რიჩარდ რაიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიჩარდ რაიტი
Rickwright.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რიჩარდ უილიამ რაიტი
დაბ. თარიღი 28 ივლისი 1943
წარმოშობა ჰეტჩ ენდი, ლონდონი, ინგლისი
გარდ. თარიღი 15 სექტემბერი, 2008 (65 წლის)
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი
ფსიქოდელიური როკი, ექსპერიმენტული როკი, ჯაზი, ემბიენტი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი კლავიშები
ორგანი
ფორტეპიანო
სინთეზატორი
აკუსტიკური გიტარა
ტრომბონი
ბას გიტარა
საქსოფონი
ჩელო
მელოტრონი
ვიბრაფონი
აკორდეონი
დასარტყმელი საკრავები
პერკუსია
აქტიური 1964 - 2008
ლეიბლ(ებ)ი Capitol
Columbia
EMI
Harvest
ასოციაციები პინკ ფლოიდი, Zee, დევიდ გილმორი, The Screaming Abdabs (Sigma 6)

რიჩარდ უილიამ რიკ რაიტი (ინგლ. Richard William Wright; დ. 28 ივლისი, 1943, ჰეტჩ ენდი, ლონდონი – გ. 15 სექტემბერი, 2008) იყო თვითნასწავლი კლავიშისტი, რომელიც ცნობილი გახდა მოღვაწეობით ჯგუფ პინკ ფლოიდში. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ისეთი ცნობილი სიმღერების ავტორი, როგორც მისი კოლეგები, სიდ ბარეტი, როჯერ უოტერსი ან დევიდ გილმორი, სწორედ მან დაწერა ჯგუფის კლასიკური ალბომების, Meddle, Dark Side of the Moon და Wish You Were Here მელოდიების დიდი ნაწილი, ასევე პინკ ფლოიდის უკანასკნელი სტუდიური დისკის The Division Bell სიმღერები. რაიტის განსაკუთრებული ჟღერადობა პინკ ფლოიდის დამახასიათებელი ნიშანია. ასევე საგულისხმოა მისი ვოკალური პარტიებიც.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

პინკ ფლოიდში[რედაქტირება]

რაიტი სწავლობდა ჰედერბეშერის ბიჭების სკოლაში და რეჯენტ სტრიტის პოლიტექნიკურ არქიტექტურულ კოლეჯში, სადაც მან გაიცნო როჯერ უოტერსი და ნიკ მეისონი. რაიტი იყო პინკ ფლოიდის ერთ-ერთი პირველი წევრი და უკრავდა იმ პროექტებშიც, რომლებიც პინკ ფლოიდამდე არსებობდნენ - Sigma 6 და The (Screaming) Abdabs.

პინკ ფლოიდის არსებობის პირველ წლებში რაიტის წვლილი აღსანიშნავია იმით, რომ მისი ორგანისა და ვოკალის ჟღერადობა პირველ პლანზეა წამოწეული, ისევე, როგორც სიდ ბარეტის გიტარა და ტექსტები. პინკ ფლოიდისათვის დაწერილი რაიტის ადრინდელი სიმღერებია „Remember a Day“, „Paintbox“ და „It Would Be So Nice“. თავისთავად, ჯგუფის განვითარებასთან ერთად, რაიტი სულ უფრო დაინტერესებული იყო საკუთარი სიმღერების შექმნით, აქტიურად მონაწილეობდა ყველაზე ცნობილი სიმღერებისა თუ ინსტრუმენტული ნომრების კომპოზიციური სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. ასეთი ნამუშევრების ნათელი მაგალითებია „Interstellar Overdrive“, „A Saucerful of Secrets“, „Careful with That Axe, Eugene“ და „One Of These Days“. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფილმებისათვის ჩაწერილი მუსიკალური ალბომები More, Zabriskie Point და Obscured by Clouds ჩაწერაში. ჯგუფის კომერციულად წარმატებული ალბომების სიმღერებიდან ყველაზე ცნობილია „The Great Gig in the Sky“ და „Us and Them“, 1973 წლის ალბომიდან The Dark Side of the Moon.

ჯგუფის ალბომის Animals ჩაწერისას რაიტს საკუთარი იდეებიც გაუჩნდა, თუმცა, იმის გამო, რომ როჯერ უოტერსის მიერ იგი ძალიან შეზღუდული იყო და არაფერი დაუწერია ალბომისთვის, ყველა საკუთარი იდეა სოლო ალბომის Wet Dream შექმნისას გამოიყენა. პირადი და როჯერ უოტერსთან წარმოქმნილი პრობლემების გამო, რაიტმა არ იმუშავა ალბომზე The Wall, რის გამოც უოტერსმა იგი ჯგუფიდან გააგდო. მიუხედავად ამისა, რაიტი უკრავდა ამ ალბომის მხარდამჭერ 1980 და 1981 წლის ტურებზე და ჯგუფის ერთადერთი წევრი იყო, რომელმაც რამე სარგებელი ნახა ამ ტურიდან, რადგანაც ოფიციალურად იჯდა ხელფასზე და არა მცირე ჰონორარზე.

1984 წელს მან, ჯგუფის Fashion წევრთან, დეივ ჰარისთან ერთად, ჩამოაყალიბა დროებითი პროექტი Zee და ჩაწერა ალბომი Identity, რომელიც კომერციულად წარუმატებელი იყო.

1986 წელს იგი დაბრუნდა დევიდ გილმორის ლიდერობით აღდგენილ პინკ ფლოიდში, მაგრამ მხოლოდ დაქირავებული მუსიკოსის სახით. მან მცირე წვლილი შეიტანა ალბომში A Momentary Lapse of Reason, უკრავდა მისი გამოცემის შემდეგ ჩატარებული სამწლიანი ტურის მსვლელობისას. 1994 წელს იგი ოფიციალურად დაბრუნდა ჯგუფში და აღდგენილი იქნა, როგორც სრულუფლებიანი წევრი. მან აქტიურად იმუშავა ჯგუფის უკანასკნელ სტუდიურ ალბომზე The Division Bell და ასევე უკრავდა მსოფლიო ტურის მსვლელობისას. აღსანიშნავია, რომ იგი ჯგუფის ის წევრია, რომელსაც დაუკრავს პინკ ფლოიდის ყველა კონცერტზე.

უკანასკნელი წლები[რედაქტირება]

Up-1richard.jpg

1996 წელს, ალბომის The Division Bell წარმატებითა და მასში შეტანილი წვლილით შთაგონებულმა რაიტმა გამოსცა მესამე (ზოგიერთი თვლის, რომ მეორე) სოლო-ალბომი Broken China. ამ ალბომზე მასთან ერთად მუშაობდნენ შინეიდ ო’კონორი, პინო პალადინო (ბას გიტარა), მანუ კატჩე (დასარტყმელი საკრავები), დომინიკ მილერი (გიტარა) და ტიმ რენუიკი (რომელიც უკვე ცნობილი იყო პინკ ფლოიდთან თანამშრომლობით). ეს ალბომი უფრო ჩამოყალიბებული და თამამი განაცხადი იყო, ვიდრე Wet Dream და აღსანიშნავი იყო რაიტის მიერ კომპიუტერული ტექნოლოგიით დაინტერესებით. ალბომის ჩაწერაში მას ხელი შეუწყო ტექსტების ავტორმა ენტონი მურმა, რომელმაც უკვე იმუშავა პინკ ფლოიდთან.

2005 წლის 2 ივლისს, რაიტი შეუერთდა გილმორს, მეისონსა და უოტერსს, საქველმოქმედო აქციის Live 8 ფარგლებში. 1981 წლის შემდეგ ეს იყო მისი პირველი კონცერტი, რომელზეც მან უოტერსთან ერთად დაუკრა. მოგვიანებით, იმავე წლის ნოემბერში, ჯგუფი დააჯილდოვეს ბრიტანული მუსიკის დიდების დარბაზის სპეციალური პრიზით, თუმცა რაიტი ცერემონიაზე არ იმყოფებოდა, რადგანაც კატარაქტის ოპერაციას იკეთებდა, თუმცა ცერემონიის დროს ეკრანზე გამოჩენილმა უოტერსმა განაცხადა, რომ რიკი უბრალოდ დასახლდა რომში, უოტერსთან ერთად, ერთ სახლში (რაც ალბათ ხუმრობა იყო).

რაიტმა მნიშვნელოვანი წილი შეიტანა დევიდ გილმორის მესამე სოლო-ალბომში On An Island, მასთან ერთად დაუკრა მთლიანი ტურის განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ საკონცერტო პროგრამაში შეტანილი იქნა Echoes - სრული სახით. საგულისხმოა, რომ Echoes უკვე სრულდებოდა 1987 წელს, პინკ ფლოიდის მიერ, თუმცა ჯგუფი შესრულებით კმაყოფილი არ იყო. დევიდის ტურნეზე რაიტი აგრეთვე ასრულებდა მთავარ ვოკალურ პარტიებს სიმღერებში Arnold Layne და Comfortably Numb. პირველად სრულდებოდა Wearing the Inside Out, რაიტის სიმღერა ალბომიდან The Division Bell. პარალელურად, უოტერსმა შესთავაზა რაიტს გამოსვლა რამდენიმე კონცერტზე, მისი სოლო ტურის The Dark Side of the Moon Live ფარგლებში, მაგრამ რაიტმა ამაზე უარი განაცხადა.

2006 წლის 4 ივლისს რაიტი, გილმორი და მეისონი ფილმის P*U*L*S*E DVD ვერსიის პრეზენტაციას დაესწრნენ. ამ პრეზენტაციაზე რაიტმა განაცხადა, რომ იგი ყოველთვის მზად არის, დაუკრას გილმორთან, მაგრამ აღარ სურს პინკ ფლოიდის საკონცერტო ტურები, რადგანაც ეს დამღლელი სამუშაოა. 2007 წლის ინტერვიუებში მან ახსენა, რომ ჯგუფის წევრების მსოფლმხედველობა საკმაოდ განსხვავდება და რთულია კვლავაც ერთად მუშაობა.

2008 წლის 15 სექტემბერს რიჩარდი გარდაიცვალა. როგორც მისმა ოჯახის წევრებმა განაცხადეს, მიზეზი იყო მოულოდნელად განვითარებული კიბო.

ჯგუფის ყველა წევრისგან რაიტი გამოირჩეოდა მშვიდი ხასიათით. მას არ უყვარდა ინტერვიუები და იშვიათად საუბრობდა პრესასთან.

გარდაცვალება[რედაქტირება]

რაიტის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა კიბო.[1][2] იგი 65 წლის იყო. გარდაცვალებამდე იგი მუშაობდა ინსტრუმენტული კომპოზიციების ალბომზე, რომელიც უნდა ყოფილიყო მისი მეოთხე სტუდიური დისკი.[3] რიჩარდის ქონება შეფასდა 23.7 მილიონ ფუნტად.[4]

მუსიკოსების რეაქცია გარდაცვალებაზე[რედაქტირება]

დევიდ გილმორმა საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა შემდეგი მიმართვა:

ვიკიციტატა
„ვერავინ შეცვლის რიჩარდ რაიტს. იგი ჩემი მუსიკალური თანაშემწე და მეგობარი იყო.

არგუმენტების იმ არეულ-დარეულობაში, თუ ვინ ან რა იყო პინკ ფლოიდი, რიკის უზარმაზარი წვლილი ხშირად ავიწყდებოდათ. იგი იყო მშვიდი, თავმდაბალი და იდუმალი, მაგრამ მისი ემოციური ხმა და დაკვრის მანერა იყო მნიშვნელოვანი ნაწილი პინკ ფლოიდის ყველაზე ამოცნობად ჟღერადობაში. მე ასეთ ადამიანთან არასოდეს დამიკრავს. მისი და ჩემი ხმების შერწყმა და ჩვენი მუსიკალური ტელეპატია პირველად გაიფურჩქნა 1971 წელს, ’Echoes'-ზე. ჩემი აზრით, პინკ ფლოიდის ისტორიაში ყველაზე დიდებული მომენტებია ის, სადაც იგი მთლიანად ყვავის. ბოლოს და ბოლოს, რა იქნებოდა 'The Dark Side Of The Moon', რომ არა 'Us and Them' და 'The Great Gig In The Sky', რომელთა ავტორიც იგი არის? მისი ფარული წვლილით ალბომს 'Wish You Were Here' არ ექნებოდა ეფექტი. შუა წლებში, სხვადასხვა მიზეზის გამო მას გზა აებნა, მაგრამ 90-იანების დასაწყისში, ალბომით 'The Division Bell', მისი სიცოცხლისუნარიანობა, სიცოცხლის ნიშანწყალი და იუმორი დაუბრუნდა და მსმენელის რეაქცია მის გამოჩენაზე ჩემს 2006 წლის ტურნეზე იყო აღფრთოვანებას იწვევდა და ეს მისი თავმდაბლობის ნიშანია, რომ ფეხზე დამდგარი ხალხის ოვაციებმა დიდად გააკვირვეს (თუმცა, ჩვენ არ გაგვკვირვებია).

ისევე როგორც რიკს, მეც მიჭირს ჩემი გრძნობების სიტყვებით გამოხატვა, მაგრამ მე მიყვარდა იგი და ძალიან მომენატრება“

როჯერ უოტერსის ოფიციალური საიტი შეცვლილი იქნა 15 სექტემბერს საღამოს. მასზე განთავსდა შავ ფონზე განლაგებული უამრავი სანთლის გამოსახულება.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

პირველი მეუღლისგან, ჯულიეტ გეილისგან რაიტს ჰყავს ორი შვილი (გეილს იგი გაეყარა 1982 წელს). მეორედ იგი დაქორწინდა 1984 წელს და თავის მეუღლეს, ფრანკას, 1994 წელს გაეყარა.

მესამე მეუღლესთან, მილისთან, რაიტი დაქორწინდა 1996 წელს. სწორედ მილის მიეძღვნა ალბომი Broken China, რომელშიც გამოყენებულია სიუჟეტები მილის პირადი ცხოვრებიდან. მილისა და რიჩარდს ჰყავთ ვაჟი ბენი.

გავლენა და ინსტრუმენტები[რედაქტირება]

რაიტის მუსიკალური სტილი განიცდის ჯაზისა და ნეოკლასიკური მუსიკის გავლენას. მას ახასიათებს ბლუზისა და ხალხური მუსიკის მსგავსი ჰარმონიები. კლავიშებიანი ინსტრუმენტებიდან მას უფრო მეტად მოსწონს ორგანი და სინთეზატორი. უფრო ხშირად იგი იყენებს სინთეზატორს Kurzweil.

პინკ ფლოიდის სიმღერები რიჩარდ რაიტის ვოკალით[რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება]

პინკ ფლოიდთან ერთად ჩაწერილი ალბომების შესახებ წაიკითხეთ სტატია პინკ ფლოიდის დისკოგრაფია.

სოლო ალბომები[რედაქტირება]

პროექტი Zee[რედაქტირება]

დევიდ გილმორთან ერთად[რედაქტირება]

სიდ ბარეტთან ერთად[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Selva, Meera. “Pink Floyd member Richard Wright dies age 65“, Associated Press, 15 September 2008. წაკითხვის თარიღი: 2008-09-15. 
  2. Floyd founder Wright dies at 65“, BBC News Website, BBC, 2008-09-15. წაკითხვის თარიღი: 2008-09-15. 
  3. Obituary: Richard Wright - The Guardian, 16/09/2008.
  4. Leach, Ben. “Pink Floyd star leaves nothing in will to his three wives“, The Daily Telegraph, 30 September 2009. წაკითხვის თარიღი: 22 May 2010. 
Musical notes.svg მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.