სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი
|
სამხრეთ ოსეთის აო რუს. Юго-Осетинская ао | |
| ქვეყანა |
|
|---|---|
| დაქვემდებარება |
|
| ადმ. ცენტრი | ცხინვალი |
| შიდა დაყოფა | ზნაურის რაიონი, ლენინგორის რაიონი, ცხინვალის რაიონი და ჯავის რაიონი |
| კოორდინატები | 42°20′00″ ჩ. გ. 44°00′00″ ა. გ. / 42.33333° ჩ. გ. 44.00000° ა. გ. |
| დაარსდა | 20 აპრილი, 1922 |
| ფართობი | 3900 კმ² |
| მოსახლეობა | 99 102 (1989)[1] |
| გაუქმდა | 11 დეკემბერი, 1990 |
|
| |
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, სამხრეთ ოსეთის აო (რუს. Юго-Осетинская автономная область, Юго-Осетинская ао; 1922-1990 წლებში) — ეროვნული ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში ადმინისტრაციული ავტონომიის უფლებით. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ცხინვალი.
ოლქის სამართლებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელი სპეციალური იურიდიული აქტია კანონი სამხრეთ ოსეთის აო-ს შესახებ, რომელიც მიიღო საქართველოს სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს წარდგინებით 1980 წელს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობდა ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ჩრდ. საზღვარი იყო კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემი, აღმოსავლეთით – ალევის ქედი, დასავლეთით საზღვარი კვეთდა ლიხის, რაჭისა და კედელას ქედებს, მდინარეების ძირულის, ყვირილის, ჯეჯორისა და ღარულის ზემო დინების ხეობებს და მთავრდებოდა მამისონის უღელტეხილთან. სამხრეთ საზღვარი შიდა ქართლის ვაკის ჩრდილო პერიფერიაზე გადიოდა. სამხრეთ ოსეთის აო–ს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ჩრდილოეთ ოსეთის არ, აღმოსავლეთით ყაზბეგისა და დუშეთის, სამხრეთით — კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის, დასავლეთით — საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტები.
ფართობი 3,8 ათასი კმ² (საქართველოს ტერიტორიის 5,4 %). მოსახლეობა 97,4 ათასი კაცი (1981). ცენტრი – ქ. ცხინვალი (სტალინირი — 1936-1961 წწ.). სამხრეთ ოსეთში იყო 4 ადმინისტრაციული რაიონი: ზნაურის რაიონი, ლენინგორის რაიონი, ცხინვალის რაიონი და ჯავის რაიონი; ერთი საოლქო დაქვემდებარების ქალაქი (ცხინვალი); ოთხი დაბა (ზნაური, კვაისა, ახალგორი, ჯავა).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს მიერთების შემდეგ დაიწყო აღნიშნული ტერიტორიის ადმინისტრაციული დაყოფა. ყოფილი სამეფოს ადგილას წარმოიქმნა საქართველოს გუბერნია, რომლის ჩრდილოეთი საზღვარი გადიოდა ისტორიული დვალეთის ჩრდილოეთით და შემდეგ აღმოსავლეთით მიუყვებოდა კავკასიონის მთავარ ქედს, უვლიდა ჩრდილოეთიდან ისტორიულ ხევს, არხოტს, შატილსა და თუშეთს. საქართველოს, საქართველო-იმერეთისა და ტფილისის გუბერნიებს ჰქონდათ თავისი შიდა დაყოფა. ერთ-ერთი ასეთი ერთეული იყო გორის მაზრა.
1842 წელს გორის მაზრას გამოეყო მთიელი ოსებით დასახლებული სოფლები და მათგან საქართველო-იმერეთის გუბერნიის შემადგენლობაში შეიქმნა დამოუკიდებელი ერთეული — ოსეთის ოკრუგი (შედგებოდა ჯავის, პატარა ლიახვის და ნარის უბნებისაგან). 1859 წლის 19 ივნისს ტფილისის გუბერნიის ოსეთის ოკრუგის ნარის უბანი (დვალეთი) გადაეცა კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთას, „ოსეთის ოკრუგი“ გაუქმდა და ნარჩენი ნაწილი მიერთებული იქნა გორის მაზრაზე ოსეთის უბნის სახელით.[2] 1860 წლის დასაწყისისათვის გორის მაზრა იყოფოდა ოთხ საპოლიციო უბნად: გორის, ოსეთის, სურამის, ხიდისთავის. 1867 წლის 9 დეკემბრის დებულებით გაუქმდა გორის მაზრის უბნებად დაყოფა, ხოლო 1888 წელს კვლავ აღდგა, ოღონდ ხუთ (ახალქალაქის, ბორჯომის, სურამის, ტყვიავისა და ცხინვალის) საპოლიციო უბნად.
შიდა ქართლში მცხოვრები ოსების ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში გაერთიანებისათვის მოძრაობას 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მიეცა გასაქანი.
1917 წლის მარტში ცხინვალში გაიმართა მიტინგი, რომელმაც გაუგზავნა მისასალმებელი ტელეგრამა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების დეპუტატებს; მარტის თვეში თბილისში შეიქმნა „ოსური რევოულციური კომიტეტი“ (რუს. «Осетинский Революционный комитет»), რომელშიც ბოლშევიკების გარდა შედიოდნენ მენშევიკები და ესერები; 10 აპრილს ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში ნიკოლოზ ზურაბის ძე ჯიოევი ცალკე სამაზრო ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას მოითხოვდა;[3][4] 20 აპრილს ცხინვალში ჩატარდა, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ ომის გაგრძელების გადაწყვეტილების საპროტესტო მიტინგი; 26 აპრილს ვლადიკავკაზში გამოვიდა პირველი ოსური გაზეთი „ირონ გაზეტ“ (ოს. «Ирон Газет»); 23 აგვისტოს სოფელ ორთაში შეიქმნა „შეიარაღებულ გლეხთა კავშირი“ (რუს. «Союз вооруженных крестян»); ოქტომბრის შუა რიცხვებში თბილისში შეიქმნა ოსი ბოლშევიკების პარტიული უჯრედი; ნოემბრის ბოლოს სოფელ ყორნისში ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცებისა და ოფიცრების მიერ დაარსდა „გლეხ დეპუტატთა კავშირი“ (რუს. «Союз крестянских депутатов»); 15-17 დეკემბერს ქ. ცხინვალში გაიმართა სამხრეთ ოსეთის დელეგატთა II ყრილობა, რომელმაც აირჩია სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო.[5][6]
1918 წლის 4 იანვარს ახლად შექმნილმა სამხრეთ ოსეთის ეროვნულმა საბჭომ ოფიციალური ბარათით აცნობა საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რომ იგი უკვე შეუდგა მუშაობას და ამიერითგან ყველა საკითხზე, რომელიც ოს ერს ეხება ჩვენ მოგვმართეთო;[7] 10 იანვარს კი სამხრეთ ოსეთის ეროვნულმა საბჭომ ამიერკავკასიის კომიტეტს წარუდგინა პროექტი, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ რა ფორმით და რა საზღვრებში უნდა ჩამოყალიბებულიყო სამხრეტ ოსეთის ერობა;[8] 24 იანვარს ოსმა ბოლშევიკებმა თბილისსში დააარსეს ოსური დამოუკიდებელი პარტიული ორგანიზაცია „ჩერმენი“ (რუს. «Чермен»); 2 თებერვალს დაიწყო შეიარაღებული აჯანყება „სამხრეთ ოსეთში“; 12 თებერვალს სოფელ ერედვში შედგა გლეხთა მიტინგი, რომელზეც დაგმობილი იყო მთავრობის მოქმედება; 2-4 მარტს ქ. ცხინვალში გაიმართა სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს I სესია, გ. გაგლოევის თავმჯდომარეობით;[9] სესიის გადაწყვეტილებით გაგრძელებულ იქნა მუშაობა სამხრეთ ოსეთის პოლკის მუშაობისათვის, რომელიც ფორმირდა I მსოფლიო ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცებით. ამიერკავკაიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ იგრძნო რა საფრთხე შეიარაღებული მოსახლეობისგან, იანვარ-თებერვალში დაიწყო გორის მაზრის მოსახლეობისგან იარაღის ამოღება, რომელიც ყოველთვის მშვიდობიანად არ მიმდინარეობდა. ერთ-ერთი განიარაღებისას შეიარაღებულმა პირებმა დახოცეს თავადი ციციშვილები, ვეზირიშვილი და სხვები.[10] რამდენიმე დღეში გვარდიელებმა მკვლელები შეიპყრეს და ადგილზე დახვრიტეს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა გლეხთა უკმაყოფილება. უკმაყოფილო ელემენტებმა თავი მოიყარეს ცხინვალსა და ჯავაში, სადაც ოსი მოსახლეობა შეუდგა მზადებას გვარდიისთვის წინააღმდეგბის გასაწევად; 13 მარტს ამიერკავკასიის სეიმის სამხედრო ძალებმა დაიწყეს „სამხრეთ ოსეთში“ აჯანყებულ გლეხთა განიარაღება; 15 მარტს სოფელ ვანათში გაიმართა აჯანყებულთა მიტინგი.
16 მარტს ცხონვალში წამოვიდა ოსთა დელეგაცია, რომელსაც თან მოჰქონდა პაკეტი, დაწერილი გორის აღმასრულებელი კომიტეტის სახელით. პაკეტში ჩამოყელიბებული იყო შემდეგი მოთხოვნა: 1) დაუყოვნებლივ გაგვიყავით მიწები, 2) გორის მაზრიდან გააძევეთ რევოლუციონურ ორგანიზაიაში მომუშავე შემდეგი პირნი: კოსტა კაზიშვილი, სოსიკო გოგინოვი, შაქრო კასრაძე და ილია მაისურაძე, 3) გორის მაზრიდან გაააძევეთ ყველა თავადი და აზნაური, 4) მოგვეცით სიტყვისა და კრების თავისუფლება. პასუხის უკანასკნელი ვადად აღებული იყო იმავე დღის ნაშუადღევის 3 საათი. ცხინვალის მუშათა და გლეხთა საბჭო და აღმასრულებელი კომიტეტი საგონებელში ჩავარდა, რადგანაც აღნიშნული პუნქტები მათ კომპეტენციას სცილდებოდა. მაინც ჩატარდა საბჭოსა და კომიტეტის სასწრაფო შეერთებული კრება, რომელზეც ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და დათქმული ვადაც ამოიწურა. ამ დროს მთებიდან ისმის სროლა და კრებაც შეწყდა. ოსებთან დელეგაცია წავიდა სანდრო კეცხოველის მეთაურობით. დელეგაციის წევრები იყვნენ: რაჟდენ გაგუა, ბორფილე ეფრემიძე, გრიშა ოქროპირიძე, ალექსი ჩოხელი და ვასო იარალოვი. მათთან ერთად მიდის ოსთაგან გამოგზავნილი დელეგაციის წევრი ჩოჩიევი. დგვრისის მოედანზე ოსები მაღლიდან სროლით ეგებებიან დელეგაციას, რომელსაც თეთრი ბაირაღებით მოდიოდნენ. დელეგატები იძულებული იყვნენ თხრილში დამალულიყვნენ. ჩოჩიევმა მოახერხა ოსებთან ასვლა და მათი გაჩერება. 17 მარტს ცხინვალში ამოდის კორის წითელი რაზმი სამაზრო კომისრის გიორგი მაჩაბლის მეთაურობით. იმართება მოლაპარაკება, ოსებს ყეელა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ჰპირდებიან გარდა თავად-აზნაურობის გაძევებისა. ისინი თხოულობენ რომ დაპირება დადასტურებულ იქნას საჯაროდ, მიტინგზე. 18 მარტს დარგვისი მოედანზე ჩატარდა მიტინგი. მიტინგს მაინცდამაინც ბევრი ხალხი არ დაესწრო, რადგანაც ყველა შეშინებული იყო. ოსები თავიანთ მოთხოვნილებებს ადასტურებენ. მათაც ჰპირდებიან დაკმაყოფილებას. გიორგი მაჩაბლის შემდეგ ლაპარაკობს ცხინვალის კონისარი კულუმბეკოვი (ოსი), რომელიც ოსთა მოთხოვნილებებს უფრო მწვავე ხასიათს აძლევს. ამ მიტინგზე მიდიან ტფილისიდან მოსულნი კირილე ნინიძე და გიორგი გაგლოევი. ოსები ახალ მოთხოვნილებას აყენებენ. ისინი თხოულობენ, რომ დაუყოკნებლივ განთავისუფლებულ იქნან ხარებოვი და მთავრობის მამასახლისად ნამკოფი ფილიშვილი, რომლებიც დაპატიმრებული არიან ამასწინათ მოწყობილ ოსთა აჯანყებისათვის. დასასრულს სიტყვით გამოვიდა ცხინვალის კომისარი კულუმბეკოვი და თქვა: დაპირება კმარა, საჭიროა დაპირებულის დაუყოვნებლივ ასრულებაო, მოთმინება კმარაო. ამ ბოლო სიტყვების დროს ორივე ხელს მაღლა აიქნევს და იწყება კიდეც ამ ნიშნის შემდეგ სროლა ორი მხრიდან: ზღუდრის კალთიდან და ნაცარ-გორიდან. თავზარდაცემული ხალხი იშლება და მუცელზე ხოხვით შორდება საბედისწერო მოედანს. დაბინდებისას სროლა წყდება. ცხინვალში სამარისებური სიჩუმეა. დაღამებისას ცხინვალის ვენახებს ოთხივე მხრიდან ცეცხლი ედება, რომელიც უფრო დიდდება, მაგრამ შეუძლებელია რაიმე ღონისძიების მიღება. ცხინვალის შტაბში ამ დროს ბჭობაა და მოუთმენლად ელიან გათეხებას. დილის ხუთ საათზე შესაძლებელი ხდება აჯანყებულებთან შებრძოლება. სხვადასხვა მხრისკენ იგზავნებიან რაზმელები, რომლებიც მედგარ წინააღმდეგობას უწევენ აჯანყებულებს. სროლა მხოლოდ ნაშუადღევს ოთხ საათზე წყდება. წითელ რაზმელებს ტყვია-წამალი შემოაკლდათ და შეუძლებელია ბრძოლა. ცოტა ხნის ხანში საზარელი სურათი იშლება. ოთხივ კუთხიდავ ცხინვალში შემოიჭრება გამხეცებული ბრბო ველური ღრიალით და განგაშით, იწყება ძარცვა-რბევა, ღრიალი, დუქნების მტვრევა, ყუმბარების სროლა. ალაგ-ალაგ ბრბოს უმკლავდებიან გიორგი მაჩაბელი, კოსტა კაზიშვილი, ილია მაისურაძე და სხვები, მაგრამ გადარჩენის იმედი მაინც არ არის, რადგანაც მავთულები გორსა და ცხინვალს შუა წინათვე გადაჭრილია და მაშასაადმე გორიდან მაშველი ჯარის მოლოდინი არავის აქვს. ხიდის ყურზე ტყვიამფრქვევი წინ დადის მუშაობს. აქ მძიმედ დაჭრიან გიორგი მაჩაბეღს და შემდეგ საავადმყოფოს წინ კლავენ. მალევე მოვალეობის მსხვერპლი ხდება კოსტა კაზიშვილი.
19 მარტს აჯანყებულებმა დაიკავეს ქალაქი ცხინვალი; 20 მარტს ატყვევებენ კ. ნინიძეს, გ. გაგლოევს და პ. ეფრემიძეს; 23 მარტის სროლის დროს მოკლულ იქნა წითელგვარდიელები: ვ. გელაშვილი, ვ. მამალაძე, ა. მარგველაშვილი და ვ. ქობულაშვილი.
28 მარტს სოფელ ჯავაში შედგა სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს III ყრილობა; 15 ივნისს სოფელ წუნარში შედგა სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს IV ყრილობა; 30 ივლისს სოფელ ჯავაში სამხრეთ ოსეთის ბოლშევიკთა იატაკქვეშა შეკრებაზე დაარსდა ორგანიზაციული ბიურო (რუს. «Организационное бюро»); შემოდგომაზე ცხინვალის გიმნაზიის ბოლშევიკურად განწყობილმა მოსწავლეებმა დაიწყეს ჟურნალ „ფედისონის“ (ოს. «Фӕдисон» — „განგაში“) გამოცემა; 4 დეკემბერს ცხინვალში შედგა სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს VI ყრილობა.
1919 წლის მარტის დასაწყისში „სამხრეთ ოსეთის“ მშრომელებმა გორის ერობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ჩაატარეს რა თავიანთი სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს დამოუკიდებელი არჩევნები; 12 მაისს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მიერ დარბეულ იქნა სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო; 22 მაისს სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს VI პრეზიდიუმმა საქართველოს დამფუძნებელ კრებას და ამირკავკასიის რესპუბლიკების კონფერენციას პროტესტი განუცხადა „სამხრეთ ოსეთში“ გატარებული ღონისძიებებისათვის; 12 ივნისს სოფელ ჯავაში შედგა „სამხრეთ ოსეთის“ ბოლშევიკთა პირველი იატაკქვეშა პარტიული კონფერენცია, რომელზედაც არჩეულ იქნა „რსფსრ-ის კომუნისტური პარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტი“ (რუს. «Юго-Осетинский окружной комитет РКП(б)»), ანუ ისევე როგორც აფხაზეთის პირველი კომუნისტური პარტია, „სამხრეთ ოსეთშიც“ რკპ(ბ)-ს ორგბიურო იყო; სექტემბერში შედგა ჯავის სასწავლებლის ბოლშევიკურად განწყობილი მოსწავლეების იატაკქვეშა შეხვედრა; იმავე თვეს სოფელ ხოვლეში გორის მაზრის ბოლშევიკებმა იატაკქვეშა პარტიულ კონფერენციაზე დასვევს საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო ბოლშევიკური შეიარაღებული აჯანყების თაობაზე. კონფერენციას „სამხრეთ ოსეთიდან“ ესწრებოდა ალექსანდრე აბაევი (ზორაევი); სექტემბრის ბოლოს რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის პლენუმმა, საქართველოში საყოველთაო შეიარაღებულ აჯანყების თარიღად 1919 წლის 24-25 ოქტომბერი დანიშნა. პლენუმს „სამხრეთ ოსეთიდან“ ესწრებოდა სერგეი გაგლოევი; ოქტომბრის დასაწყისში ჯავაში შედგა „სამხრეთ ოსეთის“ ბოლშევიკთა იატაკქვეშა შეკრება, რომელზეც განხილულ იყო შეიარაღებული აჯანყების მზადყოფნის საკითხები; 17 ოქტომბერს სოფელ კოშკაში განხილულ იქნა შეიარაღებული აჯანყების მზადყოფნის საკითხები; 20 ოქტომბერს სოფელ ყორნისში შედგა ყორნის-ოქონისა და ხაშურის რაიონების აჯანყებულთა იატაკქვეშა შეხვედრა ურთიერთშეთანხმებული მოქმედებების თაობაზე; 23 ოქტომბერს აჯანყებულებმა დაიკავეს როკის რაიონი და გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება; 25 ოქტომბერს ხცისის რაიონიდან განდევნილ იქნა ადგილობრივი ადმინისტრაცია და გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება; 15 ნოემბერს დახვრეტილ იქნა „სამხრეთ ოსეთის“ აჯანყებულთა ერთ-ერთი ხელმძრვანელი ზნაურ აიდაროვი; 6 დეკემბერს ჯავის რაიონში შედგა „სამხრეთ ოსეთის“ პარტაქტივის კრება.
1920 წლის 30 იანვარს რკპ(ბ) თბილისის საგუბერნიო კომიტეტმა დაადგინა „სამხრეთ ოსეთის“ ბოლშევიკურ ორგანიზაციებისთვის მინიჭებული ყოფილიყო სამაზრო კომიტეტის უფლება; 23 მარტს შეიქმნა „სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტი“ (რუს. «Революционный комитет Южной Осетии»); 30 აპრილს ვლადიკავკაზში შეიქმნა „სამხრეთ ოსეთის“ აჯანყებულთა პირველი ბრიგადა; 6 მაისს როკის რაიონში გამოცხადებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ სურვილი გამოთქვა რსფსრ-თან შეერთებაზე; 7 მაისს მოსკოვში რსფსრ-სა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას; 28 მაისს ვლადიკავკაზში შედგა სამხრეთ-ოსეთის ბოლშევიკური ორგანიზაციის II კონფერენცია; 7 ივნისს სამხრეთ ოსეთის რევკომმა დაიკავა ცხინვალი და 8 ივნისს „სამხრეთ-ოსეთში“ გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება; 8 ივნისს საქართელოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ცხინვალს ალყა შემოარტყა და ქალაქიდან განდევნა აჯანყებული ბოლშევიკები,[11] რომლთაც დაახლოებით ერთი თვის მანძილზე ჰქონდათ ქალაქი ოკუპირებული.[12] 1920 წელს ბოლშევიკები უკანასკნელი ორი წლის მანძილზე მესამეჯერ აჯანყდნენ „სამხრეთ ოსეთში“, მათ გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება და მოითხოვდნენ ოსი ხალხის ეროვნულ თვითგამორკვევას.[13] 20 ივნისს ცხინვალის განთავისუფლებისას დახვრეტილ იქნა 13 კომუნარი: დანიელ ვალიევი, ნიკოლოზ ვალიევი, კიშილ ცხოვრებოვი, ტოტრე ცხოვრებოვი, ნიკოლოზ კოტოლოვი, ხოდოვი, სოსიკო გობოზოვი, ივანე თედეევი, ბუთუ ჯესანოვი, რეზო გიგოლაევი, საშა გიგოლაევი, უცნობი და ანდრია.[14] 14 ივლისს ვლადიკავკაზში დაიწყო სამხრეთ-ოსეთის აჯანყებულთა მეორე ბრიგადა; 5 სექტემბერს ბაქოს აღმოსავლეთის ხალხთა ყრილობაზე მემორანდუმით გამოვიდნენ „სამხრეთ ოსეთის“ დელეგაციის წევრები ბ. კოჩიევი და ვ. გაზზაევი.
1921 წლის 11 თებერვალს საქართველოში დაიწყო ბოლშევიკური აჯანყება; იმავე დღეს ვლადიკავკაზში შედგა „სამხრეთ ოსეთის“ ლტოლვილ-აჯანყებულთა ყრილობა; 16 თებერვალს დაიეყო ახალი „სამხრეთ ოსეთის“ აჯანყებულთა მესამე ბრიგადის ფორმირება; 25 თებერვალს თბილისი აღებული იქნა წითელი არმიისა და აჯანყებულთა რაზმების მიერ, რომლებმაც რესპუბლიკაში გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება; 5 მარტს „სამხრეთ ოსეთში“ გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება; 1921 წლის საქართველოს რევკომის 13 მარტის სხდომაზე დადგენილ იქნა „სამხრეთ ოსეთის“ აღსადგენად გამოყოფილიყო 1 მილიარდი მანეთი.[15] 23 მარტს სამხრეთ ოსეთის რევკომმა მისასალმებელი სიტყვა გაუგზავნა ლენინს, რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო.[16] უკვე 25 მარტიდან დაიწყო საქართველოში მცხოვრები მცირე ერების თვითგამორკვევაზე საუბარი, რომლის ფარგლებშიც „სამხრეთ ოსეთი“ მნიშვნელოვანი განხილვის საგანს წარმოადგენდა: „გადადებულია თანხა და ზომებია მიღებული დანგრეულ ოსეთის აღსადგენად. საერთოდ ერთა უფლებები სულ მოკლე დროში იქნება სათანადო კონკრეტულ ფორმებში ჩამოყალიბებული და ცხოვრებაში გატარებული“.[17] 26 მარტს სამხრეთ ოსეთის რევკომის ბრძანებულებით თავი რეგიონის მართვა-გამგებელად გამოაცხადა.[18]
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა 1922 წლის 22 აპრილს, სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოებისა და სახალხო კომისართა საბჭოს მიერ მიღებული დეკრეტი №2-ით.[19]
დეკრეტი მიღებულია:
- ფილიპე მახარაძე – სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოების თავმჯდომარე;
- სერგო ქავთარაძე – სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე;
- ფ. კალანდაძე – ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი.
იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წელს შეიქმნა ამ რეგიონში მცხოვრები მკვიდრი ქართველები მოსახლეობის ნების უგულებელყოფით და სრულიად საქართველოს ინტერესების საზიანოდ, რაც არაერთხელ დადასტურდა ოლქის არსებობის მანძილზე, აგრეთვე იმის გამო, რომ ოს ხალხს საბჭოთა კავშირში გააჩნია საკუთარი სახელმწიფოებრიობა თავისი ისტორიულ ტერიტორიაზე – ჩრდილოეთ ოსეთში და რომ საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში, სადაც მას ყოველთვის ჰქონდა კულტურული ავტონომიის ყველა უფლება.
1926 წლის 8 ივნისს სამხრეთ ოსეთში საბჭოთა წყობილების დამყარების 6 წლისთავი იზეიმეს.[20][21]
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი იყო ეროვნული ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში ადმინისტრაციული ავტონომიის უფლებით. ოლქის სამართლებლივი მდგომარეობის განმსაზღვრელი სპეციალური იურიდიული აქტი იყო კანონი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ, რომელიც მიიღო საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს წარდგინებით (1980). ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო იყო — სამხრეთ ოსეთის აო სახალხო დეპუტატთა საბჭო, რომელიც 140 დეპუტატისგან შედგებოდა და ირჩევდა თავის აღმასრულებელ კომიტეტს. ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, ისევე როგორც სახელმწიფო ხელისუფლების რაიონული, საქალაქო, სადაბო და სასოფლო ორგანოები შესაბამისი სახალხო დეპუტატთა საბჭოების სახით სამხრეთ ოსეთის აო-ში იქმნებოდა და მოქმედებდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის მე-7 კარის საფუძველზე („სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები საქართველოს საბჭოთა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში“). სამხრეთ ოსეთის აო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილების ვადა ორნახევარი წელი იყო. არჩევნების ჩატარებას არეგულირებდა საქართველოს სსრ 1979 წ. 15 ივნისის კანონი „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ“. მართლმსაჯულების ორგანოები იყო სამხრ. ოსეთის აო საოლქო სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო სასამართლოები. სამხრეთ ოსეთის აო პროკურორს ნიშნავდა სსრკ გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით. აო სსრკ უმაღლეს საბჭოს ეროვნებათა საბჭოში წარმოდგენილი იყო 5 დეპუტატით.
1980-1990-იანი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1980-1990-იან წლებში საქართველოში ეროვნული მოძრაობის პარალელურად გააქტიურდნენ სეპარატისტული ძალებიც, რომლებიც ცდილობენ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ შექმნით მოახდინათ სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ხელეყოთ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, ჩამოეშორებინათ საქართველოს მისი ისტორიული, განუყოფელი ნაწილი, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა არა მარტო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, არამედ თვით სსრ კავშირის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ელემენტარულ ნორმებს.
მიუხედავად საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების არაერთი გაფრთხილებისა, აღკვეთილიყო ავტონომიური ოლქის თვითმარქვია ხელისუფლების უკანონო მოქმედებანი, ოლქში 9 დეკემბერს მაინც ჩატარდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რითაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტრიულ მთლიანობას რეალური საფრთხე შეექმნა.
1981 წელს აღინიშნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის 60 წლისთავი.
1982 წლის ივლისში გაიმართა ავტონომიური ოლქის პარტიული კომიტეტების საერთო განყოფილებათა გამგეობის თათბირ-სემინარი. მომხსენებელმა, საქართველოს კპ ცკ განყოფილების გამგემ ლ. მგალობლიშვილმა და ასევე სხვებმა გაანალიზეს აო-ს პარტიული კომიტეტის საერთო განყოფილებათა საქმიანობა და ყურადღება დაუთმეს შინაპარტიული მუშაობის შემდგომი სრულყოფის საკითხებს.[22]
1982 წლის 1 სექტემბერს დამზადების ქვითრებისა და გასავლის ფაქტურების გაყალბების მიზეზით დააკავეს სამხრეთ ოსეთის სასოფლო სამეურნეო დამზადების გაერთიანების თავმჯდომარე მარატ მაგკოევი.[23]
1982 წლის 18 სექტემბერი როკის გვირაბის გაჭრა წარმატებით მიმდინარეობს. სულ გაჭრილია 1600 მეტრი, დარჩა — 150 მეტრი.[24]
1982 წლის 13 ოქტომბერი. სამხრეთ ოსეთის აო-ში გამოცხადდა ბრძოლა პასუხისმგებელი პირების მიერ სახელმწიფო ქონების მიტაცების წინააღმდეგ.[25]
1982 წლის 13(?) ნოემბერს გაიმართა სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის პლენუმი. დიდი ბჭობა გაიმართა ოლქში მარცვლეულისა და საკვების წარმოების გადიდების საკითხებზე.[26]
1983 წლის 1 იანვრიდან გამოვიდა რუსულენოვანი გაზეთი „სოვეტსკაია ოსეტია“, რომელიც იყო სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს ორგანოს გაზეთ „სოვეტონ ირისტონის“ დუბლიაჟი.[27]
1988 წლის 16 ნოემბერს ესტონეთის სსრ-მ თავისი სუვერენიტეტის დაცვის მიზნით, შესთავაზა სსრკ-ს უმაღლეს საბჭოს, რათა შემუშავებულიყო ახალი საკავშირო ხელშეკრულება.[28]
1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრია სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.
ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:
„გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.
მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუქმდა 1990 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით (გამოქვეყნდა „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“, 12, 31/12/1990), დოკუმენტის ნომერი №63-ით.[29]
კანონი ითვალისწინებდა შემდეგს: გაუქმებულიყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი; გაუქმებულიყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, მისი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო – აღმასრულებელი კომიტეტი და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები; ძალადაკარგულად ჩაითვალა სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის №2 დეკრეტი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ“ და საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ“; ცნობილი იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონე ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 9 დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები; საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წარმოედგინა წინადადებანი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ[30].
კანონი მიღებულია:
- ზვიად გამსახურდია — საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1979 წლის აღწერით სამხრ. ოსეთში მუდმივი მცხოვრები იყო 98 000 კაცი. ცხინვალში ცხოვრობდნენ: ოსები – 65 000 (66,4 %), ქართველები – 28 000 (28,8 %), რუსები – 2 000 (2,1 %), სომხები – 1 000 (1 %), სხვა ეროვნებანი – 2 000-მდე (1,7 %). სამხრ. ოსეთის აო მოსახლეობის ხვედრითი წილი საქართველოს მოსახლეობაში 1,9 %-ს შეადგენდა. საბჭოთა პერიოდში მოსახლეობის ზრდა შემდეგი იყო: 1926 წ. ოლქში ცხოვრობდა 87 700 კაცი, 1939 წ. – 106 100 კაცი, 1959 წ. – 96 800 კაცი, 1970 წ. – 99 400 კაცი, 1979 წ. – 97 400 კაცი.
მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა (რაც უმთავრესად სიკვდილიანობის შემცირებით აიხსნება) არ იყო დაბალი, იგი საერთო რესპუბლიკურ შესაბამის მაჩვენებელს უტოლდებოდა. ოსები ძირითადად ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ, 70-იან წლებში მათმა რაოდენობამ სამხრეთშიც მოიმატა (უმთავრესად მოსახლეობის მექანიკური ზრდის შედეგად). ქართველები უმეტესად სამხრეთ ნაწილში სახლობდნენ. საქალაქო ცენტრებში ცხოვრობდნენ რუსები, სომხები, ქართველი ებრაელები. 50-იანი წლებიდან მოყოლებული ოლქში ვითარდებოდა მრეწველობა, რამაც განაპირობა რუსი და უკრაინელი მოსახლეობის გაჩენა. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე იყო 1 კმ²-ზე 25 კაცი, მაშინ როცა სიმჭიდროვე დამუშავებული ფართობის 1 კმ²-ზე 280 კაცს აღწევდა. ოქლის სხვადასხვა ნაწილში მოსახლეობის სიმჭიდროვე განსხვავებული იყო. შედარებით უფრო დასახლებული და მეურნეობრივადაც უფრო ათვისებული სამხრეთ ნაწილი იყო (1 კმ²-ზე 70-80 კაცი). ნაკლებად იყო დასახლებული ჩრდილოეთ ნაწილი (ჯავის რაიონში საშუალო სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 7 კაცს არ აღემატებოდა).
მოსახლეობის 54,7 % სოფლად ცხოვრობდა და უმთავრესად მეურნეობას მისდევდა. ქალქის მოსახლეობის ხვედრითი წილი ოლქის მთლიან მოსახლეობაში წლების მიხედვით შემდეგნაირად იზრდებოდა: 1926 წ. – 6,6 %, 1939 წ. – 13,0 %, 1959 წ. –29,8 %, 1970 წ. – 37,0 %, 1979 წ. – 42,3 %. ოლქის სამხრეთ და საშუალმთიან ზონაში თავმოყრილია მოსახლეობის 90%-ზე მეტი. კავკასიონის სამხრეთ კალთებზე განლაგებული სხვა რაიონების მსგავსად, სამხრეთ ოსეთში მიმდინარეობდა მაღალმთის მოსახლეობის ბარად ჩამოსვლის პროცესი, რის შედეგადაც ზოგიერთი სოფელი მთლიანად დაცარიელდა. ოლქის სოფლების უმეტესობა 50-100 მცხოვრებისაგან შედგებოდა, დიდი სოფლები (2000-ზე მეტი მცხოვრებით) არ იყო. ოლქის მრეწველობასა და მშენებლობაში ჩაბმული მოსახლეობის დაახლოებით 35 % ქ. ცხინვალზე მოდიოდა, სადაც თავმოყრილი იყო ოლქის მრეწველობის ძირითადი ნაწილი.
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, რომელიც 140 დეპუტატისაგან შედგებოდა და ირჩევდა თავის აღმასრულებელ კომიტეტს. ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, ისევე როგორც სახელმწიფო ხელისუფლების რაიონული, საქალაქო, სადაბო და სასოფლო ორგანოები შესაბამისი სახალხო დეპუტატთა საბჭოების სახით სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში იქმნებოდა და მოქმედებდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის მე-7 კარის საფუძველზე („სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში“). სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლების ორგანოთა ვადა ორ-ნახევარი წელი იყო. არჩენების ჩატარებას არეგულირებდა საქართველოს სსრ 1979 წლის 15 ივნისის კანონი „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ“. მართლმსაჯულების ორგანოები იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოები.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის პროკურორს ნიშნავდა სსრკ-ს გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქს სსრკ უმაღლეს საბჭოს ეროვნებათა საბჭოში წარმოდგენილი იყო 5 დეპუტატით.
მასმედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი წიგნი ოსურ ენაზე 1798 წელს დაისტამბა. XX საუკუნის დასაწყისში გამოვიდა ეროვნული გაზეთები: „ირიონ გაზეთი“ („ოსური გაზეთი“, დაარსდა 1906), „ნოგ ცარდი“ („ახალი ცხოვრება“, 1907), ჟურნალები: „ზონდი“ („გონება“, 1907), „აფსირი“ („თავთავი“, 1910) და სხვა.
სამხრეთ ოსეთის აოვტომიური ოლქის შექმნის შემდეგ გამოდიოდა საოლქო გაზეთები:
- „სოვეთონ ირისთონი“ („საბჭოთა ოსეთი“, 1924 წლიდან, ოსურ ენაზე, ტირაჟი 12,5 ათ. ც.),
- „საბჭოთა ოსეთი“ (1933 წლიდან, ქართულ ენაზე, ტირაჟი 1,2 ათ. ც.);
რაიონული გაზეთები: ქართულ და ოსურ ენებზე:
- „ლენინელი“ (1935 წლიდან, ტირაჟი 2,8 ათ. ც.),
- „კოლხოზონ ცარდი“ („საკოლმეურნეო ცხოვრება“, 1939 წლიდან, ტირაჟი 1,7 ათ. ც.),
- „ძაუ“ (1939 წლიდან, ოსურ ენაზე, ტირაჟი 2,3 ათ. ც.);
ჟურნალები:
- „ფიდიუაგი“ („მაცნე“, 1927 წლიდან, ტირაჟი 13,7 ათ. ც.) — საქართველოს მწერალთა კავშირის სამხრეთ ოსეთის განყოფილების ორგანო.
გამომცემლობა „ირისთონი“ („ოსეთი“, 1930 წლიდან) ყოველწლიურად გამოსცემდა 45 დასახელების წიგნს 170 ათ. ც. საერთო ტირაჟით, ლიტერატურა გამოდიოდა ოსურ და რუსულ ენებზე.
რადიომაუწყებლობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში მუშაობდა 1939 წლის სექტემბრიდან. ოლქი იღებდა ცენტრალური და რესპუბლიკური ტელევიზიათა გადაცემების პირველ პროგრამებს. 1962 წელს ცხინვალში დაიდგა ტელეტრანსლიატორი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია — დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე.
- სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა — სეპარატისტული დე ფაქტო რესპუბლიკა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე.
- ცხინვალის რეგიონი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, თბ., 1981. — გვ. 335-343.
- Борьба трудящихся Юго-Осетии за Советскую власть, Сталинир, 1957
- თოიძე ლ., „როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, თბილისი, 1991.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ.გამსახურდია, To Honorable Senator Deconcini and Representative Hoyer; March 4th, 1993[მკვდარი ბმული]
- ზ.გამსახურდია, An open letter to Dr. George Hewitt[მკვდარი ბმული]
- A.Sakharov: Georgia as "minor empire"
- A.Сахаров: "Грузия малая империя"
- სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რუკა საქართველოს ეროვნული არქივი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://demoscope.ru/weekly/ssp/sng89_reg1.php
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXIV, указ 34641, ст. 588
- ↑ „თოიძე“, 1991, გვ. 13-14
- ↑ საქართველოს უახლესი ისტროიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი (სუიცსა), ფ. 2080, აღწ. 1, საქ. 64მ, ფურც. 2-3
- ↑ „თოიძე“, 1991, გვ. 15
- ↑ სუიცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 55, ფურც. 5
- ↑ სუიცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 55, ფურც. 4
- ↑ „თოიძე“, 1991, გვ. 16-18
- ↑ „თოიძე“, 1991, გვ. 18
- ↑ „თოიძე“, 1991, გვ. 23
- ↑ გაზ. „კომუნისტი“. iverieli.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ გაზ. კომუნისტი. iverieli.nplg.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-15. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ გაზ. „კომუნისტი“. iverieli.nplg.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-15. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ გაზ. კომუნისტი. iverieli.nplg.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-15. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №14, 18 მარტი, 1921. iverieli.nplg.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-15. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ Телеграмма Ревкома Южной Осетии В.И. Ленину с приветствием в связи с установлением Советской власти в Южной Осетии. 23 марта 1921 г. // Газ. «Правда Грузии», № 18, 23 марта 1921 г.
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №19, 25 მარტი, 1921. iverieli.nplg.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-15. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ Приказ Ревкома Южной Осетии о вступлении в исполнение своих обязанностей и сфере своего влияния. 26 марта 1921 г. // ГАЮО, ф. 1, д. 2, л. 2.
- ↑ Iverieli: Декрет №2 Об образовании автономной области Юго-Осетии. dspace.nplg.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-06-19. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №128 (1583), 8 ივნისი, 1926. iverieli.nplg.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-15. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №130 (1585), 10 ივნისი, 1926. iverieli.nplg.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-15. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ გაზ. კომუნისტი. dspace.nplg.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-15. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ გაზ. კომუნისტი. dspace.nplg.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-15. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ გაზ. კომუნისტი. dspace.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ გაზ. კომუნისტი. dspace.nplg.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-15. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ გაზ. კომუნისტი. dspace.nplg.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-15. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ გაზ. კომუნისტი. dspace.nplg.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-15. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ Стратегия. 1988-11-18. Эстония. Декларация и другие документы ru. web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-11. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ. სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-01-21. ციტირების თარიღი: 2025-12-11
- ↑ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, N12 (605), გვ. 9-11, თბ., 1990 წ. ISSN 0203-2023
| ||||||||||||||