ხარისთვალა მეგრული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხარისთვალა მეგრული, ხოჯისთოლიქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

წარსულში იგი მაღლარების სახით ყოფილა გავრცელებული სამეგრელოს მთისპირა რაიონებში და მის მოსავალს ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად სასუფრე ყურძნად იყენებდა. სოკოვანი დაავადებებისა და ფილოქსერას გავრცელების შემდეგ ხარისთვალა თითქმის გადაშენდა და ამჟამად ძალიან მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი მარტვილისა და აბაშის სოფლებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია, ოდნავ განივოვალური ან სიგრძივო-ვალური ფორმის, გვხვდება მომრგვალო მოყვანილობის ფოთლებიც. ხუთნაკვთიანია, ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრია, მთავარი ძარღვები დაფარულია მონაცრისფრო შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი მსხვილია, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი, სქელკანიანი, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია. ხარისთვალა სრულ სიმწიფეში ნოემბრის პირველი რიცხვებიდან შედის.

უხვმოსავლიანი და ხარისხიანი სასუფრე ჯიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 509