ქვემო ხვითის სამების ეკლესია
ქვემო ხვითის სამების ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (6 X 4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები, კარი და სარკმლები ამოყვანილია ნაცრისფერი ტუფის ქვით. სამხრეთით არქიტრავით გადახურული კარი და სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელია აღმოსავლეთითა და დასავლეთით, აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივი კედლები წყვილი პილასტრით დაახლოებით ორ ტოლ ნაწილადაა გაყოფილი. კამაროვანი გადახურვა ეყრდნობა შუა საბჯენ, დასავლეთის კედლის თაღებსა და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დამყარებულ სატრიუმფო თაღს. სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე ასომთავრული წარწერაა (იკითხება ნაწილობრივ). ეკლესიას შემოვლებული აქვს ტუფის ქვის თაროსებრი ლავგარდანი. მოგვიანებით ეკლესიის დასავლეთ ნაწილში, სახურავზე დაუშენებიათ ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი სამრეკლო, რომელიც ნაგებია კვადრატული აგურით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.