ალექსანდრე ბოროდინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Borodin.jpg

ალექსანდრე პორფირეს ძე ბოროდინი (გედევანიშვილი) (რუს.: Александр Порфирьевич Бородин) (დ.12 ნოემბერი (სხვა წყაროებით 31 ოქტომბერი), 1833 – გ. 27 თებერვალი (სხვა წყაროებით 15 თებერვალი), 1887) ქართული წარმოშობის რუსი ქიმიკოსი და კომპოზიტორი. თავადი ლ. გედევანიშვილის შვილი (ჩაწერილი იყო, როგორც თავადის მსახურის - პორფირი ბოროდინის შვილი). იყო "მძლავრი ჯგუფის" წევრი. განთქმულია სიმფონიებით, ორი კვარტეტით სიმებიანი საკრავებისათვის და ოპერით თავადი იგორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა სანქტ-პეტერბურგში თავადის ოჯახში. მამა ქართველი ჰყავდა: ლუკა სიმონის ძე გედევანიშვილი, ხოლო დედა - რუსი: ევდოკია კონსტანტინეს ასული ანტონოვა (Евдокии Константиновны Антоновa). 1856 წელს დაამთავრა სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. 1874-იდან სამედიცინო აკადემიური ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქალთა უმაღლესი სასწავლებლის, ქალთა საექიმო კურსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და პედაგოგი (1872-1887). XIX ს-ის 50-იან წლებში დაიწყო რომანსების, საფორტეპიანო პიესების კამერულ-საკრავიერი ანსამბლების შექმნა. 1862 წელს გაეცნო მ. ბალაკირევის, ვ. სტასოვის და ამ წრის სხვა წევრთა გავლენით საბოლოოდ ჩამოაყალიბა მისი, როგორც მიხეილ გლინკას მიმდევრის მუსიკალურ-ესთეტიური შეხედულებანი.

ნამუშევრები ქიმიაში[რედაქტირება]

ალექსანდრე ბოროდინი

ქიმიაში 40-ზე მეტი ნაშრომი აქვს. ბოროდინს ეკუთვნის ბრომჩანაცვლებული ნაჯერი კარბონმჟავების მიღების ორიგინალური ხერხი. მანვე მიიღო პირველი ფთორორგ. ნაერთი - ბენზოლის ფთორიდი (1862) აღწერა ალდოლი, ალდოლური კონდესაციის რეაქცია.

შემოქმედება[რედაქტირება]

ბოროდინის შემოქმედებითი მემკვიდრეობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს კლასიკური მუსიკის საგანძურში.

ბოროდინის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ოპერა "თავადი იგორი". სამეცნ. და პედ. საქმიანობით გადატვირთული კომპოზიტორი ვერ მუშაობდა ინტენსიურად. ოპერა იწერებოდა 18 წელი და მაინც დაუმთავრებელი დარჩა. (ბოროდინის სიკვდილის შემდეგ იგი დაამთავრეს ნ. რიმსკი-კორსაკოვმა და ალექსანდრე გლაზუნოვმა; დაიდგა 1890, მარიამის თეატრში, სანქტ-პეტერბურგში). ოპერა გამოირჩევა სახეების მონუმ. მთლიანობით, ძლიერი ხალხ. საგუნდო სცენებით და ეროვნული კოლორიტით. "თავადი იგორი" აგრძელებს გლინკას ეპიკური ოპერის "რუსლანი და ლუდმილას" ტრადიციებს. ბოროდინი რუსული კლასიკური სიმფონიისა და კვარტეტის ერთ-ერთი შემქმნელია. მისი I სიმფონია (1867) ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვისა და პეტრე ჩაიკოვსკის ამავე ჟანრის ნაწარმოებებთან ერთად წარმოადგენს რუსული სიმფონიზმის ეპიკურ-ჰეროიკული მიმართულების საწყისს. მსოფლიო ეპიკური სიმფონიზმის მწვერვალია ბოროდინის II სიმფონია (1876). კამერულ-საკრავიერი ჟანრის საუკეთესო ქმნილებებია კვარტეტები (I - 1879, II - 1881). ბოროდინი კამერულ-ვოკალური მუსიკის დიდი ოსტატია. მისი ვოკალური ლირიკის ნიმუშია ელეგია "შორეული სამშობლოს ნაპირებისთვის" (პუშკინის სიტყვებზე). მან პირველმა შემოიტანა რომანსებში 60-იანელთა განმანათ. იდეები ("უღრანი ტყის სიმღერა" და სხვა). შექმნა აგრეთვე სატირულ-იუმორისტული ხასიათის სიმღერები ("ყოყლოჩინა" და სხვა). ბოროდინის შემოქმედებას ამჩნევია რუსული ხალხური და აღმოსავლეთის ხალხთა მუსიკის კვალი ("თავადი იგორი", სიმფონიები, სიმფონიური სურათი "შუა აზიაში")

ბოროდინის თვითმყოფადმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა რუს და საზღვარგარეთულ კომპოზიტორებზე. მისი შემოქმედებით ტრადიციებს აგრძელებდნენ საბჭოთა კომპოზიტორები (ს. პროკოფიევი, ი. შაპორინი, გ. სვირიდოვი, ა. ხაჩატურიანი და სხვა). ამ ტრადიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამიერკავკასიისა და შუა აზიის ხალხთა ეროვნ. მუს. კულტურის განვითარებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]