იორდანიის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იორდანიის ისტორია მოიცავს იორდანიის არსებობის პერიოდს უძველესი ხანიდან დღემდე. ამ ტერიტორიაზე ადამიანები დასახლებას ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში იწყებენ, რის შემდეგაც მასზე დიდი გავლენა ჰქონდა ისრაელსა და ეგვიპტეს. გარკვეული პერიოდის მანძილზე იგი სპარსეთისა და ალექსანდრე მაკედონელის იმპერიების შემადგენლობაში იყო, რის შემდეგაც ეს მიწები რომის იმპერიამ დაიპყრო, მისი დაშლის შემდეგ კი ბიზანტიის იმპერიის ხელში გადავიდა. VII საუკუნიდან იორდანია არაბთა სახალიფოს ნაწილი ხდება, რა დროსაც ამ ტერიტორიაზე ისლამი გავრცელდა. შუა საუკუნეების დადგომასთან ერთად იორდანია მამლუქთა ეგვიპტეს დაექვემდებარა, XVI საუკუნიდან კი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო. 1916 წელს იორდანია გამოეყო ოსმალეთს, მაგრამ 1917 წელს ბრიტანეთის მანდატში შევიდა. 1946 წელს იორდანიამ საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა, რის შემდეგაც მას ისრაელთან პალესტინის გამო რამდენიმე ომის გადახდა მოუწია. უკვე 1970-71 წლებში იორდანიაში სამოქალაქო ომი დაიწყო სულთან ჰუსეინსა და სამხედროებს შორის, რასაც დიდი სისხლის ღვრა მოჰყვა, რის გამოც ეს პერიოდი ისტორიაში „იორდანიის შავი სექტემბრის“ სახელითაა ცნობილი. სამოქალაქო ომი დასრულდა, თუმცა დავა პალესტინისათვის დღემდე გრძელდება.

ანტიკური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრას ნარჩენები

თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე ადამიანები დასახლებას 10,000 წლის წინ იწყებენ. მოგვიანებით აქ მცხოვრებლები სამ ძირითად ერად ჩამოყალიბდნენ: ამორიტები, ამონიტები და მოაბები.

ეს ტერიტორიები პირველად აქემენიანთა სპარსეთმა დაიპყრო. მოგვიანებით, ძვ.წ. IV საუკუნეში იორდანიის მიწები ალექსანდრე მაკედონელის იმპერიას დაექვემდებარა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი სელევკიდების იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა. ძვ.წ. II საუკუნეში სელევკიდებს რომის იმპერია იპყრობს და შესაბამისად იორდანიაც მათ ხელში გადავიდა.

ძვ.წ. 165 წელს ნაბატაენებმა დააარსეს იორდანიის სამეფო, რომლის დედაქალაქიც პეტრა იყო. იგი დიდ წინააღმდეგობას უწევდა რომის იმპერიას, რაშიც ისიც ეხმარებოდა, რომ ძირითადი სავაჭრო გზები ეკავა.

ძვ.წ. 106 წელს რომაელებმა დაიპყრეს იორდანიის სამეფო და მიწასთან გაასწორეს პეტრა, რომელიც ამის შემდეგ აღარ აღდგენილა. ამის შემდეგ, საუკუნეების განმავლობაში იორდანია რომის იმპერიის დაქვემდებარებაში იყო, მისი გაყოფის შემდეგ კი ბიზანტიის იმპერიის ხელში გადავიდა. ამ პერიოდში, იორდანიელები ბიზანტიელებს რეგულარულად ეხმარებოდნენ სასანიანთა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შუა საუკუნეები და ახალი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

632 წელს არაბთა სახალიფომ ბიზანტიელები განდევნა ახლო აღმოსავლეთიდან, რის შემდეგაც იორდანია მათ ხელში გადავიდა. ამ პერიოდში იორდანიაში მყარად დამკვიდრდა ისლამი და არაბული წეს-ჩვეულებები.

არაბთა იმპერიის დაცემის შემდეგ, იორდანია ეგვიპტელი მამლუქების ხელში გადავიდა. 1517 წელს, ოსმალეთის იმპერიამ ეგვიპტე დაიპყრო, რის შედეგადაც იორდანია ოსმალეთის შემადგენლობაში შევიდა. ოსმალთა ბატონობა საკმაოდ დიდ ხანს, პირველ მსოფლიო ომამდე გაგრძელდა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1917 წელს იორდანია, ერაყი, პალესტინა და ქუვეითი დიდი ბრიტანეთის მანდატში გადავიდა. ამ პერიოდში, პალესტინაში, რომელიც მანამდე იორდანიას ეკუთვნოდა, ბრიტანელებმა ებრაელების დასახლება დაიწყეს, რაც გახდა შემდგომი კონფლიქტების დასაბამი.

თურქების გაძევების შემდეგ იორდანიელმა არაბებმა მიიღეს დაპირებული დამოუკიდებლობა. 1922 წელს, იორდანიის ნაწილი გახდა პალესტინა, თუმცა იგი ჯერ კიდევ ბრიტანეთის მანდატში რჩებოდა. 1923 წელს, დროებითი შეთანხმებით იორდანიაში ამირა დაინიშნა. შეთანხმების მიხედვით, თუ ბრიტანეთი საფრანგეთს სირიის დათმობაზე დაითანხმებდა, ამირა თანამდებობას შეინარჩუნებდა. ამრიგად, ვალდებულებები, რომელიც არაბთა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას გულისხმობდა ბრიტანეთმა არ შეასრულა.

დამოუკიდებელი იორდანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იორდანიის სამეფო 1948-1967 წლებში

იორდანიის სამეფომ დამოუკიდებლობა მხოლოდ 1946 წლის 1 მარტს მიიღო. 1947 წელს გაერომ ბრიტანეთს ურჩია, რომ თავისი მანდატის ქვეშ მყოფი პალესტინა ებრაულ და არაბულ ნაწილებად დაეყო, რასაც არაბების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და ებრაელთა დასახლებებზე იერიშის მიტანა მოჰყვა. იორდანიის მეფე აბდულა I, რომელიც არაბული ლიგის წევრი იყო, ებრაელთა ლიდერებთან საიდუმლო ხელშეკრულება გააფორმა და მათ მხოლოდ პალესტინის მცირე ნაწილი მოსთხოვა. ომის დაწყების შემთხვევაში, მან პირობა დადო, რომ პატივს სცემდა ებრაული სახელმწიფოს საზღვრებს.

1948 წელს ებრაელებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რითაც შეიქმნა ისრაელის რესპუბლიკა, რომელსაც მეორე დღესვე მთელმა არაბულმა სამყარომ გამოუცხადა ომი. იორდანიის არმიამ მაშინვე მოახერხა, რომ დაეპყრო ისრაელში შემავალი მთელი არაბული ნაწილი. ამის შემდეგ იერუსალიმიც კი იორდანიას დარჩა, თუმცა საპასუხოდ ისრაელმა მოახდინა იორდანიის დასავლეთ პროვინციების ოკუპაცია. ამგვარ პირობებში 1949 წლის 3 მარტს იორდანიამ და ისრაელმა საზავო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც აღსდგა ძველი საზღვრები და ერთმანეთის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანეს.

1951 წელს, მეფე თალალის ხანმოკლე მმართველობისას შემოიღეს ლიბერალური კონსტიტუცია, რითაც იორდანიაში კონსტიტუციური მონარქია დამყარდა. 1955 წლიდან იორდანია გაეროს წევრი გახდა.

1957 წლის გადატრიალების შემდეგ, მეფე ჰუსეინმა დაშალა პარლამენტი და აბსოლუტური მონარქია დაამყარა. იგი ასე 1992 წლამდე მართავდა, სანამ პოლიტიკური პარტიების არსებობის უფლება არ დაუშვა.

1967 წელს ისრაელმა იერუსალიმის მეორე ნახევრის ოკუპირება მოახდინა, რის გამოც 200,000 პალესტინელი არაბი იორდანიაში გაიქცა. ამის საპასუხოდ, იორდანიის სამხედრო ძალები არაერთხელ შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე. ისრაელის ანგარიშსწორებამ და იორდანიის თავდასხმებმა შეარყია ქვეყნის სტაბილურობა.

1970 წელს პალესტინელმა პარტიზანებმა გაიტაცეს სამი ებრაული სამხედრო ვერტმფრენი და იორდანიაში გადავიდნენ. პარტიზანებსა და მთავრობას შორის სამდღიანი ბრძოლის შემდეგ, იორდანიის მეფემ თავისი ქვეყნიდან პალესტინელების გაძევება გადაწყვიტა, რადგან მისი აზრით ისინი სამეფოს სტაბილურობას უქმნიდნენ საფრთხეს. მომდევნო თვეებში პალესტინელი პარტიზანები დამარცხდნენ, რაც მათი იორდანიიდან გაძევებით დასრულდა. მათი ბოლო ბაზები 1971 წლის ივლისში განადგურდა.

ბევრის აზრით, 1970-იან წლებში მიმდინარე პალესტინელების რეპრესიებმა გამოუთხარა ძირი ჰუსეინის მმართველობას. 1991 წლის ყურის ომის დროს, იორდანია იყო იმ ერთეულ ქვეყანათა რიცხვში, რომელთაც ერაყის მხარი დაიჭირა.

1989 წელს ჰუსეინმა აღადგინა კონსტიტუციური მონარქია, რასაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოჰყვა. 1992 წელს აღსდგა პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლება. არჩევნები საბოლოოდ მხოლოდ 1993 წელს ჩატარდა. 1994 წელს ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

მეფე ჰუსეინი 1999 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი მისმა ვაჟმა, მეფე აბდულა II-მ დაიკავა. ახალგაზრდა მეფე ცდილობს, რომ თავისი რეფორმებით მოახდინოს ქვეყნის მოდერნიზაცია და ნელ-ნელა ახორციელებს დემოკრატიულ ცვლილებებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Scheltema, H.G. (2008). Megalithic Jordan; an introduction and field guide. Amman, Jordan: The American Center of Oriental Research. ISBN 978-9957-8543-3-1
  • M. W. Daly, Carl F. Petry (1998). The Cambridge history of Egypt. Cambridge University Press. p. 498. ISBN 9780521471374.
  • Eugene Rogan, Tariq Tell (1994). Village, Steppe and State: The Social Origins of Modern Jordan. British Academic Press. pp. 37, 47. ISBN 9781850438298. Retrieved 2016-06-08.
  • Beverley Milton-Edwards, Peter Hinchcliffe (2009-06-05). Jordan: A Hashemite Legacy. Routledge. p. 14. ISBN 9781134105465. Retrieved 2016-06-07.
  • Perdew Laura (2014-11-01). Understanding Jordan Today. Mitchell Lane Publishers, Inc. p. 17. ISBN 9781612286778. Retrieved 2016-04-09.
  • Pete W. Moore (2004-10-14). Doing Business in the Middle East: Politics and Economic Crisis in Jordan and Kuwait. Cambridge University Press. p. 58. ISBN 9781139456357. Retrieved 2016-06-04.
  • Raphael Patai (2015-12-08). Kingdom of Jordan. Princeton University Press. pp. 23, 32. ISBN 9781400877997. Retrieved 2016-06-08.
  • E. George H. Joffé (2002). Jordan in Transition. C. Hurst & Co. Publishers. pp. 212, 308. ISBN 9781850654889. Retrieved 15 October 2015.
  • Yoram Dinstein; Mala Tabory (1 September 1994). Israel Yearbook on Human Rights: 1993. Martinus Nijhoff Publishers. p. 41. ISBN 978-0-7923-2581-9.
  • Eugene L. Rogan, and Avi Shlaim, Cambridge University Press, 2001, ISBN 0-521-69934-7