ქართულ-ოსური კონფლიქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქართულ-ოსური კონფლიქტი — ეთნო–პოლიტიკური კონფლიქტი საქართველოსა და მის ავტონომიურ ოლქს შორის, რომელიც 1980–იან წლებში გაღვივდა 1991–1992 წლებში კი ომში გადაიზარდა. 2008 წელს კონფლიქტის ზონაში დაძაბულობამ უმაღლეს წერტილს მიაღწია, დაიწყო სამხედრო კონფრონტაცია, რამაც საბოლოოდ რუსეთ–საქართველოს ომის სახე მიიღო.

კონფლიქტის სათავეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ეთნიკური დაძაბულობა ჯერ კიდევ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1920 წ.წ) პერიოდიდან იღებს სათავეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მენშევიკური მთავრობა ოსებს რუს ბოლშევიკებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რაც ოსური მხრიდან საპასუხო რეაქციებს იწვევდა. 1918–1920 წლებში რამდენიმე ოსური აჯანყება განხორციელდა, რომელთა მთავარ მიზანსაც დამოუკიდებლობის მოპოვება წარმოდგენდა. რეგიონში ძალადობამ იფეთქა, მას შემდეგ რაც საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ აჯანყების ჩახშობა სცადა და ცხინვალში სახალხო გვარდია და რეგულარული არმიის შენაერთები გაგზავნა. 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლისა და მისი ძალით გასაბჭოების შემდგომ იქმნება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს შემადგენლობაში. რეგიონმა მიიღო საბჭოთა მმართველობის პირობებში ავტონომიისათვის დამახასიათებელი ყველა უფლება. 1925–1927 წლებში განიხილებოდა სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების იდეა, თუმცა 80–იანი წლების მიწურულამდე ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებით რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

1991-1992 წლების ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ–ოსური ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა 1980–იანი წლების მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ რაც 1985 წელს საბჭოთა კავშირში დაიწყო საბჭოთა პოლიტიკური ლიბერალიზაციის პროცესები. მიმდინარე მოვლენებმა კვლავ განაახლა ქართველებისა და ოსების წინარე საბჭოური ისტორია და რუსეთის იმპერიის ნგრევის დროინდელი დაპირისპირებები. საქართველოში გააქტიურდა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, რის პარალელურადაც გააქტიურდნენ სეპარატისტული მოძრაობები ყოფილ ცხინვალის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

1989 წლის 29 იანვარს ქართველების ეროვნულ მობილიზაციას ოსებმა სახალხო ფრონტის “ადამონ ნიხასის” შექმნით უპასუხეს. მხარეებს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა “ადამონ ნიხასის” ლიდერის ალან ჩოჩიევის წერილის გამოქვეყნების შემდგომ, სადაც იგი ითხოვდა სამხრეთ ოსეთის გამოყოფას საქართველოს შემადგენლობიდან, მაშინ როდესაც ქართული მხარის მოთხოვნას სამხრეთ ოსეთის სახელწოდებისა და ავტონომიის გაუქმება წარმოადგენდა.

დაპირისპირების ერთ–ერთ პირველ გამოვლინებად იქცა ქართულ საზოგადებაში მიმდინარე დებატები ქართული ენის საკანონმდებლო სტატუსის თაობაზე. 1989 წლის 15 აგვისტოს გამოიცა დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რის საფუძველზეც განისაზღვრა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი. ქართული ენა გამოყენებული უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში. “ადამონ ნიხასმა” აღნიშნული დოკუმენტი დაგმო მიიჩნია რა დისკრიმინაციულად და ანტი–დემოკრატიულად, იმის გთვალისწინებით რომ ოსური მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცოდა ქართული ენა. რეგიონში დაიწყო სახალხო დემონსტრაციები და გაფიცვები.

1989 წლის 26 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის მე–20 მოწვევის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მიერ საქართველოს უმაღლესი საბჭოს წინაშე დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ მოქმედ კონსტიტუციის 75–ე მუხლს დამატებოდა შემდეგი პუნქტი: “სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახელმწიფო ენაა ოსური ენა”. საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მოთხოვნა ოსური ენის შესახებ კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით, რასაც შედეგად მოჰყვა “კანონთა ომის” სრული მასშტაბით დაწყება.

1989 წლის 10 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესიამ გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარდაქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკად. ამასთანავე მიიღო გადაწყვეტილება “ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ”, რომლის თანახმადაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენად ცხადდებოდა ოსური ენა. გარდა ამისა, სესიამ მოუწოდა საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს და სსრკ უზენაეს საბჭოს განეხილათ სამხრეთ ოსეთის სტატუსის ამაღლებისა და ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების საკითხი. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აღნიშნული ქმედებები კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია და 1989 წლის 16 ნოემბერს გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII სესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ვითარების განმუხტვისა და ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით პერიოდულად იმართებოდა სახალხო ფორუმები, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ქართული, ისე ოსური მხარის წარმომადგენლები. თუმცა 1989 წლის 23 ნოემბერს მსგავსი შეხვედრა დაპირისპირებაში გადაიზარდა, როდესაც 15 000 ქართველი ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან ერთად ცხინვალისაკენ დაიძრა. აღნიშნული ქმედება ოსური მხარის მიერ აღქმული იქნა როგორც ძალის დემონსტრირება, რასაც დაუპირისპირა ოსი მეამბოხეები, საბჭოთა არმიის მე–8 ლეგიონის ჯარისკაცები და პოლიციელები, რომლებმაც გადაკეტეს ქალაქში შესასვლელი გზა. შეტაკებებს მოჰყვა პირველი მსხვერპლი. აღსანიშნავია, რომ 1990 წლიდან “ადამონ ნიხასის” პოზიციებს შეუერთდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უმაღლესი პარტიული ნომენკლატურაც და გახდა მათი რადიკალური მოთხოვნების მხარდამჭერი და გამხმოვანებელი.

ქართულ–ოსური ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა 1990 წლის ზაფხულში, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინა პერიოდში. 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მე–20 მოწვევის XIV სესიამ მიიღო დეკლარაცია “სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ”. აღსანიშნავია, რომ საბჭოს არ ჰქონდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების სათანადო კომპეტენცია, შესაბამისად აღნიშნული ქმედება იყო ცალმხრივი და ეწინააღმდეგებოდა სსრკ კონსტიტუციას. 1990 წლის 21 სექტემბერს მიღებული დადგენილება გაუქმებულ იქნა საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ. 16 ოქტომბერს ცხინვალში მოწვეული იქნა ავტონომიური ოლქის საბჭოს მე–15 სესია, რომელმაც კვლავაც დაადასტურა გადაწყვეტილება “სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ”, გარდა ამისა მიიღო დროებითი დებულება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩვენების შესახებ. არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.

1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ასევე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალახო დეპუტატთა საბჭო და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები. ამასთანავე ბათილად და იურიდული ძალის არმქონედ გამოცხადდა ე.წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” უმაღლესი საბჭოს დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები. უზენაესმა საბჭომ ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მიიღო “კანონი საგანგებო წესების შესახებ”.


სამხედრო მოქმედებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის იანვარში მხარეებს შორის პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია დაიწყო, მას შემდეგ რაც რამდენიმე ათასი ქართველი სამხედრო შევიდა ცხინვალში. 1 წლის განმავლობაში რეგიონში დაისადგურა ქაოსმა, რასაც პერიოდულად თან ერთვოდა შეიარაღებული დაპირისპირება.

1992 წლის გაზაფხულზე ბრძოლის ესკალაცია მოახდინა რუსეთის ჩარევამ კონფლიქტში. 1992 წლის 24 ივნისს, სოჭში (დაგომისში) რუსეთისა და საქართველოს ლიდერების, ბორის ელცინისა და ედუარდ შევარდნაძის მიერ ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას. ომმა საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანა ორივე მხარისათვის. გავრცელებული ცნობებით დაიღუპა 2000– 4000 ადამიანი, განადგურდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, ათი ათასობით ადამიანი გახდა ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი.

დაგომისის ხელშეკრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის დაგომისის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის შეწყდა საბრძოლო მოქმედებები. ამასთანავე, შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია (შსკ) - ოთხმხრივი ორგანო საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, “სამხრეთ ოსეთისა” და ჩრდილოეთ ოსეთის მონაწილეობითა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ჩართულობით. კომისიას დაევალა ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულების მეთვალყურეობა, კონფლიქტის მოგვარების გზების შექმნა და განხორციელება, დიალოგის ხელშეწყობა, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა და ეკონომიკურ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. დოკუმენტის საფუძველზე ასევე შეიქმნა გაერთიანებული სამშვიდობო ძალები – ქართველების, რუსებისა და ოსების მონაწილეობით, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მშვიდობის აღდგენა, წესრიგისა და სამართლიანობის შენარჩუნება კონფლიქტის ზონაში.

1993–2000 წლებში სიტუაციის დარეგულირებისა და მხარეებს შორის ურთიერობების აღდგენისა და გამყარების მიზნით მრავალი სხვადასხვა დონის შეხვედრა გაიმართა და არაერთ შეთანხმებასა და მემორანდუმს მოეწერა ხელი. მიუხედავად ამისა, ვითარება კვლავ დაძაბული იყო, არ სრულდებოდა მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებები, ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ თავდასხმებს, კრიმინოგენული სიტუაცია კი კონტროლს არ ექვემდებარებოდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი იყო ედუარდ შევარდნაძისა და ლუდვიგ ჩიბიროვის გახშირებული შეხვედრები: 1996 წელს ვლადიკავკაზში, 1997 წელს ჯავაში, 1998 წელს ბორჯომში, რომელთა დროსაც ნათლად გამოჩნდა პოზიტიური დინამიკა. მხარეები საუბრობდნენ ისეთ მნიშნველოვან საკითხებზე, როგორიცაა დევნილთა დაბრუნება, რეგიონის ეკონომიკურ განვითარება, კონფლიქტის ზონაში მყოფი მოსახლეობის უსაფრთხოების ერთობლივი დაცვა და ა.შ.

1996 წელს გაიხსნა ერგნეთის ბაზრობა, რომელიც თავდაპირველად ქართული მხარის მიერ ხალხის დაახლოებისა და ნდობის აღდგენის მექანიზმად აღიქმებოდა. ქართულ–ოსური ურთიერთობების ნეგატიური შემობრუნება დაიწყო მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთში დე–ფაქტო პრეზიდენტად ედუარდ კოკოითი აირჩიეს. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ოფიციალურმა განცხადებამ ნატოში გაწევრიანების თაობაზე.

ვარდების რევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის ნოემბერში საქართველოში განხორციელდა ხელისუფლების ცვლილება, რომელიც ისტორიაში ,,ვარდების რევოლუციის“ სახელით შევიდა. რევოლუციამ მიხეილ სააკაშვილი და მისი ნაციონალური მოძრაობა უკონკურენტო ლიდერებად აქცია. 2004 წლის 4 იანვარს ფაქტიურად უკონკურენტო საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტი გახდა მიხეილ სააკაშვილი. ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ მთავარ მიზნად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაისახა. სააკაშვილის საწყისი ნაბიჯები წარმატებული აღმოჩნდა - ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოახერხა და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა აჭარა.

ვარდების რევოლუციისა და აჭარის მოვლენების შემდგომ მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის მიმართულებით დაიწყო მოქმედება. მის მთავარ სამიზნეს ედუარდ კოკოითის რეჟიმი წარმოადგენდა, რომელიც კონტრაბანდით საზრდოობდა და ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობითაც არ სარგებლობდა. ერგნეთის ბაზრობის ირგვლივ არსებული ვითარება საგანგაშო და საქართველოს უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკების შემცველი იყო. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ დაიხურა შავი ბაზარი, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქციები ოსური მხარისაგან. ივლისის ბოლოს დაიწყო დაპირისპირება ქართულ სამშვიდობო ძალებსა და ოს პოლიციელებს შორის, რომელთაც ასევე ეხმარებოდნენ შტატგარეშე სამხედროები რუსეთიდან.

რეგიონში ვითარება გაუარესდა 10–11 აგვისტოს, როდესაც ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში, ქართულ და ოსურ სოფლებში გაიხსნა ცეცხლი და დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. კონფლიქტში ასევე ჩართულნი აღმოჩდნენ გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შემადგენელი ქართული და ოსური ძალები. 13 აგვისტოს საქართველოს პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია და სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო პრეზიდენტი კოკოითი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. 17–18 აგვისტოს შერეული სამშვიდობო კომისიის საგანგებო სხდომებზე აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და დემილიტარიზაციის პროექტებზე. თუმცა ორივე მხარისათვის ნათელი იყო, რომ ზავი დროებითი იყო და ბრძოლა შეიძლებოდა ნებისმიერ დროს განახლებულიყო. 19 აგვისტოს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

სამშვიდობო ინიციატივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის 22 სექტმებერს გაეროს 59–ე გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა კონფლიქტების ნაბიჯ–ნაბიჯ გადაწყვეტის გეგმა, რომელიც ნდობის აღდგენის პარალელურად მოიცავდა რეგიონის დეკრიმინალიზაციას, დემილიტარიზაციას და უსაფრთხოების ფართო გარანტიებს.

2005 წლის იანვარში სააკაშვილმა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან გაახმოვანა ინიციატივები ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე. საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული გეგმის მთავარ მიზანს ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება წარმოადგენდა და ითვალისწინებდა ფართო ავტონომიას, საკონსტიტუციო გარანტიებს, რეგიონის სტაბილიზაციასა და ოსური ენის ოფიციალურ სტატუსს. ასევე მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული იყო ერთობლივი, შერეული ქართულ–ოსური პოლიციური ქვედანაყოფის შექმნა.

2005 წლის ივლისში კი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მზად იყო სამხრეთ ოსეთისათვის მიეცა ყველაზე ფართო ავტონომია, თვითმმართველობის მაღალი ხარისხითა და პრივილეგირებული საგადახადო და ეკონომიკური რეჟიმებით. 2005 წლის დეკემბერში გამართულ ეუთოს ლიუბლიანას მინისტერიალზე კი გამოცხადდა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო გეგმის უფრო კონკრეტული და დროში გაწერილი ვერსია.

არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის ნოემბერში სამხრეთ ოსეთში გაიმართა სახალხო რეფერენდუმი, რომელმაც კვლავ დაადასტურა რეგიონის „დამოუკიდებლობა“ საქართველოსგან. ამასთანავე ჩატარადა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმების 96%-ით პრეზიდენტად კვლავაც არჩეულ იქნა ედუარდ კოკოითი. დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად ქართულ და ოსურ სოფლებში ჩატარდა “ალტერნატიული არჩევნები”, რომელიც სამხრეთ ოსეთის „ხსნის კავშირის“ მიერ იყო ორგანიზებული. სეპარატისტების მიერ არკონტროლირდებად ტერიტორიებზე ხმების 80,25% დიმიტრი სანაკოევმა მიიღო და პრეზიდენტად სწორედ ის დასახელდა. მისი საარჩევნო პროგრამა მხარს უჭერდა საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის სტატუსის აღდგენასა და ეკონომიკური პროგრამის შემუშავებას. დეკემბერში დიმიტრი სანაკოევმა შექმნა მთავრობა, რომელიც სოფელ ქურთაში განლაგდა.

2007 წლის 10 მაისს სანაკოევი საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. დიმიტრი სანაკოევმა მეორე დღესვე ოსურად მიმართა საქართველოს პარლამენტს და კონფლიქტის მოგვარების გეგმა წარუდგინა. განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ სოფლებში სატრანსპორტო გზების ბლოკირების ბრძანება გასცა, სანაკოევის მთავრობას კი გაძევებით დაემუქრა.

2008 წლის მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის გაზაფხულზე დაძაბულობამ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის უმაღლეს ხარისხს მიაღწია. 6 მარტს რუსეთმა დაარღვია დსთ–ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილება “აფხაზეთში/საქართველო კონფლიქტის დარეგულირების შესახებ” და აფხაზეთს დაწესებული ეკონომიკური სანქციები მოუხსნა. ქართულმა მხარემ რუსეთის ამგვარ ქმედება აფხაზეთის სრული მილიტარიზაციის დაწყებად გამოაცხადა. მომდევნო თვეების განმავლობაში ქართულ–რუსული ურთიერთობები კანონებისა და ურთიერთბრალდებების შემცველი განცხადებების საინფორმაციო ომში გადაიზარდა. 21 მარტს რუსეთის დუმამ აღმასრულებელ ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა ეღიარებინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.

ქართულ–რუსული დაპირისპირების პარალელურად სიტუაცია დღითიდღე მძიმდებოდა კონფლიქტის ზონებში, იღუპებოდნენ მშვიდობისმყოფელები, პოლიციელები და სამოქალაქო პირები. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 3 ივლისს, ოსური სოფლის დმენისის პოლიციის უფროსის ნოდარ ბიბილოვის აფეთქების შემდგომ. მომხდარ ფაქტში ოსურმა მხარემ საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა. იმავე დღეს ნაღმზე აფეთქდა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსის სანაკოევის მანქანა, თავად სანაკოევი უვნებლად გადარჩა. მომხდარი ქართულმა მხარემ ტერორისტულ აქტად შეაფასა.

2008 წლის 8 ივლისს რუსეთის ოთხმა სამხედრო თვითმფრინავმა კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე. ქართულმა მხარემ აღნიშნულ ქმედების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა უწოდა და საქართველოს ელჩი რუსეთში “კონსულტაციებისათვის” გამოიწვია. დაძაბულობის განმუხტვის მიზნით საქართველოს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ესტუმრა.

სამხედრო წვრთნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის ივლისში რუსეთმა ჩაატარა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები კოდური სახელწოდებით “კავკასია 2018”. წვრთნები ჩატარდა უშუალოდ საქართველო–რუსეთის საზღვართან და მასში მონაწილეობდა 8000-ზე მეტი ჯარისკაცი. რუსული წვრთნების პარალელურად საქართველოშიც დაიწყო ერთობლივი წვრთნები კოდური სახელწოდებით “დაუყოვნებელი პასუხი 2008”, რომელშიც ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ ამერიკული, სომხური, აზერბაიჯანული და უკრაინული ძალები.

აგვისტოს ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში ომი დაიწყო. სამხრეთ ოსეთმა საქართველო დაადანაშაულა ფართომასშტაბიან აგრესიაში ცხინვალის წინააღმდეგ. მაშინ როდესაც საქართველო აცხადებდა, რომ ინტენსიურად იბომბებოდა ქართული სოფლები კონფლიქტურ ზონაში. იმავე საღამოს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე და სამხრეთ ოსეთსაც მოუწოდა იმავე ქმედებისაკენ. ასევე მოუწოდა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისაკენ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, რომ სამხრეთ ოსეთი ისარგებლებდა მაქსიმალური ავტონომიით საქართველოს შემადგენლობაში. ქართული მხარის განცხადებით სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები არ წყვეტდნენ თავდასხმას ქართულ სოფლებზე და აძლიერებდნენ სახმელეთო ძალებს რეგიონში. აღნიშნული ქმედებებით კი საქართველოს „აიძულებედნენ“ დაერღვია ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ცალმხრივად აღებული ვალდებულება.

8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოიწვია რუსეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, სადაც დაგმო საქართველოს აგრესიული ქმედებები სამხრეთ ოსეთში. რუსული მხარის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნებოდა მშვიდობის გარანტორი კავკასიაში.

8 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა რუსული სამხედრო ძალა და ტექნიკა. 9 აგვისტოს თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტმა შემდგომ კი პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. იმავე დღეს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უკან დახევა დაიწყეს. 12 აგვისტოს, საფრანგეთის პრეზდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით ხელმოწერილ იქნა ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ომი ფორმალურად დასრულდა.

6 პუნქტიანი გეგმის თანახმად კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარეს უნდა შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები და დაებრუნებინა სამხედრო ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე. გეგმა ასევე ითვალისწინებდა ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფას და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დაბრუნების პროცესის ხელშეწყობას. ასევე საერთაშორისო დისკუსიების დაწყებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ.

ომის შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

25 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. 2008-2015 წწ. -ში სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქი ასევე აღიარა ნიკარაგუამ (2008წ. სექტემბერი), ვენესუელამ (2009წ. სექტემბერი), ნაურუმ (2009წ. დეკემბერი) და ტუვალუმ (2011წ.). თუმცა აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მარტში ტუვალუმ აღიარება უკან გაიწვია.

რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის წყალობით სამხრეთ ოსეთმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. კერძოდ კი დე–ფაქტო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადავიდა ახალგორის რაიონი და ე.წ. “ლიახვის დერეფანი”, რომლის შემადგენლობაშიც 4 სოფელი შედის: კეხვი, თამარაშენი, ქურთა და აჩაბეთი.

2010 წლის 7 აპრილს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმდა შეთანხმება გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განლაგების თაობაზე. 2013 წლიდან კი რუსეთის მხარდაჭერით ოსურმა მხარემ საქართველოსთან გამყოფ ზოლზე სასაზღვრო ნიშნებისა და მავთულხლართების დამონტაჟება დაიწყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kaufman, Stuart J., Modern Hatreds, The Symbolic Politics of Ethnic War, (Ithaca and London: Cornell University Press, 2001) 106-107
  • ფონდი “ღია საზოგადება საქართველო”, “ქართულ–ოსური კონფლიქტის მიზეზების, დინამიკის, გადაწყვეტის გზების ძიებისა და სავარაუდო მიმართულებების შესახებ,” ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო სერია N1 (2005).
  • ნოდია, გია და სქოლტბახი, ალვარო პინტო. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი – პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევბი და პერსპექტივები (თბილისი: CIPDD, NIMD, 2006)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]