მტკვრის ტობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მტკვრის ტობი
Chondrostoma cyri.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Chondrostoma cyri (Kessler, 1877)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19083836

მტკვრის ტობი[1] (ლათ. Chondrostoma cyri) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 21,5–22 სმ, აქვს წაგრძელებული და გვერდებიდან შებრტყელებული ტანი, პატარა თავი,[2] ასევე პატარა, ნახევარმთვარის ფორმის[3] დაბლა განლაგებული პირი. ზურგის ფარფლში 7–8 რბილი სხივია, ანალურში — 9–10. მამალი უფრო ტანადია, მეტად აქვს განვითარებული ზურგისა და ანალური ფარფლები. ზურგი მუქი რუხია, გვერდები ვერცხლისფერი; გვერდითი ხაზის ზემოთ, ტანის გასწვრივ გასდევს მრავალი პიგმენტური წერტილისაგან შემდგარი მუქი ზოლი (ზოგჯერ შეიძლება არც ჰქონდეს).[2] გვერდითა ხაზი შედგება 54–62 ქერცლისაგან. კუდისა და ზურგის ფარფლი რუხია, ბოლოებისკენ უფრო მუქი,[3] დანარჩენი ფარფლები ნარინჯისფერი.[2] ქერცლი წვრილი და ბრჭყვიალაა. გავრცელებულია მდინარე მტკვრის შუა და ზემო წელზე სათავეებამდე, აგრეთვე მის შენაკადებში (მაგ., არაქსის ზემო წელიდან ქვემომდე და წყალშემკრებ აუზში), ჩილდირის ტბაში, ყარსჩაიში.[3] საქართველოში მტკვრის გარდა აღნიშნულია არაგვში, ალაზანში,[3] იორში.[4] გვხვდება სუფთაწყლიან და ქვის გრუნტზე სწრაფი დინების მქონე მდინარეებში, ცუდად იტანს მღვრიე წყალს. ცხოვრობს მცირე ზომის ჯგუფებად, ძირითადად იმყოფება ფსკერზე. იკვებება წყლის მცენარეულობით, დეტრიტითა და ფსკერის უხერხემლოებით. ტოფობის დროს იწევს მდინარის ზემო წელზე. ქვირითს ყრის ქვებზე ჭორომთან ახლოს. ნაყოფიერება უცნობია.[2] ამ სახეობის დაბალი მორფა (მდინარე არაქსიდან) შემდგომში აღწერეს როგორც თერგის ტობი (Chondrostoma leptosoma Berg).[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 7.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Chondrostoma cyri (Куринский подуст). biotopfish.com. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2020.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Куринский подуст. fishbiosystem.ru. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2020.
  4. ბუნება და კლიმატი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი. sagarejo.gov.ge. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2020.