ჯანი (ვაზის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯანი, მარის ყურძენიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

სახელწოდება ჯანი ღონის აღმნიშვნელია.

ივანე ჯავახიშვილის აზრით ჯანი არ არის აბორიგენული ვაზის ჯიში და ის XVI-XVII საუკუნეში შეტანილია გურიაში საქართველოს სამხრეთ დასავლეთ მხრიდან. ჯანი სავარაუდოდ პონტოს მხარეშია წარმოშობილი და თავისი ბოტანიკურ-ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით კოლხეთის ვაზის უძველეს ჯიშთა წყებას მიეკუთვნება. XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე ჯანი მასობრივად ყოფილა გავრცელებული გურიის რაიონებში მაღლარად. მასობრივი ნარგავები ჯანისა გვხვდებოდა უმთავრესად ამ მხარის შუა და ზემო ნაწილის მთისპირა სოფლებში. მაღლარად ჯანი გავრცელებული ყოფილა აგრეთვე შუა და ზემო აჭარაში და განსაკუთრებით მერისის ხეობასა და ფურტიო-ჩაოს ზონაში. ჯანი ფართოდ ყოფილა გავრცელებული აგრეთვე გურიის მოსაზღვრე ქვემო იმერეთის სოფლებშიაც, სადაც მისგან დაყენებული ღვინო „საჯავახოს“ ღვინის სახელწოდებით ყოფილა ცნობილი მთელ დასავლეთ საქართველოში. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელებამ თითქმის განადგურებამდე მიიყვანა ჯანის მაღლარები და მხოლოდ ერთეული ძირები გადარჩა გურიისა და აჭარის მთისპირა სოფლებში. ჯანის გავრცელების თანამედროვე არეალი გურიაში მეტად შეზღუდულია, რაც აიხსნება პირველყოვლისა ავადმყოფობათა მიმართ შედარებით გამძლე ჯიშის იზაბელას (ადესა) და უხვმოსავლიანი იმერული ჯიშის ცოლიკოურის მასობრივად გავრცელებით და აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ჯიში მიუხედავად მისი მრავალი დადებითი თვისებისა, შედარებით მცირე მოსავალს იძლევა.

ჩოხატაურის მოსახლეობა ჯანს „მარის ყურძენსაც“ ეძახდა. ეს სახელი იმიტომ შეურქმევიათ, რომ სოფელ დაბლაციხეში ენათმეცნიერ ნიკო მარის მამას, აგრონომ იაკობ მარს (1779-1874) იგი დაბლარად დიდ ფართობზე გაუშენებია და საუკეთესო ღვინოს ამზადებდა. ამ ღვინოს „მარის ღვინოს“ უწოდებდნენ. გარდა ამისა, ცნობილია სახელწოდებები: „ჯანის ღვინო“ და „ნამდვილი ჯანი“.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია, მომრგვალო ან ოდნავ განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე მცირედაა დაფარული აბლაბუდისებრი და ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე მცირე ან მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ახასიათებს ფრთა, რომლის სიგრძეც ხშირად მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. ხშირია დატოტვილი და უფორმო მტევნებიც. თხელი ან საშუალო სიკუმსისაა. მარცვალი — საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომის, ოვალური, შავ ფერში გარდამავალი ლურჯი ელფერით. კანი საკმაოდ სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი მკვრივხორციანი და ნაკლებწვნიანია, კნატუნა, ძალიან ტკბილი და სასიამოვნო გემოთი.

ჯანი საშუალო ზრდისა და საშუალოზე ნაკლები ან მცირემოსავლიანია. სავეგეტაციო პერიო-დი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 208 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლო რიცხვებიდან შედის. მტევნის საშუალო წონა 70 გრამია. ქართული წესით ფორმირებული ერთი ძირი ვაზის მოსავალი 500-800 გრამია, ხოლო საჰექტარო მოსავლიანობა დაახლოებით 4.0-5.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.6-25.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.8-8.1 გ/ლ-ს.

მტევანი საშუალოზე მცირე ან პატარაა. მარცვლების რაოდენობა მტევანზე 40-70 უდრის,. საშუალო მტევნის სიგრძე 7-10 სმ, ხოლო სიგანე 6-7 სმ აღწევს. მტევანი ცილინდრული ან ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსისებრია. მარცვალი მუქი ლურჯია (თითქმის შავი), საშუალო სიდიდისა,. ფორმით ოვალური, შუა წელში განიერია, ბოლო მომრგვალებული და სიმეტრიული აქვს.

ჯანი საშუალოზე ნაკლები ან მცირემოსავლიანი ჯიშია. ქართული წესით ფორმირებისას ერთი ძირი ვაზის მოსავალი 500- 800 გ-მდე აღწევს, ხოლო მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,0-1,2 უდრის. რქაზე ხშირად 1 მტევანია. იშვიათად 2. მცირე მოსავლიანობასთან ერთად ჯანს ახასიათებს წვენის მეტად მცირე გამოსავალი, რაც 54-55% არ აღემატება. ჯანის ღვინო ნორმალური ალკოჰოლიანობით ხასიათდება (11,5-12,1º). იწურება საკმაოდ შეფერილი, სხეულით მდიდარი, სქელი, ჰარმონიული, სასიამოვნო გემური თვისებების ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 533-535
  • რამიშვილი მ., „გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები“ — 1948 წ.
  • შარაშიძე გ., ექვსი საუკეთესო გურული ყურძნის ჯიშის ამპეოლოგია // „გურიის წარსულიდან“, თბილისი, 2006 [1930]. — გვ. 177, ISBN 99940-62-66-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]