ტროპიკული სარტყლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტროპიკული სარტყლები და ქვე-ტიპები.

ტროპიკული სარტყლები — ორი გეოგრაფიული სარტყელი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროში, სუბტროპიკულსა და სუბეკვატორულ სარტყლებს შორის. ტროპიკული სარტყლებისთვის დამახასიათებელია კონტინენტებზე უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს ლანდშაფტი, ხოლო ოკეანეში — წყლის მაღალი ტემპერატურა და მარილიანობა. ტიპურია ჰაერის ანტიციკლონური ციკრულაცია. დაბალი შეფარდებითი ტენიანობა, მცირე მოღრუბლულობა. ამის შედეგია მზის ჯამური რადიაციის მაღალი სიდიდეები 580—920 კჯ/სმ² (140—220 კკალ/სმ² —მაქსიმალური დედამიწისათვის) და ამავე დროს შედარებით დაბალი რადიაციული ბალანსი 250 —290 კჯ/სმ² (60—70 კკალ/სმ²) წელიწადში, აგრეთვე საშუალო დღეღამური და თვიური ტემპერატურების დიდი ამპლიტუდები. ვაკეზე ყველაზე თბილი თვეების საშუალო ტემპერატურებია 30—35°C, ცივისა — არანაკლებ 10°C. ნალექები 50—200 მმ წელიწადში.

ტროპიკული სარტყლებში კონტინენტზე 4 სექტორს გამოყოფენ:

  • აღმოსავლეთი ოკეანისპირა — ნოტიო, ჭარბობს ტყის ლანდშაფტი:
  • აღმოსავლეთი გარდამავალი — ნათელი ტყისა და ბუჩქნარის ლანდშაფტები;
  • შიგაკონტინენტური და დასავლეთ ოკეანისპირა — სადაც გაბატონებულია უდაბნო და ნახევარუდაბნო.

კონტინენტების ტროპიკული სარტყლებში აღმოსავლეთიდან დასავლეთით მცირდება ჩამონადენის ფენა (100 მმ-დან რამდენიმე მმ-მდე) და მდინარეთა წყლიანობა; შიგაკონტინეტურ და დასავლეთ ოკეანისპირა სექტორებში ჩამონადენი ეპიზოდურია. აღმოსავლეთ ნაწილებში გაბატონებულია ქიმიური გამოფიტვა და ეროზიული პროცესები, დასავლეთში კი — ფიზიკური გამოფიტვა და დეფლაცია. დასავლეთისაკენ თანმიმდევრულად ცვლიან ერთმანეთს გაესწრებული ლატერიტული, ცვალებადად ნოტიო ტყის წითელი ნიადაგები, ნათელი ტყისა და სავანის ყავისფერ-წითელი და წითელ-მურა ნიადაგები; შიგაკონტინენტურ სექტორებში დასავლეთითაც უდაბნოს პრიმიტიული ნიადაგებია. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ იცვლება მცენარეული ფორმაციებიც: შერეული (ფოთოლმცვივანი-მარადმწვანე) ტყე, მუსონური (ფოთოლმცვივანი) ტყე, ნათელი ტყე ან სავანა, მშრალი ტყე და ქსეროფილური ბუჩქნარი, ნახევარუდაბნოსა და უდაბნოს მყენარეულობა. ამავე მიმართულებით შესაბამისად იცვლება და მცირდება ცხოველთა სამყაროც. ტროპიკული სარტყლებში მკაფიოდაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყლურობის სპექტრები.

ოკეანის აკვატორიაში ტროპიკული სარტყლებისთვის დამახასიათებელია მაღალი რადიაციული ბალანსი — 418 კჯ/სმ² (100 კკალ/სმ²) წელიწადში, ინტენსიური აორთქლება, წყლის მაღალი მარილიანობა (37%-მდე), პლანქტონის სიმცირე (25 მგ/მ³). 35—40 მ სიღრმემდე 18,5—23°C ტემპერატურის წყალში ვითარდება მარჯნის რიფები.

ტროპიკული სარტყლების ტერიტორია ძირითადად სუსტადაა დასახლებული და ათვისებული. უკეთაა ათვისებული აღმოსავლეთ ოკეანისპირა სექტორი, განსაკუთრებით აზიაში, სადაც სარწყავი და ტერასული მიწათმოქმედება და საპლანტაციო მეურნეობაა, წარმოებს ტყის დამუშავება და ბუნებრივი ლანდშაფტები თითქმის მთლიანად შეცვლილია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]