ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის ცენტრში. წარწერის თანახმად აგებულია 1835 წელს.

ეკლესია დარბაზულია (13,9 X 7,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის მარცხენა მხარეს ორი სწორკუთხა საშუალო ზომის, ხოლო მარჯვენა მხარეს ერთი სწორკუთხა მაღალი ნიშია. შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა ორ-ორი სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. დარბაზის გრძივი კედლების აღმოსავლეთ მონაკვეთში მდებარე სარკმლების ქვემოთ თითო შეისრული ნიშია. ამ ნიშებსა და მხრებს შორის შელესილობით გამოყვანილია თითო ხატის ჩასასმელი. გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები. შენობის დასავლეთ მონაკვეთში გამართულია ხის პატრონიკე. პატრონიკეში ასასვლელი კიბე დატანებულია დასავლეთ კედელში. ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესილია. სამხრეთ ფასადზე თაღოვანი შესასვლელი ჩასმულია სწორკუთხა შეღრმავებაში და დასრულებულია სამსაფეხურიანი აგურის ფრიზით. შესასვლელის ზემოთ აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვარი. ამ ჯვარსა და შესასვლელს შორის ქვიშაქვაზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა. ფასადებზე სარკმლები დასრულებულია ფრონტონებით. აღმოსავლეთ სარკმლის ფრონტონზე გამოსახულია ჯვარი. ეკლესიის სახურავზე, დასავლეთით დგას ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი აგურის პატარა სამრეკლო, რომელსაც აგურის პირამიდული სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.