წეროს ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

წეროს ეკლესიის კომპლექსი – არქიტექტურული ძეგლი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, წეროს ხევის თავში, ატენის სიონის ჩრდილო-დასავლეთით, ორ კილომეტრზე. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, დარბაზული ეკლესია და რამდენიმე შენობის ნანგრევი.

ღვთისმშობლის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (10,4 X 9,3 მ). სავარაუდოდ თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ნაგებია თლილი ქვის კვადრებით. შენობა დაზიანებულია. შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელები დასავლეთით და ჩრდილოეთითაა. თითო სარკმელი ოთხივე კედელშია. აფსიდის გვერდებზე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. გუმბათქვეშა თაღები აღმოსავლეთით აფსიდის კედელს ეყრდნობა, დასავლეთით - ცალკე მდგარ ორ ბურჯს, რომლებიც შენობის კედლებს კონსოლებზე დაყრდნობილი თაღებით უკავშირდებიან. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის ყელში ოთხი დიდი სარკმელია. გუმბათი შიგნით წრიულია. გუმბათის ყელს შიგნიდან, ფუძესთან, ლილვი შემოუყვება. საკურთხეველში შემორჩენილია აგურით ნაგები მოხატული კანკელის სამხრეთ თაღის ნახევარი. შენობის სამხრეთ კედელზე ნუსხა-ხუცური წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ვინმე „როსტევანი“. შენობა დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. მისი აღმოსავლეთ ნაწილი ამოყვანილია მაღალ საყრდენ კედელზე. საკურთხევლის სარკმელს რელიეფური ნალისებრი თავსართი აქვს.

დარბაზული ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარბაზული ეკლესია (10 X 5 მ) სავარაუდოდ თარიღდება ფეოდალური ხანით. ნაგებია შირიმისა და ნატეხი ქვით. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. ნახევრად ელიფსური აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია.

ეკლესიას ჩრდილოეთით მიშენებული აქვს სწორკუთხა ეგვტერი, რომელსაც კარი დასავლეთით აქვს, სარკმელი - აღმოსავლეთით. ეგვტერის ჩრდილოეთ კედელი ამოკვეთილია კლდეში. ეკლესიის დარბაზი ეგვტერს ჩრდილო კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება. ეკლესიის სამხრეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში მიშენებულია კარიბჭე. შემორჩენილი მხოლოდ კედლების ნაწილი.

ეკლესიის მახლობლად, წყაროსთან ძველი ტერასები და წყალსაცავი ჯებირია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.