გარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გარისი — სოფელი ისტორიულ ქართლში, მდინარე ხრამის შენაკადის, ჭივჭავისწყლის მარცხენა ნაპირზე. გარისი ცნობილია როგორც ყიზილბაშური აგრესიის წინააღმდეგ მეფე ლუარსაბ I-ის უკანასკნელი, გმირული ბრძოლის ადგილი. ქართული წყაროების მიხედვით, გარისი XVII-XVIII საუკუნეებშიც არსებობდა. გარისის ძირითადი მებატონეები იყვნენ აბაშიშვილები (ბარათაშვილების განაყოფი შტო). 1699 წელს ქართლის კათალიკოსმა იოანე დიასამიძემ მანგლელ ეპისკოპოსს, გაბრიელ ჯავახიშვილს, სამწყსოდ მისცა ალგეთის გაღმა მდებარე სოფლები, მათ შორის გარისიც. ექვთიმე თაყაიშვილმა ისტორიულ გარისში მიაკვლია ეკლესიის ქვას, რომლის მხედრული წარწერიდან ირკვევა, რომ 1701 წელს გარისში წმინდა იოანე მახარებლის სახელზე ეკლესია აუგია ქაიხოსრო აბაშიშვილს და მის მეუღლეს თინათინ ამირეჯიბს. XIX საუკუნის პირველ ნახევარში გარისი უკვე ნაოხარი იყო და ეკუთვნოდა მანანა ორბელიანს. შემდეგ მომთაბარე თურქმანულმა ტომებმა ამ ადგილს „აღ-ბულახი“ (თეთრიწყარო) დაარქვეს. 1847 წელს იგი სამხედრო უწყებამ შეიძინა და „ბელი-კლიუჩი“ უწოდა, ახლანდელი მუნიციპალიტეტის ცენტრი თეთრიწყარო სწორედ ისტორიული გარისისა და მის მომიჯნავე ტერიტორიებს მოიცავს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 561.
  • ასათიანი ნ., ჭიჭინაძე ი., ალგეთი (თეთრიწყაროს ისტორიული ძეგლები), თბ., 1985
  • ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 1-2, 3-4, თბ., 1935-1938;