შინაარსზე გადასვლა

იოსებ თბილელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოსები (მრავალმნიშვნელოვანი).

იოსებ თბილელი (გვარად სააკაძე) (დ. 1620 — გ. 1688) — ქართველი საეკლასიო მოღვაწე, პოეტი; თბილისის მიტროპოლიტი 1662 წლიდან[1]. გიორგი სააკაძის ძმისწული.

ბავშობიდან იზრდებოდა ქვათახევის მონასტერში, იქვე ბერად აღიკვეცა და წავიდა იმერეთში სადაც დროთა განმავლობაში აყვანილი იქნა ნიკორწმინდის მთავარეპისკოპოსის ხარისხში. მალევე როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თხოვნით გადაყვანილი იქნა სამცხე–საათაბაგოში აწყურის მთავარეპისკოპოსად, სადაც რეგიონის მმართველად იყო მისივე ნათესავი როსტომ-ფაშა. მეფე-დედოფალს ჰქონდა იმის იმედი, რომ აღნიშნული ნათესაური კავშირებით შესძლებდნენ მორღვეული ქრისტიანული ეკლესიის აღდგენას სამცხეში. მაგრამ იმედები არ გამართლდა და როსტომ-ფაშამ ის გამოაძევა ახალციხიდან. მაშინ მეფემ იოსებს უბოძა თბილისის სამიტროპოლიტო ტახტი.

მისი როგორც თბილელის მოღვაწეობის პერიოდი ნაყოფიერი აღმოჩნდა ეპარქიისათვის. გამრავლდა საეკლესიო მამულები, გაიზარდა სიონის ბიბლიოთეკის წიგნთსაცავი, სიონის ეკლესიას გადაეცა შემდგომში წოდებული როგორც „სიონის აბანო“. ეპარქიის სიმდიდრეზე მეტველებს ისიც რომ 1849 წელს დიმიტრი ბაქრაძეს, ათონის ივერითა მონასტერში უნახავს მოოქროვილი ვერცხლის ტაკუკი წარწერით:

ვიკიციტატა
„მოიხსენე უფალო უნდოჲ და ცოდვილი თბილელ მიტროპოლიტი იოსებ.“

აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების განსამტკიცებლად. დაიღუპა როგორც გიორგი XI-ის მომხრე განდგომილ არაგვის ერისთავთან ბრძოლაში. მის პოეტურ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული პატრიოტული ეპოსის თვალსაჩინო ძეგლს — პოემა „დიდმოურავიანს“ (1681-1687), რომელიც უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ამსახველი გმირული ეპოპეაა. იოსებ თბილელმა ხოტბა შეასხა დიდ მოურავს გიორგი სააკაძეს; ამავე დროს გამოკვეთა საზოგადოებრივი აზრი საქვეყნო გასაჭირზე. ერის ტკივილი და საწუხარი საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანა. „დიდმოურავიანი“ მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროცაა. იგი პირველად პ. იოსელიანმა გამოსცა 1851 წელს. იოსებ თბილელს ეკუთვნის აგრეთვე სასულიერო შინაარსის თხზულებები: „ცხოვრება და მოქალაქეობა ალექსი კაცისა ღმრთისა“, „წმინდანთა კრებათათვის“, „ქება და წამება წმიდისა მარინასი, თქმული შაირად“; აგრეთვე „ანბანთქება“. იოსებ თბილელი ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი გამგრძელებელია (დაურთო 67 სტროფი). მის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის სიონის ბიბლიოთეკის დაარსება, რომლისთვისაც იოსებ თბილელს მრავალი ხელნაწერი წიგნი შეუძენია.

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958
  • ფირცხალაიშვილი რ., იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანის“ ხელნაწერული მემკვიდრეობისათვის, „მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია“, 1975, № 2;
  • ცაიშვილი ს., შოთა რუსთაველი — დავით გურამიშვილი, თბ., 1974;
  • ფირცხალაიშვილი რ., ქსე, ტ. 5, გვ. 202-203, თბ., 1980

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დ. ბაქრაძე, "დიდმოურავიანი", ტფილისი 1851