არბოს წმინდა გიორგის ეკლესია (X საუკუნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არბოს წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, შუა სოფელში, მთავარი გზის პირას. მხატვრულ-სტილისტური ანალიზით თარიღდება X საუკუნის მეორე ნახევრით.

ეკლესია დარბაზულია (9,3 X 5,9 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, სარკმლები და ლავგარდანი თლილი ქვისაა. თლილი ქვითაა მოპირკეთებული აღმოსავლეთ ფასადიც. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: ერთი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია, მეორე — დასავლეთ კედელში. ნახევარწრიული აფსიდას ღერძზე ვიწრო სარკმელია. თითო ვიწრო სარკმელი აფსიდის ორივე მხარეს არსებულ მაღალ თაღოვან ნიშებშიცაა. ორი სარკმელი სამხრეთ კედელშია, თითო — დასავლეთის და აღმოსავლეთის კედელში. აღმოსავლეთის სარკმელი მორთულია რელიეფური კომპოზიციით (რელიეფით იყო შემკობილი სამხრეთის ფასადის დასავლეთ სარკმელიც, თუმცა ამჟამად მარცხენა ზედა კუთხეში მხოლოდ ჩარჩო და ერთი რომბიღა მოჩანს). სარკმლის თავზე ჩასმულ ერთიან, წვრილი ჩარჩოთი შემოზღუდულ ოთხკუთხა ქვაზე გაყვავილებული ჯვარია. მის მარჯვნივ კი ერთმანეთის თავზე ლომისა და ირმის პატარა ფიგურები, მარცხნივ მთელს სიმაღლეზე — გაფოთლილი რტოა, ხოლო რტოსა და ჯვრის ზედა მკლავს შორის დისკო. კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა გრძივი კედლების წყვილ ორსაფეხურიან პილასტრებს. გრძივ კედლებზე დეკორატიული თაღებია. აღმოსავლეთის ფასადის სარკმელთან, ქვაში გამოკვეთილია ხარის თავი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]