საკუმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საკუმაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე ითვლება, რომ იგი ოდესღაც აფხაზეთიდან უნდა იყოს შემოტანილი და სამეგრელოში გავრცელებული.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია, მტევანი საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ახასიათებს ფრთა. მეტად მკვრივია ან საშუალო სიმკვრივის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ღია მწვანე, ხოლო მზის მხარეს მოქარვისფრო ელფერით. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით მცირედ დაფარული. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო და ხალისიანი გემოთი.

საკუმა საშუალო ზრდით და საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 213 დღეა. მტევნის საშუალო წონა 245 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.7-7.8 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.0-19.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-9.5 გ/ლ-ს.

მიიღება საკმაოდ ხარისხიანი სუფრის თეთრი, მშრალი ღვინო და ხარისხიანი საკუპაჟე ღვინომასალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 325