აკაბილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკაბილი (აფხ. Акабил[1]), აკაბულიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქელი აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვითაა დაფარული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ფართოკონუსური ფორმის, ფრთიანი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა. მომრგვალებული ან ოდნავ ოვალური. მუქი ლურჯი, შავ ფერში გარდამავალი. თხელკანიანია, ცვლილისებრი ნაფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარია, წვენი შეუფერავი. სასიამოვნო გემოთი.

ჯიში საშუალო ზრდისა და საკმაოდ მოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 200-210 დღეა.მტევნის წონა 160-200 გრამს შორის მერყეობს. საჰექტარო მოსავლიანობა 8.0-12.0 ტონაა. ყუძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.2 გ/ლ-ს.

მიიღება კარგი ხარისხის სუფრის წითელი ღვინო, რომელიც ხასიათდება ორიგინალური ბუკეტითა და მაღალი ექსტრაქტულობით. ასევე გამოიყენება წვენის დასამზადებლად და სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 21

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015