Radiohead

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Radiohead
Radiohead.jpg
Radiohead: ტომ იორკი, ჯონი გრინვუდი, კოლინ გრინვუდი, ედ ო'ბრაიენი, ფილ სელუეი
ბიოგრაფია
წარმოშობა ებინგდონი, ოქსფორდშირი,ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ექსპერიმენტული როკი, ელექტრონული მუსიკა
აქტიური 1985–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი XL, Ticker Tape Ltd., Hostess, TBD, Parlophone, Capitol
ასოციაციები Atoms for Peace
საიტი radiohead.com
ყოფილი წევრები ტომ იორკი
ჯონი გრინვუდი
კოლინ გრინვუდი
ედ ო'ბრაიენი
ფილიპ სელუეი

Radiohead — ინგლისური როკ ჯგუფი ებინგდონიდან (ოქსფორდშირი), ჩამოყალიბებული 1985 წელს. მასში შედიან: ტომ იორკი (ვოკალი, გიტარები, კლავიშიანი ინსტრუმენტები), ჯონი გრინვუდი (გიტარები, კლავიშიანი ინსტრუმენტები, სხვა ინსტრუმენტები), ედ ო'ბრაიენი (გიტარები, დამატებითი ვოკალები), კოლინ გრინვუდი (ბას გიტარა) და ფილ სელუეი (დასარტყმელი საკრავები, პერკუსია).

სადებიუტო სინგლი Creep ჯგუფმა 1992 წელს გამოუშვა. იგი თავდაპირველად წარუმატებელი იყო, მაგრამ ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომის Pablo Honey (1993) გამოცემიდან რამდენიმე თვის შემდეგ მსოფლიო ჰიტად იქცა. Radiohead-ის პოპულარობა ბრიტანეთში გაიზარდა მეორე ალბომის, The Bends (1995) გამოცემით. მესამე ალბომმა OK Computer (1997) მათ უფრო მეტი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. სოციალური გაუცხოების თემებისა და გაფართოებული ჟღერადობის მქონე OK Computer ხშირად ითვლება 1990-იანი წლების ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ჩანაწერად.[1]

ალბომებით Kid A (2000) და Amnesiac (2001) აღინიშნა ჯგუფის მუსიკაში შემდეგი ევოლუცია. Radiohead-ის ჟღერადობაში გამოჩნდა ელექტრონული მუსიკა, კრაუტროკი და ჯაზური ელემენტები. Kid A, რომელმაც გამოცემისთანავე არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, ამჟამად ითვლება 2000-იანი წლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალბომად.[2] Hail to the Thief (2003) ფორტეპიანოსა და გიტარებზე აგებული როკის, ელექტრონიკისა და ომის გავლენით დაწერილი ტექსტების ნარევია, რომელიც იყო ლეიბლზე EMI გამოცემული ჯგუფის უკანასკნელი დისკი. მეშვიდე ალბომი, In Rainbows (2007) თავდაპირველად გამოიცა ციფრული ჩამონატვირთის სახით, რომელშიც მსმენელი ნებისმიერი რაოდენობის თანხას იხდიდა. მოგვიანებით იგი ფიზიკურ მატარებლებზეც გამოვიდა, კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა და ჩარტების მნიშვნელოვან პოზიციებზეც მოხვდა. მერვე ალბომი, The King of Limbs (2011) რიტმისა და უფრო მშვიდი მუსიკალური ტექსტურების გამოკვლევის აღსანიშნავი იყო. იგი ჯგუფმა საკუთარი ხარჯებით გამოსცა.

Radiohead-სდღეისათვის მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 30 მილიონზე მეტი ალბომი,[3] ხოლო ჯგუფის შემოქმედება მოხვდა მსმენელთა და კრიტიკოსთა საყვარელ ჩანაწერთა სიებში. ჯგუფი ასეთი წარმატებით როგორც 1990-იან, ასევე 2000-იან წლებში სარგებლობდა.[4][5] 2005 წელს ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის უდიდეს შემსრულებელთა სიაში Radiohead 73-ე ადგილზე დაასახელა. ედ ო'ბრაიენი და ჯონი გრინვუდი დასახელდნენ Rolling Stone-ის უდიდეს გიტარისტთა , ხოლო ტომ იორკი - უდიდეს ვოკალისტთა სიაში.[6] 2009 წელს Rolling Stone-ის მკითხველთა გამოკითხვის მიხედვით Radiohead 2000-იანი წლების საუკეთესო შემსრულებელთა სიაში მეორე პოზიციაზე დასახელდა.[7]

ისტორია

შექმნა და პირველი წლები (1985–91)

ებინგდონის სკოლა, სადაც ჯგუფი ჩამოყალიბდა

მუსიკოსები, რომლებმაც Radiohead ჩამოაყალიბეს, ერთმანეთი ებინგდონის სკოლაში (ებინგდონი, ოქსფორდშირი, ბიჭუნათა დამოუკიდებელ სასწავლებელში გაიცნეს.[8] ტომ იორკი და კოლინ გრინვუდი ერთმანეთის პარალელურ კლასებში სწავლობდნენ, ედ ო'ბრაიენი და ფილ სელუეი ერთი წლით უფროსები იყვნენ, ხოლო ჯონი გრინვუდი - ძმაზე 2 წლით უმცროსი. 1985 წელს მათ ჩამოაყალიბეს ჯგუფი "On a Friday", რომელმაც ასეთი სახელწოდება შეიძინა იმის გამო, რომ ხუთეული მხოლოდ ყოველი კვირის პარასკევს, სკოლის მუსიკალურ ოთახში იკრიბებოდა.[9] ჯგუფის პირველი კონცერტი გაიმართა 1986 წლის ბოლოს, ოქსფორდის Jericho Tavern-ში;[10] ჯონი გრინვუდი თავდაპირველად ჰარმონიკაზე უკრავდა, მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც კლავიშიან ინსტრუმენტებთან მუშაობა სცადა, ჯგუფის წამყვან გიტარისტად იქცა.[9] მიუხედავად იმისა, რომ იორკმა, ო'ბრაიენმა, სელუეიმ და კოლინ გრინვუდმა ებინგდონი 1987 წელს, უნივერსიტეტში სასწავლებლად დატოვეს, ისინი სკოლაში სარეპეტიციოდ კვირის ბოლოს და დღესასწაულებზე იკრიბებოდნენ.[11] 1991 წელს, როდესაც ყველა წევრმა, გარდა ჯონი გრინვუდისა, დაამთავრა უნივერსიტეტი, On a Friday კვლავ შეიკრიბა და დაიწყო დემო ჩანაწერების მომზადება (ერთ-ერთი ასეთი იყო Manic Hedgehog) და ოქსფორდის სხვადასხვა დარბაზში (მაგალითად, Jericho Tavern-ში) კონცერტების გამართვა დაიწყო. ოქსფორდშირი და თემზის ველი 1980-იანი წლების ბოლოს გამოირჩეოდნენ დამოუკიდებელი მუსიკისადმი განსაკუთრებული ინტერესით, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა shoegazing ჟანრის ჯგუფებს, როგორიც იყო Ride და Slowdive. On a Friday ამ ფარგლებში არ ჯდებოდა, მათივე თქმით, ამ მიმდინარეობაში ბედის ცდა ვერ მოასწრეს, ვინაიდან უნივერსიტეტით დაკავდნენ.[12]

თუმცა, On a Friday-ს საკონცერტო გამოსვლათა რაოდენობამ იმატა. ხმისჩამწერი ლეიბლები და პროდიუსერები მათი მუსიკით დაინტერესდნენ. ჯგუფის Slowdive პროდიუსერმა და ოქსფორდული სტუდიის Courtyard Studios მფლობელმა კრის ჰეფორდმა ჯგუფი თავად იხილა Jericho Tavern-ში. ამით შთაგონებულმა, მან, პარტნიორ ბრაის ეჯთან ერთად ხუთეულს ჩააწერინა დემო ფირი. ორივე On a Friday-ს მენეჯერად იქცა [11] და კოლექტივთან დღემდე თანამშრომლობს. კოლინ გრინვუდისა და EMI-ს A&R განყოფილების წარმომადგენელ კით უოზენკროფტის მუსიკალურ მაღაზიაში შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ ლეიბლთან ჯგუფმა 1991 წლის ბოლოს ექვს ალბომიანი კონტრაქტი გააფორმა[11] EMI-ს თხოვნით, მათ სახელი Radiohead-ზე შეცვალეს, ჯგუფის Talking Heads ალბომის True Stories ერთ-ერთი სიმღერის გავლენით.[11] საგულისხმოა, რომ ეს სიმღერა თავის მხრივ დაიწერა მოზარდობის პერიოდის რეალური ამბის გავლენით, რომელიც მსახიობმა, მწერალმა და რეჟისორმა სტივენ ტობოლოვსკიმ დევიდ ბირნს [13]

Pablo Honey და The Bends, ადრეული წარმატება: 1992—1995

„Drill“, Radiohead-ის პირველი EP გამოვიდა 1992 წელს, თუმცა მისი მდგომარეობა ჩარტებში არც ისე მაღალი იყო . ჯგუფმა დაიქირავა ახალი პროდიუსერები, რათა გამოეშვათ სადებიუტო ალბომი Pablo Honey . ამ ალბომის ჩაწერას დასჭირდა დაახლოებით სამი კვირა. ჩაწერები მიმდინარეობდა ოქსფორდის სტუდიაში და დამთავრდა 1992 წლის ბოლოს.

1992 წელს სინგლის „Creep“ გამოშვების შემდეგ, ჯგუფმა ბრიტანული პრესის ყურადღება მიიპყრო, რომლის დიდი ნაწილიც სულაც არ იყო Radiohead-ის მიმართ კეთილგანწყობილი. „Creep“, რომელიც ტომ იორკმა 80-იან წლებში ექსეტერის უნივერსიტეტში ყოფნისას დაწერა, ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის — სკოტ უოლკერის გავლენითაა შექმნილი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯონი გრინვუდს მისამღერში გიტარის ცნობილი „ღრჭიალით“ მხოლოდ იმ სიმღერის გაფუჭება სურდა, რომელიც დიდად არ მოსწონდა. ერთი წლის მოგვიანებით, მისი ხელახალი ჩაწერის შემდეგ სიმღერა ჰიტად იქცა. სიმღერის კრიტიკამ არ დაახანა — ჟურნალმა NME Radiohead-სასეთი შეფასება მისცა — „მხდალი მიზეზი როკ-ჯგუფის სახელის გასამართლებლად“, „Creep“ არ ტრიალებდა „ბიბისის პირველ რადიოში“ „ზედმეტად დეპრესიულობის“ გამო. 1993 წლის თებერვალში Radiohead-მა მეორე სინგლი „Anyone Can Play Guitar“ ჩაწერა, რომელსაც იმავე თვეში ალბომის Pablo Honey გამოშვება მოჰყვა. ამათგან არც ერთს მოუტანია კომერციული მოგება, ყველაზე ნაკლებად Pablo Honey-ის, რომელმაც მხოლოდ # 32 ადგილს მიაღწია ბრიტანეთში. ეს ალბომი კრიტიკოსთა და თავად ჯგუფის წევრების შეფასებით ყველაზე სუსტია Radiohead-ის შემოქმედებაში. ამას მოჰყვა კიდევ ორი სინგლი — B-გვერდი „Pop is Dead“ და ალბომის ბოლო სიმღერა „Stop Whispering“. ამ შემთხვევაშიც კომერციული წარმატება ისევ არ ჩანდა.

მუსიკალური ნაწყვეტები:
  • "Creep" (1993 წ.)
    Radiohead-სპირველი წარმატება სიმღერამ "Creep" მოუტანა (სადებიუტო ალბომი Pablo Honey), რომელიც საზოგადოებისგან გარიყული პიროვნების უიღბლო სიყვარულზეა დაწერილი. როგორც ამბობენ,
  • ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

ამასობაში „Creep“-მა მოულოდნელად გაიელვა ა. შ. შ.-ში, რასაც ისრაელისა და სან-ფრანცისკოს სკოლის რადიოში გამოწვეული წარმატება მოჰყვა. იმ დროისთვის, როდესაც Radiohead-მა თავისი პირველი ამერიკული ტური დაიწყო (1993) „Creep“ უკვე ტრიალებდა MTV-ზე. სიმღერამ, ბოლოსდაბოლოს, დაიკავა #2 ადგილი თანამედროვე როკის ბილბორდ-ჩარტში, ბრიტანეთში კი, სინგლის ხელახალი გამოშვების შემდეგ #7 პოზიციაზე მოთავსდა.

ამერიკული ტურის დასრულების შემდეგ Radiohead-მა მეორე ალბომზე მუშაობა ები როუდის სტუდიაში, პროდიუსერ ჯონ ლეკისთან თანამშრომლობით დაიწყო. დაძაბულობა დიდი იყო - თუნდაც ის მცირე წარმატება, რაც ჯგუფმა ამ პერიოდში მოიპოვა, მხოლოდ აჩქარებდა მომდევნო ალბომის მოლოდინს. ჯგუფის წევრები დაუღალავად მუშაობდნენ და მაინც უკმაყოფილო რჩებოდნენ, რადგან მათივე აზრით სიმღერები „ჯერ საკმარისად კარგი“ არ იყო მათი. ზეწოლის ჩასაცხრომად ჯგუფმა ავსტრალიასა და შორეულ აღმოსავლეთში მოაწყო ტურები. ამან ცუდად იმოქმედა ტომ იორკზე, რომელსაც სულაც არ სიამოვნებდა MTV-ს ჭყეტელა ეკრანზე საკუთარი თავის ხილვა. 1994 წელს გამოშვებული My Iron Lung, რომელიც ამავე სახელწოდების სინგლში შედიოდა, ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი იყო ალბომიდან Pablo Honey იმ სიღრმემდე, რაც Radiohead-ის მეორე ალბომში იქნა წარმოდგენილი. სინგლი ანდერგრაუნდული რადიო სადგურების მეშვეობით ტრიალებდა, რამაც გაყიდვების მოლოდინს გადააჭარბა კიდეც. ამან Radiohead-ის გულშემატკივართა პატარა ჯგუფსაც მოუყარა თავი. ჩაწერა 1994 წლის ბოლოს დასრულდა. 1995 წლის მაისში კი ახალი ალბომი, The Bends გამოვიდა.

მაშინ როდესაც მედიის ყურადღება მთლიანად ბრიტპოპისკენ იყო მიმართული, Radiohead-სარავინ უწინასწარმეტყველებდა დიდ წარმატებას. ამის მიუხედავად ალბომმა The Bends სამშობლოში გაიბრწყინა — ჩარტები წყალობდნენ სამი გიტარისტის მიერ შექმნილ ჰაეროვან მუსიკას, რომელსაც იორკის ემოციური ფალცეტი და კლავიშებიანი ინსტრუმენტის ხმოვანება ამშვენებდა. მეორე ალბომში ტრანსფორმაცია განიცადა თავად სიმღერის ლირიკამაც — ტომ იორკი უკვე მასშტაბურ და მნიშვნელოვან თემებს ეხება, რითაც გარკვეულწილად აყალიბებს იმ მუსიკალურ იდეოლოგიას, რომლის მიხედვითაც ჯგუფის მომავალი სტილი განისაზღვრა. ამის ნათელი დადასტურება ის ფსიქოლოგიური სარჩულია რაც ამ და შემდგომი პერიოდის ვიდეო კლიპებშია ასახული. ჯემი ტრეივსის გადაღებულმა „Just“ ბევრს ახალი კუთხით დაანახა ეს ოქსფორდელი ბიჭებით დაკომპლექტებული ჯგუფი. ამასთან, აღსანიშნავია ულამაზესი, შავ-თეთრი „მეოცნებე“ „Street Spirit“ (რეჟის. ჯონათან გლეიზერი), სადაც მუსიკის რიტმი ჰარმონიულად ეწყობა კლიპის გმირების ინერტულ მოძრაობებს. ყოველივე ამასთან ერთად, The Bends ასახავს იმას რაც ასე ძლიერ აწუხებდა ჯგუფის თითოეულ წევრს — მომქანცველი რუტინა და ის სევდა რაც ხალხის მიერ მათი ხელოვნებისადმი დამოკიდებულებით იყო გამოწვეული. ეს ძალზე კარგად ჩანს სიმღერაში „Bullet Proof I Wish I Was“, რომლის შემდეგაც ტომ იორკს მომდევნო „როკ-ენ-როლის წამებული“ შეარქვეს, კურტ კობეინისა და რიჩი ჯეიმსის შემდეგ. ასეევე სიმბოლურია ალბომის ყდაც, რომელზეც Radiohead-ის დიზაინერმა სტენლი დონვუდმა იროკთან ერთად იმუშავა. თავდაპირველად იორკს სურდა ალბომზე ხელოვნური სუნთქვის აპარატი ყოფილიყო გამოსახული (ინგლ. iron lung), მაგრამ რადგან სურათი დაკარგა, დონვუდმა ბოლო წუთებში გამოიყენა მედიკოსების ფიტული რომელიც ტომ იორკის სახეს „მიაკერა“.

მიუხედავად კრიტიკული შეფასებებისა, რომელიც ძირითადად Radiohead-ის არაკომერციული მუსიკისადმი იყო მიმართული, ალბომმა 30 საუკეთესო ჰიტს შორის კუთვნილი ადგილი მოუტანა ჯგუფს და ბესტსელერად აქცია საკუთარ სამშობლოში. მოგვიანებით ჯონი გრინვუდმა განაცხადა, რომ წარმატებამ რომელიც The Bends მოჰყვა, საკუთარ ძალებში რწმენა შემატა Radiohead-ს, რაც საბოლოოდ გამყარდა სინგლით „Street Spirit (Fade Out)“, რომელიც #5 გახდა ბრიტანეთის ჩარტში.

1995 წლის ზაფხული Radiohead-მა ჯგუფთან R.E.M. გასტროლებით დაიწყო, რომელიც მაშინდელი პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიულ როკ-ჯგუფად ითვლებოდა, და რომლის გავლენამაც დიდი როლი ითამაშა Radiohead-ის ფორმაციაში. კონცერტის გახსნისას მაიკლ სტაიპმა (ჯგუფი R.E.M. წამყვანი ვოკალისტი) ასეთი კომენტარი გააკეთა: „Radiohead იმდენად კარგია რომ ცოტა მაშინებს კიდეც“. ერთი მხრივ ცნობილი გულშემატკივრების შეფასებამ, ხოლო მეორე მხრივ, კლიპებმა „Just“ და „Street Spirit“ თავისი სიტყვა თქვეს - Radiohead ნელ-ნელა იკრებდა პოპულარობას ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ.

OK Computer, დიდება და კრიტიკოსთა აღიარება 1996—1998

მუსიკალური ნაწყვეტები:

ალბომის The Bends წარმატებამ, რომელიც ტომ იორკის აზრით, იმ თავისუფალი გარემოთი იქნა განპირობებული, სადაც ჯგუფს მუშაობა უწევდა, ბიძგი მისცა Radiohead-სგაცილებით მრავლისმომცველი მუსიკის წვდომისკენ.

1996 წელს ოქსფორდშირის სარეპეტიციო სტუდიაში Radiohead ნაიჯელ გოდრიჩის არანჟირებით ახალ ალბომზე მუშაობს. მისივე ხელმძღვანელობით ჯგუფმა 140 000 $ ღირებულების სტუდიური აპარატურა შეიძინა. თუმცა მანამდე ბევრი სიმღერა იქნა მასშტაბურ კონცერტებზე შესრულებული, რითაც ჯგუფი საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებისკენ ისწრაფვოდა, მიმართავდა რა სიმღერების ცოცხალი შერულებით დახვეწას (მაგალითად ალანის მორისეტის კონცერტის გახსნაზე შესრულებული ტრეკები). თავად იორკის თქმით, ყოველმა კონცერტმა უდიდესი გამოცდილება მოუტანა ჯგუფის უკლებლივ ყველა წევრს — თავად სიმღერების სტრუქტურა მოითხოვდა მათგან სხვადასხვა აკუსტიკის დარბაზებში გამოცდას. ალბომის დანარჩენი ნაწილი მსახიობ ჯეინ სეიმურის XV საუკუნით დათარიღებულ სახლში ჩაიწერა, სადაც საოცრად მშვიდი გარემო სუფევდა მუსიკის შესაქმნელად. ჯგუფი მთელ დღეებს მხოლოდ ჩაწერას ანდომებდა. სიმღერები სხვადასხვა ოთახებში იქმნებოდა, დაუსრუებლად იხვეწებოდა თითოეული აკორდი. ჯგუფის წევრები შთაგონებისთვის „ბითლზს“, დიჯეი შედოუს, ენიო მორიკონეს და მაილს დეივისს უსმენდნენ. აქ არაფერი კეთდებოდა ძალდატანებით — მათ თავად მოსწონდათ იზოლირებული გარემო, რაც მხოლოდ საკუთარ ხელოვნებასთან სიახლოვის მიზეზით იყო განპირობებული. მოგვიანებით ჯონი გრინვუდმა კარგად დაახასიათა ალბომზე მუშაობის პროცესი — ყველანი ერთ ასაკში იყვნენ და თითოეული მათგანი გრძნობდა თუ როგორ გადიოდა მათი შემოქმედება გარდამტეხ პერიოდს მათივე თანაცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. ედ ო’ბრაიენის სიტყვებით, ყველაზე დიდი სტრესი ალბომის დასრულება აღმოჩნდა — როდესაც ყველა შიშმა შეიპყრო თუ როგორ შეხვდებოდნენ მათს მკვეთრად გამოხატულ ინოვაციურ სტილს. წამყვან სინგლად Radiohead-მა „Paranoid Android“ აირჩია, რომელიც ექვსწუთ-ნახევარს გრძელდება (ყველაზე გრძელი სიმღერა ჯგუფის კარიერაში). სიმღერამ #3 ადგილს მიაღწია ბრიტანეთის ჩარტში, თუმცა თავისი ხანგრძლივობის გამო პოპულარობით ვერ სარგებლობდა რადიო სადგურებში. შემდგომმა სინგლებმაც „Karma Police“ და „No Surprises“ ბრიტანეთის ჩარტის საუკეთესო ათეულში კუთვნილი პოზიცია დაიმკვიდრეს. წლის ბოლოს ალბომის ჩაწერა დასრულდა, ხოლო 1997 წლის მარტისთვის ყველაფერი წესრიგში იქნა მოყვანილი.

ალბომი OK Computer მელოდიურ როკ-სიმღერებს მოიცვას, რასაც უჩვეულო მუსიკალური ელემენტები ერთვის თან. სიმღერის სტრუქტურის ექსპერიმენტული მიმართულება ელექტრონიკასა და თანდართულ ხმაურში ჰპოვებს გამოხატულებას. ეს უცნაურად მიმზიდველი ჰანგები, იორკის თქმით, ყოველდღე განუწყვეტლად დაურბოდა თავში მას და მის მეგობრებს. შემდეგ კი, მორიკონეს ელექტრონული და პენდერეკის კლასიკური შემოქმედების გავლენით, ინტრუმეტებზე ცდილობდნენ ამ „აკვიატებული ჟღერადობის“ გადმოცემას. ალბომში შესული ყოველი სიმღერა იმდენად განსხვავდება ერთამეთისგან რომ თვალნათელ მაგალითს ქმნის, თუ რა განსხვავებულ ასპექტში შეიძლება წარმოჩინდეს ტომ იორკის ვოკალი. მრავალფეროვნებას ერთი საერთო შტრიხიც აერთიანებს — აქ შესული ტრეკების ლირიკა, რომელიც ორიგინალაურობითა და სიღრმით გამოირჩევა. განყენებულ საკითხებზე ყურადღების გამახვილების გარდა ტექსტებში არის პოლიტიკური და სოციალური მოწოდებების ხაზიც, რაც, კრიტიკოსთა შეფასებით, იმდროინდელი ბრიტანეთისადმი შესაბამის გზავნილებს აჟღერებდა. განსაკუთრებით კი „Fitter Happier“, რომელიც კომპიუტერული ხმით გადმოცემული 90-იანი წლების სლოგანების კრებულია. იორკის თქმით ალბომის ლირიკაზე უამრავმა ხელოვანმა იქონია გავლენა დაწყებული „ბითლზის“ სიმღერიდან „Happiness Is a Warm Gun“ დამათავრებული შექსპირის პოეზიით, რომელიც შთამაგონებელი აღმოჩნდა ფილმის „რომეო+ჯულიეტა“ საუნდრეკისთვის „Exit Music“. ასევე "Paranoid Android— სამი ცალკეული სიმღერის ერთობლიობა, რაც საკმაოდ კარგად ასახავს „ბითლზის“ და Queen-ის გავლენას. ტომ იორკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობისას გატარებულმა წლებმა თავისებური ასახვა ჰპოვეს ტრეკზე „Climbing up the Walls“, რომელიც თავად ჯგუფის წევრების აღიარებით შემაძრწუნებელი და ამაღელვებელია. კომპაქტ დისკის გარეკანზე მოთავსებული წარწერები კი სწორედ ისაა, რისი გადმოცემაც ბოლომდე ვერ მოხერხდა თავად ალბომში. რაც შეეხება თავად სათაურს, ის იაპონური ფირების მაღაზიიდან წამოვიდა, სადაც პატარა ბავშვმა ხმამაღლა წამოიძახა OK Computer! — ფრაზა, რომელიც იქ მყოფმა ხალხმა აიტაცა. თავდაპირველად სათაური სიმღერისთვის იყო მოფიქრებული, რაც შემდეგ ბისაიდის „Palo Alto“ სახით წარმოდგინდა. როდესაც OK Computer-ის შინაარსზე შეეკითხნენ, იორკმა ასეთი პასუხი გასცა: „ალბომი უფრო იმათზეა, ვისაც იმას ასაღებენ რისი ყიდვაც არ უნდა და იმათზეც ვინც მეგობრულად გიღიმის რათა რაიმე იყიდო მისგან“.

OK Computer-ის გამოსვლის შემდეგ Radiohead პირველად მოექცა ბრიტანეთის ჩარტის სათავეში, რამაც თავის მხრივ, კომერციული მოგება მოუტანა ჯგუფს მსოფლიო ბაზარზე. ა. შ. შ.-ში სადაც OK Computer #21 გახდა, გაიყიდა 1.9 მილიონი დისკი. Radiohead-მა პირველად მიიღო გრემი ამერიკაში სადაც OK Computer საუკეთესო ალტერნატიულ ალბომად დასახელდა, ასევე ნომინირებულ იქნა „წლის ალბომზე“.

OK Computer-ის გამოშვებას Radiohead-ის მსოფლიო ტური მოჰყვა, სახელწოდებით „დემონის წინააღმდეგ“. რეჟისორი გრანტ ლი, რომელმაც სიმღერაზე „No Surprises“ კლიპი გადაიღო, მთელი ტურის განმავლობაში ვიდეოკამერით დაჰყვებოდა ჯგუფს, რაც, შედეგად, 1998 წელს გამოშვებული დოკუმენტური ფილმის „Meeting People Is Easy“ სახით წარუდგინა საზოგადოებას. ფილმი კარგად წარმოაჩენს ძირითად პრობლემებს, რომელიც ინდუსტრიული სამყაროს ულმობლობასა და პრესის გამაღიზიანებლ ზეწოლას უკავშირდება. ამავე პერიოდში გამოვიდა ვიდეო კლიპების კრებული „7 Television Commercials“ და ორი EP, სადაც OK Computer-ის B-გვერდებია შესული; ჯგუფის გულშემატკივართა შეფასებით, ალბომის ბოლო სიმღერა — „Airbag/How Am I Driving?“ გარკვეულ ხიდს წარმოადგენს ალტერნატიულ როკსა და ელექტრონიკას შორის.

Kid A და Amnesiac ჟღერადობის შეცვლა 1999—2001

ჯონი გრინვუდი იყენებს სხვადასხვა ელექტრონულ ინსტუმენტებს კონცერტისა და ალბომის ჩაწერისას:Kid A და Amnesiac

მოპოვებულმა პოპულარობამ და მსოფლიო ტურნემ თავისებური გავლენა იქონია Radiohead-ზე — შედეგად, 1998 წლის დარჩენილი თვეების განმავლობაში ჯგუფი არ ყოფილა შემოქმედებითად აქტიური. ეს ცხოვრებისეული ეპიზოდი დღემდე ცუდად ახსენდება იორკს: „ახალი წლის წინა პერიოდი (1998) ერთ-ერთი ყველზე მძიმე იყო ჩემს ცხოვრებაში… ვგრძობდი თუ როგორ ვგიჟდებოდი. გიტარის აღებისას შიშის გრძნობა მეუფლებოდა. როგორც კი სიმღერის წერას ვიწყებდი, რამდენიმე ხაზის შემდეგ უჯრაში ვინახავდი, შემდეგ ისევ მოვძებნიდი და ნაკუწებად ვაქცევდი.“ დეპრესია იმ აუტანელი ატმოსფეროს შედეგი იყო, რომელიც Radiohead-ის მსოფლიო პოპულარობას მოჰყვა. იორკი გრძნობდა თუ როგორ იქცა მისი მუსიკა ბექგრაუნდის ხმაურად — „fridge buzz“ — როგორც მან უწოდა.

1999 წლის ბოლოს Radiohead-მა მომდევნო ალბომზე დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა რომ ხმის ჩამწერი სტუდიისგან არც ზეწოლას და არც დაწესებულ ვადებს ჰქონია ადგილი, დაძაბულობა მაინც დიდი იყო. Radiohead-ის მომავალთან დაკავშირებით ჯგუფის ყველა წევრს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. საბოლოოდ, უკლებლივ ყველა შეთანხმდა ახალ მუსიკალურ მიმდინარეობაზე, რომელიც თავიდან გადაანაწილებდა როლებს ინსტრუმენტების გამოყენების მიხედვით. თავდაპირველად Radiohead-მა ცოცხალ შესრულებას დროებით თავი მიანება და პროდიუსერ ნაიჯელ გოდრიჩთან ერთად იზოლირებულად დაიწყო მოგზაურობა პარიზის, კოპენჰაგენისა და გლოჩესტერის სტუდიებში, სანამ, საბოლოოდ, ოქსფორდის ახალ სტუდიაში არ დასახლდა. აქ 40 ახლადჩაწერილი სიმღერა 30-მდე იქნა შემცირებული, რომლებიც შემდგომ ორ ალბომში და B-გვერდებში იქნა წარმოდგენილი. OK Computer-ისგან განსხვავებით Radiohead-ის ახალ ტრეკებში ასახული მინიმალისტური სტრუქტურა (სასიმღერო ბგერათა გამეორება, ვიბრაცია) სრულიად განსხვავებულ სტილს სთავზობდა მსმენელს, სადაც გიტარის როლი ნაკლებად იყო წარმოჩენილი. სიმღერებს მრავალფეროვანი ინსტრუმენტალური დავირთვა აქვთ — ტრადიციული როკ-საშემსრულებლო კომპონენტების — გიტარის, ბასის, დოლისა და კლავიშების გვერდის ავლით Radiohead-მა დაიწყო ორგანის, დაპროგრამებული ელექტრონული ბითების, სტრინგისა და ჯაზის ჩასაბერი ინსტრუმენტების გამოყენება. ჯონი გრინვუდმა — ჯგუფის ერთადერთმა წევრმა, რომელსაც თეორიულ მუსიკაში ჰქონდა მიღებული განათლება — სწორედ სტრინგის გამოყენებით ჩაწერა ცნობილი „How to Disappear Completely“, დორჩესტერის წმ. ჯონის სახელობის სააბატო ორკესტრის დახმარებით, სადაც თავად გრინვუდმა ორგანის პარტია შეასრულა. აღსანიშნავია თანამედროვე ჯაზისა და ელექტრონიკის მეტად ორიგინალური შეხამება ტრეკში „The National Anthem“, სადაც ტომის განზრახვით, ჩარლზ მინგესის მიმსგავსებით ჩასაბერი ინსტრუმენტების პარტია დომინირებს. მისივე ინიციატვით, ჯონიმ ამ სიმღერაში უკიდურესად თავისუფალი ჟღერადობის მუსიკა შექმნა, რომელიც „სატრანსპორტო საცობს“ გავს. ასევეა „Idioteque“ — სიმღერა სადაც ორივე გრინვუდმა ექსპერიმენტულ „სემპლინგს“ (ამონაჭრები სხვადასხვა სტილის მუსიკიდან) მიმართა.

მუსიკალური ნაწყვეტები:

რაც შეეხება ლირიკას, ამ ალბომში ყველაზე ნაკლები შინაარსობრივი დატვირთვა სწორედ სიმღერის ტექსტებს აქვს. თავად იორკს ესიმპატიურებოდა აზრი, რომ მისი ხმა კიდევ ერთი ინსტრუმენტი იყო ჯგუფისთვის და ნაკლებად ენიჭებოდა წამყვანი როლი. შესაბამისად, ნაკლები აქცენტი გაკეთდა ტექსტებზე — ზოგი მათგანი სიზმრებისგან მოდიოდა, ზოგი ოცნებებისგან, ზოგიც თავად ჯგუფის წევრებისა და მათი მეგობრების რჩევებით იქმნებოდა (მაგალითად სიტყვები „If you try the best you can, the best you can is good enough“ სიმღერიდან „Optimistic“ იორკს თავისივე მეგობარმა გოგონამ რეიჩელ ოუენმა შთააგონა). ალბომის სახელწოდებას „Kid A“ მრავალი ქვეტექსტი შეუთავსეს, მაგრამ თავად ჯგუფის ლიდერის განცხადებით, ეს ნებისმიერი რიგითობის ამსახველი დეფინიციაა, რაც კი თავში სპონტანურად შეიძლება მოუვიდეს ადამიანს. Radiohead-ის ამ პირველ ფსიქოდელიურ ალბომს შესაბამისი გარეკანი ამშვენებს — ისევდაისევ სტენლი დონვუდისა და „თჩოკის“ (ტომ იორკის მეტსახელი) ფანტაზიით, მასზე გამოსახულია შემთხვევითი კომპიუტერული წესით შერჩეული მთა, რომლის ძირიც აბდაუბდა ნახატით არის „გაფუჭებული“, შუაში კი წითელი გუბეც მოჩანს (გამოხატავს ტერორისტთა და ომის შედეგად დაღუპული ადამიანების სისხლს). ეს სიმბოლურად ასახავს კოსოვოს 1999 წლის ზამთრის ომს. ამ ალბომშიც ჩაიდო იორკისა და ჯგუფის დანარჩენი წევრების პოლიტიკური იდეოლოგია — დისკის ქვეშ მოთავსდა ბუკლეტი, რომელიც მოიცავდა პოლიტიკურ მოწოდებებსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისტონი ბლერის დემონურ პორტრეტს.

18 თვის შემდეგ, 2000 წლის აპრილში Kid A-ს ჩაწერა დასრულდა. იდუმალებისა და კლაუსტროფიული ელემენტების სინთეზმა შოკში ჩააგდო ინდუსტრიული სამყარო. მიუხედავად იმისა რომ ალბომის არც ერთი სინგლი არ გამოსულა, იქმნებოდა „ბლიფები“ (ანიმაციური სახის კლიპები) და ე. წ. „ანტი-ვიდეოები“ რეჟისორ კრის ბრანისა და ჯგუფის დიზაინერ სტენლი დონვუდის მიერ. ყოველივე ეს უფასოდ ვრცელდებოდა ინტერნეტით. მუსიკალური ინდუსტრიის ბოსები გაოცებას ვერ მალავდნენ, რადგან ეს ყველაფერი ალბომის გაყიდვების დონეს მკვეთრად შეამცირებდა. ტომს სთხოვდნენ, დაბრუნებოდა ალტერნატიულ როკს და კომერციული მუსიკა შეექმნა. ყველაფერი პირიქით მოხდა — როდესაც ჯგუფი ბარსელონაში მართავდა კონცერტს, სამი კვირის შემდეგ ისრაელის კონცერტზე ხალხი უკვე ზეპირად მღეოდა Kid A-ს სიმღერებს. ალბომმა ა. შ. შ-სა და ბრიტანეთის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ასევე მოწინავეთა შორის იყო საფრანგეთში, კანადაში, ირლანდიასა და ახალ ზელანდიაში. ამერიკული ბილბორდის სათავეში მოქცევამ კი Radiohead იმ იშვიათი თანამედროვე ბრიტანული ჯგუფების გვერდით დააყენა, რომლებმაც ამერიკულ ბაზარზე შეღწევა მოახერხეს. 2001 წელს Kid A-მ გრემი აიღო საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის. მრავალმა კრიტიკოსმა აღიარა Radiohead, უკვე როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ჯგუფი, თუმცა ახალი ალბომის წარმატებას მსოფლიო მასშტაბები არ მოუპოვებია. იყვნენ ისინიც ვინც Radiohead-სმუსიკალური „ანდერგრაუნდის“ სტილის მიმდევრებად მიიჩნევდა და ჯგუფის მიმართ გამოხატულ ქებას დაუმსახურებულად აფასებდა. Radiohead-ის თაყვანისმცემლებიც შესაბამისი ნიშნით დაიყვნენ — ისინი ვისაც თავზარი დასცა Kid A-მ და ისინი ვინც Kid A-ს Radiohead-ის საუკეთესო ნამუშევრად მოიაზრებდა.

წინა ტურებისგან განსხვავებით, სადაც Radiohead-სის კორპორაციული მონსტრები ასპონსორებდნენ ვის მიმართაც ზიზღს გრძნობდა ჯგუფი, ამჯერად მათ არავის რეკლამირება არ მოსვლიათ აზრად. ნაომი კლეინის ანტიგლობალისტური წიგნის „No Logo“ გავლენით შთაგონებულმა Radiohead-მა მხოლოდ სამი კონცერტი გამართა ჩრდ. ამერიკაში. ტურების დროს Kid A-ს გარდა იმ სიმღერებს ასრულებდნენ რომლებიც გამოშვებული არ ჰქონდათ. სწორედ ამ კომპოზიციებმა უბიძგეს ჯგუფს ახალი ალბომის ჩაწერისკენ, რომელშიც Kid A-ს სესიების დროს შექმნილი კომპოზიციები შევიდოდა. ასეც მოხდა — 2001 წლის ივნისში გამოსული Amnesiac სწორედ ამ ტრეკებით იქნა დაკომპლექტებული. მიუხედავად იმისა რომ Amnesiac წინა ალბომის მსგავსად და გაგრძელებად ითვლება, (მაგალითად, ორივე ალბომში შესული „Morning Bell“ რომელიც განსახვავებული ინტერპეტაციითაა წარმოდგენილი)მისი სტილი მაინც განსხვავებულია — აქ ვანგარდულ ელექტრონიკას და არტ-როკს უფრო მეტი ჯაზის ელემენტები ემატება, რაც სიმღერის მელოდიურობას უზრუნველყოფს. ორივე ფსიქოდელიურ ალბომში გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ჯონი გრინვუდის XX საუკუნის კლასიკური მუსიკით, კერძოდ კი ოლივიე მესიეთი გატაცებამ, და თავად იორკის სიმპათიამ გლიჩის, ემბიენთ ემბიენთ ტექნოსა და აიდიემის მიმართ. თუმცა აქ უფრო აშკარაა თრიპ-ჰოპ ჯგუფის Massive Attack გავლენა.

თავად ტომ იორკმა ალბომის ძირითადი არსი და სათაურის ქვეტექსტი შემდეგნაირად განმარტა: „მე წავიკითხე თუ რად მიაჩნდათ აგნოსტიკოსებს ადამიანის დაბადება — როდესაც ვიბადებით, გვაიძულებენ დავივიწყოთ საიდან მოვდივართ, რათა ის ტრავმა გადავიტანოთ რაც ჩვენს ამქვეყნად მოვლინებას ახლავს თან. ეს აზრი მართლა მომეწონა. რაღაც დავიწყებათა მდინარეს გავს. შეიძლება [ეს ალბომი] იმავე დროს ჩაიწერა …. მაგრამ სულ სხვაგვარი წარმოშობა აქვს. ეს იმას გავს როდესაც ძველიძველ ზანდუკს იპოვი ვიღაცის სხვენზე, და არც ის ადგილი გახსოვს კარგად, რომლისკენაც მინიშნებებს, რუკებს, ნახატებსა თუ დახასიათებებს მიჰყავდი“. სწორედ აქედან მოდის ალბომის სათაური „Amnesiac“ -მის გარეკანზე კი ტომ იორკის ნახატია აღბეჭდილი. ალბომი მიეძღვნა „ნოას და ჯემის“ — ტომ იორკისა და ფილ სელუეის შვილებს, რომლებიც Kid A-სა და Amnesiac-ს ჩაწერის შორის დაიბადნენ.

1997 წლის შემდეგ Radiohead-მა პირველად გამოუშვა სინგლი სახელწოდებით „Pyramid Song“ რომელიც პიანინოზე შესრულებულ ბალადას წარმოადგენს. სინგლმა ბრიტანეთის საუეკეთესო ათეულში #5 პოზიცია დაიკავა, რასაც სულ მალე გიტარაზე შემქნილი „Knives Out“ დაემატა. მართალია ალბომს ერთხაზოვნების დარღვევისა და უსაზღვრო მუსიკალური თავისუფლებისთვის აკრიტიკებდნენ, მაგრამ მან მაინც დაიმსახურა კრიტიკოსთა აღიარება, ისევე როგორც კომერციული მოგება. Amnesiac-ს გამოშვების შემდეგ, ჯგუფმა მსოფლიო ტური წამოიწყო ჩრდ. ამერიკაში, ევროპასა და იაპონიაში. ასევე ამ პერიოდში გამართეს ზაფხულის მინი-ფესტივალი მშობლიურ ოქსფორდში, რაც პირველი აღმოჩნდა მიღწეული დიდების შემდეგ. კონცერტში მოწვეული იყვნენ ცნობილი ჯაზმენები, რომლებმაც Amnesiac-ს ბოლო ტრეკზე — „Life in a Glasshouse“ — ჩასაბერი ინსტრუმენტების პარტია შეასრულეს. ამავე წლის შემოდგომაზე გამოვიდა ალბომი „I Might Be Wrong: Live Recordings“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო კონცერტებზე შესრულებულ სიმღერებს აერთიანებს (ალბომებიდან Kid A და Amnesiac).

ხარვეზები და „Hail to the Thief“ 2002—2004

Amnesiac-ს ტურის დასრულების შემდეგ Radiohead-მა გასტროლები ესპანეთსა და პორტუგალიაში განაგრძო, რითაც ჯგუფის წევრებმა შესაძლებლობა გამოიყენეს ახალი სიმღერები წარედგინათ საკუთარი მსმენელის წინაშე. შედეგად, ლოს-ანჟელესის სტუდიაში მალევე ჩაწერეს ახალი ალბომი, რომელსაც ოქსფორდში ჩაწერილი სიმღერებიც მიამატეს. სტუდიურმა მუშაობამ და სასურველი ჟღერდაობის მისაღწევად გაღებულმა ძალისხმევამ გადაღალა Radiohead. ამჯერად მრავალფეროვნებისთვის კონცერტებსა და ტურებზე გადაერთო ჯგუფი, სადაც შესატყვისი გარემო იყო შექმნილი ახალი ალბომის ელეტრონული, სტერეო ხმების გადმოსაცემად. რიგით მეექვსე ალბომი Hail to the Thief (2003 წლის ივნისი) ყველა იმ ასპექტს მოიცავს რაც Radiohead-ის ადრეულ ნამუშევრებში იქნა წარმოდგენილი — გიტარის, ელექტრონიკისა და თემატური ტექსტების ერთობლიობა საინტერესო ილუზიურ განწყობას ქმნის. ლირიკის მხრივ ყველაზე საინტერესოა ალბომის პირველი სიმღერა „2+2=5“ . მისი შექმნის ისტორია ბრიტანელი მწერლის ჯორჯ ორუელის (1903—1950) ნაწარმოებს „Nineteen Eighty-Four“ უკავშირდება. რომანის მთავარი გმირი ცხოვრობს ქალაქში, სადაც ხელისუფლების გავლენით ხალხის აზროვნება რადიკალურად იცვლება — ისინი პოლიტიკოსების მიერ თავსმოხვეული აზრებით იწყებენ ცხოვრებას. გმირიც კარგავს თავის ინდივიდუალიზმს, ჩაერთვება ამ დიდ სიყალბეში და აღიარებს, რომ 2+2=5. იორკს ამ წიგნმა უბიძგა სიმღერის დაწერისკენ, რითაც კიდევ ერთხელ გამოთქვა პროტესტი არსებული სიყალბისა და დემაგოგიის მოყვარული პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა რომ ალბომს საკმაოდ პოზიტიური შეფასება მისცეს, კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს რომ ეს მიღწეულის შენარჩუნებას უფრო გავს ვიდრე იმ „ჟანრობრივ ცვლილებას“ რომელიც მათი მესამე ალბომიდან დიწყო. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია Radiohead-ისთვის მეოთხედ მოეპოვებინა #1 ადგილი ბრიტანეთში. კომერციული მოგების მხრივ, საშუალო წარმატება მოიპოვა ა. შ. შ.-ში, სადაც ალბომის გამოშვებიდან პირველი კვირის განმავლობაში საოცარი ტემპით იზრდებოდა გაყიდვების რაოდენობა, შემდეგ კი დაეცა. მთავარი სინგლი There There #4 გახდა ბრიტანულ ჩარტში ხოლო შემდგომი სინგლები „Go to Sleep“ და „2+2=5“ შესაბამისად #12 და #15 ადგილებზე განთავსდნენ. Hail to the Thief ნომინირებული იყო გრემიზე როგორც „საუკეთესო ალტერნატიული ალბომი“ (უკვე მეხუთედ ჯგუფის ისტორიაში). პროდიუსერმა ნაიჯელ გოდრიჩმა კი მიიღო გრემი „ალბომის საუკეთესო არანჟირებისათვის“.

მართალია სახელწოდება Hail to the Thief მიჩნეული იყო, როგორც 2000 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მიმართულ პროტესტად (კონკრეტულად კი იმ „ქურდის“ მიმართ ვინც არჩევნები „მოიპარა“), მაგრამ იორკმა ეს ყოველივე უარყო. მისი თქმით მასზე 2001—2002 წლებში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი გავლენა ჰპოვეს და სათაურიც აქედან დაიბადა. ალბომის გარეკანზე გამოსახულია ლოს-ანჟელესის ხედი ლონდონის, გროზნოსა და ბაღდადის ქუჩების რუკებით. Hail to the Thief-ის გამოშვების შემდეგ Radiohead-მა მორიგი საერთაშორისო ტურნე წამოიწყო, რომელიც 2003 წლის გლასტონბერის ფესტივალში მონაწილეობით დაიწყო და 2004 წლის კოაჩელას ფესტივალზე გამოსვლით დასრულდა. დროის მომდევნო მონაკვეთი ოქსფორდის სტუდიაში ჩაწერებით გაგრძელდა, მაგრამ მალევე შეფერხდა, რადგან ედ ო'ბრაიენი და კოლინ გრინვუდი შვილებს ელოდებოდნენ და საკუთარ ოჯახებთან ყოფნა ესაჭიროებოდათ. საკონტრაქტო ვალდებულებებისგან გათავისუფლებულმა ჯგუფის წევრებმა 2004 წლის დარჩენილი თვეები დასვენებასა და სოლო-პროექტებზე მუშაობას მიუძღვნეს. ამავე წლის დეკემბერში გამოუშვეს სატელევიზიო შოუ „The Most Gigantic Lying Mouth of All Time“.

სხვადასხვა პროექტები და The King of Limbs (2009–დღემდე)

ტომ იორკი Radiohead-ის 2006 წლის კონცერტზე

გამომდინარე იქიდან, რომ Hail To The Thief ტურნეს დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრები გადაიღალნენ, 2004 წელი დასვენებასა და ოჯახთან ყოფნას მიუძღვნეს. 2005 წლის თებერვლიდან Radiohead მეშვიდე სტუდიურ ალბომზე მუშაობას შეუდგა. ჩაწერა განხორციელდა მარკ მარკ „სპაიკ“ სტენტისა და მათი პროდიუსერის ნაიჯელ გოდრიჩის თამაშრომლობით. ალბომის დასრულებამდე Radiohead-მა უარი განახცადა ტურების მოწყობაზე, თუმცა სტუდიური სესიების პარალელურად ჯგუფის წევრები კონცერტებზე გამოდიოდნენ, რაც ჩაწერილი კომპოზიციების დახვეწასა და ფორმაციაში ეხმარებოდათ. ლონდონში გამართულ ეზერის ფესტივალზე (2005) იორკმა და ჯონი გრინვუდმა ახალი სიმღერის „Arpeggi“ დებიუტი მოაწყეს; ამავე ფესტივალზე ჯონი გრინვუდმა თავისი ორი კლასიკური ნამუშევარი წარადგინა, რომლებიც ონდეს მარტენოტზე შესრულდა. ზაფხულის მიწურულს, იორკმა აკუსტიკური სეტი დადგა სამართლიანი ვაჭრობისთვის გამართულ მიტინგზე (ინგლ. Trade Justice Rally), სადაც ალბომის OK Computer ჩაწერისას მოსინჯული ტრეკები „Nude“, „Reckoner“, „House of Cards“ და „Last Flowers Till Hospital“ გაჟღერდა. სექტემბრის ბოლოს ჯგუფმა „I Want None of This“ ჩაწერა, რომლის სასიმღერო ხაზიც პიანინოზეა შექმნილი. მართალია სინგლი არ გამოუშვეს, მაგრამ სიმღერა საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის „War Child“ ჩაწერილ ალბომში A Day in the Life შევიდა, რომლის ონლაინ-გაყიდვაშიც ჩამოტვირთვების ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ Radiohead-ის ტრეკმა დაიმსახურა.

2006 წლის გაზაფხულის სესიები ჯგუფმა პროდიუსერ მარკ „სპაიკ“ სტენტთან დაიწყო (და არა ნაიჯელ გოდრიჩთან, რომელთანაც Radiohead რამდენიმე წელია თანამშრომლობს), მაგრამ მალევე დაასრულა. სტუდიური სესიები რეგულარულად შუქდებოდა ჯგუფის ოფიციალურ საიტზე Dead Air Space, სადაც ბიჭები შთაბეჭდილებებს საიტზე გაკეთებული პოსტების საშუალებით გადმოსცემდნენ. მომდევნო თვეები Radiohead-მა ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში მოწყობილი ტურებით განაგრძო. ბილეთები ყველა კონცერტზე ბოლომდე გაიყიდა. ამ პერიოდში Radiohead მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაციითვის Friends of the Earth კამპანიაში, რომელიც კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამას გარდა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ფესტივალზე „ბონარუ“ (აქ Radiohead-მა ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური კონცერტი გამართა და 28 სიმღერა შეასრულა) და გახსნა „V ფესტივალი“. აქ განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოჩნდა წინა კონცერტებზე შესრულებული ტრეკები, და მასთან ერთად ათი ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. ტურნე იორკის სადებიუტო სოლო-ალბომის The Eraser გამოშვებას დაემთხვა, თუმცა აქედან მხოლოდ „Cymbal Rush“ შესრულდა ერთ-ერთ საქველმოქმედო შოუზე.

შემდგომი სესიები ისევ ნაიჯელ გოდრიჩთან ერთად გაგრძელდა. ამასთან დაკავშირებით ტომ იორკმა Dead Air Space-ზე აღნიშნა: „ახლა კი წესიერად დავიწყებთ ჩაწერას… მე მგონი, ბოლოსდაბოლოს, რაღაც გამოგვდის.“ სესიები საშობაო არდადეგებამდე გაგრძელდა, განახლების შემდეგ კი პოსტები ეტაპობრივად აღწერდნენ თუ როგორ მუშავდებოდა ჩაწერილი მასალა. 2007 წლის აგვისტოში ალბომის არანჟირება ნიუ იორკში მოხდა, რამაც In Rainbows ჩაწერის პროცესი დასასრულისკენ მიიყვანა.

ჯონი გრინვუდი ჰურიკანის ფესტივალზე

რაც შეეხება ლეიბლს, ხმის ჩამწერ კომპანიასთან EMI ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ Radiohead საკონტრაქტო ვალდებულებებისგან აბსოლუტურად თავისუფალი გახდა. გადაწყვეტილება თავად ჯგუფის წევრებმა მიიღეს, რომლის მიხედვითაც ლეიბლზე მაშინ დაფიქრდებოდნენ, როდესაც მასალა გამზადებული იქნებოდა. რაც შეეხება თავად EMI-სთან კონტრაქტის გაგრძელებას, იორკმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ალბომის გამოშვებისთვის კონტრაქტი დადებული არ გვაქვს. შემოთავაზებები? ერთადერთი, რაც გვინდა — ის ძველი EMI დაბრუნდეს — მშვენიერი, ნაზხელება მეწარმეები, რომლებსაც მუსიკა ლამაზად განსახორციელებელ პროექტად მიაჩნდათ და ნაკლებად ადარდებდათ აქციონერები. მაგრამ სადაა…“

Radiohead-ის დიზაინერმა სტენლი დონვუდმა In Rainbows „უჩვეულოდ მინიმალისტურად“ დაახასიათა, რომელშიც ყველაზე აქტიურად ბასი გამოიყენება. რაც შეეხება ლირიკას, იორკის თქმით „ეს იმ ანონიმურ მშიშარა არსებას გავს რომელიც ტროტუარზე ზის და ფიქრობს ‘დარწუმნებული ვარ რაღაც სხვას უნდა ვაკეთებდე’… ეს უფრო OK Computer-ს გავს, მაგრამ გაცილებით შოკისმომგვრელია.“

Dead Air Space-ზე გაკეთებულ პოსტებში იორკმა ჯეი. ჯი. ბალარდის წიგნიდან მოიყვანა ციტატები, სადაც იმ საიტებზე მიუთითა, რომლებიც ატომური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგოდ ქადაგებენ. ეს კი ახალი ალბომის ტექსტუალურ დატვირთვაზე მიანიშნებს.

ჯგუფის წევრები

დისკოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Radiohead-ის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

სქოლიო

  1. Erlewine, Stephen Thomas. "OK Computer" Allmusic. Retrieved 2012-01-31
  2. 100 Best Albums Of The 2000s. No.1. Radiohead, 'Kid A' Rolling Stone. 2012-01-31
  3. Jonathan, Emma. "BBC Worldwide takes exclusive Radiohead performance to the world". BBC. 3 May 2011. Retrieved 15 ივლისი 2011.
  4. Radiohead gun for Beatles' Revolver“, BBC News, 3 სექტემბერი 2000. წაკითხვის თარიღი: 28 სექტემბერი 2008. 
  5. Radiohead — In Rainbows Is Overwhelming Critics Choice for Top Album. Contact Music (18 დეკემბერი 2007). წაკითხვის თარიღი: 3 ოქტომბერი 2009.
  6. (22 აპრილი 2005) „The Greatest Artists of All Time: 73) Radiohead“. წაკითხვის თარიღი: 3 ოქტომბერი 2008. 
  7. Green Day Named Top Artists Of The Decade By Rolling Stone Readers MTV. Retrieved 2012-01-31
  8. McLean, Craig. “Don't worry, be happy“, 14 ივლისი 2003. წაკითხვის თარიღი: 25 დეკემბერი 2007. 
  9. 9.0 9.1 Randall, Mac (1 აპრილი 1998). „The Golden Age of Radiohead“. 
  10. Clarke, Martin (5 May 2006). Radiohead: Hysterical and Useless. Plexus. ISBN 0859653838. 
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Ross, Alex. “The Searchers“, 20 აგვისტო 2001. წაკითხვის თარიღი: 16 მარტი 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან 14 თებერვალი 2008-ში. 
  12. Kent, Nick (1 ივლისი 2001). „Happy now?“. 
  13. უამბო.http://www.slashfilm.com/tobolowsky-files-ep-44-the-voice-from-another-room/


რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
Musical notes.svg მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Radiohead&oldid=2779422“-დან