გორულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორულა, გლდანულა, გლდანურა, სუფრის გორულა, მრგვალი ყურძენი, იალანში გორულა („მატყუარა გორულა“ — მარნეულში), გრუნლიებერ (გერმ. Grün — „მწვანე“, Lieber — „საყვარელი“, ძვირფასი — ბოლნისში) — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში ქართლიდან.

გორულას სახელწოდება წარმოშობის ადგილის მიხედვით აქვს მიღებული. ფილოქსერას შემოჭრამდე იგი საკმაოდ ფართოდ ყოფილა გავრცელებული ქარელის, გორის, კასპის, მცხეთის, დუშეთის რაიონებში და თბილისის გარეუბნებში, მაგრამ მოგვიანებით მისი ნარგავები საკმაოდ შეიზღუდა. ძველი ვაზები, ხეივნების სახით, შემორჩა, დაბლარად გავრცელებულია ქართლში, გორის, კასპისა და მცხეთის მიდამოებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, მეტწილად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე, ძარღვების გასწვრივ, მცირედაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ფრთიანი. აგებულებიო ვუმსია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ოდნავ ოვალური, ღია მწვანე შეფერილობის. სიმწიფეში მოყვითალო ლამაზ ელფერს იძენს და მოყავისფრო წერტილები უვითარდება. ოდნავ უხეში და სქელი კანი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი უფრო ხორციანი და ნაკლებ წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

გორულას საშუალოზე ძლიერი ზრდა ახასიათებს. სავეგეტაციო პერიოდი 166-170 დღეა. მტევნის საშუალო წონა 215-220 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი — 11.0-12.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა არის 18-19.5%, ხოლო მჟავიანობა — 5.5-6 გ/ლ.

გორულა მაღალხარისხიანი სასუფრე ვაზის ჯიშია. გააჩნია შენახვის კარგი უნარი და ადვილად იტანს ტრანსპორტირებას.

ოვალურმარცვლიანი გორულა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორულას ერთ-ერთი ვარიაციაა.

გორულას ვარიაციებიდან ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევს ოეალურმარცვლიანი გორულა. მისი ახალგაზრდა ყლორტი, ფოთოლი და ერთწლიანი რქა დაახლოებით იგივეა, რაც სუფრის გორულასი, მაგრამ გამოირჩევა შედარებით მეჩხერი მტევნით, ოვალური, უფრო ხორციანი მარცვლით და დიდი ზომის წიპწით[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 94-95

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 283