ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიქოზის მთავარანგელოზთა ეკლესია.jpg

ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის ცენტრში. თარიღდება X საუკუნით.

ნაგებობა ჯვარგუმბათოვანია (8,5 X 5,3 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავული შესასვლელები სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთითაა. სწორკუთხა დარბაზი შვერილი აფსიდით მთავრდება (აფსიდის შვერილი 1,7 მეტრი), აფსიდში ერთი სარკმელია, აფსიდის გვერდებზე - მომცრო უბეები, რომლებიც თავის მხრივ, სარკმლიანი აფსიდებით მთავრდება. ეკლესიის სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მკლავები სწორკუთხაა. დასავლეთის მკლავი შედარებით გრძელია და გვერდებზე ოთხკუთხა უბეები აქვს. გუმბათი გრძივი კედლებიდან გამოწეულ პილონებს ეყრდნობა. აფრებზე ტრომპის მსგავსი ნიჟარისებრი თაღებია, ზემოთ – გუმბათის საყრდენი ლილვები. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია. ეკლესიის სამივე შესასვლელის წინ მდგარა ღია თაღოვანი კარიბჭე. შემორჩენილია კარიბჭეების კრონშტეინები და მოჩუქურთმებულკაპიტელებიანი და ბაზისიანი ცილინდრული პილასტრები. შენობის ჩრდილოეთ ფასადზე, კარის მარცხნივ, გველეშაპთან მებრძოლი ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულებაა. გუმბათის ყელზე, ჩრდილოეთით, სამი ლომია გამოსახული. გამოსახულებები სქემატურია. ფასადებზე ზოგან ჩუქურთმიანი ქვებია ჩართული. გუმბათის ყელს გრეხილლილვებიანი უწყვეტი თაღი შემოუყვება. გუმბათის ლავგარდანი მოჩუქურთმებულია. ეკლესიის ლავგარდანი შედგება სხვადასხვა დროის ფრაგმენტებისაგან. შენობა გადახურულია ლორფინებით. ჩრდილოეთ ფასადზე არსებული ასომთავრული წარწერის თანახმად ეკლესია მიქაელ ეპისკოპოსს აუგია. დაზიანებული წარწერები სხვა ფასადებზე და გუმბათის ყელზეც არის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.