შინაარსზე გადასვლა

ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია
ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია
ვერეს ღვთისმშობლის ფრაგმენტები

ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენიდან 5,5 კილომეტრის მოშორებით, მდინარე ვერას ხეობის მარცხენა ნაპირზე, ტყეში. თარიღდება VII საუკუნით, გადაკეთებულია XI საუკუნეში. შემორჩენილია სამონასტრო ნაგებობათა, გალავნის, გვიანდელი ხანის სამრეკლოსა და სხვა ნანგრევები.

შენობა სამნავიანი ბაზილიკაა (10,7 X 7,5 ). შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია წითელი და რუხი ფერის ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს — ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. აფსიდში და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია, გრძივ კედლებში — ორ-ორი. თითო სარკმელი სადიაკვნის და სამკვეთლოს აფსიდებშიცაა. მაღალი შუა ნავი ბემითა და ნახევრადოვალური აფსიდით მთავრდება. აფსიდის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა. მათ შესასვლელები გვერდის ნავებიდან აქვთ. შუა ნავი გვერდის ნავებისაგან გამოყოფილია ორ წყვილ დაბალ და მასიურ რვაწახნაგა ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით (ამ თაღებზეა დაშენებული შუა ნავის გრძივი კედლები), ხოლო ბემა თავის მხრივ შუა ნავისაგან გამოყოფილია ვიწრო და დაბალი თაღებით. ბურჯებზე დაყრდნობილია გრძივი კედლების პილასტრები, რომელთა პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა შუა ნავის კამარის საბჯენი თაღები. აფსიდში და დასავლეთ კედლის კუთხეებში შემორჩენილია მოხატულობის კვალი.

აღმოსავლეთის ფასადი ერთ სისტემაში გაერთიანებული დეკორატიულად შეწყვილებული ნახევარსვეტებით ხუთ მალად არის დაყოფილი. მაღალი და ფართო შუა მალი მართკუთხაა. მის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე დეკორატიულ თაღედში სამკუთხა ღრმა ნიშებია. საკურთხევლის სარკმელი მოჩარჩოებულია მართკუთხა ფართო ორნამენტიანი საპირით. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში შემორჩენილი ლავგარდნის ნაწილები პროფილირებულია. აღმოსავლეთ სარკმლის ჩარჩოზე არსებულ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ატენის ციხისთავი გრგნელი, რომელსაც ეკლესია XI საუკუნის 60-იან წლებში აღუდგენია და ჩუქურთმით მოურთავს. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადების გაყოლებით ჩანს მონაშენის კვალი. მონასტრის ქვემოთ, კლდოვან ქედზე, IX–X საუკუნეების ვერის ციხის ნანგრევებია.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[1]