რბილთითა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რბილთითაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

მისი მარცვლები რბილი და წვნიანია, რის გამოც „რბილთითა“ შეარქვეს.

აღმოსავლეთ და დასავლეთ ვაზის ჯიშთა ჯგუფებს შორის შუალედური ადგილი უჭირავს. აღმოსავლეთის ჯგუფის თვისებებიდან მისთვის დამახასიათებელია მარცვლის ფორმა, ფოთლების ზედაპირის ბზინვარება და სხვა. დასავლეთის ჯგუფებიდან — მტევნის ზომა, ახალგაზრდა ყლორტის შებუსვა და სხვა.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მთლიანი ან სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სუსტი აბლაბუდისებრი, აქა-იქ ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ვიწრო კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის, გვხვდება კვერცხისებური ფორმის მარცვლებიც. ჩალისფერია, მზის მხარეს კი ქარვისფერი. კანი საშუალო სისქისაა. რბილობი წვნიანი და ძალიან რბილია. გემო — ტკბილი, საკმაო მჟავიანობითა და სიმწკლარტით.

რბილთითა საშუალო ზრდისა და საშუალოზე მცირემოსავლიანია. მტევნის საშუალო წონა 150-170 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 4.9 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 17-18.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-7 გ/ლ-ს.

რბილთითა ადგილობრივი დანიშულების ჯიშია როგორც სასუფრე, ასევე საღვინე მიმართულებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 309