თეთრი წყარო, ქალაქი საქართველოში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1940 წლამდე აღბულაღი ერქვა. მდებარეობს გომერის ქედის კალთაზე, მდინარე ჭივჭავის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. მოსახლეობა 4,0 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. თეთრი წყაროს ადგილზე მდებარეობდა ისტორიული სოფელი გარისი, შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსი პირღებული, რომლის ეკლესიაც XII ს-შია აგებული. ქალაქის სიახლოვეს არის თეთრი წყაროს ნასოფლარი, სამშვილდის ნაქალაქარი.