მცვივანი კახური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მცვივანი.

მცვივანი კახური, მამალი მცვივანი, დედალი მცვივანი, მცვივანექართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

პატარა ვენახებადაა ალაზნის მარცხენა მხარეს, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. ძალიან ახლოს დგას ადგილობრივ ვაზის ჯიშებთან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოდნავ ოვალური ან თირკმლისებური ფორმის. სამ-ხუთნაკვთიანია, იშვიათად გვხვდება მთლიანი ან ოდნავ დანაკვთული ფოთლები. ფოთლის ქვედა მხარე საშუალო სისქის აბლაბუდისებრია, რომლის ქვემოდანაც მოფენილია თხელი ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო და საშუალოზე მცირე ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, ზოგჯერ მხრიანი, კუმსი და საშუალო სიკუმსის. ჯიშს წვრილმარცვლიანობა არ ახასიათებს, მაგრამ იშვიათად მტევანზე რამდენიმე განუვითარებელი (პართენოკარპიული) მარცვალი გვხვდება. მარგვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალურისკენ გადახრილი. მომწვანო-ყვითელი ფერის, მონაცრისფრო იერით, ჯიშისთვის დამახასიათებელი მონაცრისფო-რუხი წინწკლებით. კანი თხელი და გამჭვირვალე აქვს, საკმაოდ მკვრივი, დაფარულია სქელი ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი წვნიანია, წვენი უფერულია, მოტკბო, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

მცვივანი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 157 დღემდეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 140-400 გრამს შორის მერყეობს. საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.0-7.0 ტონას არ აღემატება. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-8.2 გ/ლ-ს.

მცვივანის ყურძენს ძირითადად კარგი ღირსების სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად იყენებენ. იგი ხასიათდება სასიამოვნო ჯიშური არომატით, ნაზი და ჰარმონიული გემოთი. შედარებით ნაკლებსხეულიანია. მცვივანს აგრეთვე რქაწითელთან ერთად წურავენ. მცვივანის ევროპული წესით დაყენებული ღვინო გაცილებით უფრო ნაზი და ჰარმონიულია, ვიდრე კახური წესით დაყენებული. პერსპექტიულია ყურძნის წვენის, საბრენდე სპირტისა და კახური ტიპის ტრადიციული ქვევრის ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 260