პიტერ გებრიელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიტერ გებრიელი
Peter Gabriel Allan Warren.jpg
ბიოგრაფია
დაიბადა 13 თებერვალი, 1950 (1950-02-13) (ასაკი 62)
წარმოშობის ადგილი სურეი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პროგრესიული როკი
პოპ როკი
საქმიანობა ვოკალისტი, მუსიკოსი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, დასარტყამები, ფორტეპიანო, გიტარა, ფლეიტა
აქტიური 1967 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Geffen (აშშ/კანადა)
Real World
Virgin
Charisma
Atlantic (აშშ/კანადა)
EMI (ბრაზილია)
ასოციაციები ჯენესისი, ფილ კოლინზი
ვებგვერდი petergabriel.com

პიტერ ბრაიან გებრიელი (*13 თებერვალი, 1950, სურეის საგრაფო, ინგლისი) — ინგლისელი მუსიკოსი. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ ჯენესისის ყოფილი ვოკალისტი და ფლეიტისტი. ჯგუფის დატოვების შემდეგ იგი წარმატებულ სოლო-კარიერას მიჰყვება, მუშაობს ეთნიკური მუსიკის შემსრულებლებთან და ითვისებს ციფრული მუსიკის მიწოდების თანამედროვე სტანდარტებს.იგი აგრეთვე მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებშიც.

სექციების სია

[რედაქტირება] ცხოვრების პირველი წლები

პიტერი დაიბადა სურეის საგრაფოში (ინგლისი).[1] მისი მამა იყო ელექტროინჟინერი, ხოლო მისი დედა მუსიკალური ოჯახიდან იყო და ასწავლიდა პიტერს კლარნეტზე დაკვრას. [2]პიტერი დადიოდა კერძო სკოლაში, სურეის საგრაფოში, შემდეგ - 1963 წლიდან, ჩარტერჰაუსის სკოლაში.

[რედაქტირება] ჯენესისში

პიტერ გებრიელი ჯენესისში

1967 წელს, სკოლაში სწავლისას, გებრიელმა დააარსა ჯგუფი ჯენესისი.მასთან ერთად კოლექტივში შედიოდნენ ტონი ბენკსი, ენტონი ფილიპსი, მაიკ რეზერფორდი და კრის სტიუარტი.ჯგუფის სახელწოდება მათი პროდიუსერის, ჯონატან კინგის იდეა იყო.

სოულის სტილის მუსიკის მოყვარულმა გებრიელმა ჯგუფის პირველ ალბომში აქცენტი გააკეთა ამ ტიპის სიმღერებზე.შემდგომში, ჯგუფმა შეიცვალა მუსიკალური მიმართულება, რომელშიც იგი მუშაობდა და პროგრესულ როკს უკრავდა.ამის შემდეგ, ჯენესისს სახელი გაუვარდა მთელ ინგლისში, იტალიაში, ბელგიაში და გერმანიაში.

პიტერის სასცენო გამოსვლები გამოირჩეოდა საინტერესო კოსტიუმებითა და თეატრალიზებული შოუთი.ჯგუფიდან წასვლის (1975 წელი) შემდეგ, დღემდე, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს სასცენო გამოსვლის ამ ელემენტს.

ჯგუფის დატოვების შემდეგ გებრიელმა საკუთარი სოლო-კარიერა დაიწყო, თუმცა თავდაპირველად ასეთი გეგმა არ ჰქონდა, რადგან ძალიან დაღლილი იყო მუსიკალურ ბიზნესში მოღვაწეობით.

[რედაქტირება] სოლო-კარიერა

პირველი სოლო-ალბომების სახელწოდებებზე გებრიელმა პრინციპულად თქვა უარი. ამრიგად, პირველი ოთხი დისკი გამოვიდა სახელით Peter Gabriel, მაგრამ პირობითად მათ ეწოდებოდა I, II, III და IV. ამ უკანასკნელს შტატებში ასევე ეწოდა Security.

შემდგომი ალბომების სახელწოდებებში შეიჩნევა ორ ასოიანი სიტყვები - So, Us, და Up. გებრიელის სიმღერების უკანასკნელ კრებულს ეწოდება Hit, ხოლო მის ცალკეულ დისკებს - Hit და Miss.

[რედაქტირება] დასაწყისში

ალბომი Peter Gabriel ჩაწერილი იქნა 1976-1977 წლებში, პროდიუსერ ბობ ეზრინის დახმარებით. პირველი სოლო-წარმატება გებრიელს ეწვია სინგლის Solsbury Hill დახმარებით, [3]რომელშიც მუსიკოსი ირონიულად მღერის, ჩემს მეგობრებს ეგონა, რომ სულელი ვიყავი. აქ იგი მიგვითებს საკუთარ გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა ჯენესისი, მიწათმოქმედებით დაკავებულიყო, მუსიკალურ ექსპერიმენტებთან ერთად.

სადებიუტო დისკით პიტერი ასე თუ ისე კმაყოფილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ Here Comes the Flood, მისი აზრით, გადამატებული გამოვიდა. სიმღერის უფრო მოგვიანებით გამოცემული ვერსიები სრულდება მხოლოდ ფორტეპიანოს და ვოკალის თანხლებით.

მეორე სოლო-ალბომზე, Scratch, გებრიელმა ითანამშრომლა გიტარისტ რობერტ ფრიპთან, დისკი უფრო ბნელი და ექსპერიმენტული გამოვიდა, მაგრამ ჰიტ-სინგლებს არ შეიცავდა.

სხვადასხვა ეთნიკური მუსიკით დაინტერესება პიტერმა შემდეგ ალბომებზე მუშაობისას გამოხატა. მესამე დისკზე რამდენიმე სიმღერაში ფილ კოლინზმაც დაუკრა (მაგალითად, Intruder-ზე).

1981-1982 წლებში პიტერი მუშაოდა მეოთხე სტუდიურ დისკზე. აქ აქტიურად გამოიყენებოდა სინთეზატორი Fairlight, რომელსაც სხვა 1980-იან წლებში სხვა მუსიკოსებიც იყენებდნენ. ამით გებრიელის სიმღერების ჟღერადობა უფრო გაფართოვდა.

ყოველ ალბომს თან ახლდა მასშტაბური საკონცერტო ტური. საკონცერტო გამოსვლების დროს კვლავ ადგილი ჰქონდა თეატრალიზებულ სანახაობებს, რამაც სახელი გაუთქვა მუსიკოსს ჯერ კიდევ ჯენესისში ყოფნის დროს. მეორე სოლო-ტურის მსვლელობისას ბენდის ყველა წევრმა სპეციალურად გაიპარსა თავები. მეოთხე ალბომთან დაკავშირებული ტურის დროს კი უკვე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სასცენო გაფორმებას, მოულოდნელ მაკიაჟსა თუ სამოსს.

1982-1983 წლების ტურების დროს ჩაწერილი იქნა საკონცერტო ალბომი Plays Live. შემდეგი სტუდიური ნამუშევარი მხოლოდ 1986 წელს გამოვიდა, დისკის So სახით. შუალედში გებრიელმა დაწერა მუსიკა ალან პარკერის ფილმისათვის ’’ჩიტუნა’’. ასევე გამოიცა ალბომი Birdy, ამ მუსიკალური მასალით.

[რედაქტირება] წარმატებული ალბომები: Melt, Security, So, Passion, Us

1980 წლის დისკმა Peter Gabriel 3 (იგივე Melt) კრიტიკოსთა მაღალი შეფასება მიიღო. მასში შეტანილია ცნობილი სიმღერები - Games Without Frontiers, I Don't Remember, და Biko.

1982 წელი აღინიშნა დისკის Security გამოცემით. აქ მოხვდა ორი ცნობილი სიმღერა Shock the Monkey და I Have The Touch. Shock the Monkey ასევე გამოვიდა ვიდეოკლიპის სახით და ითვლება გებრიელის ერთ-ერთ წარმატებულ ნამუშევრად ვიდეოპროდუქციის განხრით.

უდიდესი წარმატება გებრიელმა მოიპოვა 1986 წლის ალბომით So, რომელიც აშშ ჩარტში შევიდა სინგლის Sledgehammer დახმარებით.[4] ასევე დიდი წარმატება ჰქონდა სინგლებს Big Time, In Your Eyes, Red Rain და კეიტ ბუშთან დუეტს Don't Give Up.

სინგლის Sledgehammer ვიდეოკლიპმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მუსიკალურ ვიდეოპროდუქციაზე. 1987 წლის MTV-ს დაჯილდოვებაზე მას არაერთი ჯილდო ერგო. იმავე სტილში (პლასტილინის ანიმაციის ელემენტებით) გადაღებული იყო სიმღერის Big Time ვიდეორგოლიც.

მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო კულტურაში მუსიკოსმა შეიტანა ორგანიზაციასთან Amnesty International თანამშრომლობით და 1986 წლის ტურით A Conspiracy of Hope Tour. 1988 წელს მან მიიღო მონაწილეობა კიდევ ერთ ტურში Human Rights Now. საქველმოქმედო და ადამიანთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გებრიელმა მიიზიდა სხვა მუსიკოსებიც, რომლებმაც მასთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს.

1989 წელს პიტერმა გამოსცა ალბომი Passion: Music for The Last Temptation of Christ - მუსიკა მარტინ სკორსეზეს ფილმიდან ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება, ეს იყო მისი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნამუშევარი და განამტკიცა მუსიკოსის, როგორც მსოფლიოს ყველა ხალხთან ეთნიკური მუსიკის მოყვარულის სახელი.

მისი შემდეგი ალბომი იყო 1992 წლის Us (პროდიუსერი - დენიელ ლანუა), რომელშიც აისახა მისი იმჟამინდელი ცხოვრება - განშორება მეუღლესთან, მისი ურთიერთობა როზანა არკეტთან და საყვარელ ქალიშვილთან განშორების პრობლემა.

როგორც წინა სტუდიურ დისკთან მიმართებაში, გებრიელმა ამ ალბომის შემთხვევაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ვიდეოპროდუქციას - სინგლების Digging in the Dirt, Come Talk To Me, Blood of Eden, Steam და Kiss that Frog ვიდეოკლიპებმა ასევე დაიმსახურეს მსმენელებისა და კრიტიკოსების მოწონება. 1994 წელს გამოვიდა ვიდეოფილმი Secret World Live, რომელიც ასახავდა თეატრალიზებული საკონცერტო ტურის ერთ-ერთ კონცერტს.

ალბომის Us გამოცემას თან ახლდა ნოვატორული მიდგომა მარკეტინგის საკითხებში. პიტერს არ სურდა, რომ ალბომზე გამოეტანათ მხოლოდ მისი ფოტოსურათები. ამიტომ ალბომის თითოეული სიმღერისათვის შეიქმნა სპეციალური გრაფიკული გაფორმება. ამასთან, გამოვიდა სპეციალური ინტერაქტიული დისკი Xplora, რომელიც იყო მუსიკოსის მიერ მულტიმედიური საშუალებებით დაინტერესების კიდევ ერთი ნიშანი. დისკს თან ახლდა სარეკლამო ვიდეო All About Us, რომელშიც ასახული იყო ალბომის შექმნის პროცესიც.

გებრიელმა 1992-1993 წლებში მიიღო გრემის ჯილდოები ვიდეოკლიპებისათვის Digging in the Dirt და Steam. 1995 წელს მან ასევე მიიღო გრემი - მუსიკალური ფილმისათვის Secret World Live.

[რედაქტირება] ბოლო ალბომები

Petergabrielliveshow.jpg

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გებრიელმა იმუშავა პროექტზე OVO. ეს იყო მუსიკა ათასწლეულის გუმბათის შოუსათვის (2000). მოგვიანებით, 2002 წელს გამოვიდა ფილმის ბაჭიების ღობე საუნდტრეკი Long Walk Home: Music from the Rabbit-Proof Fence. ამ ალბომმა ასევე დაიმსახურა წლის ოქროს გლობუსი - ფილმისათვის შექმნილი საუკეთესო ორიგინალური მუსიკის კატეგორიაში.

2002 წლის სექტემბერში გამოვიდა გებრიელის შემდეგი სოლო-ალბომი Up. ეს ალბომი, რომელიც მთლიანად გებრიელის პროდიუსერობით არის ჩაწერილი, უბრუნდება '70-იანებსა და '80-იანებში მის მუსიკაში წარმოჩენილ თემებს. სინგლების ჩარტებში დიდი წარმატება ჰქონდა სამ სიმღერას - იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის ყველა სიმღერა ამ ალბომიდან ექვს წუთზე უფრო მეტი ხანგრძლივობის იყო. მსოფლიო მასშტაბით ალბომმა უდიდესი წარმატება იქონია. გამოცემას მოჰყვა მსოფლიო ტური Up და ორი საკონცერტო DVD - Growing Up Live და Still Growing Up: Live & Unwrapped, ასევე მუსიკოსის შვილის, ანა გებრიელის დოკუმენტური ფილმი Growing Up: A Family Portrait.

საკონცერტო ტური იმდენად წარმატებული იყო, რომ 2007 წელს გებრიელი დაუბრუნდა სცენას, განსხვავებული საკონცერტო პროგრამით, რომელზეც უდიდესი ყურადღება დაეთმო მისი პირველი ალბომების მასალას - ეს მოხდა ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე.

წლების განმავლობაში პიტერი ასევე წერდა სიმღერებს ამა თუ იმ ფილმისათვის, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება იქონია საუნდტრეკმა 2008 წლის ფილმიდან WALL-E - Down to Earth.

2009 წელს მუსიკოსმა დაიწყო ახალი ტური, სახელწოდებით Small Places. ტურმა მოიცვა რამდენიმე ადგილი, სადაც გებრიელი იშვითად მოგზაურობდა - ვენესუელა, არგენტინა, მეხიკო, ჩილე და პერუ.

პარალელურად მზადდება ალბომი Scratch My Back, რომელზეც გებრიელი შეასრულებს სხვა მუსიკოსების ცნობილ სიმღერებს, ხოლო ეს მუსიკოსები - მის რომელიმე ჰიტ-სინგლს.

[რედაქტირება] მუსიკოსები და თანამშრომლობა

სოლო-კარიერის დაწყებიდან დღემდე გებრიელმა ითანამშრომლა არაერთ ცნობილ მუსიკოსთან. მისი ალბომების ჩაწერასა და საკონცერტო ბენდში მუდმივად მონაწილეობს ბას-გიტარისტი ტონი ლევინი. 1979 წლიდან გებრიელთან თანამშრომლობს გიტარისტი დევიდ როუდსი. ალბომამდე So გებრიელის ალბომისა და საკონცერტო ბენდში დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა ჯერი მაროტა. შემდეგ ალბომებზე, So და Us და მათთან დაკავშირებულ ტურებზე დასარტყამებზე უკრავდა მანუ კაჩე. ალბომის Up ჩაწერისა და შემდგომ ტურზე იგი შეცვალა ჯედ ლინჩმა. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდში გებრიელთან თანამშრომლობდნენ - ბობ ეზრინი, რობერტ ფრიპი, სტივ ლილიუაიტი, დენიელ ლანუა, ლ. შანკარი, ტრენტ რეზნორი, იუსუ ნ'დური, ლარი ფასტი, ნუსრატ ფატე ალი ხანი, შინეიდ ო'კონორი, კეიტ ბუში, პოლა კოული, ჯონ გიბლინი, პაპა უემბა, მანუ კაჩე, ბაიეტი და სტიუარტ კოუპლენდი.

ასევე აღსანიშნავია პიტერის თანამშრომლობა მუსიკოს ლორი ანდერსონთან და კომპოზიცია Excellent Birds, რომელიც შევიდა როგორც ალბომში So, ასევე ლორის დისკში Mister Heartbreak (1994). გებრიელმა ასევე მონაწილეობა მიიღო რობი რობერტსონისა და ჯონი მიტჩელის ალბომის ჩაწერაში.

2007 წელს პიტერმა შეასრულა ვოკალური პარტია სიმღერაში Salala, ანჯელიკ კიდჯოს ალბომზე Djin Djin.

[რედაქტირება] პირადი ცხოვრება

პირველი მეუღლისგან, ჯილ მურისგან პიტერ გებრიელს ჰყავს ორი ქალიშვილი - ანა-მარი (დ. 1974 წლის 26 ივლისს) და მელანი (დ. 1976 წლის 23 აგვისტოს). ჯილის მამა იყო ვოლვერკოტის ლორდი, ფილიპ მური. პიტერი და ჯილი დაქორწინდნენ 1971 წელს და დაშორდნენ 1987 წელს.

ანა-მარი არის რეჟისორი. მელანი მუსიკოსია. ანა-მარის ეკუთვნის დოკუმენტური ფილმი მამის შესახებ - Growing Up: A Family Portrait. მელანი ვოკალისტის სახით მონაწილეობს პიტერის ყველა საკონცერტო ტურში 2003 წლიდან.

1980-იან და 1990-იან წლებში გებრიელი ცხოვრობდა მსახიობ როზანა არკეტთან, მაგრამ ოფიციალურად ისინი არასოდეს დაქორწინებულან. მეორე მეუღლისგან, მებ ფლინისგან პიტერს ჰყავს ორი ბიჭი - აიზეკ რალფი (დ. 2001 წლის 27 სექტემბერი) და ლუკი (დ. 2008 წლის 5 ივლისი). მები და პიტერი დაქორწინდნენ 2002 წლის 9 ივნისს.

[რედაქტირება] დისკოგრაფია

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

[რედაქტირება] სქოლიო

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე