სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესიები – ეკლესიები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში.

ღვთისმშობლის პირველი ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,5 X 5 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია დასავლეთ ნაწილი, ჩანგრეულია გადახურვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელია. თითო სარკმელი დასავლეთით და სამხრეთითაა. ეკლესია შიგნიდან შელესილი ყოფილა.

ღვთისმშობლის მეორე ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთ მონაკვეთში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9,6 X 5,8 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები, კარისა და სარკმლის გარეთა პირები ნაწყობია ნატეხი ქვით და კვადრატული აგურით. ეკლესია დაზიანებულია: სახურავი ჩანგრეულია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე შემორჩენილია ნახევარწრიული კამარის ნაწილი, დასავლეთის კედლის ორივე კუთხეში - პილასტრებია. ინტერიერში ჩამოცვენილია შელესილობა. ეკლესიას სამხრეთით არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელი აქვს. თითო ასეთივე სარკმელია აღმოსავლეთით (ფასადში) და დასავლეთით. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადებზე შემორჩენილია კვადრატული აგურით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი.

ღვთისმშობლის მესამე ეკლესია კი დგას სოფლის სამხრეთით სასაფლაოზე. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (5,4 X 3 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ზოგან გამოყენებულია აგურიც. შენობა ძლიერ დაზიანებულია. აღმოსავლეთ კედელში შეიმჩნევა ნახევარწრიული აფსიდისა და სარკმლის კვალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.