შინაარსზე გადასვლა

ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია (გორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება X საუკუნის დასაწყისით.

ეკლესია დარბაზულია (9,7 X 7,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები ნაწყობია ტუფის ქვით, კამარა, საბჯენი თაღი და კონქი — აგურით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის ორივე მხარეს მდებარე მაღალი თაღოვანი შესასვლელები მას აკავშირებენ კედელში მოქცეულ მცირე ზომის სათავსებთან — სამკვეთლოსა და სადიაკვნესთან. სამხრეთ სათავსი აღმოსავლეთით დასრულებულია ყრუ აფსიდით, ჩრდილოეთისას აღმოსავლეთის შეზნექილ კედელში პატარა სარკმელი აქვს. კონქში, სათავსებში შესასვლელების თავზე, ჩასმულია თითო რეზონატორი (ქვევრი). საკურთხევლის წინ, ჩრდილოეთ კედელთან, ჩამაგრებულია ბუდიანი ქვის ბაზისი. აქვე ჩანს კანკელის კვალი. დარბაზის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია (ორივე ამოშენებულია). კამარის საბჯენი თაღები გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა.

აღმოსავლეთ ფასადში, ფრონტონის არეში, გამოსახულია გლუვზედაპირიანი რელიეფური ჯვარი. სარკმლების არეები მორთულია სადად, ლავგარდანი განახლებულია აგურით. შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის კუთხეები გამაგრებულია წაკვეთილი კონუსის ფორმის მძლავრი კონტრფორსებით.

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.