უზუნ-ჰასანის ლაშქრობები საქართველოში
უზუნ-ჰასანის ლაშქრობები საქართველოში — აყ-ყოინლუს (თეთრბატკნიანები) მმართველის უზუნ-ჰასანის ლაშქრობები XV საუკუნის 60-70-იან წლებში. ამ ლაშქრობათა შესახებ მოგვითხრობენ ქართული, სპარსული, არაბული და იტალიური წყაროები. „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელებაში და ვახუშტი ბატონიშვილთან მხოლოდ ერთი შემოსევაა ნახსენები. „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელების ავტორი და არაბულენოვანი თურქი ისტორიკოსი მუნეჯიმბაში კი სამ შემოსევას ახსენებენ.
ოსმალებთან 1473 წელს დამარცხებულმა უზუნ-ჰასანმა საქართველოში ილაშქრა, ქვეყანა ააოხრა, დიდძალი ნადავლი წაიღო და თავრიზში დაბრუნდა. ამ ლაშქრობის დროს, როგორც ჩანს, მას საქართველოსთვის ხარკი შეუწერია. 1477 წელს უზუნ-ჰასანი დასავლეთისკენ (ვითომ ოსმალეთის წინააღმდეგ) დაიძრა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოსაკენ გადაუხვია. ლაშქარს წინ მიუძღოდა 5 ათასი მხედარი. ორი დღის შემდეგ თურქმანები თბილისს მიადგნენ და თითქმის უბრძოლველად დაიკავეს ქალაქი. აქედან უზუნ-ჰასანი გორისაკენ გაემართა, მისი მიდამოებიც უბრძოლველად დაიკავა და მოაოხრა. ბაგრატ მეფემ და ყვარყვარე II ათაბაგმა უზუნ-ჰასანთან მოლაპარაკება გამართეს. მან 16 ათასი დუკატი მოითხოვა და შეპირდა, რომ გაეცლებოდა საქართველოს, ოღონდ თბილისს შეინარჩუნებდა. ქართველებმა იკისრეს ამ თანხის გადახდა და მის ანგარიშში 4 მოზრდილი ლალის თვალი („ბალაში“) გაუგზავნეს უზუნ-ჰასანს, რომელმაც ვენეციის ელჩს ბარბაროს დაავალა მისი შეფასება. ბარბარომ ქართველთა თხოვნით, თითოეული ლალი 4 ათას დუკატად შეაფასა და საერთო თანხა 16 ათასი დუკატი გამოიყვანა. მაგრამ უზუნ-ჰასანმა უარი თქვა ლალის თვლებზე და ფული მოითხოვა. თანხის მიღების შემდეგ მან 5 ათასი ტყვე წაიყვანა და თავრიზს დაბრუნდა, მაგრამ თბილისი თავისად დაიჭირა და მის გამგებლად ხალილ-ბეგ ბეგთაში დატოვა. უზუნ-ჰასანის გარდაცვალების შემდეგ (1478 წ.) თბილისი ისევ ქართველებმა დაიკავეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიკნაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 115.