ბობნევის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბობნევის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევის განაპირას, სამხრეთით, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირზე. აშენებულია 1661-1683 წლებში. სამხრეთ ფასადზე და ფრესკებზე შემორჩენილი წარწერებით ირკვევა, რომ ეკლესია ააგო და მოახატვინა მიტროპოლიტმა იოსებ თბილელმა (სააკაძემ).

ეკლესია დარბაზულია (7,9 X 5,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია. სარკმლის ქვეშ დგას სატრაპეზო ქვა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით.

ეკლესია შიგნიდან მოხატულია. კამარის ცენტრში ექვსფრთედებსა და წინასწარმეტყველთა შორის გამოსახულია ქრისტე-პანტოკრატორი. საკურთხევლის მოხატულობა დაყოფილია სამ რეგისტრად. პირველ რეგისტრში გამოსახულია ვედრება, მეორე რეგისტრში - მოციქულთა ზიარება, მესამე რეგისტრში - ეკლესიის მამანი. სარკმლის ქვემოთ მაცხოვრის წელზედა გამოსახულებაა. მხატვრობა დასრულებულია ორნამენტული ზოლით (დაშვებული ფარდა). დარბაზის მოხატულობა ოთხ რეგისტრად იყოფა. სამხრეთ კედელზე, პირველ რეგისტრში, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, გამოსახულია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმს შესვლა, ჯვარცმა; მეორე რეგისტრში - მაცხოვრის გამოცხადება მარიამის წინაშე, მიძინება, ფერისცვალება; მესამე რეგისტრში მარტვილთა ბიუსტებია მედალიონებში; მეოთხე რეგისტრში გამოსახულია სამნი ჭაბუკნი სახმილსა შინა, მოსე სინას მთაზე. კედლის დასავლეთ მონაკვეთში იოსებ თბილელის გამოსახულებაა (აქვეა ეკლესიის მოხატვის თარიღისა და ქტიტორის ვინაობის შემცველი წარწერის ფრაგმენტები). კარის აღმოსავლეთ წირთხლზე მთავარანგელოზის ფიგურაა. დასავლეთ კედელზე, პირველ რეგისტრში, გამოსახულია ხარება, მეორეში წმ. დედანი, მათ შორის, ცენტრში კონსტანტინე და ელენეა ჯვრით ხელში. მომდევნო ორი რეგისტრი დათმობილი აქვს ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებებს. ამავე კედლის სარკმლის ჩრდილოეთ წირთხლზე გამოსახულია წმ. კოზმა. ჩრდილოეთ კედელზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ: პირველ რეგისტრში - სულიწმინდის მოფენა, ამაღლება, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა; მეორე რეგისტრში ნათლისღება, შობა, მირქმა; მესამე რეგისტრში - იოანე ნათლისმცემელი, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა, წმინდანთა ბიუსტები მედალიონებში; მეოთხე რეგისტრში - 40 სებასტიელი მოწამე და ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებები. დარბაზის მთელ სიგრძეზე მხატვრობას დაუყვება ორნამენტული ზოლი (ფარდა). წმინდანებს ახლავს დაზიანებული წარწერები ქართულ და ბერძნულ ენებზე. შენობის ორფერდა სახურავი გადახურულია კრამიტით.

2010 წლის 10 ივლისს ეკლესიას საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]