როკეთულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როკეთულაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

შემორჩენილია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში. ძალიან იშვიათი ჯიშია.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, არის გულისმაგვარი ფორმისაც, მთლიანი ან სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს სუსტად განვითარებული შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ცილინდრული ან კონუსური ფორმის, ზოგჯერ მხრიანი. ახასიათებს დატოტვა. საშუალო სიკუმსის ან თხელია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო, ღია ქარვისფერი. საკმაოდ სქელი და მკვრივკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი კნატუნა, ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო მომჟავო-მოტკბო გემოთი.

როკეთულა საშუალო ზრდისა და მაღალმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. სავეგეტაციო პერიოდი დაახლოებით 165 დღეა. მტევნის საშუალო წონა 210 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.5-9 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-11 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 312