღოლეთის დამორჩილება თუმცა რუსმა მოგზაურმა, ბარონმა უნგერმა (სისხლიანი ბარონი), რომელიც იბრძოდა თეთრი არმიის მხარეს წითლების წინააღმდეგ ციმბირში, გამოუშვა შენაერთი მონღოლეთში და დაამარცხა აქ მდგარი ჩინელების შენაერთი. მალევე შეიქმნა მონღოლეთის სახალხო რევოლუციური პარტია დამდინ სუხე-ბატორისა და ხორლოგიინ ჩოიბალსანის მეთაურობით. 1921 წლის 13 მარტს შეიქმნა დროებითი სახალხო მთავრობა და სახალხო რევოლუციური არმიის მთავარსარდლად დაინიშნა სუხე-ბატორი. 18 მარტს გათავისუფლებულ იქნა ქალაქი მაიმაჩენი. რევოლუციამ გაიმარჯვა და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლება - სახალხო ხურალები. საკანონმდებლო წესით განმტკიცდა მშრომელი არატების დიქტატურის თავისებური ფორმა. მიუხედავად სახალხო მთავრობისა, რომლის ხელშიც იყო მთელი ძალაუფლება, 1921-1924 წლებში მონღოლეთი ფორმალურად მაინც შეზღუდულ მონარქიად რჩებოდა. სახელმწიფოს სათავეში იდგა ბოგდო-გეგენი (ლამაისტური ეკლესიის მეთაურის ტიტული მონღოლეთში). ამ წლებში სახალხო მთავრობამ განახორციელა მრავალი ანტიიმპერიალური და ანტიფეოდალური ხასიათის გარდაქმნა, რევოლუციის გამარჯვებამ და ანტიფეოდალურმა გარდაქმნებმა გამოიწვია ძალთა გამიჯვნა და კლასობრივი ბრძოლის გამწვავება, დაიწყო კონტრრევოლუციური შეთქმულებები (1922, 1924 წლები), რომლებიც ხელისუფლებამ ჩაახშო. მტკიცდებოდა რევოლუციური მთავრობის კავშირი საბჭოთა კავშირთან. 1921 წლის ნოემბერში მონღოლეთის დელეგაცია შეხვდა ლენინს. 1924 წელს პირველმა სახალხო ხურალმა მონღოლეთი სახალხო რესპუბლიკად გამოაცხადა და მიიღო პირველი კონსტიტუცია. 1929 წელს დაიწყო მსხვილი ფეოდალური საკუთრების ექსპროპრიაცია. კლასების ლიკვიდაციის პროცესს თან სდევდა სხვადასხვა შეიარაღებული გამოსვლები.

მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალტან ხანი

1924 წელს, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მეფე და რელიგიური ლიდერი ბოგდო-ხანი, საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა მონღოლეთს. 1924 წელს ხორლოგიინ ჩოიბალსანის ხელში მოექცა ძალაუფლება. მის სახელს უკავშირდება კოლექტივიზაცია, ასევე მონასტრების გადაწვა და ბერების ხოცვა. მონღოლეთში 1920 წლისათვის მამაკაცთა დაახლოებით ერთი მესამედი იყო ბერი და XX საუკუნის დასაწყისში დაახლოებით 750 მონასტერი ფუნქციონირებდა სტალინის დიდი წმენდის შემდეგ, რომელიც 1937 წელს დაიწყო, მონღოლეთში 30 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იაპონური იმპერიალიზმი კი სულ უფრო და უფრო მეტ საშიშროებას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირისთვის. 1939 წლის იაპონია-საბჭოთა კავშირის ომის დროს, საბჭოთა კავშირმა წარმატებით დაიცვა მონღოლეთი იაპონიისაგან. 1945 წელს მონღოლმა მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს მანჯურიის ოპერაციაში. 1945 წლის 20 ოქტომბერს ჩატარდა რეფერენდუმი და გამოკითხულთა 100 %-მა (ოფიალური ინფორმაციით) მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. 1949 წლის 6 ოქტომბერს მოხდა ჩინეთის მხრიდან მოღოლეთის ოფიციალური აღიარება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]