როჯერ უოტერსი
| როჯერ უოტერსი | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | ჯორჯ როჯერ უოტერსი | |
| დაიბადა | 6 სექტემბერი, 1943 დიდი ბუკჰემი, ლეზერჰედი, სურეი, ინგლისი |
|
| ჟანრ(ებ)ი | პროგრესული როკი ფსიქოდელიური როკი ფოლკ როკი არტ როკი ოპერა |
|
| საქმიანობა | მუსიკოსი | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ბას გიტარა, გიტარა, ვოკალი, სინთეზატორი | |
| ლეიბლ(ებ)ი | Capitol Columbia Sony EMI Harvest |
|
| ასოციაციები | პინკ ფლოიდი, The Bleeding Heart Band | |
| ვებგვერდი | RogerWaters.com | |
| აღსანიშნავი ინსტრუმენტები | ||
| Fender Precision Bass Rickenbacker 4001 |
||
ჯორჯ როჯერ უოტერსი (ინგლ. George Roger Waters; დ. 6 სექტემბერი, 1943, დიდი ბუკჰემი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი როკ-მუსიკოსი, ვოკალისტი, ბას-გიტარისტი, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორი. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის წევრი და ლიდერი 1968–1985 წლებში.
1968 წელს პინკ ფლოიდი დატოვა სიდ ბარეტმა და უოტერსი იქცა ჯგუფის ტექსტებისა და მუსიკის, აგრეთვე კონცეპტუალური იდეების ავტორად. მსოფლიო წარმატება კოლექტივმა მოიპოვა 1970-იანი წლების ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და The Wall. მიუხედავად, რომ უოტერსი ძირითადად ბას-გიტარაზე უკრავდა, იგი ასევე ატარებდა ექსპერიმენტებს სინთეზატორებთან და ფირებთან, კონცერტებსა და სტუდიურ ჩანაწერებზე კი რითმულ გიტარაზეც უკრავდა. 1985 წელს, კოლექტივის სხვა წევრებთან აზრთა სხვადასხვაობის გამო მან დატოვა პინკ ფლოიდი და ყოფილ კოლეგებთან სასამართლო დავით ეცადა, შეენარჩუნებინა კონტროლი ჯგუფის სახელწოდებასა და მასალაზე. 1987 წელს ეს დავა დასრულდა საავტორო უფლებების გადანაწილებით. 2010 წლის მონაცემებით პინკ ფლოიდს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული ჰქონდა 200 მილიონი დისკი, მათ შორის 74.5 მილიონი - მხოლოდ აშშ-ში.
უოტერსის სოლო კარიერა მოიცავს სამ სტუდიურ ალბომს - The Pros and Cons of Hitch Hiking (1984), Radio K.A.O.S. (1987) და Amused to Death (1992). 1986 წელს მან ასევე დაწერა სიმღერები ანიმაციური ფილმისათვის „როდესაც ქარი ქრის“, რომელიც ეფუძნება რეიმონდ ბრიგზის ამავე სახელწოდების წიგნს. 1990 წელს როჯერის მიერ დადგმული იქნა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი როკ-შოუ, The Wall – Live in Berlin, რომელსაც დაახლოებით 200.000 მაყურებელი დაესწრო. 1996 წელს იგი, პინკ ფლოიდთან ერთად, შეყვანილი იქნა აშშ-სა და ბრიტანეთის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზებში. 1999 წლიდან უოტერსი აქტიურად მოგზაურობს საკონცერტო ტურნეებით. 2006-2008 წლებში გაიმართა მასშტაბური ტურნე The Dark Side of the Moon Live. 2005 წელს უოტერსმა გამოსცა სამმოქმედებიანი ოპერა Ça Ira, რომელიც ეძღვნება საფრანგეთის რევოლუციის იუბილეს. 2005 წლის 2 ივლისს იგი პინკ ფლოიდის წევრებთან, ნიკ მეისონთან, რიჩარდ რაიტთან და დევიდ გილმორთან, გაერთიანდა საქველმოქმედო კონცერტზე Live 8 ერთადერთი გამოსვლისათვის.
2010 წელს დაიწყო მუსიკოსის ტურნე The Wall Live, რომელზეც ალბომის The Wall მთლიანი მასალა პირველად იქნა შესრულებული მასშტაბური ტურნეს ფარგლებში. ამ ტურნეს მსვლელობისას, 2011 წლის 12 მაისს, ლონდონის დარბაზში O2 მასთან ერთად სიმღერის Comfortably Numb შესასრულებლად დევიდ გილმორი გამოვიდა, ხოლო ფინალურ სიმღერაში Outside the Wall სცენაზე გამოჩნდა როგორც გილმორი, ასევე ნიკ მეისონი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
[რედაქტირება] 1943–1964
ჯორჯ როჯერ უოტერსი დაიბადა 1943 წლის 6 სექტემბერს, მერი და ერიკ ფლეტჩერ უოტერსის ოჯახში, დიდ ბუკჰემში, სურეის საგრაფოში. იგი იყო ორ ვაჟს შორის უმცროსი.[1] მისი მამა, ქვანახშირის საბადოს მუშაკის შვილი და ლეიბორისტული პარტიის აქტივისტი, იყო სკოლის მოსწავლე, მოკრძალებული ქრისტიანი და ასევე ბრიტანეთის კომუნისტური პარტიის წევრის.[2] მეორე მსოფლიო ომის პირველ პერიოდში ერიკმა პირადი მოსაზრებების გამო უარი თქვა აქტიურ სამხედრო სამსახურზე და საბრძოლო პირობებში, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად მუშაობდა[2]. პაციფისტური მოსაზრებები მან მოგვიანებით შეცვალა და შეუერთდა ბრიტანეთის სამხედრო ძალებს, სამეფო ფუზილერების მერვე ლეგიონს.[3] იგი მოკლული იქნა 1944 წლის 18 თებერვალს, ანზიოს ხიდთან სამხედრო ოპერაციის დროს[4], როდესაც როჯერი მხოლოდ ხუთი თვის ასაკის იყო.[5] მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მერი, რომელიც ასევე მასწავლებლად მუშაობდა, ორ შვილთან ერთად საცხოვრებლად კემბრიჯში გადავიდა.[6] როჯერი იხსენებდა, რომ მისი ერთ-ერთი ადრეული მოგონება იყო იაპონიაზე გამარჯვების დღის აღნიშვნა.[3]
კემბრიჯში უოტერსი დადიოდა მორლის სკოლაში, მოგვიანებით კი კემბრიჯშირის ბიჭუნათა სკოლაში გადავიდა, სადაც გაიცნო როჯერ ბარეტი, შემდგომში ცნობილი, როგორც სიდი.[7] უოტერსის მომავალი მუსიკალური კოლეგა, დევიდ გილმორი, ცხოვრობდა ახლოს, მილ როუდზე და პერსის სახელობის სკოლაში დადიოდა.[8] 15 წლის ასაკში უოტერსი აირჩიეს კემბრიჯის ბირთვული განიარაღების კამპანიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარედ[9]. როჯერმა შექმნა ორგანიზაციის საჯარო პოსტერი და ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა.[10] მიუხედავად იმისა, რომ იგი წარმატებული იყო სპორტში (განსაკუთრებით, კრიკეტისა და რაგბის განხრით)[11], სასკოლო წარმატებები უმნიშვნელო იყო. როგორც თავად უოტერსი იხსენებს: „ამ პროცესის ყოველი წამი მეზიზღებოდა, გარდა თამაშებისა. რეჟიმი სკოლაში იყო მეტად დესპოტური;... ბავშვები, რომლებიც მიჩვეულები არიან სხვა ბავშვების მხრიდან დაშინებას, ასევე მიჩვეულები არიან დაშინებას მასწავლებლების მხრიდან“.[12] თუმცა ბარეტსა და გილმორს უკვე იცნობდა კემბრიჯიდან, პინკ ფლოიდის პირველი წევრები, ნიკ მეისონი და რიჩარდ რაიტი მან გაიცნო ლონდონში, რიჯენტ სტრიტის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში, სადაც 1962 წელს ჩაირიცხა[13] (უნარების გამოცდების შედეგად გამოჩნდა, რომ ამ განხრისათვის მზად იყო).[14]
[რედაქტირება] შემდგომი პირადი ცხოვრება
1969 წელს უოტერსმა იქორწინა ბავშვობის მეგობარ და მეზობელ გოგონა ჯუდი ტრიმთან, რომელიც მექოთნე იყო. ჯუდი შემდგომში გამოჩნდა ალბომის Ummagumma კონვერტის გაფორმების შიდა მხარეს.[15] მათ ბავშვები არ ჰყოლიათ და 1975 წელს ერთმანეთს გაეყარნენ.[1]. ჯუდიმ სხვა მამაკაცთან იქორწინა და გარდაიცვალა 2001 წლის 9 იანვარს.[16] 1976 წელს როჯერმა იქორწინა კეროლაინ კრისტისთან [1], რომელიც ლოურენს დანდასის, ზეტლენდის მარკიზას დისწული იყო. მათ ეყოლათ ვაჟი, ჰარი უოტერსი (რომელმაც მომავალში მუსიკოსის კარიერა აირჩია და უოტერსის ბენდთან ერთად 2000-იანი წლებიდან გამოდიოდა) [17] და ქალიშვილი ინდია [18] როჯერს ჰარისგან შვილიშვილები ჰყავს.[3] 1992 წელს იგი გაეყარა კრისტის [1] 1993 წელს მან კვლავ იქორწინა - ამჯერად პრისცილა ფილიპსთან.[19] ქორწინება 2001 წლამდე გაგრძელდა.[20] 2004 წელს მან გაიცნო მსახიობი და რეჟისორი ლორი დერნინგი. 2011 წლისათვის ისინი კვლავ ერთად არიან.[3][21]
[რედაქტირება] პინკ ფლოიდში (1965–1985)
[რედაქტირება] შექმნა
1963 წლის სექტემბრისათვის როჯერმა და ნიკ მეისონმა დაკარგეს სწავლისადმი ინტერესი [22] და გადასახლდნენ სტენჰოუპ გარდენის ტერიტორიაზე, მაიკ ლეონარდის, რიჯენტ სტრიტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილ სახლში.[23] პირველად უოტერსმა, მეისონმა და რაიტმა ერთად დაუკრეს 1963 წლის შემოდგომაზე[24], ჯგუფში, რომელიც ვოკალისტ კით ნობლისა და ბას გიტარისტ კლაივ მეტკელფის მიერ იქნა ჩამოყალიბებული[25]. როგორც წესი, ეს კოლექტივი საკუთარ თავს Sigma 6-ს უწოდებდა, მაგრამ ასევე სახელით Meggadeaths გამოდიოდა.[10] ამ კოლექტივში უოტერსი უკრავდა რითმ გიტარაზე, ხოლო მეისონი - დასარტყამ ინსტრუმენტებზე. რაიტი უკრავდა ნებისმიერ კლავიშიან ინსტრუმენტზე [26], ხოლო ნობლის და, შილა მღეროდა. თავდაპირველად ჯგუფი ძირითადად დახურულ წვეულებებზე გამოდიოდა.[27]
1963 წელს, როდესაც მეტკელფმა და ნობლმა ეს კოლექტივი საკუთარი ჯგუფის ჩამოყალიბების მიზნით დატოვეს [28], დარჩენილმა წევრებმა სიდ ბარეტსა და ბობ კლოუზს დახმარება სთხოვეს.[29] 1964 წლის იანვრისათვის მათ იცნობდნენ სახელით The Abdabs (ან The Screaming Abdabs).1964 წლის შემოდგომაზე მათი სახელები იყო: Leonard's Lodgers, The Spectrum Five და Tea Set.[30] მას შემდეგ, რაც ნობლმა და მეტკელფმა დატოვეს ჯგუფი და მან დაკარგა კარგი ვოკალისტები, კლოუზმა მოიყვანა კრის დენისი[31], სამეფო საჰაერო ძალების კბილის ექიმი[32]. 1964 წლის სექტემბრისათვის მეისონი გადავიდა ლეონარდის სახლიდან, მას კი კლოუზი ჩაენაცვლა. მოგვიანებით, 1964 წლის ზამთარში ლეონარდის სახლში ბარეტიც გამოჩნდა [33], უოტერსის ბავშვობის ნაცნობი[34].
მეისონის თქმით, ჯგუფის პირველი ხმისჩამწერი სესია შედგა 1964 წლის დეკემბერში[35]. ამ დროისათვის მასში გიტარაზე კლოუზი უკრავდა, კოლექტივის სახელი კი Tea Set იყო. რაიტის მეგობრის დახმარებით მათ უფასოდ იქირავეს სტუდია და ჩაწერეს რამდენიმე სიმღერა. მათ შორის იყო სლიმ ჰარპოს სიმღერის I'm a King Bee ქავერ-ვერსია, ბარეტის ორი ორიგინალური კომპოზიცია (Butterfly და Lucy Leave) და ჯგუფის ერთობლივი ნამუშევარი Double O Bo - მეისონის თქმით, ეს იყო ბო დიდლისა და ჯეიმზ ბონდის მელოდიების სინთეზი.
კლოუზმა ჯგუფი 1965 წლის ზაფხულში დატოვა[36], მეისონის თქმით, მამისა და მასწავლებლების მოთხოვნით.[37] დენისი ჯერ-ჯერობით ჯგუფში იყო და სწორედ მაშინ ბარეტმა მოიფიქრა ახალი სახელწოდება, Pink Floyd Sound[38] - ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ Tea Set-ის სახელწოდებით კიდევ ერთი ჯგუფი არსებობდა, რომელიც მათთან ერთად უნდა გამოსულიყო.[39] დენისი 1965 წლის იანვარში გაემგზავრა ბაჰრეინში, ბარეტის იმიჯი კი ჯგუფში უფრო გამყარდა 1965 წლის შემოდგომაზე. Pink Floyd Sound იქცა ჯგუფის მუდმივ სახელწოდებად. მოგვიანებით იგი შეიცვალა და გახდა The Pink Floyd Sound, ხოლო 1966 წლის პირველ თვეებში - უბრალოდ Pink Floyd.[40][41]
1966 წლისათვის ბარეტი იყო ჯგუფის ლიდერი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი[42]. მან დაწერა პინკ ფლოიდის სადებიუტო ალბომის The Piper at the Gates of Dawn თითქმის ყველა სიმღერა.[43] ამ ალბომში შეტანილი იქნა უოტერსის პირველი საავტორო ნამუშევარი Take Up Thy Stethoscope and Walk.[44] თუმცა, 1967 წლის ბოლოს ბარეტის ცვალებადი ფსიქიური მდგომარეობა შეირყა, რამაც იგი ჯგუფის განვითარებისათვის არახელსაყრელ პიროვნებად აქცია. ვინაიდან ბარეტთან მუშაობა რთული იყო, 1968 წლის მარტში პინკ ფლოიდი შეხვდა თავის მენეჯერებს, რათა განეხილა კოლექტივის მომავალი. ბარეტი დათანხმდა ჯგუფიდან წასვლაზე. 1968 წლის აპრილში ჯგუფში მოვიდა დევიდ გილმორი, რასაც ახლდა ახალი მენეჯერის, სტივ ო’რურკის განცხადება სიდის წასვლისა და ახალი გიტარისტის მოსვლის შესახებ.
[რედაქტირება] უოტერსის ლიდერობა
ბარეტის წასვლის შემდეგ უოტერსი ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა. იგი იქცა სიმღერების ძირითად და ტექსტების ავტორად, თანავოკალისტად და 1985 წელს ჯგუფის დატოვებამდე რჩებოდა პინკ ფლოიდის დომინირებად ფიგურად.[45] მას ეკუთვნის ჯგუფის ხუთი ალბომის მთლიანი ტექსტები, დაწყებული დისკით The Dark Side of the Moon (1973) და დამთავრებული ალბომით The Final Cut (1983) და ამ წლების მანძილზე იგი თანდათან სულ უფრო მეტად აკონტროლებდა ჯგუფსა და მის მუსიკას.[46] უოტერსის მიერ დაწერილი ტექსტებით The Dark Side of the Moon იქცა ყველა დროის ერთ-ერთ წარმატებულ როკ-ალბომად. 2004 წლისათვის მან ბილბორდის ჩარტში 723 კვირა დაჰყო და გაიყიდა 35 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით. 2004 წლისათვის იგი ასევე ყოველ კვირას 8000-ზე მეტი ასლის ოდენობით იყიდებოდა. ჯგუფის ბიოგრაფ გლენ პოუის მიხედვით, ეს არის მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი ალბომი და აშშ-ს ტერიტორიაზე რიგით 21-ე ყველაზე გაყიდვადი ჩანაწერი.[47]
უოტერსს ეკუთვნის ალბომების The Dark Side of the Moon (1973), Wish You Were Here (1975), Animals (1977), The Wall (1979) და The Final Cut (1983) თემატური იდეები.[48] ამ ნამუშევრებში სხვადასხვა სახით არის ნახსენები ომისა და უოტერსის მამის ომში დაკარგვის თემა (რაც დაიწყო სიმღერით Corporal Clegg (A Saucerful Of Secrets, 1968), გაგრძელდა Free Four-ით (Obscured By Clouds, 1972) და კულმინაცია იქონია მითითებულ ალბომებში. The Final Cut მთლიანად მიეძღვნა მისი მამის ხსოვნას.[49]
|
„ვფიქრობ, Comfortably Numb იყო ჩემი და როჯერის ერთად თანამშრომლობის შესაძლებლობის უკანასკნელი ნაცარი.“
|
|
|
(დევიდ გილმორი[50])
|
ორმაგი ალბომი The Wall თითქმის მთლიანად უოტერსის მიერ იქნა დაწერილი და ძირითადად მისი ცხოვრების ისტორიას ეფუძნება[51]. აშშ-ში იგი 2010 წლისათვის გაიყიდა 23 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით და წარმოადგენს ამ ქვეყანაში ერთ-ერთს ყველა დროის სამი ყველაზე გაყიდვადი ალბომიდან[52]. მის თანაპროდიუსერად პინკ ფლოიდის მიერ აყვანილი იქნა ბობ ეზრინი, ხოლო მხატვარ ჯერალდ სკარფის მიერ შემუშავებული იქნა დისკის ვიზუალური კონცეფცია[53] და შემდგომში, საკონცერტო გამოსვლების ვიზუალური გაფორმება და ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ (1982) ანიმაციური ეპიზოდები. ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ლონდონსა და დორტმუნდში, ტურნეს The Wall Tour ფარგლებში კოლექტივმა ჩაატარა რამდენიმე კონცერტი. პინკ ფლოიდის მიერ The Wall უკანასკნელად 1981 წლის 16 ივნისს შესრულდა, ერლს კორტის დარბაზში. აღნიშნული კონცერტი იყო უკანასკნელი უოტერსის ყოფილ კოლეგებთან 2005 წლის 2 ივლისს, კონცერტზე Live 8 24 წლის შემდეგ გამოსვლამდე.[54]
1983 წელს გამოვიდა ჯგუფის უკანასკნელი დისკი უოტერსის მონაწილეობით, The Final Cut. ალბომის ქვესათაური იყო „პოსტ-საომარი ოცნების რექვიემი, დაწერილი როჯერ უოტერსის და შესრულებული პინკ ფლოიდის მიერ“.[55] უოტერსი არის ალბომის ყველა სიმღერის ტექსტისა და მუსიკალური კომპოზიციის ავტორი. ტექსტებში შეიმჩნევა მარგარეტ ტეტჩერის, ისევე როგორც კონსერვატიული პარტიის კრიტიკა.[56] ვინაიდან იმ პერიოდში დევიდ გილმორს არ ჰქონდა ახალი სიმღერები მომავალი ალბომისათვის, მან სთხოვა უოტერსს, ოდნავ შეეფერხებინა დისკის გამოცემა, მაგრამ როჯერმა ამაზე უარი უთხრა.[57] ნიკ მეისონის თანახმად, კამათის შედეგად, გილმორის სახელი ამოიშალა ალბომის თანაავტორებიდან, თუმცა მას კვლავ უხდიდნენ შესრულებული სამუშაოსთვის.[58]როლინგ სტოუნის მიერ დისკს ხუთი ვარსკვლავი მიენიჭა, ხოლო მიმომხილველი კურტ ლოდერი წერდა, რომ ეს იყო „უმაღლესი მიღწევა“[59] და „არტ-როკის დაგვირგვინება“.[60] იგი დისკს განიხილავდა, როგორც უოტერსის სოლო-ალბომს.[60]
ჯგუფში შემოქმედებითი სხვადასხვაობების გამო, უოტერსმა პინკ ფლოიდი 1985 წელს დატოვა და ყოფილ კოლეგებთან იურიდიული დავა ჯგუფის სახელისა და მუსიკალური მასალის გამოყენების თაობაზე გამართა.[61] 1985 წლის დეკემბერში მან წარადგინა განცხადება, სადაც კომპანიებს EMI და CBS ჯგუფთან კონტრაქტის დასრულებაზე აუწყებდა. 1986 წლის ოქტომბერში მან შეიტანა სარჩელი სასამართლოში, რათა პინკ ფლოიდი ფორმალურად დაეშალა. თავის გადაწყვეტილებას იგი ასაბუთებდა იმით, რომ „ჯგუფი ამოწურულ ძალას წარმოადგენდა“.[62] გილმორი და მეისონი ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგნენ და განაცხადეს, რომ პინკ ფლოიდის სახელით არსებობას განაგრძობდნენ. უოტერსი ამტკიცებდა, რომ მას აიძულეს ჯგუფის დატოვება, ისევე, როგორც თავის დროზე რიჩარდ რაიტს. საბოლოოდ, 1987 წლის დეკემბერში ორი მხარე შეთანხმდა უოტერსის მიერ გამოგონილი შოუს ელემენტებისა და სიმღერების გამოყენების თაობაზე.
უოტერსი საბოლოოდ გათავისუფლებული იქნა ო’რურკთან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებისგან და შეინარჩუნა საავტორო უფლებები The Wall-ის კონცეფციასა და ჯგუფის ცნობილ გასაბერ მფრინავ ღორზე.[63] გილმორის ლიდერობით პინკ ფლოიდმა გამოსცა ორი სტუდიური ალბომი - A Momentary Lapse of Reason (1987), და The Division Bell (1994). 2006 წლისათვის ჯგუფს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული ჰქონდა 200 მილიონზე მეტი დისკი [64] , მათ შორის - 74.5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში.[65]
[რედაქტირება] სოლო კარიერა (1984–დღემდე)
[რედაქტირება] 1984–1996
როჯერს ჯერ კიდევ 1970 წელს, რონ გისინის თანაავტორობით, ჩაწერილი ჰქონდა ალბომი Music from The Body (რომელშიც შეტანილი იქნა კომპოზიციები, უფრო ადრე დაწერილი ფილმისათვის „სხეული“. ალბომის The Final Cut გამოცემის შემდეგ დაიწყო მუსიკოსის უშუალო სოლო-კარიერა. ამ კარიერის ფარგლებში მან გამოსცა სამი კონცეპტუალური სტუდიური ალბომი და საუნდტრეკი.
1984 წელს გამოვიდა პირველი დისკი, The Pros and Cons of Hitch Hiking - პროექტი მამაკაცის სიზმრებზე, რომელზეც გავლენა იქონია უოტერსის ჯუდი ტრიმთან ქორწინების დასასრულმა. ალბომის თემებს შორის არის სექსი და მონოგამიის / ოჯახური ცხოვრების „ველურ პირობებში“ ცხოვრებასთან დაპირისპირება.[66] ალბომის ბოლოს პერსონაჟი, რეჯი ირჩევს სიყვარულსა და ცოლქმრობის ჩვეულ სტილს და უარს ამბობს უწესრიგო ურთიერთობებზე. ალბომი ჩაიწერა გიტარისტ ერიკ კლეპტონისა და საქსოფონისტ დევიდ სენბორნის მონაწილეობით. იგი გაფორმებულია ჯერალდ სკარფის მიერ.[66] ამჯერად კრიტიკოსმა კურტ ლოდერმა ალბომს უწოდა „საოცრად სტატიური, საზიზღარი ჩანაწერი“[67] ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ ალბომს ერთი ვარსკვლავი მიენიჭა.[68] როჯერმა ალბომის გამოსვლას ასევე თან დაურთო საკონცერტო ტურნე, რომელშიც შედიოდა როგორც ახალი ბენდი (კლეპტონის თანხლებით), ასევე ახალი მუსიკალური მასალა და პინკ ფლოიდის რამდენიმე სიმღერა. ტურნე დაიწყო სტოკჰოლშმი, 1984 წლის 16 ივნისს. ბილეთები შოუებზე არც თუ წარმატებით იყიდებოდა [69] და დიდ დარბაზებში დაგეგმილი გამოსვლები გაუქმებული იქნა. როჯერის გამოთვლებით, ამ ტურნემ მას 400.000 ფუნტი დააკარგვინა [70]. 1985 წლის მარტში მან იგივე ტურნე აშშ-ში წარადგინა. ამან ოდნავ შეუწყო ხელი მისი ალბომის პოპულარობას და შტატებში ოქროს სტატუსი მოუტანა.[71]
1986 წელს უოტერსმა ჩაწერა სიმღერები ანიმაციურ ფილმში „როდესაც ქარი ქრის“ გამოსაყენებლად. ამ პერიოდიდან მის დამხმარე ბენდს ეწოდებოდა The Bleeding Heart Band.[72] ამავე შემადგენლობით უოტერსმა 1987 წელს ჩაწერა Radio K.A.O.S. - კონცეპტუალური ალბომი, რომელიც ეფუძნება ინვალიდ ბილის გამოგონილ ისტორიას. ბილი მიჯაჭვულია ეტლზე და საკუთარ თავში ანვითარებს დიდ მანძილზე ელექტრომოწყობილობების მართვის უნარს. მას შეუძლია რადიოტალღებზე მომართვაც. მთელი ალბომის მსვლელობისას იგი ესაუბრება გამოგონილ სადგურ K.A.O.S.-ის წამყვან ჯიმ ლედს. იგი გულნატკენია სამყაროში არსებული მდგომარეობით და შეეცდება ბირთვული ომის მდგომარეობის განსახიერებას. 1987 წელს ალბომს მოჰყვა მასშტაბური საკონცერტო ტურნეც.[73]
1989 წელს, ბერლინის კედლის ჩამონგრევის შემდეგ, ივლისში უოტერსმა გამართა ალბომის The Wall სპეციალური წარმოდგენა - The Wall – Live in Berlin. მას 200.000 ადამიანი დაესწრო.[74] ღონისძიები გაიმართა ომის ვეტერან ლეონარდ ჩეშირის თხოვნით, რომელსაც სჭირდებოდა თანხა საქველმოქმედო ფონდისათვის. უოტერსის ჯგუფს შეუერთდნენ ცნობილი პიროვნებები - უტე ლემპერი, ჰუტერსი, ვენ მორისონი, შინედ ო’კონორი, სინდი ლოუპერი, მერიან ფეითფული, სკორპიონსი, ჯონი მიტჩელი, მსახიობი ჯერი ჰოლი, პოლ კერაკი, ტიმ კერი, ტომას დოლბი და ბრაიან ადამსი. დადგმაში ასევე მონაწილეობდა აღმოსავლეთ გერმანიის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, საბჭოთა ორკესტრი და აშშ-ს სამხედრო ძალების ვერტმფრენები. მარკ ფიშერის მიერ დადგმულ ამ შოუზე გამოიყენებოდა 25 მეტრისა სიმაღლისა და 170 მეტრის სიგრძის მქონე კედელი. ასევე გამოიყენებოდა ჯერალდ სკარფის მიერ პინკ ფლოიდის ტურნესათვის The Wall Tour შემუშავებული მარიონეტების უფრო დიდი ვერსიები. მოწვევა შოუში მონაწილეობაზე მიიღო ბევრმა მუსიკოსმა, თუმცა მათ შორის არ იყვნენ დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი და ნიკ მეისონი.[75] ასევე გამოვიდა კონცერტის აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შტატებში პლატინის სტატუსს ატარებდა.[71]
1990 წელს უოტერსმა დატოვა ლეიბლი Columbia Records. ამიერიდან მისი ახალი მენეჯერი მარკ ფენვიკი იყო. მესამე სოლო ალბომი, Amused to Death როჯერმა 1992 წელს გამოსცა. ჩანაწერის შექმნაზე გავლენა იქონიეს იმ პერიოდის მსოფლიო მოვლენებმა, რომელთა შორის იყო ომი სპარსეთის ყურეში და მოსახლეობის აზროვნებაზე ტელევიზიის მზარდი გავლენა. ალბომის სათაური მომდინარეობს ნილ პოსტმენის წიგნისგან Amusing Ourselves to Death. პატრიკ ლეონარდმა, რომელიც პინკ ფლოიდთან დისკის A Momentary Lapse of Reason ჩაწერისას თანამშრომლობდა, უოტერსის ალბომის თანაპროდიუსერად იმუშავა. ალბომის სიმღერების დიდ ნაწილზე ჟღერს ჯეფ ბეკის სოლო გიტარაზე. დისკის ჩაწერაში სხვა ცნობილმა მუსიკოსებმაც მიიღეს მონაწილეობა.[76] ალბომი ითვლება უოტერსის შემოქმედებაში კრიტიკოსთა მიერ ყველაზე მეტად აღიარებულ სოლო-ჩანაწერად. ბევრი მას ასევე ადარებს პინკ ფლოიდთან ჩაწერილ ალბომებთან.[77] უოტერსის მიერ Amused to Death შეფასებული იქნა, როგორც „გამაოგნებელი ნაშრომი“, რომელიც თავისი მნიშვნელობით უტოლდება ალბომებს Dark Side Of The Moon და The Wall და არის ერთ-ერთი საუკეთესო მის კარიერაში.[78] წარმატება ამ ალბომიდან მხოლოდ ერთმა სინგლმა, What God Wants, Pt. 1 იქონია. ბრიტანეთში, 1992 წლის სექტემბერში მან ჩარტის #35, ხოლო შტატებში - #5 პოზიციამდე (მეინსტრიმული როკ სიმღერების სიაში) მიაღწია.[79] Amused to Death-ს ბრიტანეთში მიენიჭა ვერცხლის სტატუსი.[80] დისკი მხოლოდ მილიონი ასლის სახით გაიყიდა და ამიტომ გადაწყდა, რომ მას მხარდამჭერი ტურნე არ ექნებოდა. სიმღერები ალბომიდან პირველად შესრულდა ტურნეს In the Flesh tour მსვლელობისას, 1999 წელს.[81] 1996 წელს უოტერსი, როგორც პინკ ფლოიდის წევრი, შეყვანილი იქნა აშშ და ბრიტანეთის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში[82].
[რედაქტირება] 1999–2004
1999 წელს, თითქმის 12 წლიანი და მუსიკალური ინდუსტრიიდან გაქრობის 7 წლიანი პაუზის შემდეგ, უოტერსი დაბრუნდა ტურნეს In the Flesh tour ფარგლებში, რომელიც მოიცავდა როგორც მის სოლო, ასევე პინკ ფლოიდის მასალას. აშშ-ში ტურნე ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად როჯერი პატარა დარბაზებში გამოდიოდა, ბილეთებზე იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ მოხდა საკონცერტო დარბაზების უფრო დიდებით ჩანაცვლება. .[83] ტურნემ მოგვიანებით მოიცვა მსოფლიო და გაგრძელდა სამ წელიწადს. საკონცერტო ფილმი და ცოცხალი ალბომი In the Flesh – Live გამოვიდა მოგვიანებით. სამი წლის განმავლობაში შესრულდა უოტერსის მხოლოდ ორი ახალი სიმღერა - Flickering Flame და Each Small Candle. 2002 წლის ივნისში ტურნე დასრულდა 70.000 მსმენელის წინაშე, გლესტონბერის ფესტივალის ფარგლებში გამოსვლით, პინკ ფლოიდის 15 და როჯერის სოლო-კარიერიდან 5 სიმღერის შესრულებით.[83]
2004 წელს კომპანიისგან Miramax ცნობილი გახდა, რომ ბროდვეიზე იგეგმებოდა The Wall-ის დადგმა, რაშიც უოტერსიც მონაწილეობდა. ცნობილი გახდა, რომ მიუზიკლში, რომელზეც მუშაობდნენ, გამოყენებული იქნებოდა პინკ ფლოიდის სხვა ალბომების სიმღერებიც, ისევე როგორც ახალი მასალა.[84] 2004 წლის 1 მაისს, მალტაზე გაიმართა როჯერ უოტერსის ოპერის Ça Ira ნაწყვეტების პრემიერა. 2004 წლის ივლისში უოტერსმა გამოსცა სინგლი To Kill the Child/Leaving Beirut - ორი სიმღერა, რომლებზეც გავლენა იქონია ერაყში 2003 წელს აშშ-ს სამხედრო ძალების შესვლამ და მისი მოზარდობის პერიოდის მოგონებებმა აღმოსავლეთში მოგზაურობის შესახებ. სიმღერაში Leaving Beirut გამოკვეთილია ტონი ბლერისა და ჯორჯ ბუშ უმცროსის პოლიტიკის მკაცრი კრიტიკა.
[რედაქტირება] 2005–დღემდე
2005 წლის ივლისში უოტერსი, მეისონი, რაიტი და გილმორი გაერთიანდნენ კონცერტისათვის Live 8, რომლის ერთი ნაწილი გაიმართა ლონდონის ჰაიდ პარკის ტერიტორიაზე. ეს იყო პინკ ფლოიდის ერთადერთი გამოსვლა უოტერსთან, 24 წლიანი პაუზის შემდეგ.[85] 23 წუთის განმავლობაში სულ შესრულდა ექვსი კომპოზიცია - Speak to Me/Breathe/Breathe (Reprise), Money, Wish You Were Here და Comfortably Numb. გამოცემასთან Associated Press საუბრისას უოტერსი აღნიშნავდა, რომ პინკ ფლოიდთან გამოსვლა მისთვის დადებითი ემოციების მატარებელი იყო, მაგრამ სრული გაერთიანება გამორიცხული იყო მასსა და დევიდ გილმორს შორის მუსიკალური და იდეოლოგიური სხვაობების გამო.[86] მიუხედავად იმისა, რომ უოტერსს და ჯგუფს ჰქონდათ აზრთა სხვადასხვაობა იმ სიმღერების შესახებ, რომლებიც უნდა შეესრულებინათ, იგი დათანხმდა მხოლოდ ერთ კონცერტზე.[87] იმავე რესურსს გილმორმა უამბო: „რეპეტიციებმა დამარწმუნა, რომ ეს არ იყო ის, რასაც დიდი რაოდენობით გავაკეთებდი. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა განშორების მომენტი, რომელიც მათ გაუუქმებიათ, მაგრამ სამართლიანად და კატეგორიულად ვიტყვი, რომ არ შედგება ტური და არ ჩაიწერება ალბომი, რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას. ეს არ ეხება ანონიმურობას ან რამე მსგავსს. ეს არის უბრალოდ...მე იქ ვიყავი, მე ეს გავაკეთე“."[88] 2005 წლის ნოემბერში პინკ ფლოიდი პიტ ტაუნზენდის (The Who) მიერ სიდ ბარეტთან და როჯერ უოტერსთან ერთად შეყვანილი იქნა ბრიტანული მუსიკის დიდების დარბაზში[89]
2005 წლის სექტემბერში გამოვიდა უოტერსის Ça Ira - სამმოქმედებიანი ოპერა, რომელიც შეიქმნა ეტიენ როდა-ჟილის თანაავტორობით. მისი სიუჟეტი ეფუძნება ფრანგული რევოლუციის მოვლენებს.[90] ალბომი გამოვიდა ორმაგი დისკის სახით. ვოკალურ პარტიებს მასზე ასრულებენ ბრინ ტერფელი (ბარიტონი), ინ უანი (სოპრანო) და პოლ გროვეზი (ტენორი).[91] სიუჟეტით მიმდინარე მოქმედებები აღწერილი იქნა ფრანგულ ენაზე როდა-ჟილის და მის მეუღლე ნადინის მიერ. უოტერსმა ოპერის ადაპტირებაზე მუშაობა 1989 წელს დაიწყო.[92] ჩააწერი ბილბორდის კლასიკური მუსიკის ჩარტში #5 ადგილზე მოხვდა.[93]
2006 წელს უოტერსმა დაიწყო საკონცერტო ტურნე The Dark Side of the Moon Live, რომელიც სამწელიწადს გაგრძელდა და მოიცვა ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა. საკონცერტო პროგრამის პირველ ნახევარში სრულდებოდა პინკ ფლოიდისა და უოტერსის მასალა, ხოლო მეორე ნახევრის ძირითადი ნაწილი შედგებოდა ალბომის The Dark Side of the Moon შესრულებისგან - უოტერსმა იგი სრული სახით სოლო-კარიერაში პირველად შეასრულა. შოუს დასასრულს სრულდებოდა სიმღერები ალბომიდან The Wall. საკონცერტო გაფორმებისას გამოიყენებოდა მარკ ბრიკმენის მიერ შემუშავებული ლაზერული ეფექტები, ცეცხლის მფრქვევები, ფსიქოდელიური პროექციები, ბოლის მწარმოებელი მოწყობილობები და გასაბერი ფიგურები (ასტრონავტი და ღორი). ამას თან ერთვოდა 360 გრადუსიანი კვადრო ჟღერადობა. ტურნეს რამდენიმე კონცერტზე უოტერსს The Dark Side of the Moon-ის შესრულებისას ნიკ მეისონიც შეუერთდა.[94] 2007 წლის იანვარში ტურნე გაგრძელდა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის შოუებით, შემდეგ კი აზიის, ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონცერტებით დასრულდა.
2007 წლის მარტში გამოიცა უოტერსის ახალი სიმღერა, Hello (I Love You) - ფილმის უკანასკნელი მიმზი საუნდტრეკიდან. იგი გამოვიდა სინგლის სახით. პრესაში აღინიშნა, რომ „სიმღერაში გადმოცემულია ფილმის თემები, კაცობრიობის საუკეთესო და ყველა ცუდ ინსტინქტებს შორის შეჯახება და ის, თუ როგორ იმარჯვებს ბავშვის უწყინარი ბუნება“.[95] 2008 წლის აპრილში უოტერსი გამოვიდა კოაჩელას ფესტივალზე და აპირებდა მონაწილეობის მიღებას 2008 წლის საქველმოქმედო კონცერტში Live Earth 2008 (რომელიც გაუქმებული იქნა მუმბაის ტერაქტების გამო).[96]
უოტერსის მიერ დადასტურებული იქნა, რომ მის მომავალ სტუდიურ ალბომს შესაძლოა, ერქვას Heartland და ის, რომ დაწერილი აქვს უამრავი სიმღერა (რომელთა ნაწილი უკვე ჩაწერილია). მათი გამოცემა, მისივე თქმით, დაგეგმილი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც შედგებოდა მთლიანი ალბომი.[97] 2010 წლის ივნისში უოტერსმა გამოსცა ცნობილი საპროტესტო სიმღერის We Shall Overcome საკუთარი ვერსიას. 2010 წლის დახურულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, რომელიც გამართა ფონდმა Hoping, მან და დევიდ გილმორმა ერთად შეასრულეს სიმღერები To Know Him Is to Love Him (ის სრულდებოდა პინკ ფლოიდის ადრეულ რეპეტიციებზე); Wish You Were Here, Comfortably Numb და Another Brick in the Wall (Part 2).[98]
2010 წლის სექტემბერში უოტერსმა გამოაცხადა მსოფლიო ტურნეს The Wall Live ჩატარების შესახებ, რომელიც იქნებოდა პინკ ფლოიდის ორიგინალური კონცერტების ახალი ინტერპრეტაცია.[99] გამოცემის Daily Mail მიმომხილველ კოულ მორტონის აზრით, პინკ ფლოიდის ალბომის ტურნე-ვერსია „არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და რთული როკ-შოუ“.[100] ცნობილია, რომ ტურის დადგმას დასჭირდა 37 მილიონი გირვანქა სტერლინგი.[100] რესურსს Associated Press უოტერსმა უამბო, რომ ეს ტურნე ალბათ მის კარიერაში უკანასკნელი იქნებოდა: „მე აღარ ვარ ისეთი ახალგაზრდა. მე არ ვარ ბიბი კინგის ან მადი უოტერსის მსგავსი. არც დიდი ვოკალისტი ვარ, არც დიდი ინსტრუმენტალისტი ან სხვა ვინმე, მაგრამ ჩემში კვლავ ანთებულია ცეცხლი და სათქმელი მაქვს. ჩემში გედის სიმღერაა და ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს“.[101] ტურნეს მსვლელობისას, ლონდონის დარბაზში O2, 2011 წლის 12 მაისს, გილმორი და მეისონი გამოჩნდნენ უოტერსთან Outside the Wall-ის შესრულებისას, თუმცა შოუს მთავარ მომენტად იქცა კედლის თავზე სიმღერაში Comfortably Numb დევიდ გილმორის გამოჩენა და კომპოზიციაში ვოკალური და გიტარის პარტიების შესრულება. [102] 2011 წლის მაისში უოტერსმა მონაწილეობა მიიღო პროგრამაში Desert Island Discs.
[რედაქტირება] აქტივიზმი
2004 წელს ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ უოტერსმა ტელეარხ NBC-ს მიერ მოწყობილ სპეციალურ საქველმოქმედო ტელემარათონზე ერიკ კლეპტონთან ერთად შეასრულა სიმღერა Wish You Were Here.[103]
უოტერსი ბრიტანეთის 2004 წლის სანადირო კანონის წინააღმდეგი იყო. მან მიიღო მონაწილეობა სპეციალურ კონცერტში, რომელიც ამ კანონის გაპროტესტებას ეძღვნებოდა და ახსნა:
„ინგლისის პოლიტიკურმა და ფილოსოფიურმა ატმოსფერომ გული ამიცრუა. ანტისანადირო კანონი უკვე ზედმეტი აღმოჩნდა და დამატოვებინა ინგლისი. რაც შემეძლო, გავაკეთე. გავმართე კონცერტი, ერთ-ორი სტატიაც გამოვაქვეყნე. მაგრამ მრცხვენია, რომ ინგლისელი ვარ. მე ვმონაწილეობდა ჰაიდ პარკში გარეუბნების ალიანსის მიარ გამართულ მსვლელობაში. იქ იმყოფებოდა ასობით და ათასობით ჩვენი თანამოაზრე. კარგი, სამართლიანი ინგლისელი ხალხი. ეს არის კანონმდებლობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის ერთ-ერთი დიდი შემთხვევა, რაც კი ბრიტანეთში გვქონია. აქ საქმე იმაში კი არ არის, ვეთანხმები თუ არა მელიებზე ნადირობას, მაგრამ ბოლომდე დავიცავ მათ უფლებებს ამ კამპანიაში მონაწილეობისას.[104]“
2005 წლის ოქტომბერში მან განმარტა: „ბრიტანეთში ხშირად ვბრუნდები. მე აქაურობა სანადირო აკრძალვების გამო პროტესტის შედეგად არ დამიტოვებია, გაყრის პერიოდში შვილს გავყევი“.[105] ბრიტანეთის დატოვების შემდეგ იგი დასახლდა ლონგ აილენდის (ნიუ-იორკი) ტერიტორიაზე, მეგობარ ლორი დერნინგთან ერთად.[106] 2007 წლის ივლისში იგი გამოვიდა საქველმოქმედო კონცერტზე Live Earth, რომელიც Live 8-ის ერთგვარი გაგრძელება იყო და ეხებოდა გლობალური კლიმატის პრობლემებს. კონცერტზე როჯერთან ერთად გამოვიდა ტრენტონის ბავშვთა გუნდი და გამოიყენებოდა ცნობილი მფრინავი ღორი. ჟურნალისტ დევიდ ფრიკს უოტერსმა აუხსნა, თუ რატომ არის The Wall კვლავ აქტუალური:
მამის დაკარგვა არის ალბომის ძირითადი თემა. წლები გადის და ბავშვები კვლავ და კვლავ კარგავენ მამებს, არაფრის გამო. ახლა ჩანს, რომ ერაყში ეს მამები, კარგი და ნამდვილი ადამიანები, არაფრის გამო დაიღუპნენ. უკანასკნელ კონცერტებზე ვასრულებდი სიმღერას Bring The Boys Back Home. ახლა უფრო აღსანიშნავი და გამართლებულია მისი შესრულება, ვიდრე 1979 წელს.[107]
2007 წელს უოტერსი არჩეული იქნა ათასწლეულის დაპირების, მალარიასთან და სიღარიბესთან ბრძოლის საქველმოქმედო ორგანიზაციის დელეგატად.[108] მან გამოხატა საკუთარი პოზიცია აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე და 2009 წლის ივნისში ღიად გამოხატა თავისი აზრი ისრაელის კედლის შესახებ, უწოდა რა მას „შეურაცხმყოფელი“ და აღნიშნა, რომ „იგი უნდა ჩამოინგრეს“.[109] 2009 წლის დეკემბერში იგი შეუერთდა ღაზას თავისუფლების მარშს[110]. 2011 წლის მაისში უოტერსმა განაცხადა, რომ უერთდებოდა ისრაელის კულტურულ ბოიკოტს.[111]
[რედაქტირება] ტექნიკა და ინსტრუმენტები
პინკ ფლოიდის წევრობისას უოტერსის ძირითადი ინსტრუმენტი იყო ელექტრონული ბას-გიტარა. იგი უკრავდა Höfner-ის ბას გიტარაზე, მაგრამ მოგვიანებით იგი Rickenbacker RM-1999/4001S-ით შეცვალა. დაახლოებით 1970 წელს მან დაიწყო Fender Precision Bass-ის გამოყენება. 1970 წლის ივლისში, ჰაიდ პარკში გამართულ კონცერტზე პირველად გამოჩნდა შავი P-Bass, რომელიც იშვიათად ჩნდებოდა 1972 წლის აპრილამდე. ამის შემდეგ იგი მუდმივად გამოიყენებოდა როჯერ უოტერსის ძირითადი სასცენო გიტარის სახით და იქცა სანიმუშო მოდელის პროტოტიპად.[112] როჯერი იყენებს RotoSound-ის მიერ წარმოებულ Jazz Bass 77-ის ტიპის სიმებს.[113] კარიერის მანძილზე იგი იყენებდა ფირმების Selmer, WEM, Hiwatt და Ashdown გამაძლიერებლებს და სხვადასხვა ეფექტს, რომელთა შორის იყო ექო, ტრემოლო, შეფერხება და სხვები.[114]
უოტერსი ასევე ატარებდა ექსპერიმენტებს EMS Synthi A და VCS 3 ტიპის სინთეზატორებთან. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა კომპოზიციებში On the Run,[115]Welcome to the Machine[116] და In the Flesh?.[117] პინკ ფლოიდის სიმღერებზე იგი უკრავდა აკუსტიკურ გიტარებზე (Fender, Martin, Ovation და Washburn).[114] სიმღერაში Sheep ჟღერს მისი ელექტრონული გიტარა [118], ხოლო აკუსტიკური გიტარის მოსმენა შესაძლებელია პინკ ფლოიდის არაერთ სიმღერაში, როგორიც არის Pigs on the Wing 1 & 2,[119]Southampton Dock [120] და Mother.[121] კომპოზიციაში One of These Days ბას-გიტარაზე უოტერსის მიერ გამოყენებული იქნა ექოს ეფექტი Binson Echorec 2.[122]
[რედაქტირება] დისკოგრაფია
- Music from The Body (რონ გისინთან ერთად) (1970)
- The Pros and Cons of Hitch Hiking (1984)
- When the Wind Blows (საუნდტრეკი) (1986)
- Radio K.A.O.S. (1987)
- The Wall – Live in Berlin (1990)
- Amused to Death (1992)
- In the Flesh – Live (2000)
- Flickering Flame: The Solo Years Vol. 1 (2002)
- Ça Ira (2005)
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ფიტჩი 2005
- ↑ 2.0 2.1 ბლეიკი 2008
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Desert Island Discs, როჯერ უოტერსი. BBC Radio 4 (29 მაისი 2011). წაკითხვის თარიღი: 29 მაისი 2011.
- ↑ CWGC დეტალები
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ მენინგი 2006, გვ. 5–6
- ↑ უოტკინსონი და ანდერსონი 1991
- ↑ უოტკინსონი და ანდერსონი 1991
- ↑ მეისონი 2005, გვ. 12–13
- ↑ 10.0 10.1 პოუი 2008
- ↑ უოტკინსონი და ანდერსონი 1991
- ↑ ბლეიკი 2008, გვ. 14–19
- ↑ პოუი 2008
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ მებეტი 2010
- ↑ კუპერი, ემანუელ. “ჯუდი ტრიმი“, 25 იანვარი 2001. წაკითხვის თარიღი: 14 ოქტომბერი 2010.
- ↑ პოუი 2008, გვ. 335–339
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ NNDB. NNDB. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი 2011.
- ↑ პეიტრესი, მარკ (12 ივნისი 2010). როჯერ უოტერსი: პინკ ფლოიდის ბასისტი კვლავ აშენებს კედელს და პინკ ფლოიდის კონცეპტუალურ ეპიკურ ნაშრომს ახალი საუკუნისათვის შესაბამის ფორმას ანიჭებს. The Sunday Times. წაკითხვის თარიღი: 19 ოქტომბერი 2010.
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ მეისონი 2005
- ↑ მეისონი 2005
- ↑ მენინგი 2006
- ↑ მეისონი 2005, გვ. 17–18
- ↑ მეისონი 2005, გვ. 13–18
- ↑ მეისონი 2005
- ↑ პოუი 2008
- ↑ პოუი 2007
- ↑ მეისონი 2005
- ↑ უოტკინსონი და ანდერსონი 1991
- ↑ მეისონი 2005
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ მეისონი 2005
- ↑ პოუი 2008
- ↑ მეისონი 2005
- ↑ მეისონი 2005
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ პოუი 2008
- ↑ მეისონი 2005, გვ. 30–37
- ↑ მეისონი 2005
- ↑ მეისონი 2005, გვ. 87–107
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ მეისონი 2005, გვ. 106–107, 160–161, 265, 278
- ↑ ბლეიკი 2008, გვ. 3, 9, 113, 156, 242, 279, 320, 398
- ↑ პოუი 2008
- ↑ მეისონი 2005, გვ. 265–269
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ RIAA-ს ოქროს და პლატინის ალბომები. RIAA. წაკითხვის თარიღი: 17 ოქტომბერი 2010.
- ↑ ბლეიკი 2008, გვ. 260–261
- ↑ პოუი და რასელი 1997
- ↑ პოუი 2008
- ↑ ბლეიკი 2008, გვ. 294–299
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ მეისონი 2005, გვ. 264–270
- ↑ შეფნერი 1991
- ↑ 60.0 60.1 ბლეიკი 2008
- ↑ პოუი 2008, გვ. 240–241
- ↑ პოუი 2008, გვ. 221, 237, 240–241, 246
- ↑ მენინგი 2006, გვ. 139
- ↑ მენინგი 2006
- ↑ ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსები. RIAA. წაკითხვის თარიღი: 17 ოქტომბერი 2010.
- ↑ 66.0 66.1 შეფნერი 1991, გვ. 272–273
- ↑ ბლეიკი 2008, გვ. 305–306
- ↑ დეკეინი, მაიკ. The Pros and Cons of Hitch Hiking. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 17 ოქტომბერი 2010.
- ↑ ბლეიკი 2008, გვ. 332–333
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ 71.0 71.1 RIAA-ს სერტიფიცირება. RIAA. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი 2010.
- ↑ ფიტჩი 2005
- ↑ მენინგი 2006
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ ბლეიკი 2008, გვ. 342–347
- ↑ ბლეიკი 2008, გვ. 348–349
- ↑ ბლეიკი 2008, გვ. 347–352
- ↑ მენინგი 2006, გვ. 141, 252
- ↑ როჯერ უოტერსი: ბილბორდის სინგლები. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 20 ნოემბერი 2010.
- ↑ BPI სერტიფიცირება. BPI. წაკითხვის თარიღი: 2 ოქტომბერი 2010.
- ↑ პოუი 2008, გვ. 323–324
- ↑ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი - პინკ ფლოიდი. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი. წაკითხვის თარიღი: 2 ოქტომბერი 2010.
- ↑ 83.0 83.1 პოუი 2008, გვ. 329–334
- ↑ “პინკ ფლოიდის The Wall ბროდვეიზე“, BBC News, 5 აგვისტო 2004. წაკითხვის თარიღი: 2 ოქტომბერი 2010.
- ↑ პოუი 2008, გვ. 237, 266–267
- ↑ შეფნერი 1991
- ↑ ბლეიკი 2008, გვ. 382–383
- ↑ გილმორი უარს ამბობს პინკ ფლოიდის გაერთიანებაზე. MSNBC (9 სექტემბერი 2008). წაკითხვის თარიღი: 6 ოქტომბერი 2010.
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ (27 აგვისტო 2005) უოტერსის ახალი კონცეპცია. Billboard, გვ. 45. წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი 2010.
- ↑ პოუი 2008, გვ. 324–325
- ↑ მენინგი 2006
- ↑ როჯერ უოტერსი: Ca Ira. ბილბორდი. წაკითხვის თარიღი: 17 ოქტომბერი 2010.
- ↑ პოუი 2008, გვ. 319, 334–338
- ↑ როჯერ უოტერსი იწერს სიმღერას Hello (I Love You), რომელიც შეტანილია New Line Cinema-ს ფილმში „უკანასკნელი მიმზი“. Marketwire (იანვარი 2007). წაკითხვის თარიღი: 17 ოქტომბერი 2010.
- ↑ Live Earth India გაუქმებულია მუმბაის ტერაქტების შემდეგ. The Guardian (1 დეკემბერი 2008). წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი 2010.
- ↑ ბრაუნი, მარკ (25 აპრილი 2008). როჯერ უოტერსის სრული ინტერვიუ. Rocky Mountain News. წაკითხვის თარიღი: 17 ოქტომბერი 2010.
- ↑ კრეპსი, დევიდ (12 ივლისი 2010). პინკ ფლოიდის დევიდ გილმორი და როჯერ უოტერსი აოცებენ მაყურებელს მოულოდნელი ერთობლივი გამოსვლით. როლინგ სტოუნი. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი 2011.
- ↑ ჯონსი, რებეკა (27 მაისი 2010). პინკ ფლოიდის როჯერ უოტერსი უბრუნდება The Wall-ს. BBC News. წაკითხვის თარიღი: 19 ოქტომბერი 2010.
- ↑ 100.0 100.1 მორტონი, კოულ (7 ნოემბერი 2010). შეხვედრა როჯერ უოტერსთან კულისებს მიღმა, 60 მილიონიანი გამაოგნებელი შოუს The Wall მომზადებისას. Daily Mail. წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი 2010.
- ↑ ბატლერი, უილ (12 აპრილი 2010). როჯერ უოტერსი უბრუნდება The Wall უკანასკნელი საკონცერტო ტურნესათვის. NPR. წაკითხვის თარიღი: 26 ნოემბერი 2010.
- ↑ პინკ ფლოიდის წევრთა გაერთიანება როჯერ უოტერსის კონცერტზე. www.viagogo.com (16 მაისი 2011). წაკითხვის თარიღი: 16 მაისი 2011.
- ↑ ვარსკვლავები ეხმარებიან ცუნამით დაზარალებულებს. MSNBC. წაკითხვის თარიღი: 2 ოქტომბერი 2010.
- ↑ ბლეიკი 2008
- ↑ როჯერ უოტერსი: საფრანგეთის რევოლუცია. The Independent (4 ოქტომბერი 2005). წაკითხვის თარიღი: 17 ოქტომბერი 2010.
- ↑ ბლეიკი 2008, გვ. 391–392
- ↑ ფრიკი 2009
- ↑ უოტერსი, როჯერ (11 ივნისი 2007). უოტერსი: დიდი სიღარიბის წინააღმდეგ რაღაც შეიძლება მოვიმოქმედოთ. CNN.com. წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი 2010.
- ↑ თილი, სკოტ (2 ივნისი 2009). როჯერ უოტერსი ისრაელს: დაანგრიეთ კედელი. Wired News. წაკითხვის თარიღი: 14 ოქტომბერი 2010.
- ↑ ექსკლუზივი: პინკ ფლოიდის როჯერ უოტერსი გამოხატავს ღაზას მშვიდობიანი მარშისადმი მხარდაჭერას. Democracy Now! (30 დეკემბერი 2009). წაკითხვის თარიღი: 12 ოქტომბერი 2010.
- ↑ როჯერ უოტერსი უერთდება ისრაელის ბოიკოტს. Haaretz (6 მარტი 2011). წაკითხვის თარიღი: 6 მარტი 2011.
- ↑ Roger Waters Precision Bass. Fender.com. წაკითხვის თარიღი: 9 ოქტომბერი 2010.
- ↑ Rotosound Endorsees. Rotosound. წაკითხვის თარიღი: 23 ნოემბერი 2010.
- ↑ 114.0 114.1 ფიტჩი 2005, გვ. 416–430, 441–445
- ↑ მეისონი 2005
- ↑ ფიტჩი 2005
- ↑ ფიტჩი და Mahon 2006
- ↑ ფიტჩი 2005
- ↑ ფიტჩი 2005, გვ. 241–242
- ↑ ფიტჩი 2005
- ↑ ფიტჩი 2005
- ↑ მებეტი 1995
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ბლეიკი, მარკ (2008). Comfortably Numb: The Inside Story of Pink Floyd, პირველი აშშ გამოცემა, რბილი ყდა, ნიუ-იორკი: Da Capo Press. ISBN 978-0-306-81752-6.
- ფიტჩი, ვერნონ (2005). The Pink Floyd Encyclopedia, მესამე გამოცემა, ლონდონი: Collector's Guide Publishing, Inc.. ISBN 978-1-894-95924-7.
- (2006) Comfortably Numb - The Wall-ის ისტორია - პინკ ფლოიდი 1978–1981, პირველი გამოცემა, სანქტ პეტერბურგი, ფლორიდა: PFA Publishing, Inc.. ISBN 978-0-977-73660-7.
- (დეკემბერი 2009) „როჯერ უოტერსი: მობრძანდით ჩემს კოშმარში. The Wall-ის მიღმა“. Mojo Magazine 193: გვ. გვ.68–84.
- მებეტი, ენდი (1995). პინკ ფლოიდის მუსიკის სრული მეგზური, პირველი ბრიტანული გამოცემა, რბილი ყდა, ლონდონი: Omnibus Press. ISBN 978-0-711-94301-8.
- მებეტი, ენდი (2010). პინკ ფლოიდი: მუსიკა და იდუმალება, პირველი ბრიტანული გამოცემა, რბილი ყდა, ლონდონი: Omnibus Press. ISBN 978-1-84938-370-7.
- მენინგი, ტობი (2006). The Rough Guide to Pink Floyd, პირველი აშშ გამოცემა, რბილი ყდა, ლონდონი: Rough Guides Ltd. ISBN 978-1-843-53575-1.
- მეისონი, ნიკ (2005). Inside Out: A Personal History of Pink Floyd, პირველი აშშ გამოცემა, რბილი ყდა, სან ფრანცისკო: Chronicle Books. ISBN 978-0-811-84824-4.
- პოუი, გლენ (2008). Echoes: პინკ ფლოიდის სრული ისტორია, მეორე ბრიტანული გამოცემა, რბილი ყდა, ლონდონი: 3C Publishing Ltd.. ISBN 978-0-955-46241-2.
- პოუი, გლენ (1997). პინკ ფლოიდი: In the flesh, გამოსვლების სრული ისტორია, პირველი აშშ გამოცემა, რბილი ყდა, ნიუ-იორკი: St. Martin's Press. ISBN 978-0-955-46240-5.
- სკარფი, ჯერალდ (2010). პინკ ფლოიდი: კედელი - შექმნა, პირველი აშშ გამოცემა, რბილი ყდა, ნიუ-იორკი: Da Capo Press. ISBN 978-0-306-81997-1.
- შეფნერი, ნიკოლას (1991). Saucerful of Secrets: პინკ ფლოიდის ოდისეა, პირველი აშშ გამოცემა, რბილი ყდა, ნიუ-იორკი: Dell Publishing. ISBN 978-0-385-30684-3.
- (1991) Crazy diamond: სიდ ბარეტი და პინკ ფლოიდის განთიადი, პირველი ბრიტანული გამოცემა, რბილი ყდა, ლონდონი: Omnibus Press. ISBN 978-1-846-09739-3.
[რედაქტირება] დამატებითი ლიტერატურა
- დი პერნა, ალან (2002). Guitar World წარმოგიდგენთ პინკ ფლოიდს. მილუოკი: Hal Leonard Corporation. ISBN 978-0-634-03286-8.
- ფიტჩი, ვერნონ (2001). პინკ ფლოიდი: პრესის რეპორტაჟები 1966–1983. ონტარიო: Collector's Guide Publishing Inc. ISBN 978-1-896-52272-2.
- ჰარისი, ჯონ (2005). The Dark Side of the Moon: პინკ ფლოიდის შედევრის შექმნა. ნიუ-იორკი: Da Capo. ISBN 978-0-306-81342-9.
- ჰაიეტი, ბრაიან (სექტემბერი 2010). „დაბრუნება კედელთან“. როლინგ სტოუნი 1114: გვ. გვ. 50–57.
- მაკდონალდი, ბრუნო (1997). პინკ ფლოიდი: ჯგუფის, მოყვარულთა, მეგობრებისა და მტრების თვალით. ნიუ-იორკი: Da Capo Press. ISBN 978-0-306-80780-0.
- (1994) პინკ ფლოიდი: ვიზუალური დოკუმენტი. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 978-0-711-91444-5.
- მაილზი, ბარი (1982). პინკ ფლოიდი: ბარი მაილზის ვიზუალური დოკუმენტი. ნიუ-იორკი: Putnam Publishing Group. ISBN 978-0-399-41001-7.
- (დეკემბერი 1999) „პინკ ფლოიდი: The Wall-ის შექმნა“. Mojo 73: გვ. გვ. 76–95.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური გვერდი
- როჯერ უოტერსის ოფიციალური Facebook გვერდი
- როჯერ უოტერსი - კუთვნილი კომპანიები მონაცემთა ბაზაში OpenCorporates
|
|||||||||||||||||||||||
| მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე. |