ოცხანური საფერე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოცხანური საფერექართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

სახელწოდების მიხედვით, წარმოშობით გურიის სოფელ ოცხანადან უნდა იყოს, ხოლო საფერე მისი დანიშნულების - შემფერავი ნივთიერების მოჭარბებული რაოდენობის გამო დაურქმევიათ.

ამჟამად ფართოდაა გავრცელებული იმერეთში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალო ან მცირედ ოვალური ფორმისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა დაფარული აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. ახასიათებს მოკლე მხრები. კუმსია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალოზე წვრილია ან წვრილი, მომრგვალო ან მრგვალი. მუქი იისფერია, შავ ფერში გარდამავალი. კანი სქელი და მვვრივი აქვს. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი და მომჟავო გემოთი, წვენი მოვარდისფროა.

ოცხანური საფერე საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 195-200 დღეა. მტევნის საშუალო წონა 60-80 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-23 %-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.

ოცხანური საფერე გამოიყენება ინტენსიურად შეფერილი, მეტად მაღალხარისხიანი სუფრის მშრალი წითელი ღვინის დასამზადებლად. მისი ღვინო გამოირჩევა ალკოპოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, ხავერდოვნებით, მდიდარი სხეულით, ჰარმონიულობითა და კარგად გამოხატული ჯიშური არომატით. იგი კარგად ინახება, უმჯობესდება დავარგებისას და დიდხანს ძლებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 289