ღვარების წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვარების წმინდა გიორგის ეკლესია

ღვარების წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვარებში, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,86 X 5 მ), ნაგებია ბაზალტის ქვებით. კედლების ზედა ნაწილში გამოყენებულია შირიმის მომცრო კვადრატებიც. ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, კონქის ნახევარი, ჩამოშლილია კედლების ზედა ნაწილები; შემორჩენილი კედლები გამოფიტული და დაბზარულია. შიგნით და გარეთ დაზიანებულია შელესილობა. შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა, არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, მაღლა, შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარე ბრტყელი ქვით გადახურული სწორკუთხა ნიშებია. აფსიდის წინ შემორჩენილია კანკელის ხის კოჭი. აფსიდის იატაკი წამოწეულია წინ და დარბაზის იატაკიდან ამაღლებულია ერთი დაბალი საფეხურით. ეკლესიას თითო სარკმელი დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიც აქვს. დასავლეთის სარკმელი სწორკუთხაა. სამხრეთისა შიგნიდან თაღოვანია, გარედან სწორკუთხა. აღმოსავლეთ ფასადის ზედა ნაწილში ორი ჯვარია გამოსახული: ერთი - ფასადის სამხრეთ ნაწილში, მეორე - ფრონტონის ძირში. ჩრდილოეთის ფასადზე შირიმის ლავგარდნის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.