ერედვის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერედვის მუნიციპალიტეტი
ერედვის მუნიციპალიტეტის რუკა.png
დროშა გერბი
Flag of Eredvi municipality.svg Coat of arms of Eredvi municipality.svg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი ერედვი
გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი
დაარსდა 07.12.2006
ფართობი 645 კმ²
მოსახლეობა 8334 კაცი (2002)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები 92%
ოსები 8%
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი eredvi.gov.ge/index.php
Map of Eredvi municipality.svg

ერედვის მუნიციპალიტეტი (ყოფ. ერედვის თემი) — დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მუნიციპალიტეტი 2006 წლიდან. ერედვის მუნიციპალიტეტში შევიდა არცევის, ბელოთის, ერედვის, ვანათის, ქსუისის ტერიტორიული ორგანოები 96 სოფლით. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი — სოფ. ერედვი. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა ტიფლისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1917-1924 წლებში-გორის მაზრაში, 1924-1991 წლამდე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში[2], 1991-1993 წლებში შიდა ქართლის მხარის გორის რაიონში, 1993-2006 წლებში ერედვის თემი დამოუკიდებელი ერთეულია, 2006 წლიდან — მუნიციპალიტეტი (2007 წლის 10 მაისს შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია)[3].

საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[4]. სსიპ „ერედვის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 218065055) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 17 ნოემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2006 წლის 7 დეკემბერი[5].

2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეარაღებული ძალების მიერ მთლიანად იქნა ოკუპირებული ერედვის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორია და საკუთარ სამშობლოში 8334 კაცი აღმოჩნდა დევნილობაში, მოსახლეობა ჩასახლებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 22 დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოები განთავსებულია თბილისში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერედვის მუნიციპალიტეტი მდებარეობს შიდა ქართლის ტერიტორიაზე და მისი ფართობია 645 კვ.კმ, აღმოსავლეთით ესაზღვრება ახალგორის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ესაზღვრება თიღვის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით გორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ესაზღვრება ქ. ცხინვალი და ქურთის მუნიციპალიტეტი.

ადგილობრივი თვითმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო-გამგეობა, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია :

  1. ერედვის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: არგვიცი, ბერულა, ერედვი, ზემო ფრისი);
  2. ქსუისის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქსუისი, დისევი, ჭარები);
  3. ვანათის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ვანათი, საცხენეთი);
  4. ბელოთი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბელოთი, ზონკარი, აწრისხევი, ხოშური);
  5. ზემო არცევის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: არცევი, იკორთა).
ჩამონათვალში მოცემულია ის სოფლები, რომლებსაც ქართული მხარე აკონტროლებდა 2008 წლის ომამდე, სადაც მოსახლეობა ფიქსირდებოდა და გაიცემოდა ოფიციალური საბუთები. ზოგიერთი სოფელი რამდენიმე მიმდებარე მცირე სოფელსაც მოიცავს.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა-მებაღეობა, მოჰყავთ მარცვლეული კულტურები და ყურძენი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიპოვება ვულკანური წარმოშობის ფერფლი, ტუფო-ლავა, პემზა, წიდა.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპანტების ხელში აღმოჩნდა უამრავი ეკლესია-მონასტერი, საყდარი, ციხე-სიმაგრე და საფორტიფიკაციო ნაგებობანი.

  • გერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია — აღმართულია გუდისის ქედის ერთ-ერთი მთის წვერზე, ზღვის დონიდან 1400 მეტრ-სიმაღლეზე, სოფელ გერში.
  • გერის ტაძარი შიდა ქართლის და სრულიად საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს და სასწაულმოქმედ სალოცავად ითვლება, იგი აგებულია მე-6 საუკუნეში.
  • გერის წმინდა გიორგის ბარის სალოცავი-საბრძანისია არბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
  • ერედვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია-სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძარი, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრებისთვის.
  • ერედვის ბაზილიკა პირველი თარიღიანი ძეგლია. იგი დათარიღებულია 906 წლით. მისი ხუროთმოძღვარი იყო თევდორე თაფლაისძე. რუსეთის საჰაერო დავდასხმების შედეგად ძლიერ დაზიანდა მისი, როგორც ეკლესის, ისე გალავნის კედლები.
  • ბერულის წმინდა გიორგის სახელობის ბერი საყდარი-აგებულია X საუკუნეში. გადმოცემის მიხედვით, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის-პოპემა, „განდეგილი“ დაწერილია ამ საყდარში მოღვაწე ბერი ფავლენიშვილის ცხოვრებზე.
  • ბერულის წმინდა ელიას სახელობის ეკლესია-აგებულია XIV საუკუნეში.
  • ბერულის მცხეთის ჯვრის სახელობის ეკლესია-ეკუთვნის XVI-XVII საუკუნეებს.
  • იკორთის მთავარანგელოზის ეკლესია-აგებულია სოფ. იკორთის განაპირას, მთის კალათძე. იგი არის ძველი ქართული მართლმადიდებლური ტაძარი. იკორთის ტაძარი აშენებულია 1172 წელს. მისი ფასადები და გუმბათის ყელი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. იკორითის ტაძარიში დაკრძალულნი არიან კახეთის ცნობილი აჯანყების (1659წ) ხელმძღვანელი ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.
  • დისევის ძელიცხოვლის ეკლესია - აგებულია X საუკუნეში.
  • კულბითის ღვითისმშობლის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლია. ეკთაგან შემოსული დისევისა და კულბითის ტაძრები მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აღადგინა ალექსანდრე ეპისკოპოსმა.
  • ბელოთის ციხე — საფორტიფიკაციო - თავდაცვითი და საკულტო ნაგებობა სოფელ ბელოთში. იგი მდებარეობს მდ.პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე და XVIII საუკუნეს მიეკუთნება. ეს ციხე ეკუთვნოდა ჯერ ქსნის ერისთავებს, შემდეგ კი- იულონ ბატონიშვილს.
  • ვანათის ციხე — განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე. ციხე მდებარეობს სოფ.ვანათში, მდ.პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე, მაღალ, სამი მხრიდან მიუდგომელ მთაზე. მის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზანკარის წყალსაცავი — კომპლექსური დანიშნულების წყალსაცავი მდებარეობს მდ.პატარა ლიახვის შუა წელზე, სოფელ ზონკარის მიდამოებში. მისი მშენებლობა დამთავრდა 1976 წელს. კაშხალის სიმაღლეა 78 მეტრი. წყალსაცავი გამოიყურება საირიგაციოდ და მელიორაცის მიზნით.
  • ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი — დაარსდა 1977 წელს. მისი ფართობის შეადგენს 6388 ჰექტარს. ნაკრძალის შექმნის მიზანი იყო მდ.პატარა ლიახვის ზემო წელზე გავრცელებული ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და მცენარეთა დაცვა-მომრავლება.
  • ერედვის კულტურის სახლი — აშენებულია 1959 წელს. 2008 წლამდე იგი წარმოადგენდა ერედვის მუნიციპალიტეტის ყველაზე მნიშვნელოვან კულურულ დაწესებულებას. ამავე შენობაში განთავსებული იყო ცენტრალური ბიბლიოეთეკა და სამუსიკო სასწავლებელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე — საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
  2. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ
  3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №296 2007 წლის 10 მაისი//,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“
  4. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
  5. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ერედვის მუნიციპალიტეტი