ტომ იორკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტომ იორკი
ტომ იორკის გამოსვლა Radiohead-თან
ტომ იორკის გამოსვლა Radiohead-თან
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტომას ედვარდ იორკი
მეტსახელი დოქტორ ჩოკი[1][2]
ჩოკი[3][4][5]
დაბ. თარიღი 7 ოქტომბერი, 1968 (1968-10-07) (45 წლის)
წარმოშობა ინგლისის დროშა ველინბურგი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი
არტ როკი
ელქტრონული მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი, არტისტი, აქტივისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, პიანინო
ლეიბლ(ებ)ი XL
ასოციაციები Radiohead
საიტი http://www.theeraser.net

ტომას (ტომ) ედვარდ იორკი (ინგლ. Thomas Edward Yorke. დ. 7 ოქტომბერი, 1968. ველინბურგი, ინგლისი.) — ბრიტანული როკ ჯგუფის Radiohead-ის წამყვანი ვოკალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება]

ტომ იორკის ცხოვრება დაბადებიდანვე ტრაგედიით დაიწყო. მას ხუთი ქირურგიული ოპერაციის გადატანა მოუხდა ადრეულ ასაკში, რათა მარცხენა პარალიზებული თვალის კორექტირება მომხდარიყო, რაც დეფექტად დაჰყვა მას. მომღერლის განცხადებით, ბოლო ოპერაცია ცუდად ჩატარდა, რამაც მხედველობა თითქმის დაუკარგა მარცხენა თვალში; მართალია ხელოვნური კუნთის ჩასმის შემდეგ იორკმა თვალი გაახილა, თუმცა თანდაყოლილი დეფექტი დარჩა (ქუთუთოს დაბლა დაწევის გამო მისი მარცხენა თვალი ვიწროდ მოჩანს).

ტომის მამა ქიმიური დანადგარების გამყიდველი იყო, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევდა მოგზაურობა. საბოლოოდ, იორკები ოქსფორდშირში დასახლდნენ. შვიდი წლის ტომს პირველი გიტარა აჩუქეს და მანაც ჯგუფის Queen გიტარისტ ბრაიან მეის საშემსრულებლო სტილით შთაგონებულმა როკ-ჯგუფის შექმნა განიზრახა. ათი წლის ასაკში იგი პირველად შეუერთდა ჯგუფს ებინგდონის ვაჟთა საჯარო სკოლაში — ადგილას სადაც იგი მომავალი Radiohead-ის წევრებს — ედ ო’ბრაიენს, ფილ სელუეის, კოლინ გრინვუდსა და მის უმცროს ძმას — ჯონის შეხვდა.

ჯგუფს, რომელსაც On A Friday დაარქვეს (სახელწოდება დაკავშირებულია კვირის იმ ერთადერთ დღესთან როდესაც ბიჭებს სკოლის მუსიკალურ დარბაზში რეპეტიციის უფლება ჰქონდათ) მათივე სკოლის მუსიკის მასწავლებელი ტერენს გილმორ-ჯეიმსი აძლევდა სტიმულს. იორკის თქმით, სკოლის აუტანელი გარემოს გავლენისგან მხოლოდ მუსიკალური განყოფილება იცავდა, რომელშიც არაერთი საათი გაუტარებიათ მომავალი Radiohead-ის წევრებს დაუღალავ რეპეტიციებსა და ვარჯიშში. დასაწყისში ტომი მხოლოდ გიტარას უკრავდა და კომპოზიტორობაში ხელოვნდებოდა. ექსეტერის უნივერსიტეტში სწავლისას (ოქსფორდი), სახვითი ხელოვნებისა და ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე, იორკი პარალელურად დიჯეიდ მუშაობდა ერთ-ერთ კლუბში, სადაც რამდენიმე ჯგუფთან ერთად დუეტშიც უკრავდა. ასევე ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მეორე კურსზე იგი პირველად გაეცნო კომპიუტერულ ტექნიკას და აქვე შეხვდა ჯგუფის მომავალ დიზაინერს სტენლი დონვუდს. სტენლისთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობისას იორკი ხშირად ხმარობს მეტსახელებს (მაგ:. „თეთრი შოკოლადის ფერმა“ და „თჩოკი“). წლების შემდეგ იორკმა სწორედ დონვუდთან ერთად მოიპვა გრემი ალბომის საუკეთესო ყდისთვის.

19 წლის ასაკში იორკი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ავტოავარიაში მოყვა. თავად ტომი უვნებლად დარჩა, მისმა მეგობარმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. სწორედ ამას უკავშირდება იორკის ფობია მანქანების მიმართ, რაც ცხადად ჩანს სიმღერებში „Airbag“, „Killer Cars“ და „Stupid Car“. ჯგუფი On A Friday 1991 წელს განახლა, როდესაც სხვადასხვა უნივერსიტეტებში გაფანტულმა წევრებმა სწავლების კურსი დაასრულეს, რის შედეგადაც ჯგუფის სახელწოდება შეცვალეს — Radiohead და ხმის ჩამწერ კომპანიასთან EMI კონტრაქტს ხელი მოაწერეს.

Radiohead[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Radiohead.
Thom yorke radiohead2 croped.jpg

Radiohead-ის პირველი წარმატება სიმღერამ „Creep“ მოუტანა (სადებიუტო ალბომი Pablo Honey), რომელიც საზოგადოებისგან გარიყული პიროვნების უიღბლო სიყვარულზეა დაწერილი. როგორც ამბობენ, „Creep“ ექსეტერის უნივერისტეტის მამაკაცთა ტუალეტშია დაწერილი თავად ტომ იორკის მიერ. მართალია სიმღერამ ჯგუფს პირველი წარმატება მოუტანა, მაგრამ მისგან გამოწვეულმა პოპულარობამ თავად Radiohead დაჩრდილა. ტომი გრძნობდა როგორ ჰიტდებოდა მისი შექმნილი სიმღერა, მაგრამ გრძნობდა იმასაც, რომ ამით არაფერი ემატებოდა Radiohead-ს პროფესიული თვალსაზრისით. ეს განწყობა მან კარგად გამოხატა შემდგომ ალბომში The Bends სადაც სიმღერების შინაარსი ყოველგვარი სიყალბის გარეშე ასახავს გარემოს, რომელშიც Radiohead-ს უწევდა ცხოვრება. იორკი თანდათან უახლოვდებოდა საზოგადო თემებს, რაც კარგი წინაპირობა იყო იმისთვის რომ უფრო მეტი ყურადღებით მოპყრობოდნენ მისი ჯგუფის შემოქმედებას.

1997 წელს ჩაწერილმა ალბომმა OK Computer მასმედიის თითქმის ყველა საშუალების ყურადღება დაიმსახურა. მიუხედავად იმისა რომ OK Computer-მა ჯგუფი მსოფლიო საზოგადოებას წარუდგინა, მანვე დააჩქარა დეპრესია, რომელიც პოპოულარობის შედეგად დაეუფლა ტომ იორკს. დერპრესიის კლინიკური ნიშნები კარგად წარმოჩნდა Radiohead-ზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „Meeting People Is Easy“. იორკმა ბევრ ინტერვიუში აღნიშნა, თუ როგორ სძულდა ის „მითიური“ სტატუსი, რომელიც სტერეოტიპად დაჰყვებოდა ყველა როკ-მომღერალს — მასზე ყოველთვის გამაღიზიანებლად მოქმედებდა მედიის მომაბეზრებელი ინტერესი სხვადასხვა სახის შოუს, იგივე დადგმული სპექტაკლის მიმართ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული Radiohead-ის ყოველი წევრი გრძნობდა თუ როგორ ხდებოდა საზოგადოებისთვის მათი პიროვნება გაცილებით უფრო საინტერესო, ვიდრე მათ მიერ შექმნილი ხელოვნება; და რაც ყველაზე მეტად იყო სამწუხარო — ისინი იძულებული იყვნენ იმ გარემოში ეცხოვრათ, რომელსაც ყველაზე დიდი ზიზღით აკრიტიკებდნენ.

დაგროვილმა პროტესტის გრძნობამ სტილის რადიკალურად შეცვლისკენ უბიძგა იორკს თავისივე მეგობრებთან ერთად, რაც შემდგომში ალბომების Kid A და Amnesiac (2000—2001) სახით წარმოუდგა მუსიკალურ სამყაროს. ხელოვნების საზღვრების გაფართოებამ, რაც ელექრონიკის, ჯაზისა და კლასიკური მუსიკის სინთეზში გამოიხატა, კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა Radiohead-ს. თუმცა-ღა მათ გვერდით იყვენენ ისინიც, ვინცRadiohead-ის ადერეულ სტილს იწონებდა და ალტერნატიული/ბრიტპოპ მიმართულებისკენ მოუწოდებდა საყვარელ ჯგუფს, ისევე როგორც ბრიტანული ბენდები Coldplay, [Travis] და Muse აკეთებდნენ. იორკი დღემდე არავის უგდებს ყურს და მხოლოდ თავისი პრინციპებით მოქმედებს. მისი იდეოლოგია და ის დამახასიათებელი ასპექტები, რომლებიც პერიოდულად თანსდევენ, ყოველთვის კვალს ტოვებს Radiohead-ის განვითარების თითოეულ ეტაპზე. თავად ჯგუფის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ისინი თავიანთ ხელოვნებასთან ერთად იზრდებოდნენ; იორკმაც ცხოვრებისეული გამოცდილების დიდი ნაწილი სწორედ სტუდიური სესიებისა და ცოცხალი კონცერტების მსვლელობისას მიიღო. შედეგად, ბოლო ალბომში Hail to the Thief მომღერალი უკვე იმ შეშფოთებას ასახავს, რაც თავისი შვილების მომავალთან დაკავშირებით აწუხებს. ეს ნამუშევარი დღემდე ვერ იშორებს იარლიყს, რომელიც მას ბუშის საწინააღმდეგო პროპაგანდასთან აკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ტომმა ბევრჯერ უარყო ალბომის პოლიტიკური სარჩული.

იორკი ირწმუნება, რომ მას არასოდეს მოუსმენია Radiohead-ის ალბომებისთვის ჩაწერის შემდეგ: „მათს მოსმენას მხოლოდ მაშინ გავბედავ როცა ნორმალურ სამყაროში ვიცხოვრებთ. მე მეშინია მათი. მირჩევნია რაღაც ახალი გავაკეთო და შემდეგ დავივიწყო ის, რათა სხვა სიახლის შექმნა დავიწყო.“

სოლო ნამუშევრები[რედაქტირება]

ტომ იორკის სოლო-ალბომი The Eraser (2006 წლის ივლისი), რომლის პროდიუსერიც ნაიჯელ გოდრიჩი და დიზაინერი სტენლი დონვუდი იყო, გაცილებით მეტ გასაქანს იძლევა ელექტრონიკაში და მელოდიურობის ხაზსაც არ კარგავს. იორკმა ალბომის გამოშვებისთანავე უარყო ხმები მისი ჯგუფიდან წასვლის თაობაზე: „არ გინდათ ბოდვა ჩემი მოღალატეობის თუ რაღაც სისულელეების შესახებ, რაც ყველაფერ ამ ბლა ბლა ბლას გამოიწვევს… ყველაფერი მათი [Radiohead-ის წევრების] ნება-სურვილით მოხდა.“ The Eraser-მა #3 ადგილს მიაღწია ბრიტანულ ჩარტში. ა. შ. შ-ში, კანადასა და ავსტრალიაში მეორე გახდა, რის შემდეგაც ირლანდიურ ჩარტშიც კი თავისი პოზიცია დაიმკვიდრა — #9. ალბომი ნომინირებულ იქნა მერკურის მუსიკალურ დაჯილდოვებაზე, სადაც ჯგუფთან Arctic Monkeys დამარცხდა. ასევე ნომინირებული იყო გრემიზე როგორც „წლის საუკეთესო ალტერნატიული ალბომი.“

მუსიკალური ხედვა[რედაქტირება]

ტომ იორკის ვოკალურ მახასიათებლებში მისი მაღალი ფალცეტია აღსანიშნავი, რაც ყველაზე კარგად გამოხატულია სიმღერებში „Fake Plastic Trees“, „Paranoid Android“ და „Like Spinning Plates“; ასევე მისი უნარი აიღოს მაღალი აკორდები„Creep“, „Exit Music (For a Film)“ „Let Down“. ალბომის The Bends ჩაწერაზე დიდი გავლენა მოახდინა ჯეფ ბაკლის კონცერტმა, რომლის ხილვის შემდეგ წარმოქმნილმა შთაბეჭდილებამ პირდაპირი ასახვა ჰპოვა ტრეკში „Fake Plastic Trees“. მიუხედავად ამისა, იორკი თავის ხმას ლამაზად სულაც არ მიიჩნევს და ამბობს რომ მისი ვოკალი „საოცრად დამჟავებულია.“ ცოცხალი კონცერტების დროს ხშირად მიმართავს სხვადასხვა სტილს — ტრეკის „Paranoid Android“ შუა ნაწილი, სადაც ბოლო ხმაზე გაჰყვირის, ასევე ნახევრად-მოლაპარაკე ხმა სიმღერებში „Myxomatosis“ და „A Wolf at the Door“. იორკის საშემსრულებლო სტილის კიდევ ერთი დამახასიათებელი შტრიხი სიტყვების „ჩაყლაპვაა“, რაც ხშირად თითქმის შეუძლებელს ხდის ლირიკის გაგებას. ალბომებს Kid A და Amnesiac არ დართვიათ ოფიციალური სასიმღერო ტექსტი — ეს მსმენელის ფანტაზიას გასაქანს აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარმოიდგინოს მათში შესული სიმღერები.

იორკი მუსიკალური ინსტრუმენტებიდან ელექტრო გიტარას, აკუსტიკურ გიტარას და პიანინოს იყენებს; ასევე შეუსრულებია დოლისა და ბას-გიტარის პარტიები. ტომმა, ისევე როგორც Radiohead-ის წევრთა უმრავლესობამ, ნოტების კითხვა არ იცის. მისი თქმით, ნებისმიერი ცდა, ნოტებით დაეკრა, სრულიად უნაყოფო აღმოჩნდა მისთვის. მას არაერთხელ ირონიულად მოუხსენებია საკუთარი საშემსრულებლო ოსტატობა პიანინოსა და გიტარაზე — „რომ იცოდეთ რა საცოდავად ვუკრავ პიანინოზე. სულ ტომ უეითსის სიტყვები მახსენდება, თუ როგორ თქვა მრავალი წლის წინ — კომპოზიტორობისკენ მხოლოს იმ ინსტრუმენტების არცოდნამ მიბიძგა, რომელზედაც ვუკრავდიო. ჩემთვის ეს ყველაფერი დიდ სიახლეს წარმოადგენს — ამიტომაც გადავვარდი კომპიუტერებსა და სინთეზატორებში — წარმოდგენა არ მაქვს როგორ დავუკრა ინსტრუმენტებზე.“ ალბომში Kid A იორკს ელექტრონული ელემენტების შემოტანისას პროგრამირებულ „ბითებსა“ და „სემპლერზე“ მოუწია მუშაობა. ამასთან დაკავშირებით აღნიშნა კიდეც რომ კუსტიკურ გიტარაზე უკეთ „ლეპტოპზე“ დაკვრა ეხერხებოდა. სოლო-ალბომშიც ტრადიციულ პიანინოსა და გიტარასთან ერთად იგივენაირ ხერხებს იყენებს.

რაც შეეხება მუსიკალურ გავლენას, ტომ იორკის სტილის ჩამოყალიბებაზე დიდი როლი ითამაშეს ჯაზ-კომპოზიტორმა და ბასისტმა ჩარლზ მინგესმა და ნეილ იანგმა, ასევე მომღერალმა სკოტ უოლკერმა. ელექტრონიკის მხრივ, ჯგუფმა Can. ადრეული Radiohead-ის და, კერძოდ, იორკის შემოქმედებაზე გავლენა ჰპოვეს ჯგუფებმა Joy Division, Magazine, Elvis Costello, The Smiths და Sonic Youth. სტუდენტობის დროინდელი მომღერლის კუმირები კი იყვნენ Pixies და R.E.M.

პირადი ცხოვრება/აქტივიზმი[რედაქტირება]

Yorkelatitude.JPG

ტომ იორკს ჰყავს ძმა — ენდი — ჯგუფის Unbelievable Truth ექს-ვოკალისტი. ამჟამად ტომი ოქსფორდის ცენტრში ცხოვრობს თავისივე მეგობარ გოგონასთან რეიჩელ ოუენთან (ინგლ. Rachel Owen) ერთად. რეიჩელი ხელოვნების ისტორიაში დოქტორის ხარისხს ფლობს და ტომთან ორი შვილი — ნოე (ინგლ. Noah დაიბადა 2001 წელს და მიეძღვნა Radiohead-ის ალბომი Amnesiac) და აგნესა (ინგლ. Agnes დაიბადა 2004 წელს და მიეძღვნა იორკის სოლო-ალბომი The Eraser) ჰყავს.

იორკი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო ეკოლოგიურ ორაგანიზაციათა ქსელურ გაერთიანებაში Friends of the Earth და ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებისთვის იბრძვის. 2005 წლიდან იგი ამ ორგანიზაციის წევრი გახდა. ასევე ცნობილია როგორც ანტი-გლობალისტი, რომელიც სამართლიანი სავაჭრო ურთიერთობებისთვის იბრძვის. მისი ანტი-გლობალისტური იდეოლოგია ადამიანის უფლებათა დაცვაში ვლინდება, სადაც მეტწილად ომების დამანგრეველი შედეგების წინააღმდეგ ქადაგებს. ამ მიზნით Radiohead-მა მონაწილეობა მიიღო ტიბეტის გათავისუფლებისათვის მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტში (1998—1999) და საერთაშორისო ამინისტიის იუბილეზე (2000). იორკი საერთაშორისო ორგნიზაციის Friends of the Earth წამყავნი სახეა და მის მასშტაბურ პროექტში „The Big Ask“ მიიღო მონაწილეობა. ამავე პროექტის ფარგლებში მან თავისი წვლილი შეიტანა საქველმოქმედო კონცერტში (2006), რომელსაც ბრიტანული პოლიტიკური პარტიები ესწრებოდნენ, (მათ შორის იყო „ტორების“ ლიდერი დეივიდ კამერონი, ვისაც იორკმა თავის დროზე მხარი არ დაუჭირა). ბრიტანული საზოგადოება იორკმა მაშინ განაცვიფრა როდესაც ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრისტონი ბლერის — მიწვევას კლიმატური პრობლემების განსახილველად უარით შეხვდა, იმ მიზეზით რომ „ბლერი არ ფლობდა სრულფასოვან ინფორმაციას ეკოლოგიურ საკითხებზე“.

ბუნების დაცვისადმი სწაფვა იორკის ცხოვრების სტილშიც შესამჩნევია — იგი დიდი ხანია რაც ვეგეტარიანელია. მისი ბოლოდროინდელი განცხადება ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას უკავშირდება, იგი, მისივე თქმით, მუსიკალური ინდუსტრიის დამსახურებაცაა, ამიტომ Radiohead ტურნეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განაახლებს თუ ნახშირბადის გამონაბოლქვის რაოდენობა შემცირდება.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Radiohead[რედაქტირება]

სოლო[რედაქტირება]

Atoms for Peace[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • The Eraser: იორკის სოლო-ალბომის გვერდი

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Force, Chris. (11 September 2007)Thom Yorke, Longtime Radiohead Artist Issue Art Collection. alarmpress.com. წაკითხვის თარიღი: 2009-07-09.
  2. Jones, Alice. “The Dark Art of Radiohead“, independent.co.uk, 25 March 2009. წაკითხვის თარიღი: 2009-07-09. 
  3. All messed up“, guardian.co.uk, 18 June 2006. წაკითხვის თარიღი: 2009-07-09. 
  4. Thom Yorke to exhibit Radiohead artwork?. NME (13 November 2006). წაკითხვის თარიღი: 2009-07-09.
  5. AllMusic – Tchocky – Overview. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 2009-07-09.