ვერეს ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვერეს ციხე

ვერეს ციხე, აზრატის ციხე, ბერეს ციხე — ციხესიმაგრე შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამიოდე კილომეტრზე, მდინარე ტანის ხეობაში, მდინარე ვერეს ნაპირას, ძნელად მისადგომ ქედზე. ციხეს სტრატეგიულად მოხერხებული მდებარეობა აქვს. აქედან მოჩანს ტანის ხეობა და გორი მისი მიდამოებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგებობა თარიღდება IX–X საუკუნეებით. ვერეს ციხე და მისი შემოგარენი თბილისის საამიროში შედიოდა და იგი, ატენის ციხესთან ერთად, მონაწილეობდა ქართლის შემოერთებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. X საუკუნის მიწურულიდან ციხე კლდეკარის ერისთავთერისთავების — ბაღვაშთა გამგებლობაში გადავიდა. XI საუკუნიდან XVI საუკუნის შუახანამდე ვერეს ციხის მიდამოები საქართველოს სამეფო სახლის განკარგულებაში იყო. 1554 წელის ზაფხულში შაჰ თამაზმა აიღო ვერეს ციხე და გზა გაიხსნა ატენის ციხისკენ, სადაც ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის დედა და ქართლის თავადაზნაურთა ოჯახები იდგნენ. XVII-XVIII საუკუნეებში ციხე თავად ციციშვილთა ხელში გადავიდა და ამ საგვარეულოს მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტად იქცა. 1638 წელს ვერეს ციხეში გამაგრდა როსტომ მეფის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის თავადთა მეთაური ნოდარ ციციშვილი. მეფემ ალყა შემოარტყა ციხეს. აჯანყებულმა ციციშვილმა გაქცევით უშველა თავს. როსტომ მეფემ ვერეს ციხე აიღო და გაანადგურა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე გეგმით წაგრძელებულია (სიგრძე 44,6 მ, სიგანე აღმოსავლეთით 14,8 მ, დასავლეთით 6 მ), ნაგებია რიყის ქვით. ნაგებობა დაზიანებულია — ფერდობებზე კედლები შემორჩენილია 4-5 მეტრის სიმაღლეზე. ციხის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეები მთავრდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკებით. აღმოსავლეთის კოშკიდან გადარჩენილია მხოლოდ კონტური; დასავლეთის კოშკი გეგმით უსწორო — ელიფსურია. ქვედა სართული ცილინდრული კამარით გადახურული გრძელი სათავსია, რომელიც ციხის ეზოს განიერი თაღოვანი კარით უკავშირდება. ციხის ეზოში, გალავნის სამხრეთ კედელთან, დიდი წყალსაცავია.

ციხეს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]