დიდი ატენის კვირაცხოვლის ეკლესია
დიდი ატენის კვირაცხოვლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის დასავლეთ ნაწილში, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (7 X 5 მ), ნაგებია არაწესიერი ფორმის თლილი ქვით, ლავგარდნისათვის გამოყენებულია აგურიც. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს ჩრდილოეთით და დასავლეთით. ორივე გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან თაღოვანი. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში, ერთი ვიწრო თაღოვანი სარკმელი და ორი პატარა კვადრატული ნიშია. დანარჩენ კედლებშიც თითო თაღოვანი სარკმელია. სამხრეთ სარკმელი მოგვიანებით გაუფართოებიათ და გადაუკეთებიათ. აფსიდის ორივე მხარეს, კედელში, პატარა აფსიდიანი სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე აღმოსავლეთით თითო ვიწრო სარკმელი აქვს. დასავლეთის შესასვლელის გვერდებზე და ჩრდილოეთ კედლოს აღმოსავლეთ ნაწილში თითო ოთხკუთხა ნიშია. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურით არის ამაღლებული. დარბაზში და საკურთხეველში იატაკი კვადრატული აგურისაა. ეკლესია გადახურულია შეისრული ამარით. სახურავი კრამიტისაა, ორფერდა. აღმოსავლეთ კედლის ფრონტონის თავზე დაშენებულია გეგმით კვადრატული, ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი პირამიდულსახურავიანი აგურის სამრეკლო. ეკლესიის ეზოს შემოვლებული ჰქონია სწორკუთხა გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტები).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.