პარკოსნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პარკოსნები
Vicia villosa
ბანჯგვლიანი ცერცველა (Vicia villosa)
Snijboon peulen Phaseolus vulgaris.jpg
ჩვეულებრივი ლობიო (Phaseolus vulgaris)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  პარკიანები
ოჯახი:  პარკოსნები
ლათინური სახელი
Fabaceae Lindl., 1836
Leguminosae Juss., 1789, nom. cons.

პარკოსნები (ლათ. Fabaceae ანუ Leguminosae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ყვავილოვანი მცენარეების ერთ-ერთი უდიდესი ოჯახია. მისი წარმოშობა (ნამარხი მტვრისა და მერქნის მიხედვით) დათარიღებულია ზედა ცაცული სისტემისა და პალეოცენის მიჯნით (65 მლნ. წლის წინ). ბუჩქები, ნახევრად ბუჩქები, მრავალწლოვანი და ერთწლოვანი ბალახები, ხეები და ლიანებია (ბუჩქოვანი და ბალახოვანი). სახეობათა უმრავლესობას რთული (ფრთული, სამმაგი, თათისებრი) აქვს, თანაფოთლებით, როგორც წესი, მორიგეობით განლაგებული. ყვავილები ორსქესიანია, 5-ნაკვთიანი, ხშირად მწერებით დამტვერვადი. ნაყოფი — პარკი (აქედან სახელწოდება), რომელსაც ნაირგვარი ფორმა და თესლის გავრცელების ხერხი აქვს.[1]

პარკოსნებს ფესვებზე უვითარდებათ კოჟრები — ატმოსფერული აზოტის შემთვისებელი კოჟრის ბაქტერიების (Rhizobium sp.) გროვები, რომლებიც ნიადაგს ამდიდრებენ აზოტით.[2] ამგვარად, პარკოსნები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ბიოსფეროს აზოტის წრებრუნვაში.[1]

ოჯახში გამოიყოფა რამდენიმე ქვეოჯახი, მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია მიმოზისებრნი (ლათ. Mimosoideae), ცეზალპინიისებრნი (ლათ. Caesalpinoideae) და ფარვანასებრნი (ლათ. Faboideae ანუ Papilionoideae) (ზოგიერთი სისტემატიკოსი ამ ქვეოჯახებს ცალკე ოჯახებად მიიჩნევს).[2] აერთიანებს 700-მდე გვარის 17 000-ზე მეტ სახეობას. პარკოსანთა მორფოლოგიური პლასტიკურობა შეწყობილია შემგუებლური თვისებების ძალიან ფართო სპექტრთან, რისი წყალობითაც ისინი გავრცელდნენ ნოტიო ტროპიკული ტყეებიდან სუბარქტიკულ ტუნდრამდე.[1]

პარკოსნების ზოგიერთი გვარი და ცალკეული წარმომადგენლები (ლობიო, სოია, არაქისი, ცერცვი, ბარდა და სხვა) ცილებით მდიდარი ყუათიანი საჭმელია, არაქისისა და სოიის თესლიდან მიღებულ ზეთს ფართოდ იყენებენ კვების მრეწველობაში (საკონდიტრო წარმოება, კულინარია) და ტექნიკური მიზნებისათვის. საქონლის საკვებ მცენარეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია იონჯას, სამყურას, ესპარცეტს, ცერცველას, ძიძოსა და სხვა მცენარეებს.[2]

ზოგიერთი პარკოსნების (წითელი სანდალოზისლათ. Pterocarpus santalinus) მერქანს ძვირფასი ავეჯის დასამზადებლად იყენებენ. პარკოსნების ქერქი შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს; მრავალი სახეობა (არღავანი, ალბიცია, გლიცინია, სოფორა, კურდღლისცოცხა და სხვა) დეკორატიულია. იყენებენ აგრეთვე ცოცხალ ღობეებად და ქარსაცავ ზოლებად. პარკოსნების უმრავლესობა კარგი თაფლოვანი მცენარეა,[2] განსაკუთრებით აფასებენ თეთრ აკაციას, სამყურას, იონჯას, ცერცველას, ძიძოს, ესპარცეტს. მებაღეობაში ძვირფასია ბაღის არჯაკელი, ხანჭკოლა, რობინია, უძრახელა და მრავალი სხვა. ოჯახის სისტემატიკის კვლევით დაკავებულია „პარკოსანთა მონაცემთა ბაზის შექმნისა და საინფორმაციო სამსახურის საერთაშორისო პროგრამა“ (International Legume Database and Information Service, ILDIS; რედინგი, დიდი ბრიტანეთი, 1985 წლიდან).[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Сытин А. К. Бобовые // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 621–622.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ხინთიბიძე ლ., პარკოსნები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 691-692.