კამური შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კამური შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

წარსულში კამური შავი საკმაოდ ფართოდ ყოფილა გავრცელებული გურიასა და მის მიმდებარე იმერეთის სოფლებში. მოსახლეობა ყურძენს ვაზზე ტოვებდა და იანვრამდე საჭიროების მიხედვით კრეფდა ან დაკრეფილს აკიდოების სახით გვიან გაზაფხულამდე ინახავდა. გურიაში მას სასუფრე ყურძნადაც მოიხმარდნენ და განსაკუთრებული გემოვნების ხალისიან ღვინოსაც წურავდნენ.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი მსხვილი და საშუალო ზომისაა, ოვალური ან მოგრძო ფორმის, შავი ფერის. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანი, მკვრივი და წვნიანი აქვს.

კამური შავი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 167 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლო რიცხვებში შედის. მტევნის წონა 80-125 გრამს შორის მერყეობს. საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 5.6-7.5 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-6 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 173