მერეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მერეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. აშენებულია 1818 წელს.

ეკლესია დარბაზულია (12 X 6,7 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები თლილი ქვისაა, ლავგარდანი - აგურის. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. სამხრეთის შესასვლელი სწორკუთხაა, გარედან დასრულებულია დეკორატიული ტიმპანით. დასავლეთისა თაღოვანია და გარედან სწორკუთხა ჩარჩოშია ჩასმული. ნახევარწრიულ აფსიდში ღერძზე განიერი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ორ-ორი თაღოვანი სარკმელი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა შეისრული კამარის საბჯენი თაღი. დასავლეთის შესასვლელის თავზე, კედელში ვიწრო პატრონიკეა. მასზე ასასვლელი კიბეც იმავე კედელშია დატანებული. პატრონიკეს დასავლეთით პატარა სარკმელი აქვს, ხოლო დარბაზის მხარეს - საკმაოდ განიერი თაღოვანი ღიადი. ეკლესიის კედლები შიგნით და გარეთ შელესილია. დასავლეთ ფასადის ფრონტონის ქვეშ, აგურის წყობაში, გამოყვანილია საკმაოდ დიდი ჩაწეული ჯვარი. სამხრეთ ფასადის დასავლეთ კუთხეში, 1,8 მეტრის სიმაღლეზე ჩასმულია დიდი ზომის თლილი ქვა წარწერით, რომელიც გვამცნობს ძეგლის აშენების თარიღს. ეკლესიის ლავგარდანი სამსაფეხურიანია. ორფერდა სახურავის კრამიტი მოგვიანებით თუნუქის ფურცლებით შეუცვლიათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.